მარინე მაისურაძე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუღაშენის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი
სამცხე-ჯავახეთი ჩემი მშობლიური კუთხეა. დავიბადე და გავიზარდე ჯავახეთის ერთ პატარა, კოპწია და ლამაზ სოფელში – კოთელიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობით – ქართული ენა და ლიტერატურა.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობა სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო; თავდაპირველად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის არასრულ საშუალო სკოლაში, შემდეგ – მშობლიური სოფლის სკოლაში, მოკლე პერიოდით. 2000 წლიდან 2010 წლამდე ვმუშაობდი თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ახლად დანიშნული დირექტორის მიერ გატარებული „რეორგანიზაციის“ წყალობით, თორმეტი პედაგოგი (მათ შორის სკოლის სულისჩამდგმელი, ყოფილი დირექტორიც) დავრჩით სამსახურის გარეშე, რადგან ახალ დანიშნულ დირექტორს ზოგი პედაგოგის „თმის ფერი“ არ მოეწონა, ზოგის – „თვალები“ (მისი განმარტებით). მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია, „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“. 2012 წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები საგანსა და პროფესიულ უნარებში. 2014 წელს მონაწილეობა მივიღე მასწავლებლის სახლის მიერ, კადრების შერჩევის მიზნით, გამოცხადებულ კონკურსში. ყველა ეტაპი წარმატებით გავიარე და ჩავერთე პროგრამაში „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“. შევუერთდი გუნდს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და მეტად საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება. ამ გუნდის წევრობა ჩემთვის ერთობ საამაყოც იყო და დიდი გამოწვევაც; რთული, მაგრამ საინტერესოც, ვინაიდან სხვა ენის, კულტურისა თუ ტრადიციების მქონე საზოგადოებაში მომიწევდა ინტეგრაცია. ჩავალაგე ბარგი (ოჯახი თბილისში მყავს) და ასე დავუბრუნდი მშობლიურ კუთხეს, ამჯერად უკვე საპატიო და საინტერესო მისიის შესასრულებლად. მისტიკურია ჩემი ჯავახეთი, იდუმალი და საოცარი, თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით.
განაწილებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში მოვხვდი. სოფელი მთლიანად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობითაა დასახლებული – საოცრად კეთილი, თბილი, სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხით. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური კუთხეა, მანამდე არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა არაქართველ მოსახლეობასთან, შესაბამისად, ენობრივი ბარიერიც დიდი პრობლემა იყო.
ბუღაშენის საჯარო სკოლა სავალალო მდგომარეობაში დამხვდა, უკიდურესად ავარიულ შენობაში სასწავლო პროცესის წარმართვა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. საშინელ მდგომარეობაში იყო საკლასო ოთახებიც, ნესტიანი და დაბზარული კედლები, ჩაბნელებული დერეფნები და ვინ მოთვლის კიდევ რა… ამ ყველაფერმა საშინლად იმოქმედა ჩემზე, ვერ ვიფიქრებდი, მსგავსი რამ თუ დამხვდებოდა. ამ პირობებში დარჩენა და მუშაობა ვერ წარმომედგინა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ფიქრში გავათენე. აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ასეთ პირობებში ბავშვებიც ძალიან მეცოდებოდნენ. თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე… მაგრამ, ვერ შევძელი. მეორე დღეს ისევ სკოლას მივაშურე. კარგად მახსოვს ერთ-ერთი მოსწავლის, ქნარიკის სიტყვები – მასწავლებელო, გვეგონა აღარ მოხვიდოდითო. ალბათ სახეზე მეწერა შთაბეჭდილება და ამიტომ. დავრჩი იმ პირობით (საკუთარ თავს აღვუთქვი), რომ მხოლოდ ერთ სასწავლო წელს ვიმუშავებდი, მაგრამ, აი, უკვე თერთმეტმა წელმა გაირბინა თვალსა და ხელს შუა.
სკოლის დირექტორის ძალისხმევითა და განათლების სამინისტროს თაოსნობით, 2015 წლისთვის, სოფელში გაიხსნა სრულიად ახალი, საქართველოში პირველი ენერგოეფექტური მასალით აგებული საჯარო სკოლა (მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ზამთარში აქ ტემპერატურა, თითქმის, მინუს ოცდაათ გრადუსს აღწევს). 120 მოსწავლეზე გათვლილი, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საჯარო სკოლის მშენებლობა ამ სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო და საოფისე ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. სამწუხაროდ, არ გვაქვს სააქტო დარბაზი.
თავდაპირველად იყო გაუცხოება, უნდობლად, ეჭვის თვალით ყურება, არც ენის შესწავლის დიდი სურვილი, მაგრამ ეს დამოკიდებულება ძალიან მალე შეიცვალა, მივიღე და მიმიღეს. დღემდე ძალიან თბილი, კეთილგანწყობილი, ერთგული და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს როგორც კოლეგებს, მოსწავლეებს, ისე თემის წარმომადგენლებს. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, როცა ვბრუნდები, ყველა სიხარულითა და ღიმილით მხვდება – „ჩვენი მარინა მოვიდა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნებაო“.
სკოლის დირექტორი, ბატონი თათევოს პალიანი, არაჩვეულებრივი ადამიანია, ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერას. გვყავს შესანიშნავი, შეკრული, ძლიერი პედკოლექტივი, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და ეტაპობრივად მიჰყვებიან სასკოლო ცხოვრებას.
წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. სტატუსით წამყვანი პედაგოგი ვარ. მუდმივად ვზრუნავდი როგორც პირად, ასევე კოლეგების კარიერულ წინსვლაზე. შედეგია ის, რომ სკოლის ყველა პედაგოგმა წარმატებით ჩააბარა საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა. ყველა პედაგოგმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო ენის კურსები. სტატუსით, ყველა უფროსი მასწავლებელია.
მართალია, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება უჭირთ, გარემო პირობებიდან, ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც შეძლეს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (სახელმწიფო ენა უკეთ ესმით, ვიდრე საუბრობენ). გამართული მეტყველება პრაქტიკითაა მისაღწევი, რასაც, სამწუხაროდ, გარემო პირობები უშლის ხელს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უზომოდ მადლიერი ვარ იმ ოჯახის, რომელმაც თავდაპირველად მიმასპინძლა. ენობრივი ბარიერის მიუხედავად კომუნიკაცია მაინც გამოგვდიოდა, მეტწილად ჟესტებით. ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და საყვარელი ადამიანია ქალბატონი სუსანა.
უკვე ცხრა წელია, რაც ქალბატონმა რიმამ ნდობა გამომიცხადა და საკუთარი სახლის გასაღები ჩამაბარა. მადლობა მას ამ ნდობისთვის.
ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებთან საკმაოდ დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები ნაკისრ ვალდებულებას. ვცდილობ, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით, საინტერესო გავხადო გაკვეთილები და მეტი მოტივაცია მივცე ენის შესასწავლად. მოსწავლე ხომ სკოლის არტერიაა, სკოლა კი – ცოცხალი ორგანიზმი. მასწავლებლობა უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს სწავლებისას, ჩვენც ხომ მუდმივად ვსწავლობთ, ვინაიდან პიროვნების ჩამოყალიბებას ვუწყობთ ხელს, მაშასადამე შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს.
საკმაოდ ნიჭიერი და კარგი მოსწავლეები გვყავს. ერთი პატარა სოფლისათვის, სადაც, დაახლოებით, 120 ოჯახამდე ცხოვრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბევრი წარმატებული სტუდენტი გვყავს, ნაწილი დასაქმდა კიდეც. ძალიან მახარებს მათი წარმატება, განსაკუთრებით იმის გააზრება, რომ მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის მათ განვითარებასა და წარმატებაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ათი წლის წინ დედაქალაქში სასწავლებლად არავინ მიდიოდა ამ სოფლიდან. მასწავლებლის შრომის შედეგი ხომ მოსწავლეების წარმატებით განისაზღვრება. წარმატებული მოსწავლეების გვერდით ზარმაცი მოსწავლეებიც გვყავს, ვისაც სწავლა დიდად არ აინტერესებს, მაგრამ, რაც მთავარია, კარგ ადამიანებად ყალიბდებიან. ჩემთვის კი, მოტივაციის წყარო ჩემი მოსწავლეების, თუნდაც მცირე, შედეგებია.
მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ობიექტური, მიუკერძოებელი. ბავშვები ამას ძალიან კარგად გრძნობენ, ისინი ხომ ყველაზე გულწრფელი შემფასებლები არიან. ვცდილობთ ერთმანეთს უზომოდ ბევრი სითბო ვაჩუქოთ და დადებითი ემოციებით ავავსოთ, რაც ძალიან გვეხმარება როგორც ურთიერთნდობის მოპოვებაში, ისე სწავლების პროცესში. ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ოლიმპიადებშიც.
ვცდილობ, მოსწავლეები მუდმივად ჩავრთო არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობებში, ვინაიდან არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია.
ვქმნით რესურსებს, კეთებით სწავლება გვეხმარება დასწავლაში; ვაწყობთ ღონისძიებებს, ვეცნობით და ვსწავლობთ ქართულ ტრადიციებსა და კულტურას კუთხეების მიხედვით, ვიკვლევთ და ვეცნობით, ეტაპობრივად, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, დავდივართ ექსკურსიებზე, ვაწყობთ პიკნიკებს და ერთად ვაგროვებთ სასიამოვნო მოგონებებს. ყველაფერ ამას თავისი მიზნობრივი დატვირთვა აქვს, ვინაიდან მხოლოდ საგაკვეთილო დრო ძალიან მცირეა იმისათვის, რომ აუმაღლდეთ ცნობიერება, გამოიყენონ და ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე; იყვნენ ტოლერანტულნი, აფასებდნენ დემოკრატიულ ღირებულებებს, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ და შექმნან ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი.
კარგად აქვთ გაცნობიერებული სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა მოსწავლეებსაც და მშობლებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ ქართულად განათლების მიღებაში. ჩვენ ხომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ბევრი საერთო გვაქვს, ამიტომ, ერთობ მნიშვნელოვანია ასეთი პროგრამების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.
დაბოლოს, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ პროგრამაში ჩართული კონსულტანტ-მასწავლებლები ერთი მთლიანი გუნდი ვართ, ერთმანეთის მხარდამხარ, ვუზიარებთ გამოცდილებებს, პრობლემებსაც ერთად ვაგვარებთ და ასე მოვდივართ ურთიერთთანადგომით, წლების მანძილზე ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში პროგრამის ხელმძღვანელის, ნინო ბერიკაშვილის მხარდაჭერით.