23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბუ­ლინ­გი

spot_img

 

ა არის ბუ­ლინ­გი და ხში­რად, რო­გორ ვხდე­ბით უფ­რო­სე­ბი, ჩვენ­და უნე­ბუ­რად,  ბუ­ლე­რე­ბი; რა ასაკ­ში უჩ­ნ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს მიდ­რე­კი­ლე­ბა, გახ­დ­ნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი; რო­გო­რია მშობ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი… –  გვე­სა­უბ­რე­ბი­ან თა­თია გურ­გე­ნი­ძე, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი და მი­ხე­ილ სახ­ვა­ძე, მშო­ბე­ლი

მი­ხე­ილ სახ­ვა­ძე: დღეს ბუ­ლინ­გ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ეს პრობ­ლე­მა, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს აწუ­ხებს. მე ვარ მშო­ბე­ლი, ორი ბი­ჭის მა­მა, რო­მე­ლიც თით­ქ­მის ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ღე­ლავს ამ სა­კითხ­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩე­მი შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­ტო­ლებ­თან, უფ­რო­სებ­თან თუ ცო­ტა პა­ტა­რებ­თან.

თა­თია გურ­გე­ნი­ძე: ბუ­ლინ­გი ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია და  ამა­ზე სა­ჭი­როა სა­უ­ბა­რი.

მ.ს.: ბევ­რი სა­უ­ბა­რი, რომ შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. და­საწყი­სის­თ­ვის, კი­დევ ერ­თხელ, გან­ვ­მარ­ტოთ რა არის ბუ­ლინ­გი.

თ.გ.: ბუ­ლინ­გი ეს არის ჩაგ­ვ­რა, შე­ვიწ­რო­ე­ბა, ფი­ზი­კუ­რი და ვერ­ბა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ერ­თი ადა­მი­ა­ნი ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი სხვა კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რის მი­მართ, რო­მელ­საც უჭირს და ვერ ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვას. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სია (ცე­მა, წარ­თ­მე­ვა, და­მალ­ვა ნივ­თე­ბის…) ან ვერ­ბა­ლუ­რი (და­ცინ­ვა,ზედ­მე­ტი სა­ხე­ლე­ბის შერ­ქ­მე­ვა, ჭო­რა­ო­ბა, არას­წო­რი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა..). აგ­რე­სი­ის ორი­ვე ფორ­მა თვალ­სა­ჩი­ნოა და მა­თი ამოც­ნო­ბა უფ­რო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის, ემო­ცი­უ­რი აგ­რე­სი­ის, რაც ნაკ­ლე­ბად თვალ­სა­ჩი­ნოა და გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის იზო­ლი­რე­ბას. შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლებ­ლის ან მშობ­ლის თვალ­თა­ხედ­ვით, ბავ­შ­ვი იყოს ჩუ­მი, წყნა­რი, არ ჰქონ­დეს ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე და ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს მას­თან კლას­ში მუ­შა­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა კარ­გა­დაც სწავ­ლობ­დეს და სა­ნი­მუ­შო მოს­წავ­ლედ ით­ვ­ლე­ბო­დეს, თუმ­ცა, თუ­კი ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ ის უბ­რა­ლოდ გა­რი­ყუ­ლია, იზო­ლი­რე­ბუ­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან, მას არც კი ესალ­მე­ბი­ან, არ რთა­ვენ თა­ვი­ანთ თა­მა­შებ­ში, სა­ერ­თო მე­სენ­ჯერ ჯგუ­ფებ­ში და მი­სი მცდე­ლო­ბე­ბიც თან­და­თან მცირ­დე­ბა, ის გა­რი­ყუ­ლია.

ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, რო­მე­ლიც დღეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ესეც არის  და­მამ­ცი­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­ერ­თო ჯგუ­ფებ­ში სა­უ­ბა­რი, ზურგს უკან ჭო­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა და ა.შ., ოღონდ ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბაც, და­შან­ტა­ჟე­ბა.

მ.ს.: ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვა იყო ასე­თი… მო­დი, ერთ სა­კითხს მო­ვე­ჭი­დე­ბი, სულ სხვა კითხ­ვის დას­მა მინ­დო­და, მაგ­რამ თქვენ მეტ­სა­ხე­ლე­ბი ახ­სე­ნეთ, რაც უფ­რო­სებ­საც გვჩვე­ვია ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ერ­თი შე­ხედ­ვით, უწყი­ნა­რია — ბუთ­ქუ­ნა, პუს­კუ­ნა, თით­ქოს ვე­ფე­რე­ბით ბავ­შ­ვებს, მაგ­რამ და­თვურ სამ­სა­ხურს ვუ­წევთ, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ვა­ნად­გუ­რებთ მათ თვით­შე­ფა­სე­ბას.

თ.გ.: ნამ­დ­ვი­ლად, რად­გან ბავ­შ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბა მშო­ბელ­ზე გა­დის, რა შე­ფა­სე­ბა­საც მშო­ბე­ლი მი­აწ­ვ­დის ბავშვს, რო­გო­რი არის ის, რო­გორ ხე­დავს მას, ისე აღიქ­ვამს სა­კუ­თარ თავს. თუ ჩვენ, თუნ­დაც მო­ფე­რე­ბით ან ხუმ­რო­ბით, ხაზს გა­ვუს­ვამთ ბავ­შ­ვის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, წო­ნა­ზე, სათ­ვა­ლე­ზე, სი­მაღ­ლე­ზე ან ნე­ბის­მი­ერ რა­ი­მე­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვის­თ­ვის იყოს და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, ამა­ვე დროს, მან შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნორ­მაა…

მ.ს.: უფ­რო­სე­ბი უნე­ბუ­რად ვხდე­ბით ხოლ­მე  ბუ­ლე­რე­ბი

თ.გ.: ასე გა­მო­დის. შე­იძ­ლე­ბა სიტყ­ვა „ბუ­ლე­რი“ არ იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი, თუმ­ცა არც ბავ­შ­ვის­თ­ვი­საა სა­სი­ა­მოვ­ნო,  ჩვენს თავ­ზე რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ…

მ.ს.: რამ­დენ­ჯე­რაც მიც­დია ამ სა­კითხ­ზე მე­გობ­რებ­თან, ზო­გა­დად მშობ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი, ყო­ველ­თ­ვის უსი­ა­მოვ­ნო რე­აქ­ცია აქვთ. რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა, რჩე­ვა რომ მის­ცეთ, ასე­თი რამ რომ აღარ გა­ა­კე­თონ, არ არის სა­ჭი­რო ბავშვს რა­ღაც მეტ­სა­ხე­ლი მო­უ­ფიქ­რო.

თ.გ.: ნამ­დ­ვი­ლად. უნ­და გავ­ყოთ ხუმ­რო­ბა და, ვთქვათ, შე­ვიწ­რო­ვე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ნათ­ქ­ვა­მი. თუ ჩვე­ნი ნათ­ქ­ვა­მი (შე­საძ­ლოა ხუმ­რო­ბა იყოს), მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აღარ უნ­და გა­ვი­მე­ო­როთ. ბავ­შ­ვის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, და­მამ­ცი­რე­ბე­ლია მეტ­სა­ხე­ლე­ბი, თვით­შე­ფა­სე­ბის­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლია.

მ.ს.: მად­ლო­ბა ამ პა­სუ­ხის­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან, ალ­ბათ, უფ­რო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის­თ­ვის ამის მოს­მე­ნა. მო­დი, ისევ ბუ­ლინ­გის თე­მა რომ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, თუ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, და­ახ­ლო­ე­ბით რა ასაკ­ში უჩ­ნ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს მიდ­რე­კი­ლე­ბა, გახ­დ­ნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი.

თ.გ.: რე­ა­ლუ­რად, ნე­ბის­მი­ერ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვ­ხ­ვ­დეს ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან დაწყე­ბუ­ლი — ფი­ზი­კუ­რიც, ვერ­ბა­ლუ­რიც და ემო­ცი­უ­რიც. სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შიც გვხვდე­ბი­ან გა­რი­ყუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც უჭირთ კო­მუ­ნი­კა­ცია და რომ­ლებ­საც დას­ცი­ნი­ან, სკო­ლა­ში ეს კი­დევ უფ­რო მე­ტად მძაფ­რ­დე­ბა. კონ­კ­რე­ტულ ასაკს ვერ გა­მოვ­ყოფთ, უბ­რა­ლოდ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ასა­კობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მ.ს.: მი­ზე­ზი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იმი­სა, რომ ბაღ­ში ბავ­შ­ვი გახ­დეს მჩაგ­ვ­რე­ლი?

თ.გ.: ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, რომ ბავშვს რო­ლუ­რი მო­დე­ლი აქვს. რო­გორ ექ­ცე­ვი­ან თვი­თონ მას, რამ­დე­ნად ხში­რად სჯი­ან, აკ­რი­ტი­კე­ბენ, რამ­დე­ნად ხში­რად უჩე­ნენ და­ნა­შა­უ­ლის გან­ც­დას ან, თუნ­დაც, რამ­დე­ნად ხში­რად სცე­მენ, რო­გო­რია ეს ფი­ზი­კუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი დას­ჯა, რამ­დე­ნად იღებს მშობ­ლის­გან საკ­მა­რის ყუ­რადღე­ბას… სწო­რედ ასე­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი წარ­მოქ­მ­ნის ბავ­შ­ვის ქცე­ვით და ემო­ცი­ურ სირ­თუ­ლე­ებს და, თა­ვის­თა­ვად, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს რო­გორც აგ­რე­სი­ად, ასე­ვე, პი­რი­ქით, მან ვერ შეძ­ლოს თავ­დაც­ვა და აღ­მოჩ­ნ­დეს მსხვერ­პ­ლის როლ­ში. რე­ა­ლუ­რად, ორი მხა­რეა, თუმ­ცა, პრობ­ლე­მის სა­თა­ვე ერ­თია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში.

მ.ს.: იცით, რა გა­მახ­სენ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლი მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში აღ­მ­ზ­რ­დე­ლად და იყო რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი, რომ შე­მო­ვი­დოდ­ნენ, მათ სა­ხე­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბო­და წა­კითხ­ვა რა მოხ­და წი­ნა დღეს ოჯახ­ში, იმ­დე­ნად ყვე­ლა­ფე­რი ეწე­რათ სა­ხე­ზე. ხში­რად ყვე­ბოდ­ნენ კი­დეც ბავ­შ­ვე­ბი ამ­ბებს…

ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხია — რო­გორ ამო­ვიც­ნოთ მშობ­ლებ­მა, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი არი­ან?

თ.გ.: რამ­დე­ნი­მე ნი­შა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს: პირ­ვე­ლი, თვალ­სა­ჩი­ნო — შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­მა უარი გა­ნაცხა­დოს სკო­ლა­ში წას­ვ­ლა­ზე, არ მო­უნ­დეს გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვ­ლა, შემ­ცირ­დეს მი­სი სწავ­ლის ხა­რის­ხი, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლ­ში სწავ­ლობ­დეს, მაგ­რამ კლას­ში არ ყვე­ბო­დეს, არ გა­მო­ხა­ტავ­დეს, რომ რა­ღაც იცის; გა­უ­ა­რეს­დეს კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ხა­რის­ხი, შე­იძ­ლე­ბა ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა ჰქონ­დეს, სევ­და, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა; შე­იძ­ლე­ბა ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­მო­ხა­ტოს აგ­რე­სია, სა­დაც ად­რე არ გა­მო­ხა­ტავ­და, თუმ­ცა ჩვენ ვერ ავ­ხ­ს­ნათ რა­ტომ არის აგ­რე­სი­უ­ლი თუნ­დაც ჩვენ მი­მართ. ამის მი­ზე­ზი ჩვენ არ ვართ, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის, ეზოს სი­ტუ­ა­ცია იყოს მი­ზე­ზი…

მ.ს.: მშობ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად ყუ­რადღე­ბი­ა­ნე­ბი უნ­და ვი­ყოთ, რომ ასე­თი რამ არ გა­მოგ­ვე­პა­როს. ერ­თი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დე­ტა­ლი, შე­იძ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყოს…

თ.გ.: ერთს და­ვა­მა­ტებ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად აქვთ ბავშვს და მშო­ბელს ურ­თი­ერ­თო­ბა, რამ­დე­ნად ახერ­ხე­ბენ ნდო­ბით სავ­სე, უსაფ­რ­თხო გა­რე­მო ჰქონ­დეთ, შე­უძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც მშო­ბე­ლი თა­ვა­დაც უყ­ვე­ბა შვილს თუნ­დაც გა­მო­გო­ნილ ამ­ბებს და ამით უჩ­ვე­ნებს მა­გა­ლითს, რო­დე­საც რა­ღაც ხდე­ბა რო­გორც სა­სი­ა­მოვ­ნო, ასე­ვე ჩვენ­თ­ვის უსი­ა­მოვ­ნო, შეგ­ვიძ­ლია მოვ­ყ­ვეთ და ვითხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა ამ ჩვენს უსაფ­რ­თხო სივ­რ­ცე­ში. შე­იძ­ლე­ბა იდე­ა­ლის­ტუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ეს, რა­ღაც დო­ზით, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მ.ს.: მშობ­ლის მა­გა­ლი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია… რო­გორც წე­სი, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვი არ­ჩევს ხოლ­მე დუ­მილს, რა არის ამის მი­ზე­ზი?

თ.გ.: მი­ზე­ზი ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. პირ­ვე­ლი, ალ­ბათ, ის, რომ ეში­ნია, უარე­სი არ მოხ­დეს და ვერ მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა ან არას­წო­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღოს, თუნ­დაც, მშო­ბე­ლი მო­ვი­დეს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ეჩხუ­ბოს სხვა ბავშვს ან ბავ­შ­ვის მშო­ბელს, მას­წავ­ლე­ბელს და შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბელ­მა და კლა­სე­ლებ­მა ისევ და­ჩაგ­რონ ეს ბავ­შ­ვი და მე­ტი წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნ­დეს. შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა აქვს, სირ­ცხ­ვი­ლის გან­ც­და, რომ თა­ვად ვერ იცავს სა­კუ­თარ თავს, ვერ ახერ­ხებს და ურ­ჩევ­ნია, ჩუ­მად იყოს, არა­ფე­რი თქვას. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ არ იცო­დეს რა გა­ა­კე­თოს, იმი­ტომ, რომ ბავშვს, რო­მელ­საც უჭირს თავ­დაც­ვა, გარ­კ­ვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ უჭირს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის აღ­ქ­მა, შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­საც ვერ არ­ქ­მევ­დეს იმას, რაც მის თავს ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ასაკ­ში, თუმ­ცა მო­ზარ­დებ­შიც ხდე­ბა ხოლ­მე.

მ.ს.: მშობ­ლებს თუ აქვთ რა­ი­მე რე­სურ­სი, რომ და­იხ­ს­ნან შვი­ლი ბუ­ლინ­გის­გან?

თ.გ.: რე­ა­ლუ­რად, რა თქმა უნ­და, აქვთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ, და­ბა­დე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რა­ღაც სტრა­ტე­გი­ე­ბია სა­ჭი­რო ბუ­ლინ­გის­გან თავ­და­სა­ცა­ვად. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი. თუმ­ცა, რაც გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ და ნაკ­ლე­ბი სიმ­ძაფ­რით გა­და­ვი­ტა­ნოთ, არის ის, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს სა­თა­ნა­დო სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი, უფ­რო მე­ტად შევ­ძ­ლოთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, შეგ­ვეძ­ლოს მოქ­ნი­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა, ვთქვათ, ურ­თი­ერ­თო­ბის დროს და გვქონ­დეს მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, ანუ შეგ­ვეძ­ლოს და­ვიც­ვათ პი­რა­დი სივ­რ­ცე, რა­ღაც მოგ­ვ­წონს ან არ მოგ­ვ­წონს. ამის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. თა­ვი­დან სწო­რედ მშო­ბე­ლი აძ­ლევს ბავშვს იმის მო­დელს, რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბა ამ სირ­თუ­ლე­ებს, თუნ­დაც ოჯა­ხურ სივ­რ­ცე­ში, თუნ­დაც ბავ­შ­ვ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რამ­დე­ნად ღი­ად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე, რამ­დე­ნად აწ­ვ­დის მშო­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ მოხ­დეს და თუ ეს მოხ­და, რა გა­ვა­კე­თოთ. არა მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით ან იძუ­ლე­ბით, არა­მედ მსჯე­ლო­ბის ფორ­მატ­ში, ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მი­აგ­ნოს, ვთქვათ, იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო პა­სუხს.

მ.ს.: ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცუ­დი რჩე­ვა, რაც ალ­ბათ მეც მი­მი­ცია შვი­ლის­თ­ვის, ის არის, რომ არა­ვის არა­ფე­რი აპა­ტიო, თუ ვინ­მე და­გარ­ტყამს, შენც და­არ­ტყი. ამ რჩე­ვა­ზე რას იტყ­ვით?

თ.გ.: ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია იმი­ტომ, რომ გა­დაჭ­რი­თაც ვერ იტყ­ვი, სწო­რია თუ არა. პა­ტი­ე­ბა კი­დევ სხვა თე­მაა და ალ­ბათ პა­ტი­ე­ბის­კენ მო­წო­დე­ბა სა­ჭი­როა, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ჭე­ბის სამ­ყა­რო­ში, ასე ვთქვათ, გარ­კ­ვე­უ­ლი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც სა­ჭი­როა. შე­იძ­ლე­ბა არ მო­ვუ­წო­დოთ ბავშვს, რა თქმა უნ­და, რომ ინი­ცი­ა­ტო­რი იყოს და პირ­ველ­მა და­არ­ტყას, მაგ­რამ თავ­დაც­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბი უნ­და ჰქონ­დეს, ამავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და იცო­დეს, რომ ფი­ზი­კუ­რი ჩა­რე­ვა უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ალ­ბათ სა­ჭი­როა, გა­აჩ­ნია კონ­ტექსტს და სი­ტუ­ა­ცი­ას.

მ.ს.: პა­ტი­ე­ბა ახ­სე­ნეთ და უფ­რო­სებს ისიც გვჩვე­ვია ხოლ­მე, ბავშვს რა­ღაც პრობ­ლე­მა რომ შე­ექ­მ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, იჩხუ­ბებს, ვე­უბ­ნე­ბით, რომ ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვას, შე­უ­რიგ­დეს, მაგ­რამ არ ვი­ცით, იმ დროს, რას გრძნობს ბავ­შ­ვი და სა­მო­მავ­ლოდ, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა იმ ჩაგ­ვ­რას თუ ჩხუბს. რამ­დე­ნად სწო­რია, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და მიხ­ვი­დე და შე­უ­რიგ­დე, ბუ­ნებ­რი­ვია, ომს არ გა­მო­უცხა­დებ, მაგ­რამ ეგ­რე­ვე შე­რი­გე­ბა… არ ვი­ცი, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ასე­თი საქ­ცი­ე­ლი.

თ.გ.: აქაც გა­აჩ­ნია კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვას. შე­იძ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტ­ში ის კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩხუ­ბი თუ ფი­ზი­კუ­რი ჩა­რე­ვა რომ შეწყ­დეს,  სა­ჭი­რო იყოს შე­რი­გე­ბა, თუმ­ცა, ეს არ უნ­და დარ­ჩეს მხო­ლოდ იმ მო­მენ­ტის შე­რი­გე­ბად, უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს მუ­შა­ო­ბა მსხვერ­პ­ლ­თა­ნაც და მჩაგ­ვ­რელ­თა­ნაც, რომ გა­ვი­გოთ მი­ზე­ზი. ხში­რად, რაც ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს, იმის სიღ­რ­მე­ში სულ სხვა მი­ზე­ზე­ბი იმა­ლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა წრი­უ­ლად ვიტ­რი­ა­ლოთ — ერ­თი იწ­ვევ­დეს მე­ო­რეს და ა.შ. ასე რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვა ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლია.

მ.ს.: ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ამ პრო­ცეს­ში მშო­ბე­ლი და პე­და­გო­გი ერ­თად უნ­და მუ­შა­ობ­დ­ნენ, შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი და ერ­თად უნ­და ჩა­ე­რი­ონ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

თ.გ.: ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად უმ­ჯო­ბე­სია ორი­ვე მხრი­დან, რომ ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სი­კე­თო შე­დეგს მი­აღ­წი­ონ. თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩაგ­ვ­რის ფაქ­ტის შემ­ს­წ­რე, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხან­გ­რ­ძ­ლივ­დე­ბა და მხო­ლოდ მი­სი ჩა­რე­ვა არ შვე­ლის, რა თქმა უნ­და, კარ­გი იქ­ნე­ბა ამა­ზე მშო­ბელ­თან  სა­უ­ბა­რი. რაც მთა­ვა­რია, ეს სწო­რი ფორ­მით უნ­და იყოს მი­წო­დე­ბუ­ლი, არა, ვთქვათ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღე­ბა თქვენ შვილს, ან რა­ღაც მსგავ­სი ფორ­მით, არა­მედ — ეს პრობ­ლე­მაა და ერ­თად უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, მე ასე­თი გეგ­მა მაქვს, თქვენ რას ფიქ­რობთ. მშობ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მუდ­მი­ვად იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, იცო­დეს რა ხდე­ბა მის შვილ­თან.

მ.ს.: სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო — ყო­ვე­ლი მე­სა­მე მოს­წავ­ლე არის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა ალ­ბათ ის არის, რომ ბუ­ლინგს და­ე­მა­ტა კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, რომ­ლის ბევ­რი სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი გა­ვი­გეთ. კი­ბერ­ბუ­ლინ­გის­გან რო­გორ და­ვიხ­ს­ნათ შვი­ლე­ბი?

თ.გ.: აქაც ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბაა სა­ჭი­რო, მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ბავ­შ­ვ­თან,  არა, ვთქვათ, კონ­ტ­რო­ლი (აქ უნ­და წახ­ვი­დე, აქ არ უნ­და წახ­ვი­დე, ტე­ლე­ფო­ნის აკ­რ­ძალ­ვა და ა.შ.), არა­მედ, პი­რი­ქით, მას­თან სა­უ­ბა­რი, პრე­ვენ­ცია. ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს რა საფ­რ­თხე­ე­ბი ელის ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში…

მ.ს.: რო­გორ უნ­და იცო­დეს, რა დო­ზით?

თ.გ.: ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად და ეს ინ­ფორ­მა­ცია მშო­ბელ­მა უნ­და მი­ა­წო­დოს

მ.ს.: სა­უბ­რის შე­დე­გად…

თ.გ.: აუცი­ლებ­ლად სა­უბ­რის შე­დე­გად და არ უნ­და მოგ­ვე­რი­დოს ამის თქმის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბე­ლი ერ­კ­ვე­ო­დეს კარ­გად და იცო­დეს ეს თე­მა.

მ.ს.: სწო­რედ ეს მინ­დო­და, რომ გეთ­ქ­ვათ, შვილ­სა და მშო­ბელს შო­რის სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თა­თია, ბუ­ლინ­გის დროს, მშობ­ლე­ბი ერთ-ერთ გა­მო­სავ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ხოლ­მე სკო­ლის გა­მოც­ვ­ლას. რამ­დე­ნად სწო­რია ეს ნა­ბი­ჯი?

თ.გ.: არის ხოლ­მე ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი და უმ­ჯო­ბე­სია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ, რომ იმ სივ­რ­ცე­ში­ვე მოგ­ვარ­დეს პრობ­ლე­მა, თა­ვად ბავ­შ­ვ­მაც გა­მო­ი­მუ­შა­ოს თავ­დაც­ვის უნა­რი, შეძ­ლოს უფ­რო მოქ­ნი­ლი იყოს თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით, ან მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, თუნ­დაც ფსი­ქო­ლოგ­თან მუ­შა­ო­ბით და მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც ნამ­დ­ვი­ლად აღარ რჩე­ბა სხვა გზა, გა­მო­ვიც­ვა­ლოთ სკო­ლა. რე­ა­ლუ­რად, რო­დე­საც ბავშვს გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვს, უჭირს თავ­დაც­ვა, თვით­შე­ფა­სე­ბის პრობ­ლე­მა აქვს, მას ეს სირ­თუ­ლე ნე­ბის­მი­ერ ჯგუფ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მ­ნას.

მ.ს.: ძა­ლი­ან კარ­გი რა­ღაც და­ვი­ჭი­რე, ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვ­ლა ახ­სე­ნეთ. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ბავ­შ­ვი ფსი­ქო­ლოგ­თან მიგ­ვეყ­ვა­ნა და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა რომ გა­ი­გეს, გა­და­ი­რი­ენ, რა უნ­და ჩვენს შვი­ლიშ­ვილს ფსი­ქო­ლოგ­თა­ნო. მინ­და გვითხ­რათ, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან ბავ­შ­ვის მიყ­ვა­ნა არ არის ტრა­გე­დია, უფ­რო სწო­რად, გკითხავთ, არის ტრა­გე­დია?

თ.გ.: არ არის ტრა­გე­დია, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­სარ­გებ­ლო, რად­გან უცხო სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ავ­ლი­ნოს თა­ვი, ბევ­რი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­გოს სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, რაც მშობ­ლის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უც­ნო­ბია და  ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან დიდ შე­დეგს იძ­ლე­ვა. ერთს აღ­ვ­ნიშ­ნავ, ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თი ან ორი კონ­სულ­ტა­ცია არ არის საკ­მა­რი­სი ასე­თი სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს, ეს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია და არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვ­თან, არა­მედ მშო­ბელ­თა­ნაც ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

მ.ს.: ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იცით, რო­გორ სა­ინ­ტე­რე­სოდ დამ­თავ­რ­და, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბავშვს არ სჭირ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი, მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვით ზედ­მე­ტად, რო­გორც ეძა­ხი­ან,  „ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი მშობ­ლე­ბი“ (ასე­თი ტერ­მი­ნი არ­სე­ბობს), ზედ­მე­ტად გა­და­ფოფ­რი­ლე­ბი და ფსი­ქო­ლოგ­მა ჩვენ „დაგ­ვიქ­ნია თი­თი“, ბავშვს არა­ფე­რი სჭირ­დე­ბაო. ასე რომ, ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ არის ტრა­გე­დია.

შე­ჯა­მე­ბის­კენ რომ წა­ვი­დეთ, თა­თია, ერ­თი, ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, კითხ­ვა მინ­და და­გის­ვათ, რო­გორ შეძ­ლოს მშო­ბელ­მა შვი­ლის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა და ამ უარ­ყო­ფი­თი რა­ღა­ცებ­ის, რაც ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

თ.გ.: ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბელს შვილ­თან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, თუმ­ცა, ეს არ გუ­ლის­ხ­მობს ჩვე­უ­ლებ­რივ მე­გობ­რულ კავ­შირს. რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი უნ­და არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ მშო­ბე­ლი არ უნ­და იყოს ძა­ლი­ან გან­მ­ს­ჯე­ლი, კრი­ტი­კუ­ლი შვი­ლის მი­მართ. ბავშვს უნ­და ჰქონ­დეს უსაფ­რ­თხო სივ­რ­ცე, სა­დაც არას­წო­რი ქცე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუნ­დაც თვი­თონ იყოს მჩაგ­ვ­რე­ლი რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მა­ინც მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ანუ მშო­ბელ­მა უნ­და თქვას, კი, შენ არას­წო­რად მო­ი­ქე­ცი, მაგ­რამ მა­ინც მიყ­ვარ­ხარ, მა­ინც და­გეხ­მა­რე­ბი და შეგ­ვიძ­ლია ერ­თად გა­დავ­ლა­ხოთ ეს. გარ­კ­ვე­უ­ლი ნდო­ბის სივ­რ­ცე უნ­და იყოს შექ­მ­ნი­ლი მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის, რაც მთა­ვა­რია, არა მხო­ლოდ გან­მ­კიცხ­ვე­ლი, გან­მ­ს­ჯე­ლი და სა­დამ­ს­ჯე­ლო.

მ.ს.: ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რის­თ­ვის, ყვე­ლა მშობ­ლის სა­ხე­ლით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები