20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან იგეგმება

spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. 27 ივლისს კი დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიები. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბათუმის N14 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში  დააკვირდა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან იგეგმება, სააპელაციო განცხადებების მიღება კი ყველა  საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგი“ – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან კი – 71%-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.

დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისათვის – მათ შორის არიან როგორც აბიტურიენტები და სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. დამატებითი გამოცდების ჩატარება კვლავ იგეგმება რამდენიმე საგანში.

ამ დრომდე დაფიქსირდა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის  2  – მობილურის შეტანის, 4 – დამხმარე მასალის აღმოჩენისა და 3 – გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტი.

საგამოცდო პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთნენ მაგისტრანტობის მსურველებიც. ტესტირება უკვე ჩატარდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, დღეს კი ისინი გამოცდას ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე უზრუნველყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სესიის ჩატარება. 2022 წელის გამოცდები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც სრულად ჩატარდება დამატებითი გამოცდები კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის.

დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2022 წლის გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები