დამოუკიდებლად კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ადრეულ ასაკში. გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლად კვება ხელს უწყობს ბავშვების ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, კვების დროს ვარჯიშდება სხვადასხვა უნარი, როგორიცაა: თვალის და ხელის კოორდინაცია, თვითმომსახურების უნარები, სოციალური უნარები და ა.შ.
კვების პროცესში ჩართულობა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იწყება, როცა ჩვილები საწოვარა ბოთლით მიირთმევენ თხელი ფაქტურის მაწონს, რძეს ან უბრალოდ წყალს. ამ დროს ბავშვები ცდილობენ ხელი მოჰკიდონ საკვებ ჭურჭელს და თვითონ დაიჭირონ. მოგვიანებით ბავშვები ხელით კვებას იწყებენ, რომლის დროსაც აქვთ საშუალება სენსორული არხებით მიიღონ სხვადასხვა შეგრძნებები, როგორიცაა საკვების ვიზუალი, საკვებთან შეხება, სუნი, გემო და ა.შ.
დაახლოებით 6-12 თვემდე ბავშვები ეცნობიან და იწყებენ კოვზით თამაშს, მის პირში ჩადებას, გალოკვას, თუმცა ვერ ახერხებენ კოვზზე საკვების მოგროვებას, ამ უნარს ისინი მომდევნო თვეებში ივითარებენ. აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, იმას რომ თუ ბავშვმა დაიწყო კოვზის გამოყენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავუკრძალოთ ხელით საკვების შესწავლა ან დაგემოვნება. საკვების სენსორული შეფასება მნიშვნელოვანია ახალი საკვების გასინჯვის დროს, რათა ბავშვს არ ჰქონდეს შფოთვა ან შიში მისი დანახვისას, შეხებისას ან დაგემოვნებისას.
დაახლოებით 1,8-2 წლისთვის ბავშვები ეცნობიან ჩანგალს და იწყებენ კვების დროს ჩანგლით მანიპულირებას. დაახლოებით 2-3 წლამდე ბავშვები ხდებიან დამოუკიდებლები კვების პროცესში. სანამ უშუალოდ დამოუკიდებლად კვების აქტივობებზე გადავალთ, გავეცნოთ კვებისათვის საჭირო რესურსებს და უსაფრთხო გარემოს მოწყობის წესებს. მოდი, დავიწყოთ საბავშვო ჭურჭლის განხილვა.
1. კოვზის გამოყენება – დაახლოებით 6 თვისთვის, როცა ბავშვები იწყებენ კოვზით დაინტერესებას, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მსუბუქი, მცირე ზომის, სილიკონის ან ბამბუკის კოვზები. საწყის ეტაპზე იყენებენ პრეკოვზებს (pre spoon), რომელსაც ჩაღრმავებული ადგილები აქვს და ბავშვისთვის ადვილია საკვების აღება. პრეკოვზს არ სჭირდება ბალანსის დაცვა, ბავშვსაც ნაკლები შფოთვა აქვს რომ საკვებს დაკარგავს, ასევე პრეკოვზი აძლევს ბავშვს უსაფრთხოდ მანიპულირების საშუალებას პირის ღრუში.
როცა ბავშვი ისწავლის პრეკოვზის გამოყენებას, მოგვიანებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საბავშვო სილიკონის კოვზები. როცა ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად კოვზით კვებას, სასურველია საკვების ფაქტურა იყოს პიურეს მსგავსი, ბლანტი, რათა ადვილად მოხდეს საკვების მიწებება კოვზზე.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ადაპტური კოვზები“, თუ ბავშვს უჭირს მაჯის როტაცია ან აქვს მოტორული სირთულეები. ხშირად ბავშვებს უადვილდებათ მსხვილი ბოლოს მქონე კოვზის ხელში ჭერა, ვიდრე წვრილის, რადგან უკეთესად ახერხებენ მის ხელში ჭერას მთელი კვების განმავლობაში.
2. ჩანგლის გამოყენება – ბავშვები ჩანგლის გამოყენებას იწყებენ 2 წლის ასაკისთვის. სასურველია, რომ საბავშვო ჩანგალი იყოს მსუბუქი, მცირე ზომის, სილიკონისგან ან ბამბუკისგან დამზადებული. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩანგლის ბოლოები იყოს მომრგვალებული, რათა ბავშვმა არ დაიზიანოს ღრძილები. დასაწყისში შეგიძლიათ თქვენ ჩაარჭოთ ჩანგალი საკვებს და შემდეგ მიაწოდოთ ბავშვს, შემდეგ კი დაეხმაროთ, რომ თვითონ სცადოს იგივე. სასურველია, საკვებად გამოიყენოთ კარგად მოხარშული ბოსტნეული ან ხილის ნაჭრები.
მოგვიანებით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალი ხარისხის პლასტმასის ჩანგლები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უსაფრთხოდ კვების დროს, ბავშვის სხეულის პოზაა მაგიდასთან. მაგიდა არ უნდა იყოს არც ძალიან დაბალი და არც ძალიან მაღალი. ბავშვი თავისუფლად უნდა ახერხებდეს იდაყვების დაყრდნობას მაგიდაზე. ბავშვის ფეხები აუცილებლად უნდა იდოს რაიმე მყარ ზედაპირზე და არ უნდა ეკიდოს სივრცეში. საბავშვო სკამი არ უნდა იყოს გადაწეული ძალიან უკან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საკვების გადაცდენა და არც წინ მოხრილი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხერხემლის დაზიანება.
იმისათვის, რომ ბავშვმა საკუთარ მოძრაობებს გაუწიოს მონიტორინგი, გამოიყენეთ პატარა მაგიდის სარკე. კვების დროს ბავშვი დაინახავს საკუთარ თავს სარკეში, რაც გაუადვილებს მას კოვზის ან ჩანგლის პირთან დამიზნებას, დააკვირდება ღეჭვის პროცესს, პირის მოძრაობებს და ა.შ.
დამოუკიდებლად კვების აქტივობები:
- ერთი კოვზი თქვენ, ერთი კოვზი ბავშვს – ორი კოვზით თამაში ძალიან სახალისოა. მიაწოდეთ ბავშვს სხვა კოვზი, ვიდრე თქვენ აჭმევთ და მიეცით საშუალება ითამაშოს. შესაძლებელია ერთი ლუკმა თქვენ მიაწოდოთ, მეორე მან სცადოს. ასე თამაში გაუადვილებს ბავშვს კოვზთან ადაპტაციას და თან არც მშიერი დარჩება, სანამ სრულფასოვნად კოვზის გამოყენებას ისწავლის. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანგალზეც.
- კვების დრო – კოვზისა და ჩანგლის მოხმარებაზე ვარჯიში დაამთხვიეთ კვების შუა პერიოდს. ამ დროს ბავშვი შედარებით დანაყრებულია, თუმცა ჯერ კიდევ საკმარისად მშიერი, რომ სცადოს საკვების მიღება დამოუკიდებლად.
- იმიტაციები – მიეცით ბავშვს საშუალება დააკვირდეს თქვენ როგორ იკვებებით ჩანგლით და კოვზით. გაახმოვანეთ თქვენი მოქმედებები ხმამაღლა და შეასრულეთ ნელა. მაგალითად: ახლა მე კოვზს ამოვავლებ საჭმელში, ახლა კოვზი მოფრინავს პირთან და გააღეთ დიდი პირი. ჩაიდეთ კოვზი და აჩვენეთ, რომ ახლა საჭმელი პირშია და კოვზი ცარიელია. არტისტულად შეასრულეთ ღეჭვის მოძრაობები და ბოლოს გააღეთ პირი და აჩვენეთ რომ საკვები გადაყლაპეთ. სთხოვეთ ბავშვს ახლა მან შეასრულოს იგივე.
- სათამაშო სამზარეულო – შეიძინეთ საბავშვო სამზარეულო და აჭამეთ ბავშვის საყვარელ თოჯინებს, ჩანგლის და კოვზის გამოყენებით, საკვები. გამოიყენეთ იგივე წესები სათამაშოებთან, რაც გსურთ, რომ ბავშვმა შეასრულოს.
- სცადეთ სხვადასხვა კოვზი/ჩანგალი – შეიძინეთ სხვადასხვა ფერის, ფორმის ჩანგალი და კოვზი. ამოავლეთ კოვზები ბავშვის საყვარელ იოგურტში, ხოლო ჩანგლებისთვის გამოიყენეთ მისი საყვარელი დაჭრილი ხილის ნაჭრები და დააკვირდით, რომელი მათგანით უფრო უკეთესად იკვებება ბავშვი.
- თეფშების არჩევა – კოვზით კვების დროს გამოიყენეთ მაღალ კიდეებიანი თეფშები, რათა ბავშვს გაუადვილდეს კიდეების გამოყენებით საკვების კოვზზე ამოღება, ხოლო ჩანგლის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სორტერი, სადაც პატარა ნაჭრებად დაჭრილ სხვადასხვა სახეობის ან ფერის ხილს და ბოსტნეულს მოათავსებთ და ბავშვი თვითონ ამოარჩევს და ჩაარჭობს ჩანგალს. გამოიყენეთ მაგიდაზე დასაკრობი თეფში, რომელიც არ აყირავდება და კომფორტული იქნება ბავშვისთვის კვების პროცესში.
დაიმახსოვრეთ, არ გამოიყენოთ ზედმეტად ცხელი, ცხარე ან მჟავე საკვები აქტივობებისთვის. სასურველია, კოვზის და ჩანგლის გამოყენება ბავშვს საყვარელ საკვებზე შესთავაზოთ. მიეცით მას საკმარისი დრო, რომ დაიწყოს დამოუკიდებლად კვება. არ გაკიცხოთ, არ მისცეთ შენიშვნები, თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანი, რომელზე დაკვირვებითაც ბავშვი ისწავლის ჩანგლის და კოვზის გამოყენებას.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორმა,
განათლების ფსიქოლოგმა