19 მარტი, სამშაბათი, 2024

ახალი სასწავლო წელი – პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზების ძიება

spot_img

ახალი სასწავლო წელი კვლავ გამოწვევებით იწყება. პანდემიის პირობებში ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა რეჟიმით იმუშავებენ სასწავლო დაწესებულებები და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არასტაბილური მდგომარეობა.

მასწავლებლებმა COVID-ით გამოწვეული კრიზისი სხვადასხვაგვარად გადაიტანეს, პრობლემები ყველა სკოლაში განსხვავებული იყო, რასაც ადგილობრივი გარემოებები განაპირობებდა. სკოლებსა და მშობლებს რთული საკითხების გადაწყვეტა მოუხდათ  – უნდა მოეხერხებინათ, რომ ბავშვებიც დაცულები ყოფილიყვნენ და სასწავლო პროცესიც არ შეწყვეტილიყო. ეს კი ნიშნავს, რომ სკოლებს მუშაობის ახალი მეთოდების შემუშავება და ახალი პრიორიტეტების განსაზღვრა მოუწევთ.

განსხვავებულია მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ სკოლებმა გამოწვევებს და როგორ მოემზადონ იმისთვის, რაც მომავალში გველის.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩატარდა კვლევა რამდენიმე საკითხზე:

  1. ხანგრძლივი შუალედისა და არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეების მხარდაჭერა;
  2. სწავლების პრიორიტეტების განსაზღვრა განსხვავებული მოთხოვნების მიხედვით;
  3. მოსალოდნელი ახალი კარანტინისთვის მომზადება.

პროექტის დასკვნები ემყარება ბრიტანული სკოლების 1650 მასწავლებლის გამოკითხვებს, ვრცელ ინტერვიუებს მასწავლებლებთან, სასწავლო ნაწილის გამგეებთან და საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელებთან; დოკუმენტურად დამოწმებულ ფართო საზოგადოებრივ განხილვებს განათლების საკითხებზე, COVID-19-ის პირობებში.

დასკვნა 1. კარანტინის პერიოდმა სკოლებს საშუალება მისცა, უკეთ განესაზღვრათ ბავშვების მოთხოვნები.

უმეტეს შემთხვევაში, რესპონდენტები პრიორიტეტს ანიჭებდნენ ბავშვების ჯანმრთელობას, ახალი სასწავლო წლის დადგომისას, ამას კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სკოლების ხელმძღვანელებისა და მასწავლებლების აზრით, ჯანმრთელობა და მიზნობრივი სწავლება მჭიდროდაა დაკავშირებული. ჯანმრთელობა გულისხმობს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად სტაბილურ მდგომარეობას, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, „მასწავლებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე და თავიდან მიაჩვიონ ისინი სკოლას… აუცილებელია მუშაობა ბავშვების ურთიერთობის ფორმის – კლასის აღდგენასა და გაერთიანებაზე. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და არა ის, თუ როგორ შეესაბამება წლის ბოლოს აკადემიური მოსწრება ეროვნულ მოთხოვნებს.“

ბავშვების დაბრუნება „ნორმალურ“ სასკოლო რეჟიმზე ყველას მნიშვნელოვნად მიაჩნია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეთა გამოცდილება პანდემიის პერიოდში სრულიად განსხვავებულია და ამიტომ არ იქნება სწორი „გაჯანსაღების“ ერთიანი, უნივერსალური სისტემის შექმნა. ბავშვების ნაწილს შეეძლება, სახლიდან განაგრძოს სწავლა, თუკი ოჯახური გარემო ამის საშუალებას იძლევა. თუმცა, როცა ამის პირობები სახლში არ არის, აჯობებს, ბავშვმა სკოლაში იაროს. სკოლებშიც განსხვავებული პრიორიტეტები იქნება, იმის მიხედვით, თუ რა ინტენსივობით მიმდინარეობდა პანდემია ადგილობრივ სოციუმში.

რეკომენდაცია 1.

გარდამავალი პერიოდი სასარგებლო იქნება მასწავლებლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, ვინაიდან ამ პერიოდში გამოიკვეთება ახალი წესები და ბავშვები თავიდან ეგუებიან ვითარებას კლასში.

საჭიროა დრო იმის დასადგენად, თუ როგორ იმოქმედებს ეს გაყინული პერიოდი ბავშვებზე. ეს თავიდანვე თვალშისაცემი არ იქნება.

გარდამავალი პერიოდი სკოლას დაეხმარება, უფრო ზუსტად განსაზღვროს, თუ როგორ დააკმაყოფილოს მოსწავლეების კონკრეტული მოთხოვნები.

დასკვნა 2.  სწავლების პრიორიტეტები განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით

მასწავლებლებს სამართლიანად აწუხებთ ამ პერიოდის ჩავარდნების გავლენა ბავშვების სწავლებაზე. ეს წუხილი განსაკუთრებით აქტუალურია გამორჩეულად ხელმოკლე სოციუმებში მომუშავე მასწავლებლებისთვის. გამოკითხვა ადასტურებს, რომ ხელმოკლე რაიონებში მომუშავე მასწავლებლების 71% მიიჩნევს, რომ იზოლაცია საგრძნობ გავლენას იქონიებს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზ, მაშინ, როცა ფინანსურად უფრო სტაბილურ სოციუმებში მომუშავე მასწავლებლების მხოლოდ 45% თვლის ასე. მათ შორის, ვინც სახლიდან სწავლას ეფექტურად მიიჩნევს, მხოლოდ 9%  მუშაობს ღარიბ რეგიონებში.

ყველა სკოლას მოუწევს დაფიქრება ამ პრობლემაზე – როგორ შევამციროთ უთანასწორობა სწავლებისას. ამ საკითხის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ენიჭება. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „ხშირად ვფიქრობ – რა შეუძლია მასწავლებელს? ბევრი რამ – მან იცის, რისი სწავლება უნდა, არკვევს, სად არის ხარვეზები და ყველაფერს აკეთებს მათ აღმოსაფხვრელად, იყენებს პედაგოგიკის იმ ვერსიას, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია და ყველაზე ეფექტურად მიაჩნია.“ მეორე რესპონდენტის აზრით, სკოლებს სერიოზული დაფინანსება სჭირდება და ამ თანხებს თავად უნდა განკარგავდნენ, რადგან ყველა სკოლას განსხვავებული საჭიროება აქვს.

რეკომენდაცია 2.

სკოლებისთვის სასარგებლო იქნება მეტი თავისუფლება დამატებითი ფინანსების განკარგვისას, რათა თვითონ გადაწყვიტონ, როგორ და რა პერიოდში დაეხმარონ ბავშვებს. თუმცა, არარეალისტური იქნება, წინა წლების შედეგების სწრაფად აღდგენას ველოდეთ, მით უმეტეს, რომ გაურკვეველია, მომავალში მოგვიწევს თუ არა ისევ ჩაკეტვა.

მისასალმებელი იქნება ხელისუფლების მიერ სკოლების დამატებითი ფინანსირება.

დასკვნა 3. უნიშვნელოვანესია დაგეგმვა ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით

სკოლებმა და მასწავლებლებმა სწრაფად უნდა გაარკვიონ, განსხვავებულ პირობებში როგორ აჯობებს სწავლება ჩაკეტვების პერიოდში. ბევრმა ჩვენმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ დისტანციური სწავლებისას უკეთ გაიაზრეს სიძნელეები, რომლებსაც აწყდებიან ოჯახები ბავშვების შინ სწავლისას და რომ მათ  ხანდახან ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

მშობლებს არაერთი პრობლემა უჩნდებათ – როგორ გაუმკლავდნენ სიტუაციას, როცა დებსა და ძმებს ერთდროულად აქვთ გაკვეთილები; როცა სახლში არა აქვთ საჭირო ტექნიკა ან საბავშვო წიგნები.

ხელისუფლების შემოთავაზება, რომ დისტანციური სწავლება სკოლებში პრიორიტეტი გახდეს, რთული განსახორციელებელია სწორედ იმის გამო, რომ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა არა აქვს.

რეკომენდაცია 3.

სკოლებს შემუშავებული უნდა ჰქონდეთ, დაუგეგმავი და მოულოდნელი დახურვის შემთხვევაში,  მოქმედების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი ვითარება და მოახერხონ სწავლების ადაპტირება მათი სოციუმის მოთხოვნებთან.

კვლევის შედეგების მიხედვით, საჭიროა, სკოლებმა:

♦ დაგეგმონ მთელი რიგი ღონისძიებები სკოლებში და სკოლებს გარეთ გამართული სწავლების უზრუნველსაყოფად, სწავლება საინტერესო უნდა იყოს და უძლებდეს დღევანდელ პირობებს;

♦ ეძიონ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებები, ერთობლივად გადაწყვიტონ პრობლემები, მით უმეტეს, თუ გარკვეულ საკითხებზე პასუხები უკვე არსებობს;

♦ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და მოსაზრებები.

იმედია, ამ კვლევის შედეგები დაეხმარება განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავებაში.

UCL-ის მასალების მიხედვით მოამზადა ნინო მეტრეველმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები