კიბერბულინგი არის განმეორებადი და ინტენსიური, ერთი ადმიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ განხორციელებული, ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ციფრული კომუნიკაციის საშუალებით (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი და ა.შ.), სხვა ადამიანის (ადამიანების) შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, შევიწროებას, დამცირებას მუქარას, პერსონალური მონაცემების არანებაყოფლობით გამჟღავნებას, ადევნებას, შეურაცხყოფას, ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაშინებას, რაც მის/მათ გულისტკენას, გაბრაზებას, შეშინებას და/ან წყენას იწვევს. ის, ძირითადად, ხორციელდება მეილისა და მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსებით, უხამსი ჭორების გავრცელებით, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნით.
კიბერბულინგში ჩართული სუბიექტები არიან: კიბერბულინგის გამტარებელი, მსხვერპლი, ბულინგის შემსწრე და კიბერმოძალადე.
კიბერბულინგის მოსალოდნელი შედეგების კლასიფიკაცია ორი ნიშნით ხდება:
√ ემოციურ-ფსიქოლოგიური – დეპრესია, უხერხულობა, დარდი, ნერვიულობა, იმედგაცრუება, ბრაზი, აგრესია, თავდაჯერებულობის დაკარგვა, დაბალი თვითშეფასება, შიში. ასეთი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი, თავის მხრივ, უარყოფას, ჩაკეტვას, ოჯახში, სკოლაში და მეგობრებთან პრობლემებს, დაბალ აკადემიურ მოსწრებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში, კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდი თვითომ ხდება მოძალადე;
√ ფიზიკური – თვითდაზიანება, თვითმკვლელობაზე ფიქრი, მცდელობა და აღსრულება, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება (ძილის დარღვევა) ან თავისა და მუცლის ტკივილი. უკიდურეს შემთხვევაში, კიბერბულინგს ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს.
სოციალური ქსელების მზარდი პოპულარობის კვალდაკვალ, იმატა კიბერბულინგის საფრთხემაც. ამიტომ, აუცილებელია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათგან თავდაცვის და უსაფრთხოების წესების შესახებ.
კიბერბულინგს მოზარდზე უფრო ძლიერი უარყოფითი გავლენა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ბულინგსა და ჩაგვრას, რადგან ამ დროს მას თავის დაღწევა არ შეუძლია – ისეთი შეგრძნება იპყრობს, თითქოს ყველგან, საკუთარ სახლშიც კი, თავს ესხმიან. შეიძლება, მოეჩვენოს კიდეც, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს. კიბერბულინგის შედეგები შესაძლოა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და მოზარდზე სხვადასხვაგვარად (ნებისმიერ შემთხვევაში – უარყოფითად) იმოქმედოს.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, უსაფრთხო სასწავლო გარემო სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამიტომაც, სკოლას დიდი ძალისხმევა მართებს, მაქსიმალურად უზრუნველყოს სკოლაში მოსწავლეთა კიბერუსაფრთხოება. სკოლის პასუხისმგებლობაა, შეიმუშავოს და განახორციელოს სკოლაში ყველა ფორმის ბულინგის, მათ შორის, კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოლიტიკა და სტრატეგიები. სკოლას უნდა ჰქონდეს ბულინგის მიმართ გამოკვეთილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. სულ უფრო მეტი სასკოლო და არასასკოლო პროგრამა ქმნის კიბერბულინგზე რეაგირების სისტემებს. კიბერბულინგის დროს, საფრთხის ქვეშ მოზარდის აკადემიური განვითარებაც დგას, რადგან აგრესორისაგან თავის დასაღწევად, ბავშვი სკოლას არიდებს თავს. ის , მის ფსიქიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე ღრმა კვალს ტოვებს.
უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლის როლი სკოლაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ მასწავლებელი შენიშნავს, რომ მოსწავლე მოულოდნელად წყვეტს კომპიუტერის, სოციალური მედიის გამოყენებას ან ამ პროცესში ნერვიულობს; სოციალური მედიის გამოყენების შემდეგ ავლენს გაბრაზებას, იმედგაცრუებას, დეპრესიას, თავის თავში ჩაკეტვას, არ უნდა გარეთ გასვლა; არ სურს საუბარი, განსაკუთრებით თავის ონლაინაქტივობებზე – ის უნდა დაფიქრდეს, ხომ არ არის ეს მოსწავლე კიბერბულინგის მსხვერპლი? თუ მოსწავლე უეცრად კეცავს კომპიუტერის ეკრანს; ღიზიანდება, თუ კომპიუტერს რაიმე მიზეზით ვერ იყენებს; არ საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებს ონლაინ-ამან მასწავლებელი უნდა დააფიქროს, ხომ არ არის ეს მოსწავლე კიბერბულინგის გამტარებელი ან კიბერმოძალადე?
იმისათვის, რომ მოსწავლე მაქსიმალურად დავიცვათ კიბერძალადობისაგან, მასწავლებლები უნდა ვესაუბროთ და ავუხსნათ მათ ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება კიბერბულინგისაგან თავის დაცვაში, კერძოდ:
√ სიფრთხილით მოეკიდონ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვებას, (ოჯახის წევრების სახელები, სკოლა, რომელშიც სწავლობენ, ტელეფონის ნომერი, მისამართი, და სხვა);
√ ტელეფონის, აპლიკაციის, სოციალური მედიის (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, და ა.შ.) კონფიდენციალურობის პარამეტრები დააყენონ ისე, რომ შეძლონ გაკონტროლება, ვის შეუძლია მათთან დაკონტაქტება, მათ პირად სივრცეში (კედელზე) პოსტის ან კომენტარის დატოვება ან მისი გაზიარება. ასევე, ყურადღებით აირჩიონ, ვის ანიჭებენ თავიანთ მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, ვიდეოებსა თუ სხვა კონტენტზე წვდომას;
√ დაფიქრდნენ, სანამ რამეს დაპოსტავენ ან დააკომენტარებენ. ახსოვდეთ, ონლაინსივრცეში არაფერი იკარგება. ერთხელ დაპოსტილი ან დატოვებული კომენტარი სამუდამოდ რჩება და ის შეიძლება, მათთვის არასასურველმა პიროვნებამ ნახოს;
√ კიბერადევნების თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ თავიანთი ადგილსამყოფელის გაზიარებისგან. ექსკურსიებთან, კონცერტებთან და ა.შ. დაკავშირებული პოსტები და სურათები მოგვიანებით გააზიარონ, უმჯობესია, სახლში დაბრუნების შემდეგ. გამორთონ ლოკაციის ფუნქცია და ვიდეოკამერა, როდესაც მას არ იყენებენ;
√ არასდროს არ გაავრცელონ ან მოიწონონ/დაალაიქონ კიბერბულინგის შემცველი პოსტი, სურათი, ვიდეო, კომენტარი და ა.შ. ამით ისინი ბულინგის შემსწრე და, შესაძლოა, მონაწილეც ხდებიან;
√ თუ ინტერნეტსივრცეში რაიმე მიუღებელს ნახავენ ან წაიკითხავენ, აუცილებლად განაცხადონ ამის შესახებ მმასწავლებელთან ან მშობელთან;
√ არ უპასუხონ კიბერბულინგს. როდესაც საქმე ეხება შედარებით მსუბუქი ხასიათის კიბერბულინგს, როგორიცაა სასაცილო სახელის შერქმევა, მსუბუქი შეურაცხყოფა, მწარე ხუმრობა, დაცინვის მარტივი მცდელობა. კიბერბულინგის გამტარებლის/მოძალადის მიზანი ხომ მათთვის წყენის და ემოციური ზიანის მოყენებაა. უპასუხოდ დარჩენილი მცდელობები მოძალადეს ბულინგის გაგრძელების სურვილს უკარგავს;
√ არ წაშალონ კიბერბულინგის შემცველი მესიჯები და მათი ე.წ. სქრინშოთები შეინახონ. მნიშვნელოვანია პოსტების, კომენტარების, მესიჯების თარიღების და თანმიმდევრობის დოკუმენტირებაც, რაც, საბოლოო ჯამში, გამოძიებას სიმართლის და დამნაშავის დადგენაში დაეხმარება, საიტის ადმინისტრაციას კი – ანგარიშის დაბლოკვაში ან სხვა სახის რეაგირებაში;
√ გამოიყენონ კონტაქტის დაბლოკვის ფუნქცია ტელეფონში, სოციალურ მედიაში თუ ე.წ. ჩათის სივრცეებში;
√ კიბერბულინგის შესახებ აცნობონ მშობელს, სკოლას, სკოლის უსაფრთხოების სამსახურს (მანდატური), პოლიციას (112).
კიბერუსაფრთხოებისათვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სკოლებში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების სწავლებას. ასევე, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების აქტივობები: კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოსტერების დახატვა, ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა და ა.შ.
სოფიო ხმელიძე
სსიპ ქ. ქუთაისი 38-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
მზია სანიკიძე
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი