19 მარტი, სამშაბათი, 2024

არც ერთი  საგამოცდო ცენტრი კოვიდ ინფექციის წყარო არ გამხდარა

spot_img

27 ივლისიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს გამოცდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის, ასევე, დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. დაწყებულია აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორების პროცესი  და შედეგები, აგვისტოში, ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე  ამბობს, რომ წელს მაგისტრანტობის კანდიდატი, დაახლოებით, 12800-ზე მეტია. საერთო სამაგისტრო გამოცდა 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ისევე, როგორც აბიტურიენტებთან, მაგისტრობის მსურველთა და სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაშიც, ის აპლიკანტები, რომელთაც დაუდასტურდებათ კოვიდ-19-ის დიაგნოზი, რა თქმა უნდა, გამოცდაზე არ გამოცხადდებიან, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება. მართალია, საგამოცდო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი ნაწილი დასრულდა.

სოფიო გორგოძე: „1 ივლისიდან, თითქმის ყოველდღიურად, მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი, დღეში ორი სესია და ამ ეტაპზე, აქამდე როგორც ჩატარდა, კმაყოფილი ვარ. თუმცა, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ძალიან ბევრი საგამოცდო დღე გვაქვს წინ. ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ გამოსაცდელების ხელშეწყობით, რომლებიც იცავდნენ რეგულაციებს, ასევე იმ ჩვენი 3000-მდე თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომით მივაღწიეთ იმას, რომ აქამდე არც ერთი  საგამოცდო ცენტრი ინფექციის წყარო არ გახდარა. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იმის გარდა, რომ აბიტურიენტებისთვის კომფორტული პირობები შეგვექმნა, რომ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარი.“

აბიტურიენტების შედეგებს რაც შეეხება, როგორც ცენტრში ამბობენ, აგვისტოს პირველ ნახევარში გახდება ცნობილი: „15 აგვისტომდე აუცილებლად გამოვაცხადებთ შედეგებს, შეიძლება  გაცილებით ადრეც იყოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ზუსტი თარიღის თქმა შეუძლებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩარიცხვები ისეთ დროს გამოვაცხადოთ, რომ სასწავლო წლის დაწყება არ დაგვიანდეს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წელსაც სასწავლო პროცესი  ისევე დროულად დაიწყოს, როგორც ეს შარშან იყო.“

ჯერჯერობით არც იმ აბიტურიენტთა რაოდენობაა დაზუსტებული, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდგინდა. ქართულის გამოცდაზე ასეთი, დაახლოებით, 100 აბიტურიენტი იყო, უცხოური ენის გამოცდაზე – 70, მათემატიკაზე – 30 და ა.შ. სოფიო გორგოძე ამბობს, რომ  არის გადაფარვებიც, შეიძლება იმ აბიტურიენტმა, რომელიც ქართულის გამოცდაზე არ გამოცხადდა, სხვა გამოცდაც გააცდინა, რადგან არ იყო გამოჯანმრთელებული და ამიტომ კოვიდ ინფიცირებული აპლიკანტების უნიკალური რაოდენობის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია: „საერთო რაოდენობა ძალიან ბევრი არ არის, თუმცა, შარშანდელ ვითარებას თუ შევადარებთ, როდესაც მთელი პროცესის განმავლობაში მხოლოდ 2 ინფიცირებული გვყავდა, რა თქმა უნდა, ბევრია.“

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები