19 მარტი, სამშაბათი, 2024

დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეგიდით

spot_img

 მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზების კამპანიებმა, ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და წარმატებული მისიაც შეასრულა, რადგან საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიისადმი, რომელთანაც ოჯახების უმეტესობას პირდაპირი თუ არა, ირიბი კავშირები მაინც აქვს, გარკვეულწილად შეცვალა.  პედაგოგები საზოგადოების მუდმივი ინტერესისა და გამუდმებული კრიტიკის ობიექტებიც არიან, ხშირად უმიზეზოდ ან დამსახურებულად. თუმცა, გამორჩეული და წარმატებული მასწავლებლების წარმოჩენას საზოგადოების საოცრად პოზიტიური დამოკიდებულება მოჰყვა. მახსენდება ჩიბათელი მასწავლებლის, ლადო აფხაზავას გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის პერიოდი და მთელი საზოგადოების გულშემატკივრობა. იმ დღეებში, სადაც უნდა ყოფილიყავი, სილამაზის სალონში, მეტროში თუ უბრალოდ, ადამიანების თავშეყრის ადგილას, ყველას ლადოს სახელი ეკერა პირზე და მოუთმენლად ელოდნენ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის დასახელებას. მოკლედ, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ ეს ტრადიცია დაამკვიდრა და საკმაოდ წარმატებული პრეცედენტებიც შექმნა. საზოგადოებაც, ყოველწლიურად, ელის საუკეთესო მასწავლებლის გამოჩენას. წელს ფართო საზოგადოებისთვის საუკეთესო მასწავლებლების გაცნობის ამ შესაძლებლობას კიდევ ერთი მასშტაბური კამპანია დაემატა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და მოტივირებული, შემოქმედი მასწავლებლების წარმოჩენის მიზნით, კიდევ ერთ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი. საქართველოში მიმდინარე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეგიდით, რომლის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობაა, წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით, „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი“ ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერი და მასწავლებლების „ქომაგი“, ამ შემთხვევაშიც (ისევე როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის), გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აღმოჩნდა, რომელმაც პირველი სამი რეგიონის – იმერეთის, კახეთისა და შიდა ქართლის – საუკეთო მასწავლებლების გასაცნობად, კონკურსის ფინანსური მხარდაჭერა თავის თავზე აიღო. ფონდის დირექტორის, ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, ეროვნული ჯილდოს გამოცდილებით, იოლად დათანხმდნენ კონკურსის თანადაფინანსებას, როცა პროგრამის წარმომადგენლებმა მათ მიმართეს.

ზურაბ კერვალიშვილი: „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, გაჩნდა იდეა, რომ რეგიონულ დონეზე ჩაგვეტარებინა დაწყებითი მასწავლებლების კონკურსი და იმ წრეში, იმ საზოგადოებაში, რაიონსა თუ რეგიონში, სადაც ისინი მუშაობენ, საუკეთესოები წარმოგვეჩინა. დაგვენახვებინა მშობლებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის, ზოგადად, საზოგადოებისთვის, რით არიან გამორჩეული მასწავლებლები – რას აკეთებენ ისეთს, რაც მოსწავლეს სწავლის მეტ მოტივაციას და იმის სურვილს უჩენს, რომ მეტად განვითარდეს – სწავლის საბოლოო მიზანიც ხომ ეს არის. ამიტომ, როცა ჩვენ ამ იდეით მოგვმართეს, ეროვნული ჯილდოს გამოცდილების გათვალისწინებით, რომელმაც ბევრი პოზიტივი მოიტანა მასწავლებლის პროფესიაში, ადვილად დავთანხმდით პროექტის თანადაფინანსებას.

ეს კამპანია ითვალისწინებს, ჯერ ერთი, მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ასეთი პროფესიონალიზმისთვის და მეორე, გავაცნოთ საზოგადოებას, მათ რაიონში, მათი სოფლის სკოლაში, მათ გვერდით მყოფი ასეთი წარმატებული მასწავლებლები. ამის გარდა, პოპულარიზაცია გავუწიოთ ზოგადად პროფესიას და გამორჩეული მასწავლებლები გამოცდილების გამზიარებელ პროფესიონალებად ვაქციოთ, რომლებიც კოლეგებისთვის რჩევებს არ დაიშურებენ. დარწმუნებული ვარ, მარეხი მასწავლებელი კახეთიდან, ტელეფონის ზარებს ვერ აუვა კოლეგებისგან, მისგან პროფესიული რჩევების მისაღებად. ასეთ მასწავლებლებს, რასაკვირველია, მადლობა უნდა გადავუხადოთ და დავაფასოთ საქმის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის.“

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარქსი მიიჩნევს, რომ: წარმატების მისაღწევად ბავშვებს ძლიერი საფუძველი უნდა ჰქონდეთ კითხვასა და მათემატიკაში, რომელსაც ისინი დაწყებით კლასებში იქმნიან. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვების მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი გზაა.“

საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენელი და კონკურსის ორგანიზატორი ნიკა ჩაჩხიანი ამბობს, რომ: „რეგიონული კონკურსის მთავარი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებაა და რადგან ჩვენ უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ, გადავწყვიტეთ ახალგაზრდების სტიმულირება ამ ფორმითაც მოგვეხდინა, რომ მათ მასწავლებლის პროფესიის არჩევაზე იფიქრონ. ამის საჭიროება რეალურად არის ქვეყანაში, რადგან მასწავლებლის კადრი ზოგადად ჭირს, ეტაპობრივად კი, არსებულ კადრებს ჩანაცვლება სჭირდება. ამიტომ, უნდა გავზარდოთ ინტერესი ამ პროფესიისადმი. რადგან პროგრამას კერძო სექტორთან თანამშრომლობის კომპონენტიც აქვს, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან და გავუზიარეთ იდეები. რეგიონული კონკურსის იდეაც ამ თანამშრომლობით დაიბადა. მათგან მივიღეთ გრანტი კონკურსის ჩასატარებლად, თუმცა, გრანტი კონკურსის მხოლოდ სამ რეგიონში ჩატარებას ითვალისწინებდა – კახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი. ცხადია, დანარჩენ რეგიონებს ისე ვერ დავტოვებდით, სრულად უნდა მოგვეცვა ყველა, ამიტომ დანარჩენი რეგიონები, პროექტის ფარგლებშივე, დაფინანსდა და კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადეთ. შედეგად, 31 გამარჯვებული მასწავლებელი გვყავს. ყველა რეგიონის გამარჯვებული მასწავლებელი გამოვავლინეთ, თუმცა, ზოგიერთი ნომინაცია გამარჯვებულის გარეშე დარჩა, რადგან საკონკურსო განაცხადი არ შემოვიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ პირველი წელია. იმედი გვაქვს, მომავალ წელს, თუკი კონკურსი დაფინანსდება, უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მეტი მასწავლებელი ჩაერთვება. შესაბამისად, ყველა ნომინაციაში გვეყოლება საუკეთესო მასწავლებლები.“

რაც შეეხება წლევანდელ ნომინაციებს, პროგრამის მიმართულებებიდან გამომდინარე, მთავარი ნომინაციები იყო: კითხვის საუკეთესო მასწავლებელი და საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ იგივე კატეგორიები იყო დაწესებული უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლებისთვისაც, რადგან კონკურსის ორგანიზატორებისთვის მათი ჩართულობა და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა, წლევანდელ რეგიონულ კონკურსში, კიდევ ორი ნომინაცია დაწესდა დამწყები მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სკოლაში მუშაობის ორ წლამდე სტაჟი აქვთ. თუმცა, როგორც გვითხრეს, ამ ნომინაციაში გამარჯვებული ყველა რეგიონს არ ჰყავს, რადგან საკონკურსო განაცხადები არ შესულა.

კონკურსში გამარჯვებულმა მასწავლებლებმა სიმბოლური პრიზებიც მიიღეს, თუმცა, პირველ რიგში, ეს იყო მათი აღიარება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც მათთვის,ისე სკოლისთვის და იმ რაიონისთვის, რომელსაც გამარჯვებულები წარმოადგენენ.

„დარწმუნებული ვარ, ამ მასწავლებლებით იამაყებენ რაიონში მცხოვრები ადამიანები, როცა სამ რეგიონში (კახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი) და თბილისში, მალე, 7 რჩეულ პედაგოგს სარეკლამო ბილბორდებით გაიცნობენ. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კულმინაციური მომენტი იქნება მასწავლებლებისთვისაც, როცა ხალხი მათ ქუჩაში ბილბორდზე დაინახავს, შეამჩნევენ ეკრანზე ან სულაც ავტობუსზე გამოკრულ სარეკლამო პლაკატებზე. იამაყებენ მშობლებიც, მეზობლებიც, თანაქალაქელებიც და თანასოფლელებიც, რომ ასეთი საუკეთესო/წარჩინებული მასწავლებლები ასწავლიან მათ შვილებს.“ – ამბობს ნიკა ჩაჩხიანი.

და მაინც, რა იყო მთავარი კრიტერიუმი კონკურსის ხუთი ჟიურის ჯგუფისთვის, რომლებმაც საუკეთესო დაწყებითის პედაგოგები შეარჩიეს. კონკურსის წესების თანახმად, მთავარი და აუცილებელი პირობა პროგრამასთან კავშირი იყო, რადგან ტრენინგები, რომელიც საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, აქტივობების სახით, მათსავე საკონკურსო პაკეტში უნდა ასახულიყო. აქედან გამომდინარე, მთავარი კრიტერიუმიც საკლასო ოთახებში გადატანილი აქტივობები გახდა. ამის გარდა, ფასდებოდა მათი კრეატიულობა, ეროვნულ სასწავლო მიზნებამდე მისვლა, მშობელთა ჩართულობა, კოლეგებთან თანამშრომლობა, სარეკომენდაციო წერილები და ა.შ.

♦ ♦ ♦

ვიდრე წარმატებული მასწავლებლების გაცნობას დაანონსებული სარეკლამო ბილბორდებით ან სხვა ტიპის ღონისძიებებით შეძლებთ, ჩვენს მკითხველს, პერიოდულად, შევთავაზებთ მათ ინტერვიუებს, მათზე მომზადებულ წერილებს ან მათივე სტატიებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან. ამჯერად კი, გთვაზობთ დაწყებითი საფეხურის ხუთი გამორჩეული მასწავლებლის პირველ ემოციას – რას ნიშნავს მათთვის კონკურსში გამარჯვება და რა არის ის მთავარი პროფესიული უნარი ან მეთოდი, რის გამოც ჟიურიმ ყურადღება მათზე შეაჩერა და პირველების რიგებში აღმოჩნდნენ.

✔🔶 ხათუნა ფანთია, დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა:

„ჩემთვის ეს კონკურსი ნიშნავს ჩემი უძილო ღამეების, თავდაუზოგავი შრომის, ძიების, კვლევის, აღმოჩენების, ემოციური ინვესტიციის შედეგის დანახვასა და დაფასებას! ეს დიდ ძალას მმატებს და მეტის კეთების სურვილს მიჩენს.

როცა გამარჯვებულად დამასახელეს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თავი სიზმარში მეგონა, მერე ჩემი პირველი მასწავლებელი – მერი ბულია და მისი განუმეორებელი გაკვეთილები გამახსენდა. ბედნიერი ვიყავი, მშობლიური სკოლის წარმატების ისტორიაში ჩემი მოკრძალებული სიტყვის თქმა რომ შევძელი.

USAID საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართული ვარ, როგორც მწვრთნელი წიგნიერების მიმართულებით. ასევე, ვარ ყოფილი ჯიპრაიდელი. ამდენად, ეს პროექტები ჩემთვის ასოცირდება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასთან, მრავალფეროვან რესურსებთან, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებთან, მასწავლებელთა ჯგუფების თანამშრომლობასთან, მოსწავლეთა გაუმჯობესებულ შედეგებთან. პროექტმა უამრავი ნიჭიერი მასწავლებელი გამაცნო, მათ შორისაა ამ კონკურსში დამწყები მასწავლებლის ნომინაციაში გამარჯვებული ლელა ცარციძე (მესტიის მუნიციპალიტეტის იელის საჯარო სკოლა), რომელიც ჩემი მსმენელია. მისი წარმატება არანაკლებ მახარებს, რადგან ერთია, როცა შენ იმარჯვებ, მაგრამ კარგი საქმეა, როცა ახალგაზრდა დამწყებ მასწავლებელს წარმოაჩენ და დიდ გზაზე დადგომაში ბიძგს აძლევ. დიდი მადლობა პროექტს ამ შესაძლებლობისთვის.

ოცდაათი წელია, ჩემს მშობლიურ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ვმუშაობ, ვარ წამყვანი მასწავლებელი, მუდმივად ღია ვარ ინოვაციების მიმართ, ვესწრები ტრენინგებს, კონფერენციებს, ვთანამშრომლობ კოლეგებთან, მშობლებთან. ვქმნი რესურსებს, ვნერგავ სიახლეებს, ხშირად ვახორციელებ პროექტებს, რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას. ვცდილობ, ჩემი დაგეგმილი აქტივობები იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული. ჩემს გაკვეთილებზე მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ, რადგან ვითვალისწინებ მათი სწავლის ტემპსა და სტილს, ვარ მათი უფროსი მეგობარი, რომელიც ზრუნავს მათზე და ეხმარება გახდნენ უკეთესები, შეიცნონ საკუთარი თავი და იცოდნენ საკუთარი ქვეყანა! ალბათ, ეს ყველაფერი დაინახა ჟიურიმ, რადგან გამომარჩია.

როგორც კონკურსში გამარჯვებულს, მეტი ადამიანი გაკვირდება, ახლებურად გაფასებს და მოლოდინიც მეტი აქვთ. ამდენად, ჩემი პასუხისმგებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება, მეც ვეცდები, ღირსეულად ვატარო ეს საპატიო წოდება.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი USAID-ის წარმომადგენლობას საქართველოში, შესაძლებლობა რომ მომცეს ვიყო ამ საინტერესო პროექტის აქტიური მონაწილე.“

 

✔🔶 სევდა მუზაშვილი, დაწყებით საფეხურზე აზერბაიჯანულ ენაზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი ქვემო ქართლის რეგიონში – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლა:

„ეს კონკურსი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მასწავლებლები არ ვართ განებივრებული მსგავსი კონკურსებით და აღიარებით. ამ მასშტაბის პროექტსა და ღინისძიებაში ჩართულობა, რასაკვირველია, დიდი პატივია. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა აღიარება, მით უფრო მასწავლებლისთვის. ჩვენს თავს ჭიანჭველებს ვადარებ – დაუღალავად, მუხლჩაუხრელად, უხმაუროდ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ასეთი ხმაურიანი აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ შენი შრომა დაფასდა. სტიმული გეძლევა, კიდევ მეტი აკეთო, საბოლოო ჯამში, ჩვენი თავისთვის კი არა, უპირველესად მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

თბილისში ვცხოვრობ და ქვემო ქართლის რეგიონში ვმუშაობ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე აზერბაიჯანულ ენას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას ვასწავლი.

თავიდან, როცა სკოლაში მივედი, ისეთი სიტუაცია დამხვდა, ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩი – ბავშვებს მონატრებული ჰქონდათ სწავლა. ჩემს თავს რომ ვიხსენებ ამ ასაკში (თავიდან უფროს კლასებში ვასწავლიდი), სულ შატალოზე ვფიქრობდი, აქ კი, ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ რაღაც ესწავლათ, გაკვეთილი ჩატარებოდათ,  საინტერესო თემებზე გვესაუბრა. იმდენად გაღრმავდა ურთიერთობა ჩემსა და მოსწავლეებს შორის, რომ ახლა თავიანთ საიდუმლო ამბებსაც მე მანდობენ.

ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მუდმივად ვურჩევ ახალგაზრდებს, აირჩიონ მასწავლებლობა, ასწავლონ სკოლებში და გაზარდონ ახალი თაობა, რომელიც სრულიად განსხვავებულია ძველი თაობებისგან. ამ ექვსი წლის განმავლობაში, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, განსხვავება არა მხოლოდ თაობებს შორის დავინახე, არამედ რეგიონისა და დედაქალაქის ბავშვებს შორის – როგორც ცასა და დედამიწას შორის. ჩემს სკოლაში იმდენად გულწრფელი, თბილი და სხვაგვარად მოტივირებული ბავშვები არიან, რომ უკვე ვერც კი წარმომიდგენია მათ გარეშე ცხოვრება. ვიყო მათი მასწავლებელი, ეს ერთგვარი სიამოვნებაცაა. ამიტომ, სულ ვეუბნები ჩემ გარშემო მყოფ ახალგაზრდებს, დისშვილებს, ახლობლებს – აირჩიეთ ეს პროფესია, წადით რეგიონებში და ასწავლეთ ბავშვებს. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ამას თავს ვეღარ დაანებებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე თბილისიდან რაიონში ჩავდივარ, 6 საათზე ვდგები და 2 საათი გზაში ვატარებ, რომ 9-ზე სკოლაში ვიყო, არ მბეზრდება. ვფიქრობ, მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მასწავლებელი. ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ საგანს არ ვასწავლი, არამედ ცხოვრებასაც და კიდევ ვასწავლი როგორ ისწავლონ… სულ ამას ვეუბნები ბავშვებს, რომ შეიძლება გრამატიკულად ვერ მითხრან სწორად რა არის არსებითი, მაგრამ მთავარია, იცოდნენ მთავარი ფასეულობები, რომელიც მათ ადამიანობას და შინაგან კულტურას სწორად ჩამოაყალიბებს. საგანზე წინ ეს უნდა იდგეს. ამას ვასწავლი და, რაც მთავარია, ვასწავლი სიყვარულს – ეს არის უმთავრესი. მე ასეთი მიდგომა მაქვს.

აქვე გეტყვით 1+4 პროგრამის შესახებ, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა ამთავრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არ ბრუნდება თავის რაიონში, სოფელში. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ახალგაზრდებისთვის სავალდებულოდ იქცეს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2-3 წელი მაინც, დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და იმუშაონ. მერწმუნეთ, ამ ახალგაზრდებს ბევრი რამის შეცვლა შუძლიათ ადგილზე. თუ 3 წლის შემდეგ მიხვდება, რომ ეს, მაინც და მაინც, მისი საქმე არ არის, კი ბატონო, წავიდეს ქალაქში და იქ დაიმკვიდროს თავი. მაგრამ პირველი სამი წელი რომ იმუშავებენ, მიხვდებიან, რომ ამაზე კეთილშობილური და მნიშვნელოვანი პროფესია ამ ქვეყანაზე არ არსებობს და იმაზე სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებენ, ვიდრე თავისი რაიონის ბავშვების აღზრდასა და მათი მომავლის შენებაში მონაწილეობაა. ამიტომ ვამბობ, ამ პროგრამას ეს კონკრეტული დატვირთვა თუ ექნება, კარგი იქნება, ამით ადგილობრივ კადრებს გავაძლიერებთ.

რით ვარ გამორჩეული, რატომ გამომარჩია ჟიურიმ? ჩემს თავზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც მივუბრუნდები ზემოთ ნათქვამს – სევდა მასწავლებელი ის მასწავლებელია, რომელმაც ბავშვების ნდობის და სიყვარულის მოპოვება შეძლო. ვგრძნობ როგორ უხარიათ ჩემი გაკვეთილები. სკოლაში რომ შევდივარ, დილით, ყველა ერთად გამორბის და შემომეხვევიან. ასეთ სიყვარულს რომ ვგრძნობ, მათთვის უფრო მეტის კეთება მინდება. ამას ვერაფერი შეცვლის და ამიტომ, ალბათ, კიდევ დიდხანს ვივლი და ვივლი, ყოველდღე, თბილისიდან მოშორებულ სკოლაში, ჩემს საყვარელ მოსწავლეებთან.

კიდევ ერთი მიზეზი, ალბათ, რის გამოც ამირჩია ჟიურიმ, ბილინგვური სწავლებაა – ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ჩემს სკოლაში, ბავშვებს ბილინგვურად ვასწავლი ბუნებისმეტყველებას. მესამე წელია, რაც ამ პროექტს ორგანიზაცია „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ახორციელებს და ვფიქრობ, ძალიან საჭირო პროექტია. საერთოდ, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ამ პროექტში დავიწყე, გავხდი ტრენერი მასწავლებელი და აზერბაიჯანულენოვან მასწავლებლებს მშობლიურ ენაზე ვასწავლი ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას. აქამდე სულ ქართულ ენაზე იყო ტრენინგები და უჭირდათ ამის გაგება. წარმოიდგინეთ, როცა საუბარია კრიტიკულ აზროვნებაზე, კონსტრუქტივიზმზე, დიფერენციალურ მიდგომებზე – ამას ენის მინიმალური ცოდნით როგორ გაიგებენ. მიხარია, რომ ამ ორგანიზაციამ ასეთი დიდი საქმე გააკეთა და ახლა სამინისტრო აგრძელებს ბილინგვურ სწავლებას. როგორც ვიცი, სკოლებში, საპილოტე რეჟიმში, დაიწყება პროგრამა და ჩვენი სკოლა ერთ-ერთია მათ შორის. ნელ-ნელა უკვე რაღაც წინსვლა გვექნება, თორემ, ახლა სად ვართ, არც კი მინდა ამის თქმა.

კიდევ ერთი რამ, რისი თქმაც აუცილებლად მინდა, ეს არის ის, რომ არაქართულენოვან მასწავლებლებს პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა რეალურად არ გვაქვს. აქამდე, როგორც იცით, აზერბაიჯანულ ენაზე საგნის გამოცდა არ ბარდებოდა, შესაბამისად, ვერც მე ვერ ჩავბარე და არა ჩემი მიზეზით. გამოდის, რომ არათანაბარ პირობებში ვართ, დანარჩენ კოლეგებთან მიმართებით. ყველაზე მთავარი – ეს ჩვენს ანაზღაურებაზე ნეგატიურად აისახება. ჩვენც გვინდა სტატუსის დანამატი ისევე, როგორც დანარჩენ მასწავლებლებს აქვთ. ამ თემაზე ახლანდელ მინისტრთანაც მისაუბრია. მან მითხრა, რომ მუშაობა მიმდინარეობს და 2023 წლისთვის არაქართულენოვანი მასწავლებლებიც შეძლებენ სტატუსის შეცვლას. 2011 წლიდან ვმუშაობ და, ამ ხნის განმავლობაში, არ მომეცა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი და როცა ასე ღიად ვსაუბრობ პრობლემებზე, ალბათ, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ, პირდაპირი ადამიანი ვარ და რაც მაწუხებს, იმას ვამბობ.“

 

✔🔶 ტატიანა ცერცვაძე, დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა:

„მე გავიმარჯვე ნომინაციაში – დაწყებით საფეხურზე კითხვის (ქართული ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან საკუთარი შესაძლებლობების შემოწმებისა და შეფასების საშუალება მომცა. უდიდესი გამოცდილება მივიღე, რამაც გამიასმაგა საკუთარი თავის რწმენა. სკოლაში ფეხის შედგმის დღიდან გავიაზრე, რომ მასწავლებლობა არც ისეთი მარტივი ყოფილა, როგორიც ბავშვურ ოცნებებში წარმომედგინა. თითოეული ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ეს კონკურსი თითქოს „ჯილდოა“ ამ რთულ, საპასუხისმგებლო და აღმოჩენებით სავსე გზაზე გაწეული შრომისთვის.

საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროგრამა ხორციელდება. სასწავლო წლის დასაწყისში ჩავერთე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში და როგორც დამწყები მასწავლებლისთვის, ეს დიდი სიახლე აღმოჩნდა ჩემთვის. ძალიან ნაყოფიერი იყო ტრენინგები ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის.

როგორც გითხარით, ჩემი პროფესიული გამოცდილება არც ისე დიდია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მარტივად მიეწოდოს ინფორმაცია კანდიდატს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნათლად და მკაფიოდ იყო ფორმულირებული ის კრიტერიუმები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა დაგვეკმაყოფილებინა. როცა შევიტყვე, რომ კონკურსის გამარჯვებული ვარ, პირველ რიგში, უდიდესი სიხარული ვიგრძენი, ამის შემდეგ მოვიდა სიხარულის კოლეგებისთვის გაზიარების სურვილი, ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს, ვერიკო მაჩხანელს, ადამიანს, რომელიც მუდმივად ზრუნავს პედაგოგების განვითარებაზე.

რით ვარ გამორჩეული მასწავლებელი? მე უფრო ასე ვიტყოდი: ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებლები თვითონ ბავშვები არიან. ვცდილობ, თითოეული გაკვეთილი იყოს საინტერესო, შემოქმედებითი, მრვალფეროვანი, თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული, ალბათ, ჟიურის ყურადღებაც ამ ფაქტორმა მიიპყრო.“

 

✔🔶 სუსანა მანასიანი, დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ახალციხის N3 საჯარო სკოლა:

„პირველ რიგში, ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და, ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, კიდევ მეტი უნდა გავაკეთო, რომ აღვზარდო მომავალი თაობა. რაც მთავარია, ეს გამარჯვება აღმოჩნდა სტიმული და მოტივაცია. საერთოდ, მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია. მე ამ სკოლაში ჯერ ვსწავლობდი, მერე დავიწყე მუშაობა და დღემდე აქ ვარ, მათემატიკას ვასწავლი მეხუთე და მეექვსე კლასებში. ძალიან მიყვარს ეს ადგილი – ახალციხის მესამე საჯარო სკოლა.

ყველაზე დიდი მხარდაჭერა მასწავლებლებს, ვფიქრობ, სჭირდება ადმინისტრაციისგან, სახელმწიფოსგან, თუნდაც ასეთი კონკურსების ჩატარებით ჩვენი შრომის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ეს არის მთავარი ჩემთვის – იმ შრომას, რასაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, ადეკვატური შეფასება სჭირდება. 36 წელია სკოლაში ვასწავლი და წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში, რამდენი ვიშრომე თითო გაკვეთილისთვის, თოთოეული მოსწავლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საბაზო განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებსაც მოგვეცა კონკურსში მონაწილეობის შანსი. მე ტრენერი ვარ, ამ პროგრამის ფარგლებში, მანამდე მილენიუმის პროექტში ვიყავი ტრენერი, სხვა პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი იმედი მაქვს, ვინც ვერ მიიღო მონაწილეობა, მომავალში აუცილებლად შეძლებს.“

 

✔🔶 ლედი ელიაშვილი, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი თბილისში – თბილისის N71 საჯარო სკოლა:

„USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო,ხოლო გამარჯვება – უდიდესი სტიმული და მოტივაცია. პედაგოგისთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა შრომა გიფასდება, გაღიარებენ და ბევრ ლამაზ სიტყვას გჩუქნიან.

იყო საუკეთესო მასწავლებელი ნიშნავს უყვარდე ბავშვებს, უყვარდეთ შენი საგანი, გყავდეს წარმატებული მოსწავლეები, აქტიურად თანამშრომლობდე მშობლებთან, კოლეგებთან. ყოველთვის იყო ახლის ძიებაში, ფეხი აუწყო და არ ჩამორჩე სიახლეებს. ისწავლო, რათა ასწავლო. ყოველთვის ვცდილობ, შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, ვითვალისწინებ მათ ინტერესებსა და საჭიროებებს, ვქმნი საინტერესო,მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს. სკოლა, საკლასო ოთახი, მოსწავლეები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიყვარს პატარების ბედნიერი, ღიმილიანი სახეების ყურება. ისინი მაძლევენ ძალას, ვიყო მუდამ აქტიური და ენერგიული. მეც მათთან ერთად ვიზრდები, ვსწავლობ და ვვითარდები პროფესიული კუთხით.

მადლობა ჩემს საამაყო და წარმატებული სკოლის დირექტორს, ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს, მშობლებს, კოლეგებს, რომლებმაც გამიწიეს რეკომენდაცია ამ კონკურსში. მადლობა კონკურსის იდეის ავტორებს, ღონისძიების ორგანიზატორებს.“

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები