23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თავისუფლების გამღვივებელი მასწავლებელი   – 2019 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე

spot_img

მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის, მაგალითად, გიორგი ლოსკანიანისთვის, ან მუჰამედ ჰაჯიევისთვის ვარ, ან ვიყავი საუკეთესო მასწავლებელი, იმიტომ რომ ჩემზე უკეთესი მასწავლებლები იმათ კლასებში შედიოდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც აქ, ასე არიან. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვათავისუფლების მარცვალი, რომელიც შეიძლება გაღვივდეს მოსწავლეებში გაკვეთილებზე, ყოველთვის ვცდილობდი გამეღვივებინა და ვეცდები მომავალშიც.

ჩვენს მოსწავლეებს, ჩემი აზრით, მასწავლებლებისგან სჭირდებათ სწორედ თავისუფლების მაგალითების ჩვენება. ჩვენ, მასწავლებლებსაც გვჭირდება ვაჩვენოთ ერთმანეთს ასეთი მაგალითები და ასევე, მინდა ვთქვა, რომ სისტემასაც ჭირდება. განათლების სისტემასაც სჭირდება, რომ დავუჭიროთ მხარი, რათა გახდეს უფრო მეტად თავისუფალი და მე გისურვებთ თქვენ, ბატონო მიხეილ, თავისუფლებას.“- ეს შთამბეჭდავი სიტყვები 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა, გიორგი ჭაუჭიძემ ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონილაზე წარმოთქვა.

ფინალისტის დასახელების ცერემონიალი, ტრადიციულად, უცვლელი თარიღით, მასწავლებლის მსოფლიო დღეს – 5 ოქტომბერს გაიმართა. შეცვლილი იყო ლოკაცია, ამჯერად, ქვეყნის ნომერ  პირველი მასწავლებელი მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ დააჯილდოეს. საუკეთესო ხუთი ფინალისტიდან, 2019 წლის ეროვნული ჯილდო მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძეს ხვდა წილად. წლევანდელი კონკურსის ღირსეული პრეტენდენტის მიმართ გამორჩეულ სიმპატიას ვერც კოლეგა კონკურსანტები და ვერც ჟიურის წევრები ფარავდნენ, ეს ყველაფერი, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ქვეყნის საუკეთესო მასწავლებელი შენი ფავორიტიცაა და მისი ქომაგი ჯერ კიდევ პედაგოგიური საქმიანობის დასაწყისიდან ხდები. ხედავ, შენს თვალწინ, როგორ ყალიბდება თვალსადახელსშუა მაღალი პროფესიონალიზმი შრომისმოყვარეობისა და მოსწავლეების ერთგულების ხარჯზე.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე  ირინა ხანთაძე ამბობს, რომ: „2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, საოცარი კეთილსინდისიერებითა და დიდი ენთუზიაზმით ემსახურება, შესაბამისად,  არ აყოვნებს შედეგებიც. ძალიან გვიხარია, რომ კონკურსი მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს.  ფაქტობრივად, ხვალიდანვე შევუდგებით შემდეგი წლის კამპანიისთვის მზადებას. მომავალ წელს, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი და აქცენტი ახალბედა, ახალგაზრდა მასწავლებლების სტიმულირებაზე გაკეთდება – შეუერთდნენ პროფესიას და შევიდნენ სკოლებში. დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ.“

ჟურის ერთ-ერთმა წევრმა,  ნათელა სახოკიამ კი თავისი მთავარი გზავნილი ფართო აუდიტორიის წინაშე გაახმოვანა და მიმართა მინისტრს: „ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს და ეს ძალიან მნიშველოვანია, მაგრამ  მინდა ვუთხრა ბატონ მინისტრს და ყველას ვისაც ეს ხელეწიფება, რომ ჩვენი ვალია, საშუალო დონე ავწიოთ. რა თქმა უნდა, კარგია გყავდეს ვარსკვალევები, მაგრამ თუ საშუალო დონის აწევას ვერ  მივაღწევთ, ჩვენი სასკოლო სისტემა არასოდეს იქნება კარგი.“

თავისუფლების მაძიებელი მასწავლებლის მიმართვა, ალბათ, ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა ყველასთვის, ვინც  მასწავლებლის პროფესიასა და განათლების სისტემის მეტ თავისუფლებას ოდნავ მაინც გულშემატკივრობს. გამარჯვებული მასწავლებელი კი, მისთვის ჩვეული სიდინჯით ღირსეულად ამბობს, რომ ეს აღიარება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს მეტი გააკეთოს თავის მოსწავლეებისთვის. მიუხედავად, იმისა რომ ამ პროფესიში სირთულეები საკმაოდ  ბევრია, შეეცდება  „თავისუფლების მარცვალი, რომელიც შეიძლება გაღვივდეს მოსწავლეებში გაკვეთილებზე, გააღვივოს მომავალშიც.

წლევანდელი ჯილდოს მფლობელი კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა:„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი ტრადიცია დავამკვიდროთ – გამარჯვებულს მინისტრი ერთ სურვილს უსრულებდეს. მ მინდა გთხოვოთ, რომ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ერთი წლის შემდეგ, ერთი პატარა სტადიონი გაგვიკეთოთ.“ გიორგი ჭაუჭიძემ, მინისტრისგან საჯაროდ მიიღო დაპირება, რომ სკოლას სტადიონს აუცილებლად გაუკეთებენ.

ლალი ჯელაძე 

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი ფინალისტები იყვნენ:

  • თამარ ადამია– დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე– გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე– ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ქეთევან მერებაშვილი– სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე– მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებელის და მარკეტინგული კომპანიის „4MEDIA“ მხარდაჭერით.

წელს, ასევე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისთვის პრიზები დააწესეს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ, გიმნაზიამ „შავნაბადა“, სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთე“, ქართულ-ამერიკულმა სკოლამ „პროგრესი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სულაკაურის გამომცემლობამ, როტარი კლუბმა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ.

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები