19 მაისი, ორშაბათი, 2025

სულის მებაღე

spot_imgspot_img

ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მიერ ინიცირებული მასწავლებელთა კონკურსის მასწავლებელი როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში სამოცამდე პედაგოგმონაწილეობა, რომელთა შორის ჟიურიმ (წევრები: პაატა პაპავა, ნათია გოცაძე, მაკო ჯაოშვილი) საუკეთესოდ დაასახელა თბილისის №106 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, თამარ გეგიძის საკონკურსო ნამუშევარი და პირველი ადგილი მიაკუთვნა. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი და ბრენდირებული საჩუქრები. გთავაზობთ თამარ გეგიძის საკონკურსო ჩანახატს.

 

სულის მებაღე

დილაადრიან გავიღვიძე. ცისკრის სხივები ჯერ მხოლოდ ეხებოდა ფანჯრებს, როცა სკოლის კარი შევაღე. ჩემი პედაგოგად მუშაობის ოცდამეათე წელია. დღეს ჩემი ყოფილი მოსწავლე, ნენე, უნივერსიტეტს ამთავრებს.

წლების წინ დავბრუნდი ფიქრებში. პირველად, როცა ნენე ვნახე, ათი წლის იყო. გამხდარი, ფერმკრთალი და თვალებში საოცარი ტკივილით. ახალი გადმოსული იყო ჩვენს სკოლაში მას შემდეგ, რაც მშობლები ავარიაში დაეღუპა. ბებიასთან ცხოვრობდა, რომელიც თავს ძლივს ირჩენდა. ნენეს ღრმა, სევდისფერი თვალები არსად მტოვებდა მარტო. ბევრჯერ ვცადე საუბარი, მინდოდა გამეგო რა აწუხებდა, მაგრამ ამაოდ. გაკვეთილების შემდეგ ხშირად ვრჩებოდი და დავალებების შესრულებაში ვეხმარებოდი. თავიდან დუმდა, მერე ნელ-ნელა გაიხსნა.

ერთხელ, მათემატიკის რთული ამოცანა რომ ამოხსნა, პირველად ვნახე მისი ღიმილი. „ნენე, შენ განსაკუთრებული გონება გაქვს“ – მან უცნაურად შემომხედა, თითქოს პირველად ესმოდა, რომ რაიმეში კარგი იყო.

ის დღე იყო და მიზნად დავისახე, ნენესთვის დამენახვებინა თავისი ნიჭი. ვუყიდე წიგნები, ვწვრთნიდი ოლიმპიადებისთვის. ვეხმარებოდი ხან საკვებით, ხან წამლებით.

როცა მეშვიდე კლასში პირველი ადგილი აიღო რაიონულ ოლიმპიადაზე, მის თვალებში პირველად გაკრთა ბედნიერების ნაპერწკალი. ის საღამო ერთად ვიზეიმეთ ჩემთან სახლში. „მასწავლებელო, მე მინდა ისეთი ვიყო, როგორიც თქვენ ხართ“. მაშინ გავაცნობიერე, რომ მისთვის ვიყავი იმედის, მომავლის ხიდი.

გადიოდა წლები. ნენეს ნიჭი და შრომისმოყვარეობა იზრდებოდა. მე კი ვგრძნობდი, წლები როგორ მჩაგრავდა, მაგრამ მაინც განვაგრძობდი მუშაობას. გოგონა ხშირად მაკითხავდა დასახმარებლად. ახლა ის გახდა ჩემი იმედი, ჩემი სიბერის იმედი. კარგად მახსოვს პირველი საოლიმპიადე მედალი რომ მომიტანა. „ეს თქვენია, ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, თქვენი დამსახურებაა!“ ცრემლი ვერ შევიკავე.

დღეს, როცა ნენე უნივერსიტეტს წარჩინებით ამთავრებს, ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ამაო. ხიდი, რომელიც ავაგე, მყარი აღმოჩნდა. ხიდი, რომელმაც ერთი ობოლი გოგო ტკივილიდან იმედისკენ გაიყვანა, სიმარტოვიდან – წარმატებისკენ.

„მასწავლებელო, ხვალიდან იმ სკოლაში ვიწყებ მუშაობას, სადაც თქვენ მასწავლიდით. მინდა გავაგრძელო ის, რაც თქვენ დაიწყეთ. ვიყო იმედის, რწმენის, სიყვარულის ხიდი, რომელიც აშენებულია თავგანწირვით, მოთმინებით, მომავალი თაობის უკეთესი მომავლისთვის!“

თბილი, სიხარულის ცრემლი მისველებს ღაწვებს…

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება