19 მარტი, სამშაბათი, 2024

ზოგადი რჩევები ფუნქციურ/ანალიტიკურ წერასთან დაკავშირებით

spot_img

პედაგოგთა სასერტიფიკაციო ტესტირების ერთ-ერთი ნაწილი ფუნქციური/ანალიტიკური წერაა. წარმოგიდგენთ ფუნქციურ წერასთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებსა და კონკრეტულ მაგალითს.

 გაითვალისწინეთ: ქვემოთ მოცემული დავალება მხოლოდ ნიმუშია და არა საგამოცდო კითხვის ზუსტი ანალოგი.

ფუნქციური წერა            

(მაქსიმალური ქულა  8) 

 ინსტრუქცია: სათქმელი ჩამოაყალიბეთ ნათლად და გასაგებად. მკაფიოდ წარმოაჩინეთ პრობლემის არსი და დამაჯერებლად დაასაბუთეთ საკუთარი მოთხოვნა. 

გაითვალისწინეთ, ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

დავალების პირობები:

რეგიონში არსებული მიკროკლიმატი იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივებმა აწარმოონ უნიკალური ღვინო, ამისთვის ესაჭიროებათ ფინანსური და სარეკლამო მხარდაჭერა მეღვინეებს. მიმართეთ N სარეკლამო და N ფინანსურ ორგანიზაციებს ერთი დოკუმენტით, რომლითაც დაადასტურებთ მოთხოვნის საფუძვლიანობას.

საკურორტო ზონის დასუფთავებისთვის მიმართეთ მოხალისე ორგანიზაციის სახელით ადგილობრივ თვითმმართველობას, დაასაბუთეთ დასუფთავებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა.

სოციალური ქსელის საშუალებით მიმართეთ აქტიურ მოქალაქეებს N ურბანული ზონის გამწვანების აქციის მოწყობის შესახებ. დაასაბუთეთ აქციის მოწყობის აუცილებლობა და წარმადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.

მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფის სახელით წარმოადგინეთ N პროფკავშირული ორგანიზაციის მისამართით პედაგოგთა საჭიროებების შესახებ დასაბუთებული მოთხოვნა და წარმოადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.

მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით მიმართეთ N ქალაქის მერს, რათა სკოლაში კომპეტენტურმა პირმა ჩაატაროს ლექცია თვითმმართველობის შესახებ.  დაასაბუთეთ მოთხოვნა და წარმოადგინეთ მოსალოდნელი შედეგის შესახებ ინფორმაცია.

კრიტერიუმი 1. მოთხოვნის ჩამოყალიბება

სათქმელი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული – 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში – 1 ან 0)

კრიტერიუმი 2. მსჯელობის დასაბუთება

მოთხოვნა დანაჯერებლადაა არგუმენტირებული – 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში – 1 ან 0)

კრიტერიუმი 3. ნაშრომის აგება

ნაწერის სტრუქტურა გამართულია, აზრები მწყობრადა და თანმიმდევრულადაა  გადმოცემული, მსჯელობის ნაწილები ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან – 1 ქულა ( სხვა შემთხვევაში – 0).

კრიტერიუმი 4. სტილი, ლექსიკა

სტილი გამართულია, ლექსიკა მდიდარია, თხრობის ტონი თემასთან მიმართებაში ადეკვატურია – 2 ქულა  (წინააღმდეგ შემთხვევაში – 1 ან 0)

კრიტერიუმი 5. სინტაქსი, მორფოლოგია, პუქტუაცია

არ არის დაშვებული 10 შეცდომაზე მეტი – 1 ქულა (სხვა შემთხვევაში – 0) 

აქვე წარმოგიდგენთ ზოგად რეკომენდაციებს ფუნქციურ-ანალიტიკურ წერასთან დაკავშირებით:

ნებისმიერი წერილობითი ტექსტი უნდა იყოს ენობრივად გამართული.

სალიტერატურო ნორმების დაცვა მეტყველებს თქვენს განათლებასა და პროფესიულ დონეზე. ეცადეთ, რომ არ გახვიდეთ პროფესიული „ჩარჩოებიდან“, არ მოიხმოთ ემოციური ლექსიკა და მხატვრული ხერხებით ნუ დახუნძლავთ ნაშრომს.

წერეთ მარტივი და გასაგები, არაორაზროვანი წინადადებებით.

თქვენ მიერ გადმოცემული აზრი უნდა იყოს მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებული.

თავი აარიდეთ ბუნდოვან, რომანტიზებულ, სენტიმენტურ, ზედმეტად ემოციურ, ორაზროვან და არაფრისმთქმელ ფრაზებს, რათა თქვენი გზავნილი ადრესატმა სათანადოდ და ადეკვატურად აღიქვას.

ტექსტის ძირითადი სათქმელი, როგორც წესი, კონცენტრირებულია თეზისში. თეზისი, ანუ ძირითადი დებულება, არის ორ ან მეტწინადადებიანი მონაკვეთი, რომელშიც გამოთქმულია ავტორის მთავარი სათქმელი. იმდენად, რამდენადაც შემდგომი მსჯელობა სწორედ თეზისის მიხედვით აიგება, ძალიან მნიშვნელობანია ძირითადი დებულების მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბება, შემდგომში კი მისი დასაბუთება.

არგუმენტირება საკითხის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი განვრცობა და სათანადო არგუმენტებით დასაბუთება. არგუმენტაციის გარეშე ნებისმიერი დებულება კარგავს ფასს. საქმიან დოკუმენტაციაში არგუმენტად გამოიყენება სტატისტიკა, ფაქტები, არსებული ვითარება, საერთაშორისო გამოცდილება, ავტორიტეტთა მოსაზრებები და ა. შ.

დასკვნა ზოგიერთი ტიპის საქმიან წერილობით ტექსტში აუცილებელია სათქმელის შეჯამება და დასკვნის წარმოდგენა, რათა ადრესატისთვის უფრო დამაჯერებელი, კონკრეტიზებული და მოცულობითი იყოს სათქმელი. ზოგიერთ საქმიან დოკუმენტში კი დასკვნა არის სწორედ ძირითადი მოთხოვნა/თხოვნა.

როდესაც თხოვნით/მოთხოვნით მიმართავთ რომელიმე ორგანიზაციას/ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯერ კარგად ახსენით არსებული ვითარება, ჩამოაყალიბეთ თქვენი სათქმელი, თხოვნის შინაარსი, რათა ადრესატისათვის ნათელი და გასაგები იყოს თქვენი კონკრეტული მოთხოვნის არსი. შემდეგ მოიყვანეთ სათანადო არგუმენტები, რომელთა საშუალებითაც დაარწმუნებთ მას, რომ თქვენი მოთხოვნა არის მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი. ბოლოს დასკვნის სახით კიდევ ერთხელ კონკრეტულად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი თხოვნა და შეაჯამოთ სათქმელი.

ახლა კი განვიხილოთ ზემოთ მითითებული ფუნქციური წერის პირობა და შევასრულოთ დავალება.

საკურორტო ზონის დასუფთავებისთვის მიმართეთ მოხალისე ორგანიზაციის სახელით ადგილობრივ თვითმმართველობას, დაასაბუთეთ დასუფთავებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა.

ადრესატი იდენტიფიცირების გარეშე (თუ დავალების პირობამ არ მოითხოვა!)

      N მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელს, ბატონ/ქალბატონ …. (თავმჯდომარეს, მერს, გამგებელს…),

პრობლემის ზოგადი აღწერა, მოთხოვნის ჩამოყალიბება

ჩვენ, საკურორტო ზონაში მცხოვრები მოხალისეები, რომლებმაც შევქმენით ორგანიზაცია  „სუფთა კურორტი“, შეშფოთებული ვართ არსებული ვითარებით. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური თავის მოვალეობას ასრულებს, მაინც გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. კერძოდ, სწრაფი კვების ობიექტების მიმდებარე ადგილებში ყრია ფოლგა, კონტეინერები, კოლოფები და პლასტმასის ჭურჭელი. ასევე, რეკრეაციული სეზონის გააქტიურებისას, სწრაფად ივსება ბუნკერები სხვადასხვა ტიპის ნაგვით: სამშენებლო ნარჩენით, გაფუჭებული ხილით, ქაღალდით, ცელოფნით, დაძველებული საკვებით და დგება მძაფრი სუნი, რომელიც აუტანელს ხდის ცხოვრებას. ასეთი მდგომარეობა ჩვენს კურორტს ულახავს იმიჯს, ქმნის ანტისანიტარიასა და დაავადებათა წარმოშობის კერებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თვითმმართველობამ გაზარდოს საკურორტო პერიოდში დასუფთავების სამსახურის მიერ ნაგვის გატანის სიხშირე, მოაწყოს დასუფთავების მასობრივი აქციები და დადგას დიფერენცირებული ურნები სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის სათანადო მინიშნებებით.

ფინალური ნაწილი (მოკლე შეჯამება მეორე სეგმენტში წარმოდგენილი არგუმენტირებისა) – დასკვნა, ადრესანტი იდენტიფიცირების გარეშე და თარიღი (აქვე უთითებთ, ფიქტიურად, ვთქვათ დანართების ან სხვა ტიპის დოკუმენტების რაოდენობასა თუ მისამართებს).

იმედს ვიტოვებთ, რომ თვითმმართველობა არსებულ სიტუაციას გაითვალისწინებს და ჩვენი  საკურორტო ზონა ჰიგიენურ-სანიტარული და ესთეტიკური თვალსაზრისით იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი.

28.06.2022 წელი

პატივისცემით, „სუფთა კურორტის“ გამგეობა

 

როლანდ ხოჯანაშვილი – ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტი, მენტორი მასწავლებელი 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები