19 მარტი, სამშაბათი, 2024

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მესამეკლასელები ევროპელ გოგონას – თეას დაუმეგობრდნენ

spot_img

ელისო ჯანელიძე

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

გაზეთ „ახალი განათლების“ ერთ-ერთი ნომრის ფურცლებიდან ვისაუბრე, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორ ჩავაშენე სასწავლო პროცესში პედაგოგის, მწერლისა და მთარგმნელის, მაიკო ტურაბელიძის შემოქმედება. შემდეგ კი მე და ჩემმა მოსწავლეებმა, მთარგმნელის რჩევით, იტალიელი მწერლის, სილვია სერელის „თეას ამბების“ სერიის შესწავლა გადავწყვიტეთ, რომელიც ჟურნალ „საბავშვო კარუსელში“ იბეჭდებოდა. ალბათ იკითხავთ, რატომ „თეას ამბები“? იმიტომ, რომ თეას პერსონაჟით სახიერდება ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საკითხებს აწყდება; იმიტომ, რომ ეს ნაწარმოები შევუსაბამე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა საგნის პროგრამას. გარდა ამისა, გავითვალისწინე მისი დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი მხარეც.

გამომყევით, თეას გაგაცნობთ.

დავით კლდიაშვილის სახელობის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ერთი უბრალო, ევროპელი გოგონა – თეა გაიცნეს. ისიც, მათ მსგავსად, დადის სკოლაში, სადაც ელგა და კარლო მასწავლებლები ასწავლიან; ჰყავს ძმა, სახელად მატია და მშობლები, რომლებიც სიყვარულით ექცევიან; სტუმრობს ბებიებსა და ბაბუებს; ჰყავს მეგობრები: ჯესიკა, მირიამი, გრეტა, ლიუ…

ბავშვები პირველივე ამბიდან მოიხიბლნენ ამ მგრძნობიარე, სასაცილო და ცნობისმოყვარე გოგონათი. აღმოჩნდა, რომ თეა, როგორც ჩემი მოსწავლეები, ყველაფრის გაგებას ცდილობს და ყველაფრით ინტერესდება. მისი ყოველი ახალი ამბიდან ბარბარემ, მარიამმა, თედომ, მათემ, ქეთიმ, ზურამ, თამარმა, საბამ და კიდევ ბარბარემ ისწავლეს, რომ თავაზიანობა გადამდებია; რომ უხერხული სიტუაციების გადალახვა ყველას შეუძლია, მთავარია არ გაიქცე; რომ სიმართლის თქმით ადამიანები ტყუილის მძიმე ლოდისგან თავისუფლდებიან; რომ გარეთ თუ გამოხვალ, იმდენ საინტერესო რამეს აღმოაჩენ, ტელევიზორი და კომპიუტერი აღარ გაგახსენდება; რომ მშობლები შვილებზე ყოველთვის ზრუნავენ; რომ ბოსტნეული ძალიან გემრიელია, მხოლოდ უნდა გასინჯო; რომ მჩაგვრელებს ძალა მაშინ ეკარგებათ, როცა თანამოაზრეებს კარგავენ; რომ როცა მეგობრობა არსებობს, ეჭვიანობა ქრება და ლოდინი ყველაფერს უფრო ლამაზს ხდის.

აღნიშნული ნაწარმოებებით ჩემმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, გაიწაფეს კითხვა (მკითხველთა თეატრი, წყვილებში კითხვა), გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი (სიტყვის პირამიდა, მნიშვნელოვანი სიტყვები, შესაძლო წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით, სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა), გაიგეს და გაიაზრეს თხზულება (ხუთი კითხვა, მეორე შანსი, ვიღაცას-უნდოდა-მაგრამ-საბოლოoდ, სიტყვის ცნების რუკა, გამოხმაურება წაკითხულ ტექსტთან, პერსონაჟის რუკა); კომპლექსური დავალების მიხედვით შეცვალეს ჟანრი და მოთხრობის საფუძველზე შექმნეს კომიქსი; მეთოდები კი – თავიდან, შემდეგ, ბოლოს და მოვლენათა ჯაჭვი – სიუჟეტის განვითარების საფეხურების გასაცნობიერებლად გამოიყენეს; კითხვებით შესაბამისი მეტყველების ნაწილების განსხვავება შეძლეს.

ბუნებისმეტყველებაში – თეას ამბებიდან მოთხრობა „რატომ არის კარგი მოთმინება“ მოსწავლეებმა დაუკავშირეს თემას: „ყვავილოვანი მცენარეები“ (მიმართულება: ცოცხალი სამყარო. ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება). კერძოდ, აღმოაჩინეს, რომ ბაზილიკი სურნელოვანი მცენარეა და მისი ერთ-ერთი ნაწილის – ფოთლის გამოყენება სამზარეულოში ძალიან კარგია, კერძებს სასიამოვნო გემოსა და სურნელს აძლევს. „…თეამ ბაზილიკის ფოთოლი მოწყვიტა და გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბში, პომიდვრის ათუხთუხებულ საწებელში ჩააგდო. მალე სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა“. აქვე ბავშვებმა გამოიცნეს, რატომ ურჩევს თეას დედა, სკოლაში გახარებული ბაზილიკიანი ქოთანი სამზარეულოს ფანჯარასთან დადოს. რა არის იქ ისეთი, რაც მცენარის ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს.

მოთხრობის „ბოსტნეული ვის მოსწონს?“ წაკითხვის შემდეგ, ბავშვებმა იმსჯელეს, რომელი მცენარეები გამოიყენეს თეას მშობლებმა შემდეგი კერძების მოსამზადებლად: გრილზე შემწვარი ყაბაყი ნივრითა და ოხრახუშით, მარილმოყრილი სტაფილო კარაქით, ორთქლში მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო ზეთით. ასევე საინტერესო იყო, მცენარის რომელი ნაწილების დაქუცმაცებით და მოხარშვით, შემდეგ გატარებით მიიღეს წითელი და მწვანე წვენი, რომელსაც, როგორც მშობლებს ეგონათ, შვილი ერთი ამოსუნთქვით დაცლიდა.

გაგიკვირდებათ ალბათ, სად თეას ამბები და სად მათემატიკა, მაგრამ… გთავაზობთ, ჩემი მოსწავლეების მიერ შედგენილი ამოცანების რამდენიმე ნიმუშს „თეას ამბების“ სერიიდან – „თეას ეჭვიანობა“. ამოცანების პირობაში დაცულია ტექსტის შინაარსი, ხოლო ამოხსნა გამრავლება-გაყოფის მოქმედებების გამოყენებით შეასრულეს (მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები. მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება).

ამოცანა

თეას კანფეტის ფორმის 5 საშლელი, ხოლო ყვავილის ფორმის 4-ჯერ მეტი საშლელი ჰქონდა. სულ რამდენი საშლელი ჰქონდა თეას?

ამოცანა

მირიამს 42 საშლელი ჰქონდა. მან ისინი 6 კოლოფში თანაბრად გაანაწილა. რამდენი საშლელი ჩადო მირიამმა ერთ კოლოფში?

ამოცანა

მირიამს 42 საშლელი ჰქონდა, ლიუს 7-ჯერ ნაკლები. რამდენი საშლელი ჰქონდა ლიუს?

მოთხრობაში „თეა, მოძალადის ვის ეშინია?!“ მოსწავლეებმა ამოიცნეს ტოლერანტი ელგა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს მათგან განსხვავებულის მიღებას, მოძალადეებთან და თანატოლებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უნარ-ჩვევებს უვითარებს (საზ. მეც. დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ; საზ. მეც. დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; საზ. მეც. დაწყ.(I).16. მოსწავლემ უნდა შეძლოს კონფლიქტურ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზების მოძებნა).

ბავშვებმა დაახასიათეს თეას კლასელები – დიეგო, ვადიმი, ჯესიკა, პიეტრო, გრეტა, ჩესკო – მოსწავლის მოვალეობებისა და კლასის წესების შესრულების მიხედვით (საზ. მეც. დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერება).

სასწავლო წლის ბოლოს ჩემმა მოსწავლეებმა სამადლობელი ვიდეომიმართვა ჩაწერეს მაიკოს მიმართ. აღნიშნეს, რატომ მოეწონათ თეა და გამოთქვეს დიდი იმედი, რომ მეოთხე კლასის სასწავლო პროგრამას, ევროპელ გოგონასთან ერთად, ისევ ხალისიანად და საინტერესოდ გაატარებენ. მოსწავლეებისა და მშობლების სახელით უღრმეს მადლობას ვუხდი პედაგოგს, მწერალსა და მთარგმნელს, მაიკო ტურაბელიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები