28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, პროცედურები და საფასურები

spot_img

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“. ცვლილებების თანახმად, სრულად შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, განახლდა პროცედურები და საფასურები.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

ცვლილების თანახმად, ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან, 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

მე-5 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებს, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) სკოლის ფილოსოფიას;

ბ) სასკოლო კურიკულუმს;

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:

ა) სკოლის ფილოსოფიასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა.ა) სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები;

ა.ბ) სკოლის დაგეგმვა და განვითარება.

ბ) სასკოლო კურიკულუმთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ბ.ა) კურიკულუმის შემუშავება;

ბ.ბ) კურიკულუმის განხორციელება;

ბ.გ) კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;

ბ.დ) კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია.

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

გ.ა) პერსონალის მართვა;

გ.ბ) პერსონალის განვითარება;

გ.გ) პროცესების მართვა;

გ.დ) ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;

გ.ე) მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა;

გ.ვ) საინფორმაციო რესურსები;

გ.ზ) ფინანსური რესურსები.

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

დ.ა) მოსწავლეთა უფლებების დაცვა;

დ.ბ) მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები.

დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ავტორიზაციის პროცედურები, რომელსაც ცვლილებები შეეხო. მათ შორის, როგორ უნდა მოხდეს საავტორიზაციო განაცხადის გაკეთება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა, ასევე, როგორი იქნება დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტის შეფასების სკალა, ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები; ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები, ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით და ა.შ.

ახალი სტანდარტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ; ე) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.

ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო თითოეული კომპონენტის შეფასების გათვალისწინებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ცენტრის ინფორმირების ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა როგორც ,,შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

ამის გარდა, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს გონივრული ვადა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლემ უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მას შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო, იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

რაც შეეხება ავტორიზაციის პირობების შემოწმებას მონიტორინგის გზით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულება მოწმდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე და/ან ცენტრის ინიციატივით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

„საგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ავტორიზაციის საფასურის გადახდა შემდეგნაირად განისაზღვრა:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:

ა) მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 5533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 7679.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 6533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 9599.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 12133.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 9199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 14719.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 10199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 17253.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში.“

გარდა ამისა, ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე გათვალისწინებულ საფასურს ემატება საფასური პროგრამის სახეობის შესაბამისად;

„დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს; საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს;  საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა ან ცალკეულ პროგრამაზე მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს. “

იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სურს საკუთარი ინიციატივით მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმება, იხდის საფასურს, რომლის ღირებულება შეადგენს:

ა) ხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაციის პირობების შემოწმების შემთხვევაში 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 5988.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 7908.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 5841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 10441.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7508.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 13028.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 8508.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე და 15561.00 ლარს მივლინების საჭიროების შემთხვევაში.“

მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო „ა ბრძანების ამოქმედებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან/ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან/ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით, სსიპგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე გავრცელდეს ამავე ბრძანების ამოქმედებამდე არსებული რეგულაციები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები