20 აპრილი, შაბათი, 2024

არია, რეჩიტატივი, ანსამბლი, საგუნდო არია, ვოკალური ციკლი, ორატორია და კანტანტა საერო ტექსტებზე

spot_img

სტატია სარეკომენდაციო ხასიათისაა და შექმნილია მუსიკის პედაგოგთა დასახმარებლად. მოხმობილი აქტივობები, ჰიპერბმულები პირობითია და მისი ჩანაცვლება შესაძლებელია მასწავლებლის შეხედულებისამებრ, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე.

მუსიკაში სამიზნე ცნებები, ანუ გრძელვადიანი სასწავლო მიზნებია საბაზო საფეხურისათვის:

რიტმი

მელოდია

 ჰარმონია

 ფორმა

ჟანრი

 VII-IX კლასებში ყველა ეს ცნება უნდა დამუშავდეს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სამი წლის განმავლობაში მუსიკის პედაგოგებისთვის ამ ცნებებზე  ორიენტირება აუცილებელია და  მუშაობისთვის შესაძლოა, შერჩეულ იქნეს სხვადასხვა საკითხი, რომელიც ცნებით არის განსაზღვრული.

ერთ-ერთი ცნება, როგორც ზემოთ აღინიშნა, არის ფორმა. ფორმის საკითხთა ჯგუფს მიეკუთვნება ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმები:

არია;

რეჩიტატივი;

ანსამბლი (დუეტი, ტრიო, კვარტეტი და ა.შ.);

საგუნდო არია;

ვოკალური ციკლი;

ორატორია საერო ტექსტებზე;

კანტატა საერო ტექსტებზე;

განვიხილოთ ყველა საკითხი და შესაბამისად, რამდენიმე აქტივობასაც შემოგთავაზებთ, რათა თეორიული ცოდნა პრაქტიკით გამყარდეს. აქტივობებით შეძენილი ცოდნა გადატანილ უნდა იქნეს კომპლექსურ დავალებაში. კომპლექსური დავალება კი, თავის მხრივ,  გვიჩვენებს რამდენად აქვს ათვისებული მოსწავლეს საკითხთა ტიპოლოგია და უკუკავშირს საჭიროებათა მიხედვით განვსაზღვრავთ.

არია იტალიური სიტყვაა და ორგვარი განმარტება აქვს: 1. ერთხმიანი ლირიკულ-დრამატული შინაარსის ვოკალური ნაწარმოები, ჩვეულებრივ, ოპერაში, ორატორიაში ან კანტატაში; 2. დასრულებული ვოკალური ეპიზოდი, ნომერი ოპერაში. სრულდება მომღერლის მიერ, ორკესტრის თანხლებით. ხშირად მას წინ უსწრებს საორკესტრო შესავალი ან რეჩიტატივი – სამეტყველო ინტონაციებზე აგებული მღერადი დეკლამაცია (განმარტება აღებულია უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან).

საუცხოო ინტერნეტ რესურსებია ამ საკითხის დეტალური შესწავლისთვის. ვთქვათ, ავიღოთ ორი ბმული https://www.youtube.com/watch?v=8K6D47RvjJY (ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული „ვარსკვლავო“) და https://www.youtube.com/watch?v=ERD4CbBDNI0 (O Sole Mio სამი ტენორის შესრულებით). ეს ლინკები იმ შემთხვევაში გამოგვადგება, როცა გვსურს არიის პირველი განმარტების აღქმა, ხოლო მეორე განმარტებისათვის უმჯობესია სპექტაკლიდან ამოღებული მონაკვეთი (მაგალითად, ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოდან“ რიგოლეტოს არია https://www.youtube.com/watch?v=LQ4plxpIlTU ). ყველაზე ეფექტიანად ითვლება აქტივობა, როცა მოსწავლეები ცოცხლად, მოწვეული სოლისტის შესრულებულ ან საოპერო თეატრში  წარმოდგენილ არიებს მოისმენენ. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვოკალისტის ონლაინ ჩართვაში მოწვევა. ბუნებრივია, ამ აქტივობის განსახორციელებლად საჭიროა მოსწავლეთა შემზადება და  მოსმენის შემდეგ განხილვის მოწყობა.

რეჩიტატივიდეკლამაციური ხასიათის მელოდიაა, რომელიც ჩვეულებრივ მეტყველებას უახლოვდება, იყენებენ ოპერაში, კანტანტასა და ორატორიაში. მოსასმენ მასალად ვირჩევთ  ნაწყვეტს „ფიგაროს ქორწინებიდან“  https://www.youtube.com/watch?v=3k2Eaviw5bE და გონებრივი იერიშით (შტურმით) ყველა იმ ნიუანსზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ახასიათებს რეჩიტატივს. ასევე, ეფექტიანია, თუ მოსწავლეებს დავავალებთ ვიდეოსაცავებიდან რომელიმე რეჩიტატივის ამორჩევასა და მასზე სანდო ინფორმაციის მოძიებას (უამრავი ინფორმაციაა უცხოურ ენებზე. თუ მოსწავლე უცხოური ენიდან თარგმანსაც წარმოადგენს, მაშინ ენობრივი კომპეტენციის განვითარებასაც ვუწყობთ ხელს).

რაც შეეხება ანსამბლს, მისი თარგმანი, ფრანგულიდან, ნიშნავს „ერთად“. ანსამბლის რამდენიმე განმარტება არსებობს:

1) მწყობრი, შეთანხმებული შესრულება;

2) შემსრულებელთა ჯგუფი, რომელიც  ერთ მხატვრულ კოლექტივს წარმოადგენს;

3) შემსრულებელთა მცირე ჯგუფისათვის შექმნილი კამერული მუსიკალური ნაწარმოები ან დიდი ფორმის ნაწარმოების (მაგ., ოპერის) შემადგენელი ნაწილი. ასეთებია: დუეტი (2 შემსრულებელი), ტრიო (3), კვარტეტი (4), კვინტეტი (5), სექსტეტი (6), სეპტეტი (7), ოქტეტი (8), ნონეტი (9) და ა.შ.;

ჩვენს რეალობაში, როცა ანსამბლზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გაგვახსენდება „ივერია“. მასზე ინფორმაცია წარმოდგენილია ვიკიპედიასა და სხვა წყაროებში. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს შინ მოსასმენად მივცემთ „როკ-ოპერას“ „რწყილი და ჭიანჭველა“ https://www.youtube.com/watch?v=jGOoHSZ8Ivs . ეფექტიანია ასევე მოსწავლეთა მხრიდან ოჯახის უფროსი წევრების კომენტარის ჩაწერა „ივერიის“ მელოპროდუქციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თავს იყრის მიქსი, რომლის გამოქვეყნება (სკოლის ელექტრონული გვერდ(ებ)ის საშუალებით), ეს ის შემთხვევაა, როცა კომპლექსური დავალების პროექტულ დავალებად გარდაქმნაა შესაძლებელი.

საგუნდო არია  სოლო და საანსამბლო შესრულებისგან განსხვავებული ფორმაა და მას ვხვდებით საოპერო ხელოვნებაში. ამ კონკრეტულ ფორმასთან დაკავშირებითაც უამრავი ვიდეომასალაა ონლაინ სივრცეში, https://www.youtube.com/watch?v=GS6L_9xUT5E (ჯუზეპე ვერდი, „ნაბუქო“, ტყვე ებრაელთა გუნდი) გამოგვადგება საილუსტრაციოდ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეებს შევავსებინოთ ცხრილი:

მუსიკალური პროდუქტის სახელწოდება
ავტორი
მუსიკალური ფორმა
შემსრულებელი (შეარჩიეთ ჩამოთვლილთაგან: სოლისტი, ანსამბლი, გუნდი)
შემსრულებელთა რაოდენობა: (1, 2, 12+)
თემა:
კოსტიუმები:

   შენიშვნა: ბუნებრივია, ცხრილში, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, შესაძლებელია  უჯრედების დამატება.

ვოკალური ციკლი (გერმანულად: Liederkreis, Liederzyklus, ინგლისურად: song cycle) არის რომანსებისა და სხვა ტიპის მუსიკალური პროდუქტები, რომლებსაც საერთო პოეტური და მუსიკალური იდეა აერთიანებთ. ვოკალური ციკლი რთულად განირჩევა იმ სიმღერათა კრებულებისგან, რომლებიც შექმნილია კომპოზიტორის მიერ ერთი ჩანაფიქრის მიხედვით. სამაგალითოდ მოგვყავს ქართული (ვთქვათ, თამთა ცხვიტავას „იას უთხარი ტურფასა“ https://www.youtube.com/watch?v=7yyoaCJ_vGo და სხვანი) ან ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული რუსული რომანსები, იუთუბის შემდეგი ვიდეოსაცავის მეშვეობით:  (https://www.youtube.com/watch?v=X_Wnkd1j5dc&list=PLQ1pjSn2LiTMvgdJ94Rd_G_Tz52v3mWV0 )

ორატორია (იტალიური: oratorio) დრამატული სიუჟეტის მქონე მუსიკალური ნაწარმოებია, რომელიც დაწერილია გუნდისთვის, სოლისტ-მომღერლებისა და ორკესტრისათვის და განკუთვნილია საკონცერტო შესრულებისთვის. მოსწავლეებთან https://www.youtube.com/watch?v=DUBkCEA_Xz0 ჩვენებისას შეგვიძლია კომენტირებით წარმოვაჩინოთ ორატორიის მახასიათებლები.

კანტანტა (იტალიური: cantanta) დიდი, საზეიმო ხასიათის ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებია, რომელსაც ჩვეულებრივ გუნდი, ერთი ან რამდენიმე სოლისტ-მომღერალი და ორკესტრი ასრულებს; სანიმუშოდ ავიღოთ ცნობილი კანტანტა ბახის შემოქმედებიდან   https://www.youtube.com/watch?v=h97JE4–p84 . რადგან ეს კანტანტა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდება, მისი საგაკვეთილო პროცესში განხილვა რთულია, თუმცა, საკლუბო-საწრეო მუშაობის დროს, ბევრგვარი აქტივობით შეიძლება განიხილოს (ავტორი, თემა, იდეა, შექმნის პერიოდი, მახასიათებელი ნიშნები…).

სტატიის ბოლოს მუსიკის პედაგოგებს შევახსენებ მკვიდრ წარმოდგენებს, რომელიც მუსიკალური ნაწარმოების ფორმასთანაა დაკავშირებული (აღებულია საბაზო საფეხურის მუსიკის გზამკვლევიდან) და მოსწავლეს კომპლექსური დავალებების შესრულების მერე უნდა ჩამოუყალიბდეს:

მუსიკალური ნაწარმოების ფორმა გარკვეული ლოგიკით აგებული მუსიკის გამომსახველობითი  ხერხებით იქმნება;

ფორმის საშუალებით გადმოიცემა მთლიანი მუსიკალური ნაწარმოების მხატვრული შინაარსი;

მუსიკალური ფორმის საშუალებით გადმოიცემა მუსიკალური ნაწარმოების მთავარი იდეა;

მუსიკალური ფორმის გარეშე შეუძლებელია მუსიკალური აზრის განვრცობა;

მუსიკალური ნაწარმოების ხანგრძლიობა ფორმითაც განისაზღვრება;

გარკვეულმა მუსიკალურმა ფორმებმა დროთა განმავლობაში განიცადა ცვლილება;

ზოგ შემთხვევაში, მუსიკალური ფორმით განისაზღვრება მუსიკალური ჟანრი.

მეგი ჭანტურია

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები