24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

spot_img

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ბათუმის მე-7 საჯარო სკოლამ, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მოვლენები ასე განვითარდა:  გეოგრაფიის კუთხეში მეთერთმეტეკლასელმა, ლუკა ნაცვლიშვილმა, პროტესტის ნიშნად, რუსეთის დროშა ჩამოხია, რის გამოც დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი დაატოვებინა, გარდა ამისა, იმავე სტენდზე, სხვა ქვეყნების სახელმწიფო დროშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა იყო განთავსებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა.

„სკოლაში გამოკრული იყო რუსეთის დროშა და აფხაზეთის დროშა. მივედი და, პირველ რიგში, ჩამოვხიე რუსეთის დროშა. ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა. ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში. კლასში შემდეგ გამოვთქვი პროტესტი, რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, რის შემდეგაც მომცეს თანხმობა ჩამოხსენიო. ჩავედი და ჩამოვხსენი. რუსეთის დროშა თავიდან მიაკრეს. ამის მერე ავედი კლასში და შემოვიდა დამრიგებელი, გვესაუბრა და გვითხრა ასეთი ფრაზა: სამწუხაროდ, ლუკამ უნდა დაგვტოვოსო. მთელმა კლასმა ვიფიქრეთ, რომ გავირიცხე სკოლიდან, მაგრამ დედაჩემი დაიბარეს და დირექტორმა უთხრა, არ გავრიცხავ, დოკუმენტებში ამას არ დავუწერ, მაგრამ ბავშვი გადაიყვანეთ, სადაც გინდათო. დირექტორმა მითხრა, რომ ჩვენ ტოლერანტები ვართ, რუსი მოსწავლეები გვყავს, სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები და არაა სწორი, როგორც შენ მოიქეციო, რუსეთის დროშა რომ ჩამოხსენიო,“ – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.

დირექტორთან დაბარებულ დედას განუცხადეს, რომ მისი შვილი აგრესორია: „დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება რუს მოსწავლეს მივარდეს და თვალები გამოთხაროსო.“

„სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტარულად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას.

რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული,“ – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.

დღეს ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება აფხაზეთის დროშას, სკოლაში თავს იმართლებენ, რომ ერთ-ერთ სტამბას დაუკვეთეს დროშების სტენდის დაბეჭდვა და, სავარაუდოდ, აფხაზეთის დროშა შეცდომით აღმოჩნდა სხვა ქვეყნების დროშებთან. სტამბის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ რაც სკოლამ მიაწოდათ, ის დაბეჭდეს. სტამბის შეცდომაც რომ ყოფილიყო, გასაკვირია, როგორ ვერ შენიშნეს, ვერც სკოლის დირექციამ და ვერც მასწავლებლებმა, დამოუკიდებელი ქვეყნების დროშებს შორის სტენდზე გამოფენილი აფხაზეთის დროშა. ნებსით თუ უნებლიეთ, ბათუმის მე-7 სკოლამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები