25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვთა განვითარების თეორიების დაკავშირება პრაქტიკასთან – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარება ქართულ რეალობაში

spot_img

საქართველოში მიმდინარე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისა და პარტნიორთა ექსპერტული მხარდაჭერის მიზნით, რვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიან პროგრამას ახორციელებენ, სამდღიანი სემინარი გამართა.

სემინარში მონაწილეობს საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი მერი სპორი, რომელსაც საუნივერსიტეტო კურიკულუმების შემუშავებისა და განხორციელების 35-წლიანი გამოცდილება აქვს; არის სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის გზამკვლევების ავტორი. ამჟამად მერი სპორი ორგანიზაცია „Reading and Literacy International, Inc.“-ის პრეზიდენტია.

15 ნოემბერს, სემინარის პირველ დღეს, მონაწილეებმა საუნივერსიტეტო პროგრამებში საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმსჯელეს იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ბავშვთა განვითარების თეორიების დაკავშირება პრაქტიკასთან.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელის, ნენსი პარქსის  განცხადებით, დაწყებითი განათლების კუთხით, საუნივერსიტეტო პროგრამებზე ასეთი ტიპის დახმარების პირველი მცდელობაა: „შეხვედრის მიზანია, კარგად გააცნობიერონ უნივერსიტეტებმა, რა ხდება ბავშვების ტვინში, როცა ისინი იწყებენ სწავლას, იწყებენ მათემატიკის შესწავლას, როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს. სწორედ ამ მიმართულებით გავამახვილებთ ყურადღებას. შესაბამისად, თავიანთ პროგრამებში მათ უკვე კარგად გამოცდილი თანამედროვე მიდგომები უნდა ასახონ. ვეხმარებით უნივერსიტეტებს, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიან პროგრამებს ახორციელებენ, რომ უფრო დახვეწონ და სრულყოფილი სახე მისცენ პროგრამას და ხარისხიანი მასწავლებელი მოამზადონ დაწყებითი განათლებისთვის. ქალბატონი მერი სპორი, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია, იმ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, რომ უნივერსიტეტებთან პროგრამების სრულყოფაზე იმუშაოს. სამდღიანი ვორქშოფიც სწორედ დაწყებითი განათლების ფაკულტეტების გაძლიერებას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, პირველად შეიკრიბნენ  უნივერსიტეტები, რათა იმსჯელონ დაწყებითი განათლების პროგრამების გაუმჯობესების თაობაზე – რა არის გამოსასწორებელი, რომ მათი პროგრამა უკეთესი გახდეს. კვლევებმა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მყარი საფუძველი/ფუნდამენტი აქვთ ბავშვებს, მით მეტი შანსია, ხარისხიანი განათლება დააშენონ მას. ცხადია, ბავშვები ვერ მიიღებენ ასეთ მყარ საფუძველს, თუ უნივერსიტეტმა კვალიფიციური მასწავლებლები არ მოამზადა. ბევრი ფიქრობს, რომ I-IV კლასებში განათლება თამაშია. ჩვენ გვინდა ვუთხრათ ქართულ  განათლების სისტემას, რომ სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი საფეხური, რაზეც მოსწავლის შემდგომი ცოდნა და განათლება შენდება. აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ.“

პროგრამის კონსულტანტი მანანა რატიანი ამბობს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანია, პირველ რიგში,  უნივერსიტეტები გაეცნონ იმ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისო დონის კვლევებითაა დაგროვილი. „უკვე არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები და მიდგომები, რომელთა გათვალისწინება (და არა პირდაპირ გადმოტანა), გაანალიზება დაგვანახებს, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი წაადგეს ადგილობრივ პროგრამებს კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებმა უნდა  შეძლონ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა. მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. მათ ექნებათ საკმარისი კომპეტენციები, რომ იყვნენ საუკეთესოები, იმიტომ რომ დაწყებითი საფეხური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია მოსწავლის აკადემიური მიღწევისათვის. თუკი დაწყებით საფეხურზე მასწავლებელი დიფერენცირებულად უდგება თითოეულ ინდივიდს, ფიქრობს მის განვითარებაზე, ძალიან ბევრი რამის დაკორექტირებას შეძლებს. მაგალითად, მოსწავლეები, რომლებიც შეჭირვებულ ოჯახებში იზრდებიან და არ აქვთ შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები (თამაშები, წიგნები…), დაწყებითის  მასწავლებელმა ისე უნდა მოახერხოს მათი ჩართვა სასწავლო პროცესში, რომ სწავლების შემდგომ საფეხურებზე აკადემიური წარმატებისათვის მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნას. ამდენად, როგორ მასწავლებელს გამოუშვებს დაწყებითი განათლებისთვის უნივერსიტეტი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სამი დღის განმავლობაში, უნივერსიტეტები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც მათ დაუგროვდათ. შეხვედრაში, თბილისის გარდა, რომელსაც ილიას უნივერსიტეტი წარმოადგენს, რეგიონული უნივერსიტეტებიც მონაწილეობენ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არამედ ერთმანეთის გამოცდილების მოსმენაც. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში, როდესაც პროგრამების ღია აკრედიტაციის პროცესი დაიწყება, მათ შეძლონ მოდიფიცირება, თუნდაც ამ კურსების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. ვფირობ, ეს გრძელვადიანი მიზანია და, ამასთანავე, მთავარი მიზანიც. ასევე, აუცილებელია, სახელმწიფო მთლიანობაში ხედავდეს ამ სისტემას და უნივერსიტეტი მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობდეს, რას ასწავლის აუდიტორიაში, არამედ იმაზეც ზრუნავდეს, როგორ მიიზიდოს სტუდენტი; ფიქრობდეს – რა პირობები შეექმნება მის კურსდამთავრებულს, როცა სკოლაში შევა და მისცა თუ არა ყველა ის კომპეტენცია, რაც სასკოლო გარემოში სწავლებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ხოლმე ჩართულები მსგავს პროექტებში. მათთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა გამოცდილების გაზიარებისათვის.“

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ექსპერტი კურიკულუმის მიმართულებით და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ირმა ქურდაძე მიიჩნევს, რომ საბაზისო განათლების პროექტი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და მათ საუკეთესო სერვისს სთავაზობს, რითაც პროგრამა გაძლიერდება. „უცხოელი ექსპერტის ჩართულობა და შედარება, როგორი კურიკულუმები არსებობს ევროპისა და სხვა მოწინავე ქვეყნებში, მათი გამოცდილების გაზიარება, ჩვენს პროგრამას უფრო აძლიერებს. ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული იქნება სამდღიანი შეხვედრა როგორც 60-კრედიტიანი, ისე 300-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამების მიმართულებით, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, გავეცნოთ უცხოური ქვეყნების გამოცდილებას და ავსახოთ ჩვენს პროგრამებში, რასაკვირველია, ჩვენი რეგიონის, კულტურისა და იმ ნიშის გათვალისწინებით, რომლითაც ხასიათდება ინდივიდუალური პროგრამა.“

რაც შეეხება ბათუმის უნივერსიტეტში უკვე არსებულ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, რომელმაც აკრედიტაცია 2018 წელს გაიარა, ქალბატონი ირმა გვიყვება, რომ ახალგაზრდების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი და მოთხოვნა ამ მიმართულებაზე. მიზეზად პროგრამის ბენეფიტებს ასახელებს, რაც სხვა პროგრამებისგან განსხვავებულია და ზოგიერთ ნაწილში ერთადერთიც კი – 300-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს, მაგისტრის ხარისხს იღებს და პირდაპირ უფროსი მასწავლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების არჩევანიც ყოველწლიურად იზრდება.

მისი აზრით, რადგან გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ 300-კრედიტიანი პროგრამები მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებენ, ეს თავისთავად უწყობს ხელს პროფესიის პოპულარიზებას და ამ მიმართულებითაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, კიდევ ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს ყველა ოჯახამდე, მშობლამდე და ახალგაზრდამდე, რომ კიდევ მეტი ადამიანი მოვიზიდოთ მასწავლებლის პროფესიაში. ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან მასწავლებლის პროფესიის არჩევა ვაჟებმაც დაიწყეს, მართალია მათი პროცენტულობა მაღალი არ არის, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ მათი რიცხვიც გაიზრდება, რადგან პროგრამას ძალიან ბევრი სარგებელი აქვს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით თამარ სირაძე სამდღიან შეხვედრას მნიშვნელოვან შესაძლებლობად განიხილავს იმ კუთხით, რომ  ბევრ საკითხს სწორედ უცხოურ გამოცდილებაზე აფუძნებენ და ვინ, თუ არა გარეშე შემფასებელი, დაინახავს არსებულ პრობლემებს ყველაზე ობიექტურად. „რასაკვირველია, ეროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, უცხოურ გამოცდილებას ზუსტად ვერ გავყვებით, მაგრამ ის აუცილებლად დაგვეხმარება ადაპტაციაში და იმის სწორად ფორმირებაში, რა მოვარგოთ ჩვენს პროგრამებს. სწორედ ამაში გვეხმარება საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა და უცხოელი ექსპერტის გამოცდილება. პროცესის სწორად განვითარებისთვის გარკვეულ რეკომენდაციებს გვაწოდებენ, გაგვაცნეს  არსებული კვლევების შედეგებიც, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და გეგმაზომიერად განვახორციელებთ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისთვის.  

აკრედიტაცია, რომელიც შეიძლება პროგრამას ერთ ან ორ წელიწადში მოუწიოს, სწორედ იმ რეკომენდაციებს დაეფუძნება, რომელიც დღევანდელი და მსგავსი შეხვედრების შედეგად გვექნება“.

გიორგი ნოზაძე, საბაზისო განათლების პროგრამის სწავლება-სწავლის დირექტორი:

„ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, მოქმედი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ვმუშაობთ, მაგრამ ყველასთვის ნათელია, სკოლაში  წარმატებით რომ დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, აუცილებელია საუნივერსიტეტო დონეზე მომზადებული კვალიფიციური მასწავლებლების ახალი ნაკადი, ახალი ძალა, რომელიც სკოლებში შევა და რომელსაც აღარ დასჭირდება იმხელა ძალისხმევა პროფესიული განვითარებისთვის, როგორც არსებულ მოქმედ მასწავლებელთა კოჰორტას. ყველა ის ინოვაცია, მეთოდიკური თუ მართვასთან დაკავშირებული, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმიდან ან თანამედროვე სწავლების მეთოდიკებიდან მოდის, განსაკუთრებით საინტერესოა წიგნიერების მიმართულებით – როგორც წერა-კითხვა, ისე მათემატიკური წიგნიერება – ეს ეხება დაწყებითი კლასების მასწავლებლების მომზადებას.

ამ შემთხვევაში, აქცენტი გადაგვაქვს მასწავლებლების საუნივერსიტეტო მომზადებაზე და, შესაბამისად, 8 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, მათი სასწავლო პროგრამების, კურიკულუმების განახლებასა და გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. შეიძლება ცვლილებები მოხდეს სხვადასხვა დონეზე, რადგან უნივერსიტეტებსაც მზაობის განსხვავებული დონეები აქვთ, ზოგს, მაგალითად, შეიძლება დასჭირდეს გარკვეული ცვლილებების შეტანა არსებულ სილაბუსებსა და მასალებში – რესურსებში, ნაწილს კი –  პროგრამაში, ან საერთოდ ახალი კურსის მომზადება. ზოგიერთ უნივერსიტეტს არ აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელების სურვილი აქვს. ჩვენს უცხოელ ექსპერტთან ერთად, პროგრამის ხელმძღვანელები ცდილობენ დაეხმარონ მათ დაწყებითი კლასების მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების გამართვაში, რომ შემდეგში აკრედიტაცია გაიარონ და სტუდენტების ახალი ნაკადი მიიღონ. ეს არის ჩვენი გეგმა, რომლის განსახორციელებლად მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

დღევანდელი მოწვეული სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, გამოცდილი სპეციალისტია და სწორედ ის დაგვეხმარება საუნივერსიტეტო პროგრამების აწყობასა და ამოქმედებაში, კურიკულუმებისა და სილაბუსების მომზადებაში და ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამის ამ მიმართულებას ქალბატონი მანანა რატიანი უხელმძღვანელებს, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან. მათი დახმარებით, ყველა სკოლაზე უნდა გავიდეთ – სტუდენტებს საუკეთესო გამოცდილებას მიაწოდებენ და შემდგომში ისინი, ახალი მიდგომებითა და ხარისხიანი ცოდნით შეიარაღებულები, შევლენ სკოლებში, მოსწავლეებთან. აი, ამ გზით შევეცდებით, თანამედროვე მიდგომების შესაბამისად მომზადებულმა მასწავლებელთა ახალმა ნაკადმა მოიცვას სკოლები საქართველოს მასშტაბით.“

 

 

საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა უნივერსიტეტებთან 18 ნოემბერს დასრულდება.

ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები