16 აპრილი, სამშაბათი, 2024

  ევროპული და ქართული რომანტიზმი

spot_img

რომანტიზმი განსაზღვრული და ისტორიულად კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობაა.  ის უნდა გავმიჯნოთ  ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოყენებული ტერმინისგან. რომანტიზმი არის მსოფლგანცდის ერთგვარი სახე და არაფერი აქვს საერთო ისეთ გამონათქვამებთან, როგორიც არის რომანტიკული ვახშამი, რომანტიკული საღამო და ა.შ.

ევროპული რომანტიზმი შემოქმედებითი თავისუფლებაა. ის უპირისპირდება ნაციონალისტური ნორმებით მკაცრად განსაზღვრულ კლასიციზმს. რომანტიზმისათვის მთავარი ფასეულობა გახდა ინდივიდუალიზმი, პიროვნების სრული თავისუფლება. რომანტიკოსები ადამიანებში დიდ ყურადღებას უთმობენ განსხვავებას, რაც შეიძლება გამორჩეულად წარმოაჩენდეს ერთს სხვა ადამიანისგან და არა იმას, რაც საერთოა მათთვის. მათ აინტერესებდათ ყველანაირი ადამიანური გრძნობა, პიროვნული კონფლიქტი. რომანტიკოსები ყოველდღიურ მატერიალურ ყოფას უპირისპირებდნენ სულიერ ცხოვრებას, განსაკუთრებით კი _ ხელოვნებას, ფილოსოფიასა და რელიგიას.

აწმყოთი უკმაყოფილო რომანტიკოსები უმეტესად მიმართავდნენ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას, წარსულს. ისინი ამ ეპოქის ეგზოტიკური და საიდუმლოებებით შემოსაზღვრული გარემოებებით ინტერესდებოდნენ. სწორედ ამის გამო, ისტორიული რომანის  ჟანრს სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი. რომანტიზმის წარმომადგენლები ბუნების დიდი მოყვარულები, დამფასებლები იყვნენ, ამის გამო მათ ნაშრომებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  პეიზაჟს. რომანტიკოსები ცდილობდნენ, დაენახათ ის თვისებები, რომელიც ეროვნული სულის საფუძველს ქმნის. ეს განსაზღვრავდა პატრიოტულ მოტივებს მათ შემოქმედებაში. რომანტიკოსები ინტერესდებოდნენ ფოლკლორით და მათ ნაწარმოებებში ჩანს კიდეც ხალხური შემოქმედების გავლენა.

ზოგადად,   რომანტიკოსები თვლიან, რომ შემოქმედება წესებს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ამ მოსაზრებას ითვალისწინებენ მსოფლიო რომანტიზმის ყველა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, გამონაკლისი არც ქართველი რომანტიკოსები არიან. ქართველი რომანტიკოსებისათვის პრიორიტეტული თემებია პატრიოტიზმი, ქალის დაფასება და ბუნების აღწერა.

ქართული რომანტიზმის წარმოშობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დიდია. დაზუსტებით ვიცით, რომ ქართველ რომანტიკოსებს ბევრი საერთო ნიშანი ჰქონდათ სხვა ქვეყნის რომანტიკოსებთან, თუნდაც პატრიოტული გრძნობების გულწრფელობა და სიღრმე, სიყვარულის განცდის იდეალისტური სინატიფე, რელიგიური მოკრძალება და ფეოდალური კულტურის თაყვანისცემა.

ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი სახელგანთქმული ქართველი რომანტიკოსები არიან. ამ პოეტთა შემოქმედებაზე ორმა დიდმა ისტორიულმა თარიღმა იმოქმედა განსაკუთრებულად. ეს თარიღებია 1801 წელი, როდესაც რუსეთის იმპერატორის მანიფესტით ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობა შეწყდა და 1832 წელი, როდესაც ქართველი  თავად-აზნაურებისა და ინტელიგენციის შეთქმულება გამჟღავნდა.   ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დაკარგვას დროებით შეეგუა („თერგდალეულთა“ გამოჩენამდე).

ქართველი რომანტიკოსების პატრიოტული გრძნობა მტკიცეა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მათ პოლიტიკურ და ნაციონალურ პროგრამაზე. ამ მიმართულებებით გაორება ეტყობათ. როცა საქმე ეხება სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიული წარსულის დაფასებას, ქართველი რომანტიკოსები ერთსულოვნები არიან, როცა პოლიტიკური საკითხი დგება, ინდივიდუალური განსხვავებები იჩენს თავს, თუმცა, აშკარაა რუსეთისადმი სიმპათიები.

ქართულ რომანტიზმში სიცოცხლისუნარიან ნაწილად აღიარებულია ოპტიმისტური განწყობის ნაწარმოებები. გაბატონებულია აზრი, რომ რომანტიზმის ევროპული სიმაღლე მიღწეულია ბარათაშვილის შემოქმედებაში. პესიმისტური რომანტიზმი მაღალ სიმაღლეებს საქართველოში ვერ მისწვდა და ისტორიის ლაბირინთებში თითქმის უკვალოდ ჩაიკარგა.

 ხატია ხოჯანაშვილი, ბადრი შეყილაძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები  

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები