15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ჯადოსნური მოგზაურობა სატკბილეთში

spot_img

მაია გელაშვილი
მ. გრუშევსკის სახელობის თბილისის №41 საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

 

ხშირად მომისმენია ჩემი კოლეგებისაგან, რომ ბავშვები წიგნებს არ კითხულობენ, რომ გაჯეტების თაობა მოდის, ზედა კლასებშიც კი უჭირთ გაწაფული კითხვა და გააზრება. მწირია მათი ლექსიკა. ამ პრობლემის გადაჭრა პირველი კლასიდანვე უნდა დავიწყოთ. სწორად შერჩეული ლიტერატურა აღძრავს ინტერესს და კითხვის სიყვარულს. ბავშვს რომ თავიდანვე ჩამოუყალიბდეს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ჰქონდეს ლექსიკური მარაგი, შეძლოს გაწაფული კითხვა და წაკითხულის გაგება-გააზრება, პირველი კლასიდანვე უნდა შევაყვაროთ კითხვა.

დიდხანს ვფიქრობდი, რა შემეთავაზებინა ჩემი პირველკლასელებისთვის ანბანის შემდგომ საკითხავად, რომ მათთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო, გულსა და გონებაში ჩარჩენოდათ. გავაკეთეთ მკითხველთა კლუბი, სადაც „კითხვის საათის“ ფორმატში წასაკითხად შევარჩიე ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“.

„სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის, თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის დაპყრობას აპირებს.“

თავიდან ცოტა ვყოყმანობდი, შეძლებდნენ თუ არა პატარები ამხელა წიგნის დამუშავებას. ბავშვების ცნობისმოყვარეობამ და ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. მოუთმენლად ელოდნენ „კითხვის საათს“, სახლშიც კითხულობდნენ. საინტერესო იყო მათი ემოციები. ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ ვჩერდებოდით, ვმსჯელობდით, რა მოეწონათ და რატომ, ვაკეთებდით უცხო სიტყვების რუკას. ბავშვები ავსებდნენ სიტყვის პირამიდას, პერსონაჟების დახასიათების სქემას, ხატავდნენ სასურველ ეპიზოდს.

წიგნის წაკითხვის შემდეგ დავიწყეთ მზადება „ლიტერატურული კაფესთვის“. გავუნაწილე თავები და ვთხოვე, თავიანთი სურვილის მიხედვით, შეექმნათ ნამუშევრები. ჩემდა გასაკვირად, დედიკოები, მამიკოები და ბებია-ბაბუებიც კი ჩაერთვნენ დავალების შესრულებაში. მიგზავნიდნენ ვიდეოებს კეთების პროცესში. მაგ: ნინი და მისი ბებია სატკბილეთის სახლებს ხატავდნენ (სატკბილეთის ქვეყანაში სახლები ხომ მურაბის ქილებს ჰგავდა), რაც კი ქილები გვქონდა, ყველა მოვხატეთო, ღიმილით მითხრა ნინის დედიკომ.

ლუკას დედამ მთავარი გმირი ნიგო ორცხობილად აქცია.

ლიტერატურული კაფე „მოგზაურობა სატკბილეთში“ მართლაც ზღაპრულ დღეს ჰგავდა. დილიდან ფუსფუსი და სამზადისი: მოდიოდნენ ბავშვების მშობლები, მოჰქონდათ გამომცხვარი წიგნის პერსონაჟები, დიორამები, ნახატები, ნაძერწები… ჩემმა პატარა მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოგვიდგინეს, პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამ „მოგზაურობაში“, ჩვენთან ერთად, იყვნენ კოლეგა-მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები.

დასასრულს, სიურპრიზად მოისმინეს მწერლის ვიდეომიმართვა, რომელსაც ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით, გაოცებული, გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ. შემდეგ ბავშვებმა ჩაიგემრიელეს პირი ტკბილი „პერსონაჟებით“.

მეორე დღეს ვისაუბრეთ ჩვენი „მოგზაურობის“ შთაბეჭდილებებზე. ვთხოვე, წერილი მიეწერათ მწერლისთვის:

„გამარჯობა, მწერალო, წავიკითხე სატკბილეთის ქვეყანა. მინდა მაგ ქვეყანაში.“ – ვაჩე

„მწერალო, სატკბილეთი წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ისევ მოედინება ლიმონათის მდინარე? პირველკლასელი ნიკო“

„გამარჯობა, მწერალო! მე მომეწონა შაქარყინულის წვიმა.“

„გამარჯობა, მწერალო! მომეწონა ლიმონათის მდინარე, მომეწონა პრინცესა რაფაელა და მომეწონა სახლები.“ – ქრისტინა

„გამარჯობა, მე ვარ ცოტნე. წავიკითხე სატკბილეთის ქვეყანა და მომეწონა მიქსტურა, რომელიც ბოროტ ადამიანს კეთილად გადააქცევს“

„მწერალო, მე მომეწონა ფორთოხლის მზე და ლიმონათის მდინარე.“ – გაბრიელა

„მწერალო, ისევ ლოკავენ ბავშვები შოკოლადის ჯებირებს? შენი ნინი“

ჩვენმა „მკითხველთა კლუბმა“ ბავშვების ინტერესი გამოიწვია. მეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა წიგნს გაგრძელება. როდესაც მეორე ნაწილი ვაჩვენე – „დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში“, გაუხარდათ, ემოციებით შეხვდნენ. კითხვა დავიწყეთ. ბავშვები შემპირდნენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე წაიკითხავდნენ. მწერალთან შეხვედრაც დავგეგმეთ.

ხშირად ვფიქრობ, წლების შემდეგ, რომელიმე მათგანი დაწერს მოგონებას „ჩემი პირველი წიგნი“ ან „როგორ შემიყვარდა კითხვა“…

გამოყენებული ლიტერატურა:

ირმა მალაციძე, „სატკბილეთის ქვეყანა“

http://kargiskola.ge/index.php

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები