23 აპრილი, სამშაბათი, 2024

„ვეფხისტყაოსნის“ იდეა

spot_img

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იდეურ-თემატური და მხატვრული ღირებულებებით გამორჩეული ნაწარმოებია. პოემის ერთ-ერთი თავი _ „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“ _ მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რადგან მასში ავთანდილის პირით გაცხადებულია ნაწარმოების იდეა. გთავაზობთ აღნიშნული თავიდან ერთი სტროფის (799) ანალიზს:

„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?

ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანნი მიაფერენ!

„სიყვარული აგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ

შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ?!“

„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თემა მიჯნურობა ანუ სიყვარულია (არა მხოლოდ ქალ-ვაჟური).  სიყვარული აერთიანებს ერთმანეთთან  ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ავთანდილსა და თინათინს, მეგობრული სიყვარული აკავშირებს ავთანდილს, ტარიელსა და ფრიდონს, დასავით ძვირფასია და სწორედ ასეთმა სიყვარულმა შეაკავშირა ტარიელისა და ასმათის საარაკო მეგობრობა,  საოცარი სიყვარული აქვთ ერთმანეთთან ავთანდილსა და როსტევანს, ავთანდილსა და შერმადინს, როგორც პატრონებსა და ყმებს.  ამიტომაც არ არის გასაკვირი, როცა პოემის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ყველა ბედნიერების, სიკეთისა და ამაღლების საწყისად სიყვარულს რომ მიიჩნევს.

ავთანდილს ცხოვრების უმთავრეს  მიზნად სიყვარული დაუსახავს. მას, ისევე როგორც მოციქულებს, შემოქმედ ძალად მიაჩნია იგი. სწორედ ამიტომ იმოწმებს მათ. იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: „ღმერთი სიყუარული არს“, პეტრე მოციქულის ეპისტოლეში კი ნათქვამია: ,,ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული  (წმინდა, წრფელი) გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაი“, ხოლო პავლე მოციქულის თანახმად, „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ… ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოებაი, სასოებაი და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყუარული არს“. ავთანდილი მოციქულების დამოწმებით უფრო ამაღლებულად და წმინდად სახავს ამ გრძნობას. მოციქულების  სიტყვებში განსწავლულს მთავარ მისიად მიჯნურობა და ,,არ-დავიწყება მოყვრისა“  მიაჩნია. იგი ამ ორ მცნებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და არასდროს  არღვევს. მიჯნურის დავალებით მიდის რთული მისიის შესასრულებლად, შემდეგ კი მოყვასის სიყვარულის გამო კისრულობს ურთულეს მოვალეობას _ მოძებნოს ნესტან-დარეჯანი. მოყმე მუდამ მზადაა თავი გაწიროს ძმისთვის, ცხოვრების მიზანი მეგობრისთვის თავდადებაა, მას „სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და უჩანს მღერად“.

სიყვარული აგვამაღლებსო, მოციქულების სიტყვებს იმოწმებს ავთანდილი. მოციქულებთან ზუსტად ამ სიტყვებს ვერ ვხვდებით, მაგრამ სიყვარულის შესახებ მოციქულთა უკვე მოხმობილი აზრები ამასვე ნიშნავს. ამასთანავე პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: „სიყვარული აღაშენებს“, ,,აღშენება“ სულიერ ამაღლებას, განახლებას, სიკეთით ავსებას ნიშნავს. რუსთაველი არ ციტირებს მოციქულთა მოსაზრებებს სიყვარულზე, მაგრამ იმეორებს იმავე შეხედულებას, რაც ჰუმანისტების ნააზრევში გაცხადდა კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე.

თაკო კეშელავა – კოხნარის საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები