24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კეთებით სწავლების თეორია და ხელნაკეთი რესურსების გამოყენების ეფექტურობა დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლებისას

spot_img
ბელა სულაშვილი
სსიპ ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

 

 

ადამიანის არსებობას, რომელიც მუდმივად სწავლობს და ვითარდება, საფრთხე არ ემუქრება. სწავლას ჯერ კიდევ დაბადებიდან ვიწყებთ. პირველად, ელემენტარულ უნარ-ჩვევებს ვეუფლებით, შემდეგ სწავლას განვაგრძობთ ბაღში, მერე – სკოლაში, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი, სამსახური და ვსწავლობთ ყოველდღე, ყოველ ნაბიჯზე, ზოგჯერ სხვისი გამოცდილებით, ზოგჯერ – საკუთარი. მართლაც მუდმივად სწავლის პროცესში ვართ, განსაკუთრებით მასწავლებლები. ვეცნობით სხვადასხვა ლიტერატურას, ვუსმენთ და ვიზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას კოლეგებისგან, ვითვალისწინებთ მოსწავლეთა ინტერესებს და სწავლების იმ სტრატეგიებსა თუ მეთოდებს ვარჩევთ, რომელიც ჩვენი მოსწავლეების საჭიროებაზე იქნება მორგებული.

დაწყებით კლასებში „კეთებით სწავლა“ მნიშვნელოვანია და თავისი უპირატესობები აქვს – სიმულაციები, მოდელირება, როლური თამაშები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საკითხის სიღრმისეულ წვდომაში ეხმარება. ასეთი ფორმით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, მაღალია ჩართულობა სასწავლო პროცესში და ბავშვები ხალისით სწავლობენ. ცოდნა კი, რომელსაც უშუალო შეხებით, გამოცდილებაზე დაყრდნობით იძენენ, მოსწავლეთა მეხსიერებაში ხანგრძლივად ინახება და თუ ამ მეთოდს თამაშის ელემენტებსაც დავუმატებთ, შედეგი ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბებს.

კეთებით სწავლების თეორია ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის, ჯონ დიუის სახელს უკავშირდება. მან შექმნა პროგრესული განათლების მოძრაობა, რომელსაც მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. პროგრესული განათლება გულისხმობდა მოსწავლეზე ორიენტირებულ, მისი ინტერესების გათვალისწინებით და მის მიერ წარმართულ სწავლების პროცესს. მას მიაჩნდა, რომ „ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით, საკუთარი გამოცდილებით, როცა ისინი თვითონ ქმნიან რამეს და როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ განათლების მნიშვნელობას“. დიუი არ უარყოფდა საფუძვლიანი ფაქტობრივი ცოდნის აუცილებლობას. მისი აზრით, „მთავარია, მოსწავლეებმა შეიძინონ ის უნარები და ცოდნა, რომლის გამოყენებასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებენ“. დიუი და მისი განათლების ფილოსოფია ცოდნის პრაქტიკულობაზე იყო ორიენტირებული.

ჯონ დიუიმ, 1896 წელს, დააარსა ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული პირველი ექსპერიმენტული დაწყებითი სკოლა, ერთგვარი სკოლა-ლაბორატორია, სადაც არ იყენებდნენ ისეთ ხერხებს, როგორიცაა: გამეორება, ლექცია, საერთო საკლასო მუშაობა, დაფასთან სავარჯიშოების ამოხსნა. აქ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ხორციელდებოდა ფართომასშტაბიანი ჯგუფური პროექტები, რომელიც მოიცავდა დურგლობას, რომელსაც მათემატიკასთან ერთად სწავლობდნენ; კულინარიას – ქიმიასთან ერთად; ისტორიას – იმის გააზრებით, თუ რა გავლენას ახდენდა ის თანამედროვე ცხოვრებაზე. სწავლობდნენ, ქმნიდნენ ხელოვნების ნიმუშებს, დგამდნენ პიესებს, აგებდნენ წარსული ცივილიზაციის ამსახველ მაკეტებს. სწავლობდნენ ასევე ქსოვას, სანთლის ამოვლებას, მზარეულობას. გადიოდნენ ბუნებაში და რგავდნენ, აშენებდნენ, სეირნობდნენ, აწყობდნენ ექსკურსიებს. ამ ლაბორატორიებში ბავშვები ზრდიდნენ ხორბალს, ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. უფრო მაღალი კლასის მოსწავლეები მეტალის გადადნობასა და ღუმელის გაკეთებასაც სწავლობდნენ. მასწავლებლები ეკითხებოდნენ მოსწავლეებს, რისი შესწავლა სურდათ და ამის შესაბამისად აწვდიდნენ მასალას. დიუი ფიქრობდა, რომ „სკოლამ უნდა უჩვენოს ბავშვებს თანამედროვე სამყაროს კომპლექსურობა“.

დიუის „გამოცდილებით სწვლებას“ ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოს იგი მოზარდებს ხელობის სწავლას აიძულებდა, თუმცა, თავად ამბობდა, რომ „ხეზე და მეტალზე მუშაობა, ქსოვა, კერვა თუ კულინარია, განხილული უნდა იყოს, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, და არა როგორც კონკრეტული საგანი. ყველა ბავშვმა უნდა შეიძინოს პრაქტიკული უნარები, მაშინაც, თუ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი აპირებს რომელიმე კონკრეტული უნარი ფულის გამომუშავების მიზნით გამოყენებას“.

ასეთი სკოლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევ განაგრძობს არსებობას, თუმცა სახეცვლილი ფორმით. მართალია, ვერ შეინარჩუნეს მთავარი ფუნქცია – ექსპერიმენტულობა, მაგრამ შეინარჩუნეს მისი იდეების მნიშვნელოვანი ნაწილი. ესაა:

„● სწავლება გამოცდილებით, ანუ კეთებით.

  • ინტეგრირებული სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტულ თემებზეა ფოკუსირებული.
  • ჯგუფური მუშაობა და სოციალური უნარების განვითარება.
  • სწავლება არა გაზეპირებით, არამედ გაგებისათვის.
  • განათლება სოციალური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიისათვის.
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება.
  • საგნის შინაარსის შერჩევა იმის მიხედვით, თუ რა უნარები გამოადგებათ მომავალში მოსწავლეებს.
  • სახელმძღვანელოების ნაკლები სიხშირით გამოყენება და უპირატესობის უფრო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებისთვის მინიჭება.
  • უფრო მოქნილი, მოსწავლეების ინტერესებს მორგებული სასწავლო გეგმა.
  • მასწავლებლები არიან მხოლოდ მრჩევლები, ფასილიტატორები, მაგრამ იყენებენ მრავალფეროვან მასალას ინდივიდუალური და ჯგუფური კვლევების წასახალისებლად.
  • მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს, ისწავლონ აღმოჩენით.“

ჯონ დიუის თეორიის გაცნობა, მისი იდეების გაანალიზება და 21-ე საუკუნის თანამედროვე სკოლაში მისი ელემენტების შეტანა არც თუ ისე უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და უამრავი ელექტრონული სასკოლო რესურსია, რომელსაც მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ, მაინც ხაზგასმით გამოვყოფდი მოსწავლის/კლასის საჭიროებაზე მორგებულ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მასწავლებლის მიერ შექმნილ ხელნაკეთ რესურსებს, რომლის გამოყენებაც დაწყებით კლასებში მეტად ეფექტურია. ჯონ დიუი თავის სკოლა-ლაბორატორიაში არ იყენებდა ტრადიციულ მიდგომებს, მაგალითად, დაფასთან სავარჯიშოების ამოხსნა. დღემდე, მის სკოლებში უპირატესობა უფრო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენებას ენიჭება, ვიდრე სახელმძღვანელოებს. 21-ე საუკუნის მოსწავლისთვისაც რუტინად ქცეული ტიპური სავარჯიშოების ამოხსნა მოსაწყენი და უინტერესოა. ამიტომ არის ეფექტური მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება დაწყებით კლასებში, სადაც მოსწავლეებს უშუალო შეხებით, კეთებით უწევთ მათემატიკის შესწავლა და ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირება.

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ესგ-ს მიხედვით, მათი ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესი რომ უფრო საინტერესო და სახალისო გავხადო, ავუმაღლო მოტივაცია და უკეთეს შედეგს მივაღწიო, პერიოდულად, ვქმნი ხალნაკეთ რესურსებს მათემატიკაში და აქტიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში.

გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ და გამოყენებულ რამდენიმე ხელნაკეთ რესურსს მათემატიკაში დაწყებითი კლასებისთვის, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა.

  1. ფერადი დომინო

ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია პირველ-მეორე კლასებში, შემდეგ თემატიკაზე: 20-ის ფარგალში შეკრება-გამოკლება; შედარება; რამდენით მეტია/ნაკლებია ერთი რიცხვი მეორეზე; შეკრების თვისება; ერთეულის და ათეულის ადგილი ორნიშნა რიცხვში; ორნიშნა რიცხვების შეკრება/გამოკლება; ორნიშნა რიცხვების შედარება.

2. რიცხვების პაზლი

ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია პირველ-მეორე კლასში, შემდეგი თემატიკის შესწავლისას: რიცხვების ცნობა; რიცხვს შეუსაბამონ შესაბამისი რაოდენობა; წინა, მომდევნო და მეზობელი რიცხვების დასახელება; შეკრება-გამოკლების მაგალითების მოფიქრება ზეპირად, 10-ის ფარგალში; რიცხვის შედგენილობა; ერთეულისა და ათეულის ადგილის განსაზღვრა; ორნიშნა რიცხვების შედგენა, აწყობა, წაკითხვა; წინა, მომდევნო და მეზობელი რიცხვების დასახელება.

3. დავეხმაროთ ქათმებს წიწილების პოვნაში და ბაჭიებს გავუნაწილოთ სტაფილო

ანგარიში 10-ის ფარგალში. მაგალითის ბარათები, წიწილებსა და სტაფილოებზე, თოკებითაა ჩამოკიდებული.

4. ნაყინის ქარხანა (ტაბულა)

5. რიცხვების მწკრივი (1-დან 100-ის ჩათვლით ბარათები)

100-ის ფარგალში რიცხვების დალაგება, ზრდადობა/კლებადობის მიხედვით; ზეპირი ანგარიში; ლუწი და კენტი რიცხვები.

მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რომელიც შეგვიძლია თამაშის ფორმატშიც წარვმართოთ, ყოველთვის საუკეთესო შედეგს იძლევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჯანაშია ნ, მედაძე ნ, გორგოძე ს. „განვითარებისა და სწავლის თეორიები“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008.

გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები