24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ისევ დააგვიანე?!

spot_img

♦♦♦

– ისევ დააგვიანე?.. გადი, ნუღარ შემოდიხარ! – შეუვალი ტონი დაიყენა მასწავლებელმა.

– მე… მე…

-ნუ მეპასუხები!.. მთელი კვირაა აგვიანებ!

– მე…

– გადი!

♦♦♦

მაღაზიის წინ ქალები შეგროვილიყვნენ.

– ჩვენი სოფლის ბოლოს რომ ქალი ცხოვრობს, ერთი კვირის წინ სახლიდან წასულა და მესამეკლასელი შვილი მარტო დაუტოვებია.

– გათხოვდა?

– ვინ იცის, უწესო იყო ალბათ და გაეკიდა ვინმეს.

– ფუ, ამოუწყდა პატრონი!

ორღობემ კიდევ ერთი ამბავი ჩაიწერა თავის უბის წიგნაკში.

♦♦♦

– შეხედეთ, ეს ისევ გვიან მობრძანდა! – ახლა ირონიულად გაიცინა მასწავლებელმა.

– მასწ, ამის დედა წავიდა და ვინ უნდა გააღვიძოს?! – გადაიხარხარა უკანა მერხიდან ყველაზე უტიფარმა.

– სად წავიდა დედაშენი?!

გოგონამ არაფერი თქვა. მასწავლებელი უხერხულად შეიშმუშნა და კუთხეში ატუზულ ბავშვს მიუახლოვდა.

– მარტო ხარ?

– დიახ, მასწავლებელო, – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.

♦♦♦

ძილი არ გაეკარა მასწავლებელს. საათს დახედა. ღამე შუაში გადატეხვას აპირებდა. „უნდა ვნახო, ვერ მოვისვენებ“. ფანარი წინ გაიგდო და ჭიშკარი, რატომღაც, ღია დატოვა.

♦♦♦

სოფლის ბოლოს, ტყის პირას, ხის ძველი სახლის დანახვამ მუხლებში ძალა წაართვა. „ვერ დავბრუნდები, ვერ…“ კარზე არ დააკაკუნა. ფანარმა ბნელ ოთახს ოქროსფერი შუქი აჩუქა. შიშის სუნი იდგა. საწოლიდან კატა გადმოხტა და გარეთ გავარდა. „არ შევაშინო“ – ფანარი ჩააქრო მასწავლებელმა.

♦♦♦

– მასწავლებელო! – ხმამ გააღვიძა.

– თქვენ, როდის მოხვედით?! – გაკვირვებული სახე ჰქონდა ბავშვს. – მე…მე…

გოგონას გაეცინა. მასწავლებელსაც.

– სკოლაში დაგვაგვიანდა?

-არა, მასწავლებელო. წუხელ ღმერთს ვთხოვე, ადრე გავეღვიძებინე… არ მინდოდა თქვენი გაბრაზება.

– მე…მე…

გოგონამ, ამჯერად,უფრო გულიანად გაიცინა. „როგორ ლამაზად იცინის თურმე.“

– მაპატიე!

– რა, მასწავლებელო?!

– რომ გიბრაზდებოდი.

– მე ხომ ღმერთს ვთხოვე, ადრე გამაღვიძოს. უკვე აღარ დავიგვიანებ, მასწავლებელო. – დღეს ჩვენ სკოლაში აღარ წავალთ!

– რატომ?! – თვალები გაუფართოვდა გოგონას.

– მეც ვთხოვე ღმერთს რაღაც…

– რა?

– შენ რომ ჩემთან გეცხოვრა და სკოლაშიც ერთად გვევლო.

– მე…

– ჩვენ ახლა ქალაქში წავალთ, შენთვის ახალ კაბას ვიყიდით, ფეხსაცმელსაც, ჩანთასაც…

– ღმერთი კეთილი ყოფილა, მასწავლებელო, ძალიან კეთილი.

– კი, ჩემო პატარავ, კეთილია ღმერთი.

– მასწავლებელო, რაღაც მინდა გთხოვოთ.

– მთხოვე, რაც გინდა მთხოვე!

– ღმერთს დაგიძახებთ, რა!

მასწავლებელს არაფერი უთქვამს. ვერც იტყოდა. ცრემლები ეძებდნენ კალაპოტს.

ოთო დანელია
ილუსტრაცია: #ninochakvetadzesart

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები