25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განათლების პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტები

spot_img
ნათელა ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, განავითაროს სისტემა ისე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განათლების მიღებისა და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობა. პრიორიტეტადაა ქცეული განათლების ეროვნული სისტემის შედეგთა გაუმჯობესება და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლისთვის საკვანძო კომპეტენციების სწორად გადაცემა და მასში ახალი ცოდნის გენერირება. მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების სისტემის გასავითარებლად შესაბამისი განათლების პოლიტიკაა საჭირო.

საქართველოს განათლების პოლიტიკა შექმნილია შესაბამისი ეროვნული დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ ნუსხაში შემავალი თითოეული დოკუმენტის დაზეპირება შეუძლებელია, შესაბამისად, არც მოგვეთხოვება. თუმცა, მათი ცოდნა და პრაქტიკაში სწორად გამოყენება აუცილებელია. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დოკუმენტთა გარეშე მასწავლებლის მუშაობა შეუძლებელია. საქართველოს განათლების პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტებია:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (ზგემ);
  • ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ);
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი;
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

თითოეულ მათგანზე სწორი აქცენტირება ქმნის განათლების სწორ პოლიტიკას.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მეორე თავი ეძღვნება ადამიანის უფლებებს, მათ შორისაა განათლების უფლება.

27 მუხლი, რომლის მიხედვითაც:

  1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
  2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა და მას, ზოგადი განათლების კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
  3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია.

კანონი ზოგადი განათლების შესახებ განსაზღვრავს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს. ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (მიუხედავად ორგანიზებულ-სამართლებრივი ფორმისა) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს. აღნიშნული კანონით ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვა, პირობებისა და წესების დადგენა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები მიღებულია 2004 წლის 18 ოქტომბერს და მიზნად ისახავს კარგი მოქალაქის აღზრდას (საქართველოს მთავრობის დადგენილება №84).

ეროვნული სასწავლო გეგმა ფუნდამენტური და კონცეპტუალური სახელმძღვანელოა. იგი პასუხს სცემს კითხვებს:

  • რა მიზნით ვასწავლით საგანს (სწავლა-სწავლების მიზნები)?
  • რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით (საკითხები, სასწავლო რესურსები)?
  • სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ (როგორ ვასწავლით)?
  • როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევას (შეფასება)?

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია, მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება. მისი საშუალებით ფასდება მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი, რომელთა დაცვაც აუცილებელია, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.

2022 წლის 26 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება N109/ნ-ის საფუძველზე, ამოქმედებული დირექტორების სტანდარტი განსაზღვრავს, საჯარო სკოლის დირექტორთა კომპეტენციას, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. სტანდარტის ფუნქცია დირექტორების მხარდაჭერაა.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. სტანდარტი მასწავლებლის მომზადების, პროფესიული რეგულირებისა და  კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტია.

ზემოჩამოთვლილი ეროვნული დოკუმენტაციის საფუძველზე შექმნილი განათლების პოლიტიკა ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას და ხელს უწყობს მოსწავლეს განვითარებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები