19 აპრილი, პარასკევი, 2024

ალვის ხის ფესვები

spot_img

მოღიმარი სახე მაქვს, წითელი ვაშლივით აბრიალებული. შესახედად დიდი არაფერი, თითქმის ორი მეტრის სიმაღლის. ჩაცმულობით თუ შემაფასებენ, პენსიონერ კაცს ვგავარ 17 წლის ბიჭი. გაცვეთილი ფეხსაცმელი, ორი ზომით დიდი შარვალი და ცხონებული ბაბუაჩემის ლურჯი მაისური მაცვია. გული საოცარი სისწრაფით მიცემს. არ ვიცი, ეს სიხარული რომ იზომებოდეს, თუ რომელიმე რიცხვი დაიტევდა. მდინარის ჩუხჩუხის ხმა და მის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმის, მაგრამ მხოლოდ ხმა, რადგან მზერა ჩემ გვერდით მიმავალ გოგოზე მაქვს მიპყრობილი, რომელიც ჩემზე არანაკლებ აწითლებულია, ყვავილებიანი კაბა აცვია და ნაწნავი მხარზე აქვს გადმოდებული. დროდადრო მორცხვად აპარებს თვალს ჩემკენ. ვუყურებ და არ მჯერა, ზუსტად ვიცი, ეს ვერ იქნება სინამდვილე.

– პატარა სანამ იყავი, ჯოხითა და წკეპლით გსჯიდი, ამხელა კაცს როგორღა დაგარტყა? გულაჩქარებული და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ვრწმუნდები, რომ ბებიაჩემმა დიდი ენერგიით გაიღვიძა. უეცრად თვალწინ გადამეშალა გუშინდელი დალეული ყოველი წვეთი, სახლში ბარბაცით მოსული, როგორ ვანთებ სინათლეს და ვეშვები თავით საწოლისკენ, ზუსტად ამ მდგომარეობაში მეღვიძება. ბებიაჩემი აგრძელებს, რომ თავისი პენსიით ვეღარ შეძლებს ამხელა კომუნალურების გადახდას, ჩემი მომავლისთვის ზრუნვას, დედაჩემისა და თავისი წამლებისთვის ფულის დაზოგვას. მეუბნება, რომ უკვე უნდა ვმუშაობდე კიდეც, რადგან ოჯახში ერთადერთი კაცი ვარ, მე უნდა ვარჩინო ოჯახი, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა თავზეხელმოკიდებული ძლივსღა ვწევ ტანს და ვდგები, ხელ-პირს ვიბან, დედაჩემს ვნახულობ თავის ოთახში საწოლზე მწოლს, თავზე ვკოცნი და მის ფეხებს ისევ სასწაულის იმედით ვეხები, იქნებ მოიკრიბოს ძალა და მას სიარულის საშუალება კვლავ მიეცეს. შემდეგ გამოვდივარ მისაღებში, სადაც ბებიაჩემს უკვე შეშინებული ჰყავს ჩემი თუთიყუში. ეგ კი არა, თითქმის ნახევრად ჩამოგლეჯილი შპალერი, ძველი ხის მაგიდა, მინაჩამტვრეული ფანჯარა და ზამთრის ცივ დღეებს ახლახან გამოსალმებული გარემო ერთობ ზანზარებს მის ხმაზე. უბრალოდ, ასეთია ჩემი ბებო, ჩემი მანანა, ძალიან იშვიათად, მაგრამ როდესაც თხოვნით მოგმართავს, მაშინაც მბრძანებლური ტონი ჩანს მის სიტყვებში. სკოლის ჩანთას ხელში მაწვდის, მემუქრება, რომ მის თვალებს არ დავენახო გვიანობამდე, თან ჩემთვის გამოძებნილ სამსახურზე მიყვება, მეზობლის ონკანი უნდა შევაკეთო, კარგს მაჭმევენ და გასამრჯელოსაც მომცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მირჩევნია სახლში არ დავბრუნდე.

ეზოში გამოვდივარ, მახსენდება ფიზიკის გაკვეთილი და უკვე მეზარება სკოლაში წასვლა. თან ჩემს თავს ვამშვიდებ, ეს წელიც უნდა დავასრულო, მერე სკოლიდან გამოვალ და დავრჩები ჩემს სოფელში, ვიმუშავებ მათთან, ვისაც უეცრად რაიმე გაუფუჭდება და გამკეთებელი დასჭირდება. თან იმედი მაქვს, ამ წლის ბოლოს მოვიკრებ იმდენ ძალას, რომ ჩემი სულის ამფორიაქებელს სიყვარულში გამოვუტყდე. სანამ თბილისში ისწავლის, ჩავაკითხავ ხოლმე, მერე კი, ცოლადაც მოვიყვან. ეზოში ჩემი ძაღლი მხვდება, როქსი. დიდი სიამოვnებით დავრჩებოდი მასთან, ფიზიკის საკონტროლო წერის ნაცვლად მასთან თამაშში გავერთობოდი, მაგრამ თან დიდი შესვენება მახსენდება, ჩემი ბროწეულივით აწითლებული და თოვლივით თეთრი ღიმილით დამშვენებული გოგოს დანახვა მინდება, ამიტომ სირბილით მივდივარ სკოლისკენ.

გზაში უბნის ბიჭები მხვდებიან, ისინი, ვისთან ერთადაც გუშინ დავლიე. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, არავინ არ მიცნობს, როგორც დათოს, უამრავი ზედმეტსახელი მაქვს, მათ შორის კი ყველაზე ცნობილი ალვის ხეა. ბიჭებიც ამ სახელით მომმართავენ და თავისკენ მიხმობენ. მათთან მისულს, ხუმრობით მეუბნებიან, რომ დამალული სიყვარულით დამწვარი დავდივარ. ისინი ამ ამბავს ირონიულად უყურებენ, მაგრამ არ ვბრაზდები, რადგან სწორედ ისინი არიან ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლეები და მხარდამჭერები. ის გოგო, რომელსაც ჩემს ფესვებს ვუწოდებ, ძალიან მიყვარს,  ბავშვობიდან მჭრის თვალს. ჩემზე ერთი წლით უმცროსია, ლელა ჰქვია. პატარა  კიდევ ვბედავდი მასთან ახლოს მისვლასა და მისი ჩანთის ტარების შეთავაზებას, მაგრამ რაც გავიზარდე, მისი უბრალოდ შეხედვაც მთლად მიბინდავს გონებას. ყველა ჩემი ძმაკაცი მამხნევებს და მეუბნება, რომ მივიდე ლელასთან და სიმართლე გავუმხილო, მაგრამ ეს ისე მეძნელება, როგორც მგელს ხეზე ასვლა. ამიტომ უმოქმედოდ ვარ და მხოლოდ შეხედვით ვკმაყოფილდები.

პირველი გაკვეთილის მერე ვფიქრობ, ფიზიკის საკონტროლოში მაქსიმუმ სამიანი მივიღო, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს. ახლა იმას განვიცდი, როგორ შევხვდე ლელას. დასახმარებლად გოჩას ვეძახი, რომელიც მეუბნება, რომ, რაც მთავარია, არ უნდა დავიბნე და თამამად უნდა მოვაწონო თავი, ეს კი ნამდვილად ვიცი, რომ არ გამომივა, თმააბურდული და თვალებდასიებული ნამდვილად ვერ მოვახდენ დიდ ეფექტს. კლასიდან გავდივარ და თვალები  მასზე  აჩერებენ მზერას. ისე ლამაზად დგას მეგობრებთან ერთად, თმაგაშლილი, თითქოს მისი ცისფერი თვალები ზღვის ტალღების მსგავსად იწყებენ რხევას. გოჩა უკვე მზადაა, რაღაც ჩამარტყას, ოღონდ მიმანიშნოს, რომ ნაბიჯის გადადგმის დროა. მეც ლელას თვალს ვარიდებ და ისე გავდივარ დერეფნის ბოლოში. გული საოცრად მიცემს, ისეთი აფორიაქებული ვარ, რომ დრომ თითქოს წამებში გაირბინა, ისე აღმოვჩნდი მეზობლის ონკანთან, რომ თვალწინ ისევ ლელას თვალების ციმციმი მედგა.

ონკანი გავაკეთე. როგორც ბებიაჩემმა მითხრა, მართლაც კარგად გამიმასპინძლდნენ, გასამრჯელოც მომცეს, რაც მთლიანად წამლებს დავახარჯე. მინდოდა ცისფერი სამაჯურისთვის დამრჩენოდა ცოტაოდენი, რათა ლელასთვის მეჩუქებინა, ან როგორც მჩვევია, სხვისთვის გამეტანებინა, მაგრამ აფთიაქამდე კარგა მანძილი იყო გასავლელი, მცირე დანაზოგიც კი მგზავრობამ წაიღო. სახლში ცოტა არ იყოს ამაყი შევედი, სხვა თუ არაფერი, ცოტა ხანს ხომ მაინც ეყოფოდათ ჩემს მანანასა და დედიკოს ეს წამლები. ბებიაჩემიც კარგ ხასიათზე დამხვდა და მადლობის მაგიერ თავზე ხელი გადამისვა. მანანას აზრით, ძალიან ზარმაცი ვარ, არ ვგავარ ცხონებულ მამაჩემსა და ბაბუაჩემს, მაგრამ მისი ხასიათი ზეპირად ვიცი, არ უყვარს ჩემი ქება, თუმცა ვხვდები, როდის არის ჩემით კმაყოფილი. მანაც იცის ლელაზე, მუდამ დამცინის, ბიჭს სიყვარულისთვის ვერაფერი გიშველია, შენგან რა კაცი უნდა დადგესო.

მეორე დღეს კარგად გამოვიძინე. შაბათი მიყვარს იმიტომ, რომ შემიძლია დაბინდებამდე ვიხეტიალო იმ მთებზე, რომელიც გარს აკრავს ჩემს პატარა სოფელს. ყველაზე მეტად მიყვარს ტყეში მარტო სეირნობა, მდინარესთან ჩამოჯდომა, მისთვის ჩემი ფიქრებისა და დარდების გაზიარება. უცებ  ავირბინე  უკვე მრავალჯერ მყოფ მთის წვერზე. შემდეგ მდინარის ნაპირს ჩამოვუყევი. ერთ მშრალ ქვაზე დავჯექი და წყალში ჩემს ანარეკლს შევხედე. ამ ადგილებში მქონდა ჩემი ოცნებები დატოვებული, მათ კარგად იცოდნენ ჩემი ფიქრები. ახლაც დავიწყე დაგეგმვა, რა თქმა უნდა, ლელასთან, ფეხზე დამდგარ დედაჩემსა და ცოტა დამტკბარ ბებიაჩემთან ერთად. თითქმის დალაგებულ ოცნებებს ჩუმი ხმა არღვევს, ხმა, რომელიც კურდღელივით მფრთხალად და თოლიასავით ნაზად მიახლოვდება. უეცრად ჩემი სახელიც მესმის, გვერდზე ვიხედები და დავინახე ლელა, რომელიც გაოცებით მეკითხება, თუ რას ვაკეთებ აქ, თავჩაქინდრული. ისეთი სისწრაფითა და აღელვებული ვდგები, რომ ფეხი მიცურდება, ცოტაც და წყალში გადავვარდები. დამფრთხალს ლელა სიცილით მომჩერებია, მთლად ვიბნევი მისი სილამაზის შემყურე. შემდეგ მე ვეკითხები, თუ რას აკეთებს აქ, რაზეც მპასუხობს, რომ ლაშქრობაზეა წამოსული კლასელებთან ერთად, ახლა კი თამაშის დროს დასამალ ადგილს ეძებს. სახლიდან წამოღებულ ნამცხვრის ნაჭერს ვაწვდი და ჩამოჯდომას ვთავაზობ. ისიც სიხარულით მოდის ჩემთან. მალევე მისი ბულბულივით ხმით იწყებს სიღერას, მე კი გაშტერებული ვუყურებ, ასე ახლოს ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ მასთან, უბედნიერესი ვარ. მალევე უკან ბრუნდება, მოღიმარი, თვალებგაბრწყინებული მემშვიდობება. მე სახლისკენ ისეთი აღელვებული ვბრუნდები, რომ არ მახსენდება ამაზე ბედნიერი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში.

კვირას გოჩა შემხვდა, მითხრა, რომ გაუგია ვიღაც ბიჭი ჩემს ლელას აწუხებდა. იმხელა ბრაზმა შემიპყრო, შემეძლო ის ვიღაც ნაკუწებად მექცია. გავიგე მისი ადგილსამყოფელი და გოჩასთან ერთად წავედი.  თავზეხელაღებული ბიჭი ჩანდა, მის გვერდით იმ ბროწეულივით გოგოს წარმოდგენა არც კი მინდოდა. პირდაპირ ვუთხარი ლელასთვის თავი დაენებებინა, თვითონ გაუგია ჩემი ამბავი და მომაძახა, აბა შენს გაუბედაობას ხომ არ დაველოდებიო. ვეღარ მოვითმინე და სახეში მუშტი დავარტყი. მეტის ღირსი იყო, მაგრამ გოჩამ ძალით წამომათრია. იმ საღამოსვე გადავწყვიტე ჩემი გრძნობის გამხელა, სახლში რაც კი ჩემი და ჩემი წინაპრების ტანსაცმელი მებადა, ყველა გადმოვყარე და საუკეთესო ავარჩიე, გოჩამ თავისი ახლად ნაყიდი ფეხსაცმელები მათხოვა, ბებომ ყვავილებისთვის ფული მომცა, გავიგე, რომ ლელა რაიონში იყო და მაშინვე მასთან გავეშურე. მეგობრები, მეზობლები, ოჯახის წევრები, ყველა თითქოს ზეიმობდა ჩემს გამბედაობას.

რაიონში ჩასულს, სასწრაფოსა და ხალხის კივილის ხმა მესმის. თავშეყრის ადგილისკენ გავრბივარ. ავარიაა. ვიღაც ნაწნავებიანი მიწაზეა დავარდნილი, სისხლის გუბეში ცურავს. მუხლები მეკვეთება, თითქოს სძინავს, აღარ ანათებენ მისი ცისფერი თვალები, აღარც ნაზი მხრები მოძრაობენ. არ მჯერა, რაც ხდება, უბრალოდ მისი ყურისკენ ვიხრები და ვეუბნები: მიყვარხარ!

მორჩა. არც მდინარე, არც ბუნება, აღარც სიზმრები და  ფიქრები. არ არსებობს ალვის ხე ფესვების გარეშე.

მარიამ გოგობერიშვილი

სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები