28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ამ ეტაპზე, მოსწავლის მხარდამჭერი მთლიანად მშობელია ⇒ ინკლუზია დისტანციურად √ თამარ ჩოჩიშვილი √ მარი კორკოტაძე √ ნინო ომანაძე

spot_img

როგორ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ჩართვის ხელშეწყობა დისტანციური სწავლების ფორმატში და რა გეგმა აქვს სამინისტროს ამ მიმართულებით, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თამარ ისაკაძის ინტერვიუში შეიტყობთ, თუმცა, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ მშობლები, რომლებიც დისტანციური თუ ონლაინსწავლების მთავარ აქტორებად იქცნენ, რადგან სპეცმასწავლებლები, ინდივიდუალური ასისტენტები და ფსიქოლოგები დისტანციურად ახლა მათ „ჩაანაცვლეს“ – მათგან იღებენ რჩევებს/რეკომედაციებს და საჭირო მასალებს, აქტივობების განხორციელება კი მათზეა.

თბილისის 117-ე და 157-ე საჯარო სკოლების ფსიქოლოგი თამარ ჩოჩიშვილი ჩვენთან საუბარს სწორედ მშობელთა უმნიშვნელოვანესი როლის აღნიშვნით იწყებს. ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთანავე სპეცმასწავლებლებმა და ფსიქოლოგებმა სრული მხარდაჭრა გამოუცხადეს საგნის მასწავლებლებს იმაში, რომ მასალების ადაპტაციაში დაეხმარებოდნენ. „ზოგადად, სპეცმასწავლებლები და ფსიქოლოგები, ბუნებრივია, ვეხმარებით საგნის მასწავლებლებს, რადგან, რეალური ინკლუზიური განათლება მათ მხრებზე გადადის. ძალიან მიხარია, რომ მათ მოახერხეს სსსმ მოსწავლეების ონლაინპროცესში, თუნდაც, მცირედით ჩართვა. მაგრამ, აქვე გეტყვით, რომ ონლაინგაკვეთლების პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი მაინც მშობელს უჭირავს. თავისთავად, მშობლებსაც ვაწვდით საჭირო მასალებს, ვცდილობთ, ამ კუთხით ისინიც გავაძლიეროთ.“ – ამბობს თამარი.

რა სირთულეები წარმოშვა დისტანციურმა სწავლებამ, ამას ფსიქოლოგი თავისი სკოლის მაგალითზე განიხილავს და მათგან რამდენიმე ძირითად გამოწვევას ასახელებს: „სკოლაში მოსწავლეთა, დაახლოებით, 70%-ს გამოკვეთილი აქვს ქცევის პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინსწავლებას რეალურად ვერ შეძლებენ, რადგან ვერ შეძლებენ ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომას. მათთან მუშაობას სულ სხვა დინამიკა სჭირდება – ცოცხალი კონტაქტები და ურთიერთობები. გარდა ამისა, კომპიუტერთან ყოფნამ შეიძლება ისეთი ზაიანიც კი მიაყენოს მათ, რომ არანაირი მასალის სწავლად არ ღირდეს. ეს არის პირველი სირთულე, რაც დისტანციურ სწავლებას ახლავს. რადგან ჩვენს სკოლაში სსსმ მოსწავლეების უმეტესობა აუტისტური სპექტრის მქონეა, ამიტომ, ვფიქრობ, ცოტა გართულდება ამ სეგმენტის სრულყოფილად ჩართვა ონლაინ გაკვეთილებში.

მოსწავლე, რომელსაც 15 წუთი მაინც შეუძლია დაჯდეს კომპიუტერთან და მოისმინოს მასწავლებლის მიერ მასალის ახსნა, თავისთავად, ჩართულია პროცესში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი მოსწავლე არც ისე ბევრია. ამიტომ ავირჩიეთ მათთან ალტერნატიული გზით მუშაობა – მშობლებისთვის მასალების გადაგზავნა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პერიოდი არ იყოს დიდი უკუსვლა, მთავარია, შევინარჩუნოთ ის, რასაც მთელი წლის განმავლობაში მივაღწიეთ.

მეორე სირთულე, რაც ამ პროცესებს თან ახლავს, მძიმე ეკონომიკური ფონია. დისტანციურ სწავლებაში ბევრი მოსწავლე სწორედ იმის გამო ვერ ერთვება, რომ მათთვის არ არის ხელმისაწვდომი არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი.

მესამე პრობლემა – მშობელი ნაკლებად არის ჩართული ბავშვის განათლებაში. არადა, როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში, პირდაპირი დატვირთვა მიდის მშობელზე. სამწუხაროდ, ცოტა მშობელი გვყავს ისეთი, ვინც რეალურად ჩვენ მიერ მიცემული რეკომენდაციების მიხედვით ახერხებს მუშაობას.“

თამარ ჩოჩიშვილი ფიქრობს, რომ სსსმ მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება დიდად არაფრის მიმცემი იქნება, თუმცა, როგორ წავა პროცესი – წინ თუ უკან, ეს მთლიანად მშობელს უკავშირდება: „ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად ვაკეთებთ, მაგრამ დისტანციური სწავლების საბოლოო შედეგები 100%-ით დამოკიდებულია მშობელზე, რადგან ის ერთ-ერთი მთავარი აქტორია დისტანციურ სწავლებაში.

როდესაც მშობელს ვუგზავნით რესურსს, ბუნებრივია, მას ვაყოლებთ რეკომედაციებს – რა რისთვის ან როგორ გამოიყენოს. აქაც ასეთი ვითარებაა – მშობლები, რომლებიც მოდიან თანამშრომლობაზე, ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულები შვილების განათლების პროცესში. ამდენად, მათთან დიდი ძალისხმევაც აღარ გვჭირდება. “

რაც შეეხება სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას, თამარ ჩოჩიშვილი ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა მართლაც აქვთ, კოორდინატორებისგან დროულად მიიღეს საჭირო მასალები და რესურსები. ამის გარდა, სპეციალური სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ინკლუზიური განათლების საიტზე. „მართლა არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებლების მონდომებასა და მშობლებზე, როგორ წამოგვყვებიან პროცესში. 

მშობლის დახმარებით ამ პერიოდს გავივლით, მაგრამ რეალურად იქნება თუ არა ეს პერიოდი ჩავარდნა სსსმ და შშმ მოსწავლეებისთვის, ამაზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად, წყვეტა სერიოზულ უკუსვლას იწვევს ამ ბავშვებში. თუნდაც, ერთი კვირა რომ არ დადიან სკოლაში, ხშირად ნულიდან – თავიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება. ახლა, როცა არც სკოლაში დადიან და არც თერაპიაზე, რთულია შედეგების დიაგნოსტირება.“ – ამბობს ფსიქოლოგი.

დისტანციური სწავლების პროცესებს აფასებენ მშობლები: მარი კორკოტაძე და ნინო ომანაძე, თუმცა, ორივე მათგანი, რეალობის გათვალისწინებით, ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას სრულიად მოუმზადებლად, სასწრაფო რეჟიმში მოუწია სწავლების ონლაინფორმატზე გადაწყობა, ალბათ, უკეთესი შედეგი ვერ იქნებოდა.

მეტიც, მარი კორკოტაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ იქნება კრიტიკული სახელმწიფოს მიმართ, ბუნებრივია, ვერც იმას მოითხოვს, რომ მასწავლებლებმა ისევე იმუშაონ ბავშვებთან, როგორც ეს სკოლაში ხდებოდა, რადგან კარგად აქვს გააზრებული, რომ ეს არასწორი და არარეალური მიდგომაა. ამბობს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში ძალიან რთული ვითარება შექმნა, ამიტომ მისთვის ახლა უმთავრესი ჯანმრთელობაა, აკადემიური განათლება კი უკანა პლანზე გადადის. თუმცა, გულისწყვეტას მაინც გამოხატავს განათლების სამინისტროს მიმართ, რადგან როცა მინისტრი და მინისტრის მოადგილე ონლაინსწავლებაზე და გეგმებზე საუბრობენ, არც ერთს არ ახსენდება და არ საუბრობს შშმ ბავშვებზე და მათ საჭიროებებზე. არ ამბობენ, რომ ქვეყანაში ეს სერიოზული გამოწვევაა. „თუნდაც ის გვითხრან მშობლებს, რომ ამისთვის მზად არ არიან, ჩვენც, ბუნებრივია, უფრო გაგებით მოვეკიდებით ყველაფერს.“- ამბობს მარი კორკოტაძე.

თუმცა, მისთვის ახლა, დისტანციურ სწავლებაზე მეტად, სხვა გამოწვევებთან გამკლავება უფრო მნიშვნელოვანია და ამბობს, რომ ამ შემთხვევას გამოიყენებს და იმ ორგანიზაციის სახელით, რომელსაც თავად წარმოადგენს – „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ – მიმართავს პრემიერ-მინისტრს, შეიმუშაოს სპეციალური პროტოკოლი შშშმ ადამიანებისთვეის – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის, როგორ დაიცვან თავი კორონავირუსისგან.

მარი კორკოტაძე, შშმ ბავშვის მშობელი, ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელი:

„კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მაშფოთებს არის ის, რომ სახელმწიფოს არანაირი გეგმა არა აქვს, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში შშმ პირი, თუ ის დაინფიცირდება. გეგმა არა აქვს – ამას იმიტომ ვამბობ, რომ არავინ საუბრობს ამაზე. გასცემენ რეკომენდაციებს, როგორ მოიქცნენ ადამიანები პრევენციის შემთხვევაში და დაინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ აზრად არავის მოსვლია რეკომენდაციები მისცენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – შშმ პირებს – მათთვის გასაგებ ენაზე, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან. ამის გარდა, შშმ ადამიანი რომ დაინფიცირდეს, სახელმწიფო, სამედიცინო პერსონალი მზად არის, მას შესაბამისი მკურნალობა და სერვისები შესთავაზოს?

მერწმუნეთ, აუცილებელია, სახელმწიფოს მკაფიოდ ჰქონდეს  ჩამოყალიბებული გეგმა ამ მიმართულებით და აუცილებელია, ჩვენც ინფორმირებულები ვიყოთ, რადგან პრობლემის პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში, ამაზე ფიქრი დაგვიანებულია. გამოვიყენებ ამ შემთხვევას და, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა და იფიქროს სახელმწიფომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე!“

რაც შეეხება დისტანციური სწავლების პროცესს, მარი კორკოტაძის აზრით, სამინისტროს სსსმ და შშმ მოსწავლეებისთვის რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯები არ გადაუდგამს და, ალბათ, ვერც გადადგამდა, რადგან ძალიან მოუმზადებელია ქვეყანა დისტანციური სწავლებისთვის: „მეორე შვილიც მყავს, რომელიც არ არის სსსმ მოსწავლე და, ბუნებრივია, ვიცი როგორ მიდის პროცესები ჩვეულებრივ მოსწავლეებთანაც. საკმაოდ გაუმართავია აპლიკაციები, ცუდად მოგვეწოდება ინტერნეტი, აქედან გამომდინარე, მოსწავლე ვერ ერთვება შეუფერხებლად და ა.შ. მით უფრო რთულად არის საქმე, როცა სსსმ და შშმ მოსწავლეებთან გვაქვს საქმე. ჩემი შვილის მასწავლებელს ფეისბუქჯგუფში აქვს პირდაპირი ჩართვა და ასე ხსნის გაკვეთილს. ბავშვები მას უსმენენ, მაგრამ არ ხდება ინტერაქცია, ანუ მოსწავლეები თვითონ არ არიან პროცესში ჩართულები. თუმცა, ახლა უკვე დავრეგისტრირდით განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საიტზე – teams და, სავარაუდოდ, ონლაინსწავლების პროცესი უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახდება.

თავისთავად, როცა გაკვეთილი იწყება, ვცდილობ, ჩემი შვილი კომპიუტერთან ცოტა ხნით მაინც გავაჩერო, რომ მოუსმინოს მასწავლებელს. სიმართლე   გითხრათ, მაინცდამაინც არ აინტერესებს. ზოგადად, ბავშვებს არ უხარიათ მეცადინეობა, გამონაკლისი არც ჩემი შვილია. თუმცა, მაინც მაქვს ჩართული ონლაინგაკვეთილები, იქნებ ყური მაინც მოკრას რამე ინფორმაციას. აქ, უფრო მეტად, სხვა პრობლემა ჩნდება – იმას, რასაც სკოლაში ინდივიდუალური ასისტენტი აკეთებს (მასალის ადაპტირებულად მიწოდებას და მეცადინეობას ვგულისხმობ), ახლა ეს მე უნდა გავაკეთო, რადგან შეუძლებელია, როცა მასწავლებელი გაკვეთილს დისტანციურად ხსნის, ამ დროს, პარალელურად, სპეცმასწავლებელმა და ინდივიდუალურმა ასისტენტმაც იმუშაონ. ანუ ახლა მათი ფუნქცია მშობელს დაეკისრა, რაც ძალიან რთულია, რადგან მეც ონლაინრეჟიმში ვასრულებ ჩემს სამსახურეობრივ საქმეს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ძალიან რთული მისიაა. ზოგადად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მშობელმა არ უნდა ამეცადინოს შშმ ბავშვი – ეს ძალიან სტრესულია როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, მან მასწავლებელს ონლაინჩართვისას, შეძლებისდაგვარად, მოუსმინოს და მერე, უბრალოდ, ადაპტირებული ტექსტი მოვუყვე.“

ჩვენი მეორე რესპონდენტი მშობელი ნინო ომანაძე ამბობს, რომ დისტანციური სწავლება, ზოგადად, ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვეაა, მაგრამ მათ შემთხვევაში ყველაფერი ჩვეულებრივადაა, რადგან ბარბარე ინდივიდუალური გეგმის გარეშე გადიოდა სწავლებას, ამიტომ დისტანციურ სწავლებაშიც ჩვეულებრივად ჩაება.

ნინო ომანაძე: „საერთო ჯგუფი გვაქვს, სადაც მასწავლებელი განათავსებს სამუშაო მასალას, ჩვენც, დანარჩენების მსგავსად, ვწერთ, ვკითხულობთ და „ვაბარებთ“ მასწავლებელს, რა თქმა უნდა, ონლაინ. ახლა უკვე Teams-ში დავრეგისტრირდით და იქ დავიწყებთ ჯგუფურ მუშაობას, კლასელებთან და მასწავლებელთან ერთად, თუმცა, ზოგადად, დისტანციური სწავლება ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა და განსაკუთრებით შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – არ არსებობს გეგმა, როგორ უნდა ვასწავლოთ ამ ბავშვებს.

ძალიან ბევრი სირთულე წარმოიშვა, რომელსაც სპეციალური მასწავლებლები ვერ უმკლავდებიან. მშობლების უმეტესობა წუხს, რომ მათ დღემდე არავინ დაკავშირებია, ამ ბავშვებისთვის კი, ყოველი გაცდენილი დღე დაკარგული თვეები და წლებია.

ჩემთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებს სპეციალური მასწავლებელი, დისტანციურად იმუშაოს აუტისტური სპექტრის, ქცევითი აშლილობის ან სხვადასხვა სირთულეების მქონე მოსწავლეებთან.

აუცილებლად მინდა ორი სიტყვით გითხრათ იმ აქტიურ, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებულ მასწავლებლებზე და სპეციალურ მასწავლებელზე, რომლებსაც შექმნილი აქვთ ჯგუფები,   ერთმანეთს აწვდიან ახალ-ახალ იდეებს, ცდილობენ გამარტივებული მასალები შესთავაზონ მშობლებს, საგნის მასწავლებლებს. არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, სამინისტრომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით დამატებითი ინსტრუქციები გასცა თუ არა, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ პედაგოგები თავად ქმნიან რესურსებს.

სირთულეები შეიქმნა რეგიონებში, განსაკუთრებით, იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი,ზოგიერთი მშობელი ინსტრუქციის სწორად გაგებას და შესრულებას ვერ ახერხებს. “

 ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები