16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ზაფხულს ალამაზებს იდეები და რჩევები, მოთხოვნები და ვალდებულებები აფერმკრთალებს

spot_img

ვფიქრობ, რამდენადაც მთელი წლის მანძილზე სასწავლო პროცესი მოსწავლეთათვის არის გეგმაზომიერი, პერმანენტული, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობებითა და მოვალეობით დატვირთული, იმდენად, ბუნებრივია,

მოსწავლეებს არდადეგებზე აქვთ უფლება, თავისუფალი დრო საკუთარი სურვილისა და ოცნებების მიხედვით განკარგონ.

მიცემული დავალებების N რაოდენობა ხშირად პროტესტს იწვევს მათში (და სიმართლე გითხრათ, ჩემშიც, როგორც მასწავლებელში) და გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც უქმნის, ბავშვსაც და მშობელსაც.

ზაფხულს სხვა ხიბლი და მუხტი აქვს. დასვენება და არდადეგები სხვა დროსაც გვაქვს, მაგრამ წელიწადის არც ერთ დროს, არც ერთ არდადეგებს არ ველოდებით ასე, დღეების თვლით და ფიქრით , როდის მოვა ის …და მაინც რატომ? იქნებ იმიტომ, რომ მთელი წლის რუტინული შრომა/სწავლა გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს დიდსაც, პატარასაც და რადგან ადამიანი მთელი თავისი არსითა და ბუნებით თავისუფალია, ბუნებრივიცაა, რომ ის ისწრაფვის „დაივიწყოს“ ცალკეული მოვალეობები და საკუთარ ოცნებებს შეასხას ფრთები. მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისთვისაც წელიწადის ამ დროს სხვა დატვირთვა აქვს. მრავალფეროვანი დღეები, არომატული საღამოები, უამრავი ახალი მეგობარი და დაუვიწყარი თავგადასავლების გემო სულ სხვაა ზაფხულში. სხვა მუხტი მოდის ზღვიდან, მთიდან, ციდან. ჩვენი სოფლის მაგალითზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან უამრავი ბავშვი გვსტუმრობს ქალაქიდან, სხვა სოფლებიდან. ვერანაირი ხმა ვერ გამოხატავს სოფლის ორღობეებში საღამოობით ბავშვების ჟივილ-ხივილით შექმნილ ექოს, ტყის ერთი ფერდობიდან მეორეს რომ გადაეცემა, განუმეორებელი სიხალისე და სიცოცხლის სიკასკასეა მასში. ბედნიერების ხარისხი ზენიტშია ამ დროს ბავშვებისთვისაც და იმ სოციუმისთვისაც , სადაც ეს ხდება, რადგან არ შეიძლება ბედნიერება ცალმხრივი პროცესი იყოს.

თამაში (ფიზიკური თუ სახალისო/შემეცნებითი) მიმაჩნია უპირველეს აქტივობად, რაც აუცილებლად უნდა დაგეგმონ ბავშვებმა.

სამწუხაროდ,ბევრმა მათგანმა არ იცის რა და როგორ ითამაშოს. მეც მშობელი ვარ და ხშირად მთხოვენ ჩემი შვილები, მივაწოდო ინფორმაცია რაიმე თამაშის შესახებ, ამის გამო, მიწევს დროებით „გადავსახლდე“ ჩემს ბავშვობაში, რაც, არ მოგატყუებთ და მეც მაბედნიერებს.

მშობლების როლი და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. უამრავი მივიწყებული, სახალისო, სპორტული თუ შემეცნებითი თამაში არსებობს და ვინაიდან „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, ვისურვებდი მათ აქტიურ ჩართვას ზაფხულის დღის განრიგში. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მშობელს ემახსოვრება არაერთი აქტივობა.

ძალიან კარგია მოსწავლეთა შრომითი უნარ-ჩვევების გააქტიურებაც, ფიზიკურ და ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობა.

მშობლებმა სურვილი და მოტივაცია უნდა აღუძრან მათ და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარონ.

მედიაწიგნიერება უმნიშვნელოვანესი და 21-ე საუკუნეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა მოსპოს ადამიანი, როგორც სოციალური არსება. თუმცა ის „არ ჰკლავს“ არაფერს, პირიქით, თუ მიზანმიმართულად გამოვიყენებთ, საუკეთესო შედეგს ვიღებთ. საჭიროა სმარტფონებსა და გაჯეტებთან გატარებული დროის კონტროლი.

ხშირად ვსაუბრობთ ცოდნის ტრანსფერზე და ვიტყოდი, რომ ამ კუთხით საოცარი რეალიზების საშუალებას აძლევთ ბავშვებს ის ურთიერთობები და გამოცდილებები, რასაც ზაფხულის პერიოდში იძენენ. თითოეული მათგანი გაზრდილი და კონკრეტულ საკითხებში უკეთესად გარკვეული გვიბრუნდება, ჩამოყალიბებული მოსაზრებებითა და არგუმენტებით. წელიწადის ეს დრო ჩვენს მოსწავლეს ეხმარება როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროსა და ადამიანების შეცნობაში. ჩვენ მთელი წელი ვიყავით ფასილიტატორები და ახლა მათ დამოუკიდებლად უნდა შეძლონ ინფორმაციის აღქმა, დახარისხება, შეფასება, გაანალიზება, სინთეზი…

ამისათვის ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ და არ ვავალდებულებ, რომ წერონ დღიურები, სადაც მხოლოდ დღის განრიგის მშრალი აღწერით არ შემოიფარგლებიან.

მე მათ ვთხოვ, რომ მსურს მათთან ერთად „ვიმოგზაურო“ ზაფხულში და ამაში დღიური დაგვეხმარება. გამოიყენონ სიტყვები, რომლებიც შემაგრძნობინებს ამინდს, იმ დღის მათეულ ემოციებს, ადამიანებს გამაცნობს ისე, როგორც მათ დაინახეს, მაფიქრებს, მაოცნებებს მათთან ერთად. ვთხოვ, რომ გააცოცხლონ სიტყვებით თითოეული დღე ისე, რომ მეც თანამონაწილე გავხდე.

ხშირად ვახსენებ მათ, რომ ცალკე აღებული ერთი კონკრეტული წიგნი და ნაწარმოები არაფერია, თუ იქიდან, თუნდაც, ერთი რამ მაინც ვერ ისწავლეს და გამოიყენეს. ვეუბნები, რომ არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი თავის თავზე გამოსცადო, რაღაცებს სხვის მაგალითზე ვსწავლობთ და ვითარდებით, რომ ასე მოვიდა დღემდე კაცობრიობა, რომ მათ ყველა შესწავლილ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა თუ გამოსავალი სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ და იფიქრონ იმაზე, როგორ შეიცვალონ თვითონ და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.

ერთობლივად უყურონ ფილმებს და განიხილონ ახლობლებთან ერთად, იქნებიან მეგობრებთან, ოჯახთან, სამეზობლოსთან თუ ა.შ.

ფიქრისთვის უნდა დაიტოვონ დრო და ესაუბრონ საკუთარ თავსაც. დილა, შუადღე, საღამო… არ აქვს მნიშვნელობა. იფიქრონ „რაღაცებზე“ და „ვიღაცებზე“, ამასობაში მშვენივრად დაახარისხებენ და გაფილტრავენ ინფორმაციას, გააანალიზებენ პატარ-პატარა ამბებს და დაუკავშირებენ გარკვეულ ცნებებს…

და უმთავრესი რაც არის, უნდა იკითხონ მათთვის საინტერესო ლიტერატურა, წიგნების რაოდენობა და კითხვის ინტენსივობა ინდივიდუალურია, მთავარია, ეს მათთვის არ გახდეს მოსაბეზრებელი და მოსაწყენი.

კითხვის შემდეგ შესაძლებელია მცირე სპექტაკლების დადგმაც. შესაბამისად, ბილეთების დამზადება, სიმბოლური ფასის დადება, მათი რეალიზება (რაც სამეწარმეო და თანaმშრომლობით უნარებს ავითარებს); პიკნიკის დაგეგმვა-აღნიშვნა სპექტაკლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად. ჩემს ბავშვობაში, რაც ყველაზე ძალიან არ გვიყვარდა ბავშვებს და ჩვენი ბიცოლა ხშირად გვიბრაზდებოდა, ეს იყო მოწყობილი „სცენის“ აშლა-დალაგება, მაგრამ აქაც უფროსების მითითებით, ზოგჯერ კი მათი დახმარებით, ვასუფთავებდით და ვაწესრიგებდით იმ გარემოს, რომელიც დროებით თავად შევცვალეთ.

სექტემბერი მალე და აუცილებლად მოვა. მსურს, ბავშვები სკოლას დასვენებულ-გალაღებულები და არა დავალებებით თავმობეზრებულები დაუბრუნდნენ.

ჩემო მოსწავლეებო, ზაფხული თქვენია, დაგეგმეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად როგორც გსურთ, ოღონდ თქვენი ნონა მასწავლებელიც არ დაივიწყოთ და იქნებ ჩემი პატარ-პატარა საზაფხულო რჩევები გაითვალისწინოთ.

სურვილების ახდენას გისურვებთ!!!

ნონა პაპუნაშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღრაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები