20 აპრილი, შაბათი, 2024

დირექტორის საქმიანობის მიმართულება – მოსწავლეთა მხარდაჭერა

spot_img

ეკა უჩანეიშვილი

სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის №178 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი

საჯარო სკოლების დირექტორების სტანდარტის ზოგადი დებულებიდან გამომდინარე, დოკუმენტი მხარს უჭერს დირექტორებს, მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად; სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად.

როგორც ვიცით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დირექტორის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი, ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას; ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე. დირექტორი, როგორც ლიდერი, ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს, არის მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის მხარდამჭერი; სკოლის შიგნით, ხელს უწყობს მთლიანად სასკოლო საზოგადოების განვითარებას. როგორც მისაბაძი მაგალითი, მხარს უჭერს ყველა მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას; სწავლის ხარისხის მართვას; უსაფრთხო, ინკლუზიური და მიზანზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას. დირექტორი, თავისი მენეჯერული თვისებებით, მოსწავლეებში კონსტრუქციულ და პატივსცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აყალიბებს.

სკოლის ლიდერის თვისებებიდან, დირექტორის საქმიანობის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მიშვნელოვანი, მეტად საპასუხისმგებლო კომპეტენციაა მოსწავლეთა მხარდაჭერა, რომელშიც იგულისხმება მოსწავლეთა უფლებების დაცვა.

მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები:

♦ დირექტორს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და იცის, როგორ შექმნას გარანტიები მათ უზრუნველსაყოფად. სკოლის დირექტორის ძალისხმევით, შიდა რეგულაციებით, დაცულია მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებები და გარანტიები; უზრუნველყოფილია მოსწავლის უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციების გამჭვირვალობა და გაზიარება სასკოლო საზოგადოებაში.

♦ დირექტორს გაცნობიერებული აქვს სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს ამ პროცესის ხელშემწყობი სისტემის ჩამოყალიბება. სკოლას განსაზღვრული აქვს მოსწავლის ჩარიცხვისა და დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის დაძლევის გამჭვირვალე და კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმი; უზრუნველყოფილია მოსწავლის ჩარიცხვისა და საფეხურის დაძლევის მექანიზმის დაცვა; ასევე, სკოლის მიერ განსაზღვრული მომსახურების სახეების, პირობების, პროგრამებისა და მათი სპეციფიკის მომსახურებისთვის დადგენილი საფასურების (ასეთის არსებობის შეთხვევაში), სკოლის შიდა პოლიტიკის და მოსწავლის მხრიდან მოსალოდნელი ქცევის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; უზრუნველყოფილია დირექტორის მიერ პროგრამების, სერვისების, რესურსების, აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, განახლება და არადისკრიმინაციულობა; აგრეთვე, სკოლის დაწყების მომენტიდან, მოსწავლეთა სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა.

♦ დირექტორს გაცნობიერებული აქვს სკოლის, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული ინსტიტუტის, როლი და მნიშვნელობა და იცის როგორ შექმნას მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემა. უზრუნველყოფილია მოსწავლის სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა შესაბამისი სერვისებით, აკადემიური და პიროვნული მიღწევების გასაუმჯობესებლად; გონივრულ/კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოსწავლისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, მობილობასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით; წახალისებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით, დამატებითი/არაფორმალური აქტივობები და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ინიციატივები; უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება, მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის საფუძველზე; ასევე, დირექტორის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკების ჩართულობა.

♦ დირექტორს გაცნობიერებული აქვს მოსწავლის კარიერული დაგეგმვის პროცესი და იცის როგორ შექმნას პროფესიული ორიენტაციის მხარდამჭერი სისტემა: კარიერული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია მოსწავლეთთვის; მოსწავლეთათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის განახლებული და სანდო ინფორმაციის მიწოდება, ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულია კარიერული განვითარების კვლევის შედეგად მიღებული უკუკავშირი.

♦ დირექტორს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობა და იცის როგორ შექმნას ინკლუზიური გარემო, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სკოლა დემოკრატიულ და ინკლუზიურ ღირებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოა, სადაც ჩამოყალიბებულია სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო გარემოს მორგებას სსსმ მოსწავლის საჭიროებაზე; მის მხარდაჭერას შესაბამისი ადამიანური სასწავლო/განმავითარებელი რესურსებით, მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება-განხორციელება-მონიტორინგის უზრუნველყოფა. სსსმ მოსწავლის მიღწევები და განვითარება დაფუძნებულია სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობასა და ჩართულობაზე. ასევე, დადგენილია სწავლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებთან მუშაობის მექანიზმები და პრევენციული ღონისძიებები (,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“).

♦ დირექტორს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეებისთვის საჭიროებებზე მორგებული დამატებითი მომსახურების მნიშვნელობა და იცის, როგორ უზრუნველყოს მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებაში იგულისხმება, დირექტორის ძალისხმევით, სკოლის მიერ, შეთავაზებული არასავალდებულო ხასიათის მომსახურება (კვების სერვისი, ტრანსპორტირება, საერთო საცხოვრებელი), შესაბამისი მარეგულირებლის მხრიდან საქმიანობის განხორციელების უფლების მიღების შემდეგ/საფუძველზე.

ამრიგად, დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი უნდა იყოს მისაბაძი, პროფესიული და პიროვნული თვისებებით წარმოადგენდეს მოდელს სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, ასევე, უნდა ფლობდეს ცოდნაზე, ღიაობაზე, გულწრფელობაზე, თანასწორობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ღირებულებებს, უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები