24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დახეული ტანსაცმელი

spot_img

კედელზე მიყუდებულ კაცს თავიც კი არ შეუტრიალებია, როდესაც დილეგის კარზე რკინის ლანგარი  მიარტყეს, დაბლითა ფანჯარა გააღეს და საჭმელი მიაწოდეს.

– საჭმელი, – შესძახა დარაჯმა.

მხოლოდ მაშინღა გადაატრიალა თავი, ირონიულად დახედა ლანგარს და ისევ წინ გაიხედა.

– ჩემი უკანასკნელი ვახშამი ესაა? ნუთუ ერთ ჭიქა ღვინოსაც არ დამალევინებთ?!

– ეჰ, ძია, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მთლიან გრაფინსაც დაგიდგამდით ღვინით სავსეს.

– არ მშია. შეგიძლია უკან წაიღო, – დარაჯის თბილი სიტყვებიც უხეში მოეჩვენა იმ წუთებში.

ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ჩურჩული გაიგონა კარის მეორე მხრიდან:

– შე კაცო, უბრალოდ, პური გახლიჩე.

– არ მშია-მეთქი, ვერ გაიგე?

– მერე ვინ გეუბნება ჭამეო?! უბრალოდ გატეხე. დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით.

კაცი იატაკს დაეყრდნო და ნელა წამოდგა. ერთი შეხედვითაც კი შეატყობდით სიცარიელეს მის გულსა და მის გონებაში. კარისკენ მძიმე ნაბიჯებით  წავიდა, საჭმელს თავზე დაადგა და ჩაიმუხლა. პური აიღო და გატეხა.

– და ახლა რა? – იკითხა სიკვდილმისჯილმა.

– კარგად გაქექ-გამოქექე. პატარა ფურცელი უნდა იყოს.

გადატეხილი ნაჭერი კიდევ შუაზე გადატეხა და ერთ-ერთში დაკეცილი, მოყვითალო ფურცელი გამოჩნდა. პურის ნამცეცებისგან  სწრაფად გააცალკევა  და გაშალა.

„მითხარი რა გავაკეთო. ყველაფერს ვიზამ, რომ მანდედან გამოგიყვანო,“ – ეწერა ზედ.

– ეს ვინ მოგცა?

– ერთი წითური ბიჭი შემხვდა, როდესაც ბრბოს ვაშოშმინებდით. მითხრა, დიდხანს გაკვირდებოდი და შენ კაი კაცი ხარ, ამ საქმეს შენ განდობო. ვინ იყო, არ უთქვამს.

– ჩემი შვილია, – კაცის ცარიელ და მტკიცე ხმას სევდა ახლაღა დაეტყო, – რატომ მომეცი ეს? – დაამატა რამდენიმე წამის შემდეგ.

– რას ჰქვია, რატომ მოგეცი?

– რატომ გვეხმარები? დარწმუნებული ვარ წაიკითხე, რაც ეწერა.

– იმიტომ, რომ დამნაშავე სულაც არ მგონიხართ, – თქვა ბოლოს, კიდევ უფრო ხმადაბლა. თქვენი ნაწარმოებები საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად არ მიმაჩნია. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად მოხიბლული არ დავრჩი თქვენი მოთხრობებით, მაგრამ ის, რისი თქმაც გსურთ საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, ჭეშმარიტია. სამწუხაროა, რომ ამას ბევრი ვერ ხვდება.

– მანდ არავინაა, ხო? – ჩურჩულით უთხრა კაცმა და დაბლა დაიხარა, საიდანაც კვამლი შემოდიოდა.

– არა, მარტო ვარ.

– პატარა სათხოვარი მაქვს შენთან.

– გისმენთ, – უპასუხა დარაჯმა.

– კალამი ხომ არ გაქვს, რომლითაც ჩემი შვილისთვის უკანასკნელ სიტყვებს დავწერ?

ჭაბუკს ხმა არ ამოუღია. რამდენიმე წამში კაცმა შემოწოდებული კალამი დაინახა. მან მაშინვე გამოართვა და კვლავ კედელთან ჩამოჯდა. შვილის წერილი გაშალა და უკანა მხარეს წერა დაიწყო.

– შვილო, რამდენი წლის ხარ?

– ოცდაერთის.

– მერე ამ სამსახურში ასეთ ახალგაზრდას რა გინდა?

– ეჰ, რა ვქნა ძია. ოჯახს ფული სჭირდება. მამა შარშან გარდამეცვალა. დედა კი ძალიან ცუდადაა. და-ძმების მოვლაც მე მიწევს.

– სულ რამდენი ხართ?

– ჩემი ჩათვლით ხუთი. უფროსი მე ვარ, – თქვა დასევდიანებულმა დარაჯმა.

უეცრად შორიდან ბრახუნის ხმა გაისმა.

– საკმარისია. მომეცი რაც დაწერე. მოდიან.

ისე ჩქარა თქვა, კაცმა წინადადების ნაწილი ძლივს გაიგო. ხოხვით ჩქარა მივარდა კარს და კალამი და ფურცელი ბიჭს გამოწოდებულ ხელში ჩაუდო. კეთილი მოზარდის მკლავიც მალევე გაუჩინარდა და რკინის ფანჯარა ხმაურიანად დაიკეტა.

საჭმელი, – გაისმა ცოტა ხანში, რასაც მალევე რკინის რკინაზე მირტყმის ხმა მოჰყვა.

ნათელი ღამე იყო. სარკმლიდან შემოსული სავსე მთვარის შუქი მთლიან დილეგს ანათებდა და მოპირდაპირე კედელზე გისოსის ჩრდილს ტოვებდა. სინათლეს სიცივეც მოსდევდა და კაცს ხელებსა და ფეხებს უყინავდა. ის ერთხანს გაუნძრევლად იჯდა. ვინ იცის, იქნებ საათებიც კი!  მან უკვე ზუსტად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. იგი ელოდა, როდის გასცდებოდა მთვარე სარკმელს. არ იცოდა, რატომ, მაგრამ იქამდე გაუნძრევლად იჯდა. მართლაც, მხოლოდ მაშინ შეიცვალა პოზა, როდესაც საკანში უკუნითი სიბნელე ჩამოწვა. იგი მუხლებზე დადგა და მაისური გაიხადა.

ცოტა ხანში ერთ-ერთი დარაჯი კართან მივიდა, ზემოთა ფანჯარა გააღო და შეიხედა.

– რას აკეთებ? რისი ხმა არის?

– ჩემს მაისურს ვხევ, უფროსო.

– და ამას რატო აკეთებ? – ჰკითხა ბოხი ხმით.

– იმიტომ რომ ის ბინძურია. თუ თან მექნება, სამოთხეში არ შემიშვებენ.

– სწორედ მაგ სარკაზმის დამსახურებაა, ახლა აქ რომ ზიხარ. რას ბოდიალობ საერთოდ, ჩემი მუშტი ხო არ მოგენატრა?

– კაი, შეეშვი რა, – მოვიდა კეთილი ჭაბუკი, – ვერ ხედავ, რომ შეიშალა?! რა სარკაზმი? მარტივი კი არ არის გააზრება იმისა, რომ ხვალ უნდა მოკვდე.

წვერებიანმა კაცმა კიდევ ერთხელ შეხედა მაისურგახდილს. მალე მისი სახეც გაუჩინარდა და ისევ ჩამობნელდა.

სიკვდილმისჯილს ერთი წუთითაც არ მოუხუჭავს თვალი. მისი დილეგიდან კი მთელი ღამე ფხრეწა-ხევის ხმა გამოდიოდა. მაისურს რომ მორჩა, შარვალიც გაიხადა. იცოდა, რომ სციოდა, მაგრამ თვითონ სიცივეს ვეღარ გრძნობდა.

გათენდა. საკანმაც ნელ-ნელა დაიწყო განათება. კაცი ისევ მუხლებზე იდგა. გარშემო კი თავისი ტანსაცმლის ვიწრო, გრძელი ნაჭრები ეყარა, რომლებსაც ერთმანეთზე აბამდა. ზღაპრის გმირს ჰგავდა, რომელსაც გრძელი თოკი სჭირდებოდა სასახლიდან გასაქცევად.

ქუჩაში დილაუთენია უამრავი ადამიანი გამოვიდა, ბრბო, რომელსაც სურდა მწერლის სიკვდილი ენახა. ხალხი ხომ დიდ სიამოვნებას იღებდა მსგავსი სანახაობებით! მათთვის ყველაფერი იდეალურად იყო. შემაღლებულ ადგილას, სცენაზე ყულფიც უკვე ჩამოეკიდათ.

მაგრამ ამ ხალხში იყო ერთი წითელთმიანი ადამიანი, რომელიც სრულიად საპირისპიროს ფიქრობდა მამაზე. გვერდით ჯარისკაცი ამოსდგომოდა, კეთილი ჯარისკაცი, რომელმაც დაკუჭული ფურცელი ჩუმად მიაწოდა. წითურმა სწრაფად გაშალა მოყვითალო ბურთი და თავისი ნაწერის მეორე მხარეს ამოიკითხა…

„მაპატიე, მაგრამ სანახაობით ხალხს სიამოვნებას არ მივანიჭებ. ილოცე, რომ მიუტევებელი მომეტევოს. მიყვარხარ!“

ბიჭმა მეორედაც გადაიკითხა წერილი და დაბნეული თვალებით ჯარისკაცისკენ გაიხედა, რომელიც აღარსად ჩანდა.

დრო მოვიდა. მეორე დარაჯსაც ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა მის თავს იმ ყულფში გაყოფილს. როდესაც უბრძანეს პატიმრის გამოყვანა, მასაც არ დაუყოვნებია და დილეგის კარი ხმაურიანად გააღო. შიგნით არც კი შესულა. რამდენიმე ათეული წამი გაუნძრევლად იდგა. არც შიგნიდან გამოსულა ვინმე. მაგრამ როგორ უნდა გამოსულიყო, შიგნით ხომ არავინ იყო სულიერი?! დარაჯს სიამოვნების მიღება მალე მოუწია. დილეგში თოკზე ჩამოკიდებული ნახევრად შიშველი კაცის გვამი ქანაობდა.

მიხეილ სარუხანიანი

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დ.კაზრეთის №1 საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები