25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ავთანდილის ანდერძიდან“ ერთი სტროფის ანალიზი

spot_img

„ვეფხისტყაოსანში“ „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“ გამორჩეული თავია. პოემის ამ ნაწილში გაცხადებულია შუა საუკუნეების მოწინავე, ჰუმანისტური იდეები, თუმცა, ჩვენ ამ ჯერზე მხოლოდ ერთი (790-ე) სტროფის ანალიზს შემოგთავაზებთ. ეს სტროფი ასეთია:

„რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!

არა ვიქმნ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა.“

სიცრუე და ორპირობა ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა. რადგან კაცობრიობის ისტორიაში  პირველი ტყუილი ადამისეულია, ამიტომაცაა, რომ ეს საწუთრო „ცოდვასა ზედა დაშენდა“. სიცრუეზე საუბრობს არაერთი თავი ბიბლიაში, ასევე – სხვადასხვა რელიგიის ღვთისმეტყველი. ერთ-ერთი საეკლესიო სწავლების მიხედვით, ერთხელ მღვდელმა მომდევნო წირვის წინ, სთხოვა მრევლს, რომ წაეკითხათ მარკოზის სახარების მე-17 თავი, რადგან ლიტურგიის შემდეგ სიცრუეზე აპირებდა საუბარს. წირვის დასრულებისას მოძღვარმა იკითხა, თუ ვინ წაიკითხა დავალებული თავი. მრევლმა თანხმობის ნიშნად ერთად ასწია ხელი. სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე საუბარი, რომ მარკოზის სახარებაში მე-17 თავი საერთოდ არ არსებობსო, მიუმართავს მღვდელს მრევლისთვის. ამბიონიდან ხშირად გვესმის, რომ ტყუილის თქმა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა გამონაგონით ადამიანის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხისგან დავიხსნით.

ოდითგანვე უწევდა ადამიანს სიკეთესა და ბოროტებას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანის გაკეთება. „ვეფხისტყაოსნის“ გმირებისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში, ავთანდილისთვის,  ცხოვრება უაზრო და უმიზნო ხეტიალი არაა. მან კარგად იცის, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“. სწორედ ამიტომ მიილტვის მეგობრის დასახმარებლად, რადგან ვერ გასწირავს „მოყვარესა მოყვარულსა.“ მან ძმადნაფიც ტარიელს პირობა მისცა, რომ დაეხმარებოდა დაკარგული სატრფოს ძიებაში, აქვე დასძენს, რომ ყველანაირი უბედურების საწყისი სიცრუეა. სიცრუე და ორპირობა ხორცისა და სულის მავნებელია. ავთანდილისთვის სიცრუე მიუღებელია.

ტყუილს ადამიანი სხვისი დაზიანებისთვის იგონებს. გავიხსენებ თუნდაც ამის დასადასტურებლად სულხან-საბას იგავს „მეფე და ავსიტყვა.“ ყიამყრალმა ადამიანმა იმდენი ტყუილი უთხრა მეფეს, რომ მას ჯერ „გულთა ცეცხლი მოედვა“ და თავში ხელები დაიშინა. თურმე ავსიტყვა კაცის ყოველი სიტყვა ტყუილი იყო და კაცთა საწყენად მოიგონა.

განსაკუთრებით მძიმე ცოდვად ითვლება ცილისწამება. ცილი განიმარტება მზაკვრულ მონაჭორად, გამონაგონად. მონაჭორისა და გამონაგონის საფუძველი კი ტყუილია.

რაც შეეხება ორპირობას, მას განმარტავენ ცხრარჯულობად ან ჭრელგულობად. ცხრა, ამ შემთხვევაში, არ არის ზუსტად ის რაოდენობითობა, რომელსაც რვის შემდეგ ან ათის წინ გამოისახება. ცხრა გაურკვეველი მრავლობითის აღმნიშვნელი სიტყვაა (ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრაწყარო, ჩხოროწყუ…) და ორპირობის შემთხვევაში, უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ პირმტკიცე არაა ადამიანი.

ცოდნა იმისათვის გვაქვს, რომ მოვიხმაროთ – „არა ვიქმნ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა.“ არაბი სპასალარის აზრით, სწავლის, ცოდნის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ უკეთესი ადამიანი გახდე და იცხოვრო ღვთისგან დადგენილი წესების შესაბამისად, შეერთო სამყარო ჰარმონიას. სწავლა-ცოდნა იმის განმაპირობებელია, რომ „მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა“. 

ნატალი ბუსკივაძე

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები