– ქეთი, მიამბე რა გზა გაიარე საქართველოდან ესპანეთამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ესპანეთი?

– სწავლა და საფუძვლიანი განათლების მიღება, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი ძირეული ფასეულობაა. შესაბამისად, ბავშვობიდან ჩანერგილი მქონდა განათლების აუცილებლობა და ყოველთვის მსურდა, საინტერესო, მრავალფეროვან და წარმატებულ გარემოში მესწავლა.

დავიბადე და გავიზარდე ხაშურში. X კლასის ჩათვლით ვსწავლობდი ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი ოცნებების ასრულება, საზღვარგარეთ განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ბედნიერი ვარ, რომ 16 წლის ასაკში გავიმარჯვე `მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში~ (FLEX), რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან მოსწავლეების, ერთი სასწავლო აკადემიური წლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებასა და სწავლებას ითვალისწინებს. ჯორჯიის შტატში გატარებულმა ერთწლიანმა ამერიკულმა გამოცდილებამ სრულიად გაამყარა ჩემში საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ თუ მიზანს დავისახავდი და ბევრს ვიშრომებდი, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. სწორედ FLEX-ის გაცვლითი პროგრამის დამთავრების შემდეგ გავხდი უფრო მეტად მიზანმიმართული.

ბაკალავრიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტებში. მსურდა, ამერიკაში მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გამეზიარებინა თანატოლებისთვის. სწავლის პარალელურად ვცდილობდი, პროფესიული გამოცდილებისთვისაც მიმექცია ყურადღება და სტაჟირებას გავდიოდი სხვადასხვა ორგანიზაციაში. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ვმუშაობდი. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება მემუშავა პროფესიონალი და ნოვატორი ადამიანების ჯგუფში, სადაც ყოველდღიურად ვიზრდებოდი როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. მუშაობის პარალელურად სწავლა გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. მაგისტრატურის პერიოდში იმ ხუთ სტუდენტს შორის მოვხვდი, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგზავნეს, ლექციებზე დასასწრებად საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მიმართულებით. ესპანურმა ენამ, ამერიკაში, სკოლის პერიოდშივე გამიტაცა. იქ მხოლოდ ერთი სემესტრი ვისწავლე და მსურდა, მომავალში სწავლა ესპანეთში გამეგრძელებინა. შესაბამისად, ყოველთვის ვეძებდი გამოცხადებულ სტიპენდიებს, სწავლების შესაძლებლობებს აი, ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში მაგისტრატურის სრული კურსი დეუსთოს უნივერსიტეტში, ესპანეთში აღმოვაჩინე. მაქსიმალურად მოვემზადე და შევეცადე, რომ დაფინანსება ამეღო და ჩემი ოცნება ესპანეთში სწავლებასა და ცხოვრებაზე სისრულეში მომეყვანა.

მიამბე დეუსთოს სასწავლებლის ისტორია, რამდენწლიანია და რა ღირს სწავლა? სტიპენდიის შენარჩუნება რთულია?

– დეუსთოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი პრესტიჟული და საკმაოდ ცნობილი უნივერსიტეტია ესპანეთში. ის 1886 წელს დაარსდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნივერსიტეტი მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოს სთავაზობს სტუდენტებს * სპორტი, კულტურა, ღონისძიებები, რაც სწავლების პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასევე უნივერსიტეტი აფინანსებს ესპანური ენის შემსწავლელ კურსს. როგორც კი ჩამოვედი, 2013 წლის აგვისტოში, ბილბაოში, მაშინვე დავიწყე ესპანური ენის შესწავლა. სამაგისტრო პროგრამა, რომელზეც ვსწავლობ ორწლიანია და საკმაოდ საინტერესოდაა შედგენილი. ძალიან კმაყოფილი ვარ სწავლების დონითა და მიდგომებით, რასაც უნივერსიტეტი იყენებს სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი, თავი კომფორტულად და რეალიზებულად რომ იგრძნოს სტუდენტმა. რასაკვირველია, როდესაც გაქვს 22 000 ევროს ოდენობის დაფინანსება (ორწლიანი სამაგისტრო პროგრამისთვის), არის წესები და მოთხოვნები, რომელსაც ემორჩილები. შესაბამისად, სტიპენდიის შენარჩუნება კარგ სწავლასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, რასაც ამ დროისთვის წარმატებით ვართმევ თავს.

– რა პროფესიას ეუფლები და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

– ვსწავლობ ევროკულტურისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც მოიცავს ევროპის ისტორიის, კულტურის, პოლიტიკის სიღრმეებში წვდომას და გაანალიზებას. ასევე, თანამედროვე ევროკავშირის პოლიტიკურ თუ კულტურულ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ვინაიდან ბავშვობიდან მიზნად მაქვს დასახული, ვიმუშაო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (ვსწავლობდი საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს), ვფიქრობ, რომ ევროკულტურისა და პოლიტიკის საფუძვლიანად შესწავლა ჩემს სამომავლო პროფესიულ მიზანთან კიდევ უფრო დამაახლოებს. სწავლა 2013 წლის აგვისტოში დავიწყე და მაგისტრატურის ივნისში ვამთავრებ, სექტემბრიდან საინტერესო სტაჟირება მელოდება და შემდეგ უკვე საბოლოო, მეოთხე სემესტრი -სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა და დაცვა.

– რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?

– ვფიქრობ, წარჩინებული და აქტიური სტუდენტი ყოველთვის გამოძებნის საჭირო პროგრამას, რათა ისწავლოს საზღვარგარეთ. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, ვიცოდი რა მინდოდა, რა მიმართულებით ვეძებდი სამაგისტრო პროგრამას და ვიპოვე კიდეც. როდესაც წარჩინებული და აქტიური სტუდენტი ხარ, გაქვს მოტივაცია, ინტერესი, გაიღრმაო ცოდნა, მიიღო საუკეთესო გამოცდილება და ამ ყველაფრის წარმოჩენას სათანადოდ მოახერხებ, პრივილეგირებული იქნები და მოგეცემა შანსი, ისწავლო საოცნებო აკადემიურ გარემოში.

– დეუსთოს უნივერსიტეტში, ალბათ, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. ვინ არიან ისინი, მოკლედ მიამბე მათ შესახებ. 

– ვინაიდან დეუსთოს უნივერსიტეტი საკმაოდ ცნობილია ესპანეთში, აქ, ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ბასკეთის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე ანტონიო აგირე, კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი რობერტო ურდანეტა. ამავდროულად, ბევრ ცნობილ ბანკირს, მწერალსა და ფილმის რეჟისორს აქვს დამთავრებული დეუსთოს უნივერსიტეტი.

– რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ, ასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი?

– სასწავლო პროგრამა საკმაოდ წარმატებითაა ორგანიზებული. სამაგისტრო პროგრამის პირველი წელი სრული თეორიული კურსის შესწავლას ეთმობა, სადაც ბევრი საინტერესო საგანია შემოთავაზებული. აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციური და თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესიონალები არიან. სწავლების პროცესი მრავალფეროვან მიდგომებს ითვალისწინებს, რაც სასწავლო გარემოს კიდევ უფრო საინტერესოს და ხალისიანს ხდის. ხშირად ეწყობა კონფერენციები, შემეცნებითი ღონისძიებები, ღია სემინარები, რაც მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს და მე, როგორც სტუდენტს, მაძლევს საშუალებას მივიღო საჭირო ინფორმაცია და გავიღრმაო ცოდნა მეცნიერებების სხვადასხვა სფეროში.

 – რა როლი უჭირავს ესპანეთში, კერძოდ ბილბაოში, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

– ასწავლო პროცესი მდიდარი და კომფორტული ბიბლიოთეკის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია. ესპანეთშიც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზეა. დეუსთოს უნივერსიტეტს აქვს ლიტერატურის მდიდარი ბაზა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს, ხელი მიუწვდებოდეს მისთვის საჭირო ლიტერატურაზე. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გარდა, ბილბაოში საჯარო ბიბლიოთეკების საკმაოდ მრავალფეროვანი გარემოა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და კომფორტულს ხდის სასწავლო პროცესს. შესაბამისად, მსგავსი მიდგომის გამო, მეც სიხარულით მივდივარ ბიბლიოთეკაში სამეცადინოდ.

 როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?

– ვფიქრობ, სასწავლო პროცესში მოწესრიგებული და კომფორტული გარემო საკმაოდ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. საქართველოში დასახვეწია სასწავლო პროგრამები, მათი მეტად მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმართვაა საჭირო. მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკების, შენობისა და სასწავლო გარემოს სათანადო დონეზე მოწყობა და შენარჩუნება. მიმაჩნია, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, თუმცა კადრების სწორი მენეჯმენტი, უნივერსიტეტების მართვა და პროგრამების ინოვაციური გზებით დანერგვა ნამდვილად სასიკეთოდ წაადგება ქართულ სასწავლებლებს. კარგი და უფრო წარმატებული იქნება საქართველოში უნივერსიტეტები, თუ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას უმასპინძლებენ, რაც საშუალებას მისცემს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს. მიიღონ განსხვავებული აკადემიური გამოცდილება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი სასწავლო პროცესის შესაბამის დონეზე აყვანა და სასწავლო გარემოსა და ინვენტარის წესრიგში მოყვანაა საჭირო.

 უცხოეთში, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად, უცხოელ სტუდენტებს, სწავლის პირველივე წლიდან, უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად?

– ვინაიდან ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსებით ვსარგებლობ, სასწავლო ვიზა მუშაობის საშუალებას არ მაძლევს, თუმცა მოხალისეობრივი საქმიანობების განხორციელება არ მეკრძალება და უნივერსიტეტის სოციალური პროგრამის მეშვეობით ვმონაწილეობდი კიდეც. ჩემი აქტიური ჩართულობა მსგავს საქმიანობებში საშუალებას მაძლევს, უკეთ გავეცნო ადგილობრივ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს, ადვილად შევძლო საზოგადოებაში ინტეგრირება.

  სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს. როგორ ცხოვრობენ ესპანელი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რომელი დარგია ყველაზე მეტად განვითარებული?

– ქალაქი ბილბაო, ბასკეთი და ზოგადად ესპანეთი, საკმაოდ მდიდარია კულტურით, ბუნების მრავალფეროვნებითა და საინტერესო საზოგადოებრივი ღონისძიებებით. ბილბაო არის ქალაქი, სადაც ყოველთვის შეგიძლია აღმოაჩინო ინოვაციური და საინტერესო კულტურული ღონისძიება, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. შესაბამისად, ვცდილობ, თავისუფალი დრო ახალ და განსხვავებულ ღონისძიებებზე დასწრებას დავუთმო, ვიმოგზაურო ბასკეთის ლამაზ ბუნებაში, გავეცნო აქაურ წეს-ჩვეულებებს, კულტურას. ესპანელი ახალგაზრდები არაფრით განსხვავდებიან სხვა ქვეყნის ახალგაზრდებისგან, იღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას ცხოვრებისგან, სწავლობენ, ერთობიან, მოგზაურობენ და ცდილობენ, უკეთესი მომავალი შეიქმნან.

– ქეთი, მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას?

– ვინაიდან მაგისტრატურის დამთავრებამდე კიდევ ერთი წელი მაქვს, არ ვიცი როგორ წარიმართება ჩემი პროფესიული მომავალი. თუმცა დიდი სურვილი მაქვს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო, მინდა, ვიყო ის ადამიანი, ვინც მაქსიმუმს გააკეთებს საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

 – როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

– ვფიქრობ, საქართველოში დასასაქმებლად და წარმატების მისაღწევად საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, ვინაიდან საქართველოშიც არის შესაძლებელი მიიღო ძალიან კარგი განათლება, იყო წარმატებული, ჭკვიანი, მოტივირებული და რეალიზებული. თუმცა, ამავდროულად, ვფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება ერთ-ერთი ძლიერი ატრიბუტია, რაც არა მარტო საქართველოშია წარმატების მიღწევის საწინდარი, არამედ მსოფლიოს ნემისმიერ ქვეყანაში.

 – საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად შესაძლოა ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ?

– პირველი, რაც, ყველაზე მნიშვნელოვანია არის ცოდნა იმისა, რა მიზანი გაქვს და რას გინდა მიაღწიო. როდესაც მკაფიოდ იცი, რისი მიღწევა გსურს, შემდეგ საჭიროა დასახო სავარაუდო გეგმა, რომლის განხორციელებაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ეს შეიძლება იყოს სავალდებულო ენის დონის გაუმჯობესება, პიროვნული თუ პროფესიული უნარების დახვეწა. შემდეგ კი აუცილებელია საკუთარ თავში იპოვო რწმენა იმისა, რომ რისი მიღწევაც გინდა – შესაძლებელია. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, თუ წამითაც არ შეიტან ეჭვს საკუთარ შესაძლებლობებში, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. საჭიროა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ადამიანისთვის დაუძლეველი არაფერია. მთავარია, არ შეგვეშინდეს შეცდომების, არ მოვდუნდეთ, ვიბრძოლოთ მიზნის მისაღწევად. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ კი არ ვიოცნებოთ, არამედ ვიმუშაოთ, მივიღოთ შენიშვნები, დავაფასოთ ჩვენ ირგვლივ მყოფი ჭკვიანი ადამიანები და თუ მოვახერხებთ, შევინარჩუნოთ რწმენა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ახალგაზრდებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები, ჰქონდეთ მოტივაცია იმისა, რომ თავად შეუძლიათ შექმნან საკუთარი მომავალი, არ მოდუნდნენ და გარემო პირობებს არ შეეგუონ. შეინარჩუნონ საკუთარი თავის რწმენა, ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი და მას აუცილებლად მიაღწევენ.

 როცა საქართველოდან ასე შორს ხარ, რა გენატრება ყველაზე მეტად?

– ძალიან მენატრება ჩემი ტკბილი ოჯახი, ბედნიერი დროის მათთან გატარება, თამაში ჩემს დისშვილებთან. მენატრებიან მეგობრები, რომლებსაც ჩემს გულში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ. მენატრება ქართული ენა და, რა თქმა უნდა, ჩვენი უგემრიელესი სამზარეულო.

  დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი, ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს როგორებიც ვართ, თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს?

– ნამდვილად, როდესაც საკუთარი ქვეყნიდან, შენი კომფორტული ზონიდან შორს იმყოფები, ყველაფერს სრულიად განსხვავებული პრიზმიდან უყურებ და, ვფიქრობ, მეტ ობიექტურობასაც ინარჩუნებ. მიმაჩნია, რომ ქართველ საზოგადოებას გვჭირდება გაზრდა, როგორც დამოუკიდებელ ერს. საჭიროა ვისწავლოთ განსხვავებული აზრისა და შეხედულებების პატივისცემა, ვაღიაროთ არა მხოლოდ საკუთარი პოზიტიური მხარეები, არამედ ნეგატიურიც და შევეცადოთ გამოსწორებას. მნიშვნელოვანია, ახალი თაობა გაიზარდოს თავისუფალი აზრის არსებობის გარემოში, იყოს განათლებული, იცოდეს თავისი, როგორც მოქალაქის, ვალდებულებები და უფლებები და ნაკლებად ექცეოდეს ბრბოს ზეგავლენის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანია დავიცვათ ქართული ძირეული ფასეულობები, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე შემოინახეს. საჭიროა, სწორად გვესმოდეს ეს ყოველივე და არავის მივცეთ საშუალება, ჩვენი ფასეულობები განსხვავებული ინტერპრეტაციით ჩაგვინერგონ გონებაში. თუ შევძლებთ და ქართულ ძირეულ ფასეულობებს ჯანსაღი, თავისუფალი აზრის არსებობის გარემოში თანაარსებობის საშუალებას მივცემთ, შესაბამისად, ევროპა ასეთებს მიგვიღებს, ვინაიდან ასეთი ახალი საქართველო ევროპისგან შორს ნამდვილად არ არის.

ესაუბრა მაკა ყიფიანი