4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სცადეთ და იმეგობრეთ მოსწავლეებთან!

spot_img
ირინე ბერაძე
სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

„მასწი“ რაც მქვია, უკვე 26 წლია, მაგრამ თუ შენ ახლა იწყებ, იცოდე, სკოლის კარებს რომ შეაღებ, პირველი სირთულე, რაც შეიძლება შეგხვდეს სწავლა-სწავლების პროცესში, ესაა მოსწავლეებთან ურთიერთობის დალაგება. რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას და რატომაა ის ასე მნიშვნელოვანი? დავიწყოთ იქიდან,რომ თუ მასწავლებელს სწორი მიდგომა არ აქვს მოსწავლის მიმართ, ის ვერასდროს მიაღწევს შედეგს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვდგავართ პედესტალზე, რომლიდანაც ვაგრძნობინებთ მოსწავლეს საკუთარ უპირატესობას. ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავთ მას, როგორც პიროვნებას. ყველაზე მთავარი პრობლემაც აქედან იწყება. არ აქვს მნიშვნელობა მოსწავლე პატარაა თუ დიდი, ის უკვე ინდივიდია, შესაბამისად, ამის გააზრება და ჩვენს ქცევაში ასახვა, უმნიშვნელოვანესია. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ მასწავლებლის დამოკიდებულებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზუსტად პასუხობენ ჩვენ მიერ გაშვებულ იმპულსებს, ანუ მოსწავლეთა ქცევა უშუალო პასუხია ჩვენს განწყობაზე მათ მიმართ. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სხეულის ენა, ყველაზე უმთავრესი კი – თვალები. ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მოსწავლის მიმართ სწორედ თვალებით ხდება საცნაური და თუ რომელიმე მათგანის მიმართ ვართ გულგრილნი ან უფრო უარესი, ის გვაღიზიანებს, ეს უსათუოდ იკითხება ჩვენს თვალებში და, ამას „კითხულობს“ ის მოსწავლეც კი, რომელიც ყველაზე დაბალი განვითარების გვგონია. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში მთავარი როლი ჩვენ გვეკისრება – დომინანტები ვართ! შესაბამისად, პასუხიმგებლობაც ჩვენია. როდესაც ურთიერთობა არ ლაგდება, საუკეთესო გამოსავალია, შევცვალოთ დამოკიდებულება და მოვძებნოთ მოსწავლეში ისეთი რამ, რაც მას „დაგვანახებს“, როგორც პიროვნებას. მაგალითად, დავინტერესდეთ იმით, რა მოსწონს, რა უყვარს, რა არის მისი ძლიერი მხარე. თუ მოვინდომებთ, აღმოვაჩენთ, რომ მოსწავლეს, რომელიც სრულიად უინტერესო გვეგონა, ძალიან უყვარს ფეხბურთი ან სხვა ნებისმიერი სპორტი;  უსმენს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მუსიკას, ან იქნებ სულაც ჯაზი უყვარს, ან რეპი, ან შეყვარებულია თავის კლასელ გოგოზე და ამიტომაც მიატოვა წიგნი, ან სულაც ოჯახში აქვს პრობლემები, ან თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს და თვითშეფასებაც დაბალი აქვს. მთავარია მოვინდომოთ და, ერთი შეხედვით, უინტერესო და ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულების მქონე მოსწავლის მიღმაც კი აღმოვაჩენთ საინტერესო პიროვნებას ან იქნებ ჩამოყალიბების გზაზე მდგომს, ჩვენი ხელის შეშველება რომ სჭირდება საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად. როგორც კი ამას შევძლებთ, ნახავთ, რომ მანამდე ჩვენთვის უინტერესო, ნერვების მომშლელი და, ხშირ შემთხვევაში, გამაღიზიანებელი მოსწავლე, შეიძენს შინაარსს, გაჩნდება დამოკიდებულება, ინტერესი, დათბება მზერა და, რაც ყველაზე მთავარია, ამას აუცილებლად იგრძნობს ადრესატი. როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ თქვენ ის გაინტერესებთ, გიყვართ, არასდროს ეცდება გაწყენინოთ, გული გატკინოთ და თუ ეს მაინც დაემართება, აუცილებლად მიხვდება თავის შეცდომას და გულწრფელად ეცდება, გამოასწოროს. მოსწავლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია აგრესიული, როდესაც ხვდება, რომ მას ვერ ხედავენ, აიგნორებენ ან, კიდევ უარესი, შეურაცხყოფას აყენებენ. თუ ჩვენი უპირველესი მოვალეობა პიროვნების აღზრდაა, ამ პრობლემის მოგვარების გარეშე მიზანი ვერ მიიღწევა. არადა, როგორც წესი, მასწავლებლები ერიდებიან მოსწავლეებთან დაახლოებას, დამეგობრებას. ნამდვილად არაა ადვილი, შეიყვარო, ესაუბრო, მოუსმინო, იცინო მასთან ერთად, იყო გულწრფელი და ამის არ შეგეშინდეს. იცოდე მისი ყველა ნაბიჯი,ყველა შეცდომა, ყველა ოცნება, მიღწევა თუ წარუმატებლობა და არ გაუფერულდე მისთვის, არ გახდე მოსაწყენი. ძნელია, რადგან ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს. თუ აგიცდა ფეხი, შეიძლება, დიდი შეცდომა დაუშვა. ამიტომაც მესმის მათი, ვისაც ეშინია ხელოვნურად შექმნილი სიმაღლიდან ჩამოსვლა, მაგრამ რომ იცოდნენ, რამხელა ბედნიერებაა, როცა უყვარხარ, ეიმედები, როცა გემეგობრება და შენი სჯერა, როცა იცის, რომ ყველაფერი შეუძლია თქვას და არ გაკიცხავ, ან გაკიცხავ, უსაყვედურებ კიდეც, მაგრამ არ მიატოვებ, ხელს არ კრავ. როცა თქვენობით გესაუბრება და ამავე დროს არ არსებობს თემა, რომელზეც არ შეგიძლიათ, საუბარი, როცა გიმხელს ისეთ რამეს, საკუთარ მშობელსაც (და ზოგჯერ მეგობარსაც) რომ არ ეუბნება, როცა იცის, რომ შენგან კარგ რჩევას მიიღებს, სწორ გზას მიაგნებს, როცა ცდილობს, არ გაწყენინოს, არ დაგკარგოს, გიფრთხილდება, პატივს გცემს და ეამაყები, როცა ასაკი თქვენ შორის დიდია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხვდები, რომ მეგობრობას ეს ხელს კი არ უშლის, პირიქით, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სცადეთ, დატოვეთ თქვენი სიმაღლეები და იმეგობრეთ „მოსწებთან!“ რადგან თუ ეს არ შეგიძლიათ, არაფერია არც ფიზიკის, არც ქიმიის ან, თუნდაც, ქართული ლიტერატურის სწავლება, რადგან მთავარი მაინც ცხოვრებისეული გაკვეთილებია, რომელსაც მხოლოდ ის მასწავლებლები ატარებენ, რომელთაც უყვართ თავიანთი მოსწავლეები!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები