24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დღეს გამოცდას მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები აბარებენ

spot_img

გრძელდება საგამოცდო სესიები. დღეს გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ორ სესიად ჩატარდება, შემდეგ საგნებში:

⇔ პირველი სესია:

♦ ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);

♦ ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI);

♦ ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI);

⇔ მეორე სესია:

♦ მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI);

♦ მუსიკა;

♦ სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური).

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგების ტესტი იდენტურია – ისინი ერთად, ერთსა და იმავე დღეს, გადიან ტესტირებაზე. მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში შემთხვევითობის პრინციპით ხდება.

გუშინ, 6 ივლისს, მეორე სესია უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს დაეთმო. დარეგისტრირებულებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 90%-ზე მეტი მასწავლებელი და 71%-ზე მეტი სტუდენტი. გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დაიგვიანა ორმა სტუდენტმა.

წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 500-ზე მეტმა პირმა გაიარა, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების ჩასაბარებლად კი სულ 35 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდებზე მოხსნილია პანდემიასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა. გამოსაცდელებს შეუძლიათ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ პირბადე.

რაც შეეხება პირებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19 და ამ მიზეზით ვერ დაესწრებიან გამოცდას საგამოცდო ბარათზე მითითებულ თარიღში, ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან.  მათთვის, დამატებით, შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია ჩატარდება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან, არანაკლებ, 7 დღის გასვლის შემდეგ. დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ დაინიშნება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებითი საგამოცდო სესიის მონაწილეებს განსაზღვრავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე.

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დამთავრდება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები