მოგეხსენებათ, როცა ბავშვებს რაიმე სტკივათ ან ფიზიკურად აწუხებთ, ეს ადვილად შესამჩნევია, რადგან ამ ყველაფერში დისკომფორტის გარეგანი გამოხატულება გვეხმარება, მაგრამ როცა საქმე ემოციებს ეხება, ხშირად, ბავშვები ვერ აცნობიერებენ, ვერ გამოხატავენ და სხვისი დახმარებით უმკლავდებიან საკუთარ მრავალფეროვან ემოციებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ადრეულ ასაკს ეხება.

ამ სტატიაში მინდა შევეხო ემოციური თვითრეგულაციის განმარტებას და განვითარებას ბავშვებში, ასევე იმ სტრატეგიებს, რომელიც დაეხმარება მშობლებს თუ ადრეული განათლების სპეციალისტებს, გაუმკლავდნენ და მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვების ემოციურ სირთულეებს.
ემოციური თვითრეგულაცია გულისხმობს უნარს, მართო საკუთარი ემოციები, გააცნობიერო და ადეკვატურად, სოციალურად მისაღები გზით, განახორციელო ადაპტური ქცევა. ემოციური თვითრეგულაცია არ გულისხმობს ემოციების ჩახშობას ან საკუთარი ემოციური მდგომარეობის დაიგნორებას, არამედ – იმპულსური რეაქციების გარეშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, კონფლიქტის გადაჭრას, სტრესულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას.

სხვადასხვა ავტორები ემოციურ თვითრეგულაციას განსხვავებულად ხსნიან, მაგალითად, კარვერი და შაიერი (Carver & Scheier) თვითრეგულაციას განსაზღვრავენ როგორც სისტემას, რომელიც გეხმარება განკარგო საკუთარი ფიქრები, გრძნობები და ქცევა სასურველი მიზნის მისაღწევად; კარლ გროსმა ემოციური თვითრეგულაცია ისეთ ცნებებთან დააკავშირა, როგორიცაა: ბავშვის განწყობა, სტრესის რაობა და ყურადღების კონცენტრაცია; ლევ ვიგოტსკის აზრით, ენა, განსაკუთრებით კი „შინაგანი მეტყველება“, ბავშვს საკუთარ ქცევის მართვასა და პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.
რამდენიმე თეორია იკვლევდა ემოციური თვითრეგულაციის საკითხს, ერთ-ერთია კოგნიტური შეფასების თეორია, რომელიც კოგნიტურ შეფასებას ქცევასთან აკავშირებს — პირველი სიტუაციის შეფასება გვაძლევს დაუყონებლივ რეაქციას და ეს კი გამოიხატება ქცევით.
აღმასრულებელი ფუნქციების თეორია ემოციურ თვითრეგულაციას ადამიანის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციებთან (პრეფრონტალური ქერქის განვითარება) აკავშირებს, როგორიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება, სოციალური ქცევა, ყურადღების განაწილება და ა.შ. ამ თეორიის მიხედვით, ბავშვები, პრეფრონტალური ქერქის განვითარებასთან ერთად, უკეთ ახერხებენ ემოციურ სირთულეებთან გამკლავებას.
სტრატეგიაზე დაფუძნებული თეორია კი გვეუბნება, რომ, ასაკთან ერთად, იცვლება ბავშვების სტრატეგიები, მაგალითად, თუ ემოციური გამოწვევების დროს ჩვილი გარე მხარდაჭერას, ანუ აღმზრდელის დახმარებას ითხოვს, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები საკუთარ, შინაგან სტრატეგიებს იყენებენ, როგორიცაა ყურადღების გადატანა, სურვილების გაჟღერება, მშობლებთან მოლაპარაკება და ა.შ.

მოდი, განვიხილოთ როგორ ვითარდება ემოციური თვითრეგულაცია ბავშვებში, ასაკის მატებასთან ერთად:
- დაბადებიდან 18 თვემდე ბავშვები აღმზრდელის დახმარებით ახორციელებენ ემოციურ თვითრეგულაციას, როგორიცაა – საწოვარას მიწოდება, თუ ბავშვს აქვს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და ამის გამო ტირის, ამ მოთხოვნილებებზე მყისიერი პასუხი და მხარდაჭერის გაწევა, როგორიცაა საკვების მიწოდება, ჩახუტება, დაძინება და ა.შ.
- 18 თვიდან 3 წლამდე ბავშვები იწყებენ სოციალური ინსტრუქციების მეტად გაგებას და შესრულებას, ყურადღების გადავადებას, გადატანას სასურველიდან და ასევე მშობლის ჩართვას მათთვის უსიამოვნო სიტუაციებში.
- 4 წლიდან ზემოთ ბავშვები იწყებენ როგორც საკუთარი ემოციების, ასევე სხვისი ემოციების გაგებას. ხვდებიან როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია მათ ქცევას სხვის ემოციებზე. ასევე, 5 წლიდან ზემოთ, ცდილობენ საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოდგენას.
როგორი სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს მშობელმა ემოციური თვითრეგულაციის გასავითარებლად ადრეული ასაკიდან:

- ფიზიკური შეხება და სენსორული სტიმულაცია ადრეულ ასაკში, მშობელი ხშირად უნდა შეეხოს, ჩაეხუტოს ბავშვს, სასურველია თუ ეს იქნება შიშველი კანით – ბავშვის კანზე. დაარწიოს, მსუბუქად შეეხოს რიტმულად. ეს ტექნიკები ეხმარება ბავშვს თვითდამშვიდებაში და თავს მეტად უსაფრთხოდ გრძნობს. ასევე შესაძლებელია შეგრძნებების გამოყენება ყურადღების გადასატანად – მანათობელა, ბზრიალა სათამაშო, კონტრასტული წიგნები, სასიამოვნო მუსიკა, სასიამოვნო ტექსტურის ქსოვილის სათამაშოს დაჭერა…
მარტივი ემოციების ამოცნობა და სახელდება – 2,5 წლიდან სასურველია უკვე ემოციების ამოცნობაზე მუშაობა. ეს შეიძლება მოხდეს სარკეში გამომეტყველებით, სათამაშო ბარათებით, ხატვით და ა.შ. ემოციებს აუცილებლად დაარქვით სახელი და ეს სახელდებები მსგავს ემოციურ გამოვლინებებში გამოიყენეთ, იქნება ეს ქუჩაში მომღიმარი ბავშვის დანახვაზე თუ ანიმაციაში ცრემლიან დათუნიასთან შეხვედრისას.
3. ვიზუალური რუტინები და ტრანზიციის ტექნიკები – გამოიყენეთ ვიზუალური დაფა, სადაც ნაჩვენებია დღის რუტინა, საქმიანობების განრიგი. ეს წინასწარ განწყობას შეუქმნის ბავშვს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დღის განმავლობაში და მისი ემოციური მდგომარეობაც უფრო სტაბილური იქნება. ასევე გამოიყენეთ ტრანზიციის (გადასვლის) ტექნიკები ერთი აქტივობიდან მეორეზე. ეს შეიძლება იყოს 5 წუთით ადრე ბავშვის გაფრთხილება, რომ თამაშის დასრულების დროა, წამღერება ან ზარის დაყენება ტელეფონზე.

- ფიზიკური აქტივობები – როდესაც ბავშვები საკუთარი სხეულის მოძრაობების მართვას ახერხებენ, ეს ემოციური თვითრეგულაციის გამომუშავებასაც უწყობს ხელს. შეიძლება დაგეგმოთ ისეთი თამაშები, სადაც ბავშვს, მოულოდენლად, მოძრაობის გაჩერება, იმპულსის შეკავება უწევს, მაგალითად, დამალობანას თამაში, სიმღერის შეწყვეტის დროს გაჩერება და უცებ სკამზე დაჯდომა ან, ჯღაბნის დროს, მოულოდნელად, მარკერის გაჩერება დაფაზე ზარის დარეკვამდე.

5. სოციალური ისტორიები – საკუთარი ემოციების მართვაში, ხშირად, სხვა ადამიანების ამბის მოსმენა და ემოციებთან გამკლავების მათი სტრატეგიები ბავშვებს ეხმარებათ. ეს შეიძლება მიწოდებული იყოს მაგალითად, ზღაპრის წაკითხვა „პატარა კატოზე“, რომელსაც ეშინოდა ბაღში დედის გარეშე დარჩენის, შემდეგ კი კატომ ყურადღება გადაიტანა მზრუნველ აღმზრდელზე, სათამაშოებზე, ახალ მეგობრებსა და სახალისო აქტივობებზე… ამასობაში მშობლებმაც მოაკითხეს სახლში წასაყვანად.
დაიმახსოვრეთ, როდესაც ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე მუშაობთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ მისი ასაკი და განვითარების მდგომარეობა. შესთავაზეთ ასაკის და განვითარების შესაბამისი სტრატეგიები ემოციების გასაცნობად, ემოციურ სირთულეებთან გასამკლავებლად და სოციალური ურთიერთობების დასამყარებლად.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა, სოფიო მელაძემ









