23 აპრილი, სამშაბათი, 2024

…იანვრის არქივში მეხუთე ამბად ძლივს გადავაწყდი, რომ სკოლებს გახსნისთვის სრული მზადყოფნა აქვთ – მაია ბუწაშვილი

spot_img

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სკოლებში პირისპირ სწავლების დაწყებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

შევედი განათლების სამინისტროს ვებგვერდზე იმის სანახავად, რა რეგულაციებს გვთავაზობენ სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით.

იმის მაგივრად, რომ სიახლეები იწყებოდეს ამ ტიპის დოკუმენტით (არა მგონია, იმაზე მნიშვნელოვანი რამე ხდებოდეს ამჟამად განათლების სისტემაში, ვიდრე სკოლების გახსნაა), პირველ სიახლედ გვხვდება – მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა“. იმედს არ ვკარგავდი და მეგონა, მეორე სიახლე მაინც იქნებოდა, მაგრამ მეორე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დამხვდა – მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა.

როდესაც აღმოჩნდა, რომ პირველ გვერდზე გამოტანილ სიახლეებში სკოლების გახსნა საერთოდ არ არის ნახსენები, არქივში დავიწყე ძებნა, და იანვრის არქივში მეხუთე ამბად ძლივს გადავაწყდი, რომ სკოლებს გახსნისთვის სრული მზადყოფნა აქვთ.

რაც შეეხება რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები და რომელიც დაგვარწმუნებს, რომ განათლების სისტემა მართლაც მზად არის, ვერსად ვიპოვე. ბოდიშს ვიხდი, თუ ასეთი დოკუმენტი სადმე არსებობს, მაგრამ ჩემი დაუღალავი ძიებით თუ ვერ ვიპოვე, არა მგონია, მშობლებმა ძებნის ამოცანა უფრო წარმატებით შეასრულონ.

უამრავი ასეთი რეგულაცია არსებობს ოფიციალურ საიტებზე და მხოლოდ თარგმნა და მცირედი ადაპტაციაა საჭირო. ოღონდ, ცხადია, მარტო დოკუმენტად არ უნდა რჩებოდეს და რეალურად განხორციელებადი იყოს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო (სწორედ ერთი წელია გასული, რაც ფაქტობრივად დაკეტილია სკოლები).

ბევრი მშობელი სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის და ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ სწორედ ამ მზადყოფნას დაუღალავად მოითხოვდნენ, გამოსავალს სწავლის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებაში ხედავენ (ანუ ბავშვები ისევ სრულიად არაადექვატურ გარემოში დარჩნენ). ეს არ არის სწორი გამოსავალი.

პანდემიის დაწყებიდან მობილობის შემცირების ყველაზე მარტივ გამოსავლად რატომღაც ყველას სასწავლო დაწესებულებების დახურვა მიაჩნია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები და თვითონ განათლების სისტემის წარმომადგენლების ნაწილიც ემზადებიან, ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს, აგერ ბატონო, გავხსენით სკოლები, გავრცელდა ვირუსი და მერე ისევ სწრაფად მიკეტონ, როგორც ეს ძალიან ეადვილებათ.

***

ჩემს წინა პოსტში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი წერს, რომ სკოლებში რეგულაციების დაცვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სრულად აცილება ვერ მოხდება (და ვირუსის გავრცელების ისედაც უამრავი რისკია ჩვენ გარშემო), მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით რისკების შემცირებაზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. თუნდაც ისეთი გარემოს შექმნა, რომ ინფექცია მთელ სკოლაში ერთდროულად არ გავრცელდეს და კლასები მაინც იყოს ერთმანეთისგან იზოლირებული. ბევრ სხვა საშუალებასთან ერთად (როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა ნაკადები და შერეული მოდელი – ონლაინ და ფიზიკური დასწრების მონაცვლეობა), ახლა უცებ რაც მახსენდება, რისკის შემცირების ეფექტური საშუალება იქნება კვება არა სკოლის საერთო კვების პუნქტში, არამედ საკლასო ოთახებშივე – ინდივიდუალურად შეფუთული საკვების პაკეტებით და ერთჯერადი ჭურჭლით (ბევრ ქვეყანაში ისედაც ასეთი კვებაა). ეს ისედაც კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენს სკოლებში, ჰიგიენის პრობლემების გამო, წვეთებით და კონტაქტური გზით გადამდები სხვა რესპირაციული ინფექციები და დიარეული დაავადებები ელვის სისწრაფით ვრცელდება ხოლმე და ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ საკვები პუნქტების დაბალი ჰიგიენური დონეა. პირდაპირ ნუ შემომიტევთ, ეს შეუძლებელიაო. შესაძლებელია, მონდომების და სურვილის შემთხვევაში.

მეორე მაგალითი, იმ სკოლებში, სადაც ბავშვები სხვადასხვა კაბინეტებში შედიან, გადაერთონ მოსწავლეების ერთ ოთახში დარჩენის მოდელზე და, ამ გზით, სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს შორის კონტაქტი შემცირდება.

მესამე რეგულაცია: ბებია-ბაბუებს აეკრძალოს ბავშვების სკოლაში ტარება, რომ თავიანთი ბავშვების გარდა, სხვებთანაც არ შევიდნენ კონტაქტში.

მეოთხე: დათბობასთან ერთად, მოიმატოს ღია სივრცეში ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობამ.

მოკლედ, რეგულაციების დოკუმენტის ექსპრომტად შექმნის პრეტენზია არ მაქვს და შეიძლება რაღაცებს სწორ ჭრილში ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რისკების შემცირებაზე მუშაობა და წვალება ღირს, როცა სასწორის მეორე მხარეს მომავალი თაობის ინტერესებია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები