19 აპრილი, პარასკევი, 2024

დიალექტი

spot_img

დიალექტი კონკრეტული რომელიმე ენის არასტანდარტიზებული, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმაა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადად გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის. ბერძნულად დიალექტი dialegomai „ერთად საუბარს“ ნიშნავს.

 არსებობს დიალექტთა ორი ტიპი:

1. ლოკალური დიალექტები (გეოლექტები) – გეოგრაფიული არეალისთვის დამახასიათებელი დიალექტები, რომლებსაც შეისწავლის დიალექტოლოგია. ეს დიალექტები შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე (მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ არის სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.

2. სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც სოციოლინგვისტიკა შეისწავლის.

დიალექტური, კუთხური ენა ლიტერატურაშიც გამოიყენება, ძირითადად, ამა თუ იმ რეგიონის ან გარკვეული მოსახლეობის ცხოვრებისეული რეალიების აღსაწერად. წარმოუდგენელია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ფშაურის გარეშე, ისევე როგორც კლდიაშვილის შემოქმედება იმერული დიალექტის გარეშე. ორივე შემთხვევაში დიალექტური ფორმები მეტ ექსპრესიულობასა და მხატვრულ ღირებულებას მატებს ტექსტებს.

ქართული დიალექტების კლასიფიკაცია ხდება მათი გეოგრაფიული არეალის მიხედვით. გეოგრაფიული თვალსაზრისით  ქართულში დიალექტების ორი დიდი ჯგუფი გამოიყოფა: აღმოსავლეთ საქართველოს  და  დასავლეთ საქართველოს დიალექტები.

აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტი თავის მხრივ იყოფა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტებად და აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებად.

♦ აღმოსავლეთსაქართველოს ბარის დიალექტებია:

ქართლური

კახური

ისტორიულად კახურის განაყარი დიალექტები ინგილოური (აზერბაიჯანში), ფერეიდნული (ირანში)

მესხური(სამცხურ-ჯავახური)

♦ აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებია:

♦ ხევსურული

♦ ფშაური

♦ თუშური

♦ მოხეური

♦ მთიულურ-გუდამაყრული.

დასავლეთ საქართველოში დიალექტები გამოიყოფა ზონების მიხედვით:

ზემო ზონის დიალექტი:

♦ რაჭული

შუა ზონის დიალექტები:

♦ იმერული

♦ ლეჩხუმური

ქვემო ზონის დიალექტები:

♦ გურული

♦ აჭარული

♦ იმერხეული

წარმოგიდგენთ აჭარული დიალექტის ნიმუშებს, რომლებიც, სავარაუდოდ, თურქული ენის გავლენითაა დამკვიდრებული. ნიმუშები  მოგვაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელემა მადონა სურმანიძემ.

პრატი-გოგო. მაგ.: რა ლამაზი პრატი გყავს.

ჩენგე -ყბა. მაგ.: ერთი კბილის გამო მთელი ჩენგე მტკივა.

ყიამეთი-წარღვნა, დიდი აურზაური.მაგ. ისე წვიმს ყიამეთი ახლოსაა.

კეხეხო-მენჯის ძვლები. მაგ .ექომო კეხეხოები მტკივა.

ბეხტიყარა- შავბედიანი. მაგ.ეგ ბაღვი რაფერი ბეხტიყარაა.

ფურთუნა-ამინდის ცვლილება გაზაფხულზე. მაგ. მარტში ოცდათერთმეტი დღეა და ორმოცი ფურთუნა.

აბლა-ბიცოლა. მაგ., აბლამ კარგი საჩუქარი გამიკეთა.

ბეთმეზი-მსხლის წვენისგან დამზადებული მურაბის მსგავსი სითხე,რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. მაგ., ბეთმეზის მოდუღებით დავიღალე.

ბიში-ზეთში შემწვარი ცომეული. ღვეზელის მსგავსი, გულსართის გარეშე. მაგ.,ბავშვებს ბიშები გამოვუცხე.

ბალკონი-აივანი, სახლის გარე კუთხიდან. მაგ., ლებები ბალკონზე გადავკიდე.

ბილეგი-მაჯა.მაგ.ისე დავიღალე ბილეგები მტკივა.

ლეჩერი-მსხლის წვენში მოხარშული ხაპი(გოგრა,კვახი), ან ქესტანა, მურაბის მსგავსი. მაგ., მთელი დღეა ლეჩერს ვადუღებ.

ხოშავი-გამხმარი მსხლისგან კეთდება, კამპოტის მსაგავი. ხოშავი გავაკეთე, გაცივდება და მიირთვი.

ფურუჯი- ფურნეში გამომცხვარი მსხალი. მაგ., ფურუჯი უნდა მოვხარშო, ხოშავი მინდა გავაკეთო.

ფურნე-თონე, აგურის ქვისგან და თიხატალახისგან კეთდება. მაგ., ფურნე გაახურე, ფურუჯი უნდა გავახმო.

ჩინკო-ღრმა თეფში.მაგ.წვნიანი ჩინკოში ჩაასხი.

ქართული დიალექტები  ერთმანეთისგან შემდეგი მახასიათებლებით განსხვავდება: 

⇒ მორფოლოგიურად;

⇒ სინტაქსურად

⇒ ეტიმოლოგიურად;

⇒ ფონეტიკურად;

⇒ ლინგვისტურად.

ასეთი განსხვავებების მიუხედავად, დიალექტების გამოყოფა, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად პირობითია, რადგან ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე.

თეკლე მესხი თბილისის 179-ე საჯარო სკოლის მოსწავლე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები