19 აპრილი, პარასკევი, 2024

დედის გული

spot_img

მოლოდინით სავსე თვალებით ვუყურებდი კარს, საიდანაც დედა უნდა გამოსულიყო, თვალს არ ვაშორებდი, მინდოდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოდან გამოსულ დედას პირველი მე დავენახე…

რა შემიძლია გითხრათ ლოდინზე…

ლოდინი თავად უნდა გამოსცადოთ, მისი ყოველი წუთის სიძნელე რომ შეიგრძნოთ. არც ის იცით, ლოდინი რამდენ ხანს გაგრძელდება, სიტკბოსა და სიმწრის რამდენ ისარს დაატრიალებს დროის მბრძანებელი _ საათი, რამდენჯერ აფრთხიალდება გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით გული ყოველი კარის გაღებაზე… არ იცი, იქიდან რა ამბავი გამობრძანდება, მაგრამ იმედს არ კარგავ… იმედი გაიძულებს, კარგზე იფიქრო, იმედი ხომ მოლოდინის ბედნიერი გაგრძელებაა…

კარი გაიღო და…

დედის ნაცვლად, მისი მკურნალი ექიმი გამოვიდა… ვერ ვიტყვი, გახარებულია, უფრო გაოცებული, შეცბუნებული, აფორიაქებული… თვალებში შემომხედა და წერილი გადმომცა.

ჯერ ჩუმად იდგა, მივხვდი, საუბარი უჭირდა, ან უფრო ამ მდგომარეობის შესაფერის სიტყვებს ეძებდა… მერე თავს ძალა დაატანა და მითხრა:

– ეს წერილი დედათქვენმა რამდენიმე კვირით ადრე დაწერა და დამავალა, საჭიროების შემთხვევაში თქვენთვის გადმომეცა.

გავიფიქრე, ეს წერილი რას უნდა ნიშნავდეს? ნეტავ, დედა რას მწერს? რა სურს? ალბათ, ძალიან მოვენატრე. ის ხომ სულ მეუბნებოდა: „შენ იმის დადასტურება ხარ, რომ ღმერთს ძლიერ ვუყვარვარ“.

ჯერ თხუთმეტი წლის ვარ… ის არ მიმატოვებს… განა სულ ტყუილად მიკითხავდა „შვლის ნუკრის ნაამბობს“?

თეთრი თაბახის ფურცელი გავშალე… ლამაზი, კოხტად გამოყვანილი მხედრული ვიცანი… დედა საოცრად კარგი კალიგრაფი იყო… თუმცა უცნაური და ავი წინათგრძნობა შემომეფეთა თვალებში… გული თითქოს ნემსებით დაჩხვლიტეს, წავბორძიკდი, თვალები მაგრად დავხუჭე და იმედის უსუსურ ძაფს ჩავებღაუჭე…

გავიფიქრე, სანამ ვიდგე ასე…

გამბედაობა მოვიკრიბე, პირისპირ გავუსწორე თვალი თავზე დამტყდარ უბედურებას და კითხვა დავიწყე…

„თუ შენ ამ წერილს კითხულობ, ცოცხალი აღარ ვარ… ნუ გაბრაზდები, ის თითქმის შენი ხნისაა… ხომ იცი, სხვაგვარად არ შემიძლია.. გახსოვდეს, შენ იმის დადასტურება ხარ, რომ ღმერთს ძლიერ ვუყვარვარ… მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიფერადე… თუ შეძლებ, მაპატიე…“

ვერ გავიგე, რა ხდებოდა, რატომ მიბოდიშებდა, ან „ის“ ვინ იყო, ან სხვაგვარად რა არ შეეძლო… ვერაფერს მივხვდი… მერე ექიმს შევხედე, რომელიც ცდილობდა აეხსნა ცალკეული ფრაზები… შორიდან მესმოდა… „გული“, „გოგონა“, „უარი თქვა“

ყველაფერს მივხვდი, მაგრამ დაჯერება მიჭირდა… მიჭირდა იმის გაგება, რომ დედამ საკუთარი სურვილით თქვა უარი ჩემსა და სიცოცხლეზე…

მერე ვისი გულისთვის? ვიღაც უცნობისთვის… და მე რომ დამჭირვებოდა?!

სიცოცხლე მაისური ხომ არ არის, ერთხელ რომ გაიხადა დედამ და ქუჩაში ვიღაც უცხო გამვლელ ქალს მისცა: შენს შვილს თუ ზუსტად ასეთი უნდა, შენი იყოს, შვილის გული გაახარეო.

არა, არა, სიცოცხლეს ასე ადვილად არ თმობენ…

მე რა ბედი მელოდა, ნუთუ ამაზე არ იფიქრა?!

იმ ნუკრს ვგავდი – დაობლებულს, წინ რომ ბევრი ხიფათი და განსაცდელი ელოდა…

დედის უკანასკნელი წერილი სიმწრისგან დავჭმუჭნე… მაღლა ავიხედე და რაც ძალი და ღონე მქონდა, ყვირილი მოვრთე:

– მძულხარ, დედა, მოღალატე ხარ!..

* * *

დედა ცოცხალი აღარ არის…

და არც მე ვარ თხუთმეტი წლის…

კარდიოქირურგი ვარ…

დედა სულ მეუბნებოდა, პალატაში  რომ შეხვალ, ავადმყოფს შენი ღიმილი მოარჩენსო…

დიახ, დედისგან ვისწავლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა…

დედა ცოცხალი აღარ არის…

მაგრამ დედის გული ისევ ძგერს…

ჩემთან დადის გამოკვლევაზე… ყოველ ჯერზე ვუსმენ მისი გულის ძგერას… და თავი ისევ ბავშვი მგონია…

გვანცა დიაკონიძე

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები