13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ტრადიცია და თანამედროვეობა, როგორც ერთი მთლიანობა

spot_img

ინგა ბარამიძე
თბილისის 115-ე და 133-ე საჯარო სკოლების მუსიკის მენტორი მასწავლებელი, მუსიკისმცოდნე
რესურსი მასწავლებლებისათვის

 

 

გაკვეთილზე ხშირად მჭირდება ტრადიციისა და თანამედროვეობის კავშირების სიღრმისეული გაშლა. რატომ განიხილება ერთ კონტენტად ტრადიცია და თანამედროვეობა? სწავლების სამივე საფეხურზე მიწევს შესაბამისი ენობრივი კონტექსტით ავხსნა, თუ რა არის ტრადიცია და თანამედროვეობა. რატომ განვიხილავთ ამ მოვლენას ერთად და არა ცალ-ცალკე?

თუ დავაკვირდებით, არა მხოლოდ სახელოვნებო საგნებში, ასევე ლიტერატურასა და საზოგადოებრივი მეცნიერების საგნებში, თანამედროვეობას ვერ გავაანალიზებთ ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინების გარეშე. ტრადიცია თავისთავში შეიცავს ახლის სინერგიას, ანუ მარადიულ კავშირს სამყაროსთან, კოსმოსთან. ხშირად მიფიქრია კიდეც, ცალკე საგნად იქნებ ესწავლებინათ საჯარო სკოლაში ტრადიციისა და თანამედროვეობის უწყვეტი კავშირები, თუნდაც იმიტომ, რომ იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაზე საუბრები უფრო გამართლებული ყოფილიყო. ფორმულასავით ყალიბდება ამ კუთხიდან დანახული პრობლემა: ტრადიცია და თანამედროვეობა = იდენტობის შენარჩუნების გარანტს.

ეპოქები თავად აყალიბებს და ქმნის ტრადიციის შენარჩუნების კონტინიუმებს. სოციოლოგიის განვითარების ისტორია ეპოქალური კონტინიუმებისაგან შედგება. ამ სეგმენტებს ერთმანეთთან აკავშირებს სტილიზაცია, ციტირება, კოდირება, ფორმადქმნადობის პროცესები. ტრადიცია, როგორც მეინსტრიმი, ეფუძნება ეპოქის სოციოკულტურულ გამოვლინებებს, ,,აფეთქებებს’’. მაგალითისთვის, ვარიაციული ფორმა ხალხური, ტრადიციული კულტურიდან დამკვიდრდა ბაროკოსა და კლასიციზმში. გავიხსენოთ, თუ როგორ მუშავდება თემა ვარიაციაში – შენარჩუნებულია მთავარი თემის შინაარსობრივი და ემოციური მხარე, იცვლება გამომსახველი ენის ელემენტები, რომლის უსასრულო გარდასახვა ქმნის სივრცით-ვიზუალურ არქიტექტურას და თემა მიყავს ეპოქისთვის დამახასიათებელი  ,,სათქმელის’’ თანამედროვე გააზრებამდე.

Beethoven, Sonata N12, 1st Movement

https://www.youtube.com/watch?v=7A9QsybqS2I

თუ ტრადიციულ მუსიკაში ვარიაცია-ვარიანტულობა ფერხულის და ზოგადად, რიტუალის ჟანრული მახასიათებელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ფორმადქმნადობა უწყობს ხელს ტრადიციაში თანამედროვეობის ,,ჩაშენებას’’. იგივე შეიძლება ვთქვათ რონდოში რეფრენის უსასრულობასა და ეპიზოდების ეკლექტურობაზე. რონდოში ბიპოლარულობა კიდევ უფრო მკაფიოდ ასახავს მიმღებლობას ეპოქის მახასიათებლებსა და არსებულს, ავთენტურს შორის. ავთენტურია ტრადიციული ინტონაციები, რაც ,,მშვიდად ეგებება’’ ახალ, ეპოქაში ესთეტიკური კანონზომიერებებით განპირობებულ სიახლეებს. ეს სიახლეები უშუალოდ ეხება სტილის, ჟანრის, ფორმის და მუსიკალური ენის ელემენტების ინოვაციურ გარდასახვებს.

Iohannes  Bhrams , Piano Quartet in g-moll, IV. Rondo

https://www.youtube.com/watch?v=TvN83Txvgww

ამას წინათ, მეშვიდე კლასში ცეკვა ,,ხორუმის’’ საკრალურ მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და კლასს შევთავაზე ქართული ნაციონალური ბალეტის – სუხიშვილების ვერსია. ქორეოლოგების  კვლევებიდან, მუსიკის დრამატურგიიდან გამომდინარე, ცეკვის ექსპოზიცია და ფინალი გამარჯვებული ლაშქრის შინ მშვიდობით დაბრუნებას განასახიერებს. ,,ალბათ ყველას ახსოვს ის შთაბეჭდილება, რასაც ამ ცეკვის ექსპოზიცია და ფინალი იწვევს მაყურებელში – ბრძოლიდან სახლისკენ მიმავალი გამარჯვებული ლაშქარი, ერთმანეთის ზურგს უკან მდგარი მეფერხულეთა გაბმული ჯაჭვი, რომელთაც წინ მეთაური, ანუ თავმოსამე (იგივე ხორუმბაში), მიუძღვის. მის ბრძანებას მოძრაობის შეცვლის შესახებ მოცეკვავეთა მწყობრი უმალ ემორჩილება’’.

ხორუმი  https://www.youtube.com/watch?v=8NZ3UUYqUfY&t=14s

როკ-მუსიკის გენეზისის შესწავლა და ჯაზის ისტორიის ანალიზი ტრადიციულისა და თანამედროვეობის სინთეზის მკაფიო მაგალითია. XVII საუკუნის ამერიკის ისტორია აფრიკელი მონების ამერიკაში მიგრაციასა და მათი კულტურის ,,მეორედ’’ დაბადებაზე მოგვითხრობს, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში წარმოშვა ჯაზი და მისი სუბჟანრები. აფრო-ამერიკულმა ტრადიციულმა მუსიკამ – R&B – თავისი სინტაგმებით, ფორმულებით  და ფსიქოდელიური მუხტით განაპირობა 50-იან წლებში როკ-ენ-როლის წარმოშობის აუცილებლობა.

Little Richard & Chuck Berry – R&B Male

https://www.youtube.com/watch?v=IjUMlhKXX3Q

ტრადიციაზე საუბრისას ევროპელი ამბობს: “ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც”. საინტერესოა, როდის იქცევა ტრადიცია ღირებულებებად? – ალბათ, მაშინ, როდესაც ერი აყალიბებს თავის სახელმწიფოებრიობას და განსაზღვრავს მასში რელიგიისა თუ განათლების აუცილებლობას. ამის ქვაკუთხედი იყო ილიას იდენტობის სქემა: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლითაც დღემდე ვინარჩუნებთ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზებს.

ეს გზები იკვეთება სწორედ საშუალო საფეხურზე პროექტულ სწავლების მეთოდოლოგიაში. იდენტობის ძიებაში ზაქარია ფალიაშვილთან, მეორე პროექტ ანდერგრაუნდში, ეთნომუსიკოლოგიური მიმართულების სამივე პროექტში, მოსწავლეები იკვლევენ ქართული კულტურის ისტორიას განსხვავებულ ისტორიულ ჭრილში. ზაქარია ფალიაშვილთან იდენტობისა და ღირებულებათა სისტემის კვლევა განიხილება შემკრებლობითი სამუშაოების, პირველი საგანმანათლებლო სკოლების და გაზეთის დაარსების, საოპერო თეატრის, სამგალობლო მასალების მოძიებისა და გადარჩენის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფორმირების, კონსერვატორიისა და პირველი ქართული ეროვნული ოპერის შექმნის მოვლენათა კვალდაკვალ. ამ თემის სიღრმისეულად გააზრებისათვის შესანიშნავი მასალაა ნანა ჯანელიძის ფილმი ,,გალობის რაინდები’’:

https://www.youtube.com/watch?v=F-7QoI2ULlM

მერაბ მამარდაშვილს ეკუთვნის ცნობილი პერიფრაზი: ,, ადამიანი ტრადიციას და აზროვნებას სიღრმისეულად აკავშირებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, უფრო აზროვნების კატეგორია მგონია ტრადიცია, ვიდრე გარეგნული მხარის, წეს-ჩვეულებების, შეხედულებების, ტემპერამენტის, ხასიათისა თუ ქცევის.’’ ფილოსოფოსი აზროვნებაში გულისხმობს ისტორიული წარსულის თვითრეფლექსიას და მისი მოზაიკური წახნაგების ტრანსპლანტაციას მოდერნიზმში. პოპ-მუსიკა, მითი, ლეგენდა, პროგრესული როკი, კინომუსიკა, თაობათა ინტერესები და ათწლეულები, კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი ტრადიციულისა და თანამედროვეობის ალტერნატივადაც განიხილება, ერთი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს.

ჩემთვის, როგორც მკვლევრისათვის, ორივე ფენომენი წარმოადგენს მეინსტრიმს, ორივეს კონცეპტუალური საყრდენია სიმბოლო,  ნიშანთა სისტემები, მეტა-სახეები,  ფორმადქმნადობის ელემენტების მუდმივი ტრანსფორმაცია, რომლებიც აყალიბებენ ეპოქალურ და სოციოლოგიურ კონტექსტებს, სადაც მკითხველი თუ მსმენელი ნათლად გრძნობს ,,ტრადიციულის’’ და ,,ავანგარდულის’’ ერთიან მისწრაფებას – გადმოსცეს ზუსტი ონტოლოგიური დრო.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.https://geofolk.ge/ka/article/qartvel-meomarta-sakraluri-cekva-khorumi-/108
ეკატერინე გელიაშვილი, ამონარიდი სტატიიდან ,,ქართველ მეომართა საკრალური ცეკვა ,,ხორუმი’’,2022

2.https://www.jstor.org/stable/2775860
Tradition   and  Modernity : Misplaced Polarities,1967

3.https://timeline.carnegiehall.org/genres/rock-n-roll
Maureen Mahon, Timeline  of Africian –Americian  Music , 2019

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები