2 აპრილი, კვირა, 2023

იყო და არა იყო რა უფ­რო­სე­ბის­თ­ვის

spot_img

ქე­თე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლი
ფი­ლო­ლო­გი, რე­დაქ­ტო­რი

 

მო­დი, შევ­ცუ­როთ სამ­შ­ვინ­ვე­ლის უსი­ერ წყლებ­ში, სა­დაც მყარ ნი­ა­დაგს ვერ ვიგ­რ­ძ­ნობთ. ფე­ხი არც ბა­ლახ­ში მი­მა­ლულ ფესვს წა­მო­ე­დე­ბა და არც ღრუ­ბე­ლი­ვით ნო­ტიო და ხა­ვერ­დო­ვან ხავ­ს­ში ჩა­ეფ­ლო­ბა; აქ ყვე­ლა­ფე­რი ლივ­ლი­ვებს, წა­მი­ე­რად იც­ვ­ლე­ბა და ერ­თ­მა­ნეთ­ში გარ­და­ი­სა­ხე­ბა; აქ ერთ წამ­ში იქ­სო­ვე­ბა უც­ნა­უ­რი ხატ-სა­ხე­ე­ბი­სა და თვალ­შე­უდ­გა­მი სივ­რ­ცე­ე­ბის ტი­ლო და ერთ წამ­ში­ვე ქრე­ბა.

ჩვე­ნი გა­უჩ­ვე­ვე­ლი, ინ­ტე­ლექტს მობღა­უ­ჭე­ბუ­ლი თვა­ლი ვე­რა­ფერ­ზე ჩერ­დე­ბა და ვე­რა­ნა­ირ ხატს ვერ ქმნის. თით­ქოს უფო­კუ­სო, ქა­ო­ტურ სივ­რ­ცე­ში ტრი­ა­ლებს ჩვე­ნი ეგო, აქამ­დე ასე მყა­რად ჩამ­ჯ­და­რი, თა­ვი­სი ცი­ხე-კოშ­კის ბა­ტონ-პატ­რო­ნი, ქა­რა­შოტს აყო­ლი­ლი ფო­თო­ლი­ვით ტრი­ა­ლებს ხატ-სა­ხე­თა ამ ქა­ო­ტურ გრი­გალ­ში და ვე­რა­ფე­რი გა­უ­გია.

და მა­ინც, ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც დი­ად, ჩვენ­თ­ვის გა­მო­უც­ნობ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა. მო­დი, ზარ­მა­ცი და მე­ოც­ნე­ბე თან­დი­ლა­სა­ვით, ნე­ბივ­რად რომ წა­მო­წო­ლი­ლა რბილ ბა­ლახ­ზე, თა­ვი­სი ციკ­ნე­ბი და­ვიწყ­ნია და ცა­ზე მო­ა­რულ ღრუ­ბელ­თა ნა­ირ­ფერ ხა­ტებს შეს­ც­ქე­რის, ჩვენც და­ვი­ვიწყოთ ცო­ტა ხნით… და­ვი­ვიწყოთ… და­ვიწყე­ბა ხომ ხან­და­ხან ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნის გახ­სე­ნე­ბაა…

ნა­ცარ­ქე­ქია

რას წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ზღა­პა­რი „ნა­ცარ­ქე­ქია“?

რას გვე­უბ­ნე­ბა და რა­ტომ უნ­და წა­ვუ­კითხოთ ბავ­შ­ვებს?

რას წარ­მო­ად­გენს მი­სი გმი­რი?

რა თქმა უნ­და, ნა­ცარ­ქე­ქია არც ბე­დის სა­ძი­ებ­ლად წა­სუ­ლი უფ­ლის­წუ­ლია, არც მფრი­ნავ რაშ­ზე ზის და არც ოქ­როს ისა­რი უპყ­რია ხელთ. არც ცი­ხე-კოშ­კ­ში გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი მზე­თუ­ნა­ხა­ვი მო­ე­ლის. მი­სი იარა­ღიც ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ოქ­როს­ქოჩ­რი­ა­ნი მზე­ჭა­ბუ­კის იარა­ღის­გან და საკ­მა­ოდ გრო­ტეს­კუ­ლად გა­მო­იც­ქი­რე­ბა. ეს ხომ არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი – ყვე­ლი, ნა­ცა­რი და სად­გი­სია!

ერ­თი სიტყ­ვით, ნა­ცარ­ქე­ქია არაა ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რის მომ­ხიბ­ლა­ვი გმი­რი. თუმ­ცა, ჯა­დოს­ნურ ზღა­პარ­შიც გვხვდე­ბი­ან იმ­გ­ვა­რი ტი­პის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც ან მე­ღო­რე­ე­ბად მსა­ხუ­რო­ბენ, ან მო­ჯა­მა­გი­რე­ე­ბად, ან მზა­რე­უ­ლე­ბად (ნა­ცარ­თან და ცეცხ­ლ­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი), ან ტი­ლი­ა­ნე­ბი და გა­მუ­რუ­ლე­ბი არი­ან (მე­ფე არ­ტუ­რი, კონ­კია – იგი­ვე ცინ­დე­რე­ლა-ზო­ლუშ­კა), მაგ­რამ ფი­ნალ­ში მა­ინც გა­ი­ელ­ვებს მა­თი „ოქ­როს ქო­ჩო­რი“ თუ ოქ­როს თმა და სა­ბო­ლო­ოდ, მთე­ლი თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბით წარ­დ­გე­ბი­ან ხოლ­მე ჩვენ წი­ნა­შე.

ნა­ცარ­ქე­ქია კი თით­ქოს ისევ ნა­ცარ­ქე­ქი­ად რჩე­ბა და დღეს ბევრს უჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა, ოქ­როს­ქოჩ­რი­ა­ნი, ხელ­დას­ხ­მუ­ლი და მზის ცვრით პირ­და­ბა­ნი­ლი მზე­ჭა­ბუ­კე­ბის მე­რე, სა­ი­დან მო­ვი­და ეს ნა­ცარ­თან მიგ­დე­ბუ­ლი, უსა­ხუ­რი გმი­რი და რა­ტომ უნ­და იცოდ­ნენ ბავ­შ­ვებ­მა ამ „უქ­ნა­რა და მატყუ­ა­რა“ კა­ცის ამ­ბა­ვი. მი­სა­ბა­ძია თუ გა­სა­კიცხი?

რას ნიშ­ნავს ნაც­რის ქექ­ვა, ნა­ცარ­ქე­ქი­ო­ბა?

ნა­ცარ­ქე­ქია კე­რი­ის პი­რას ზის. კე­რია კი ოდით­გან­ვე ოჯა­ხის წმი­და­თაწ­მი­და ად­გი­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. კე­რი­ას მხო­ლოდ ოჯა­ხის გა­მოკ­ვე­ბის ფუნ­ქ­ცია არ ჰქონ­და, აქ ხდე­ბო­და ნათ­ლო­ბა, ფი­ცის და­დე­ბა, მო­შუ­ღარ­თა შე­რი­გე­ბა და სხვა რი­ტუ­ა­ლე­ბი.

კე­რი­ა­ში მა­რად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ცეცხ­ლი, რა­საც ენა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბიც მოწ­მობს (კე­რი­ას და­უბ­რუნ­და, კე­რია არ გა­ა­ცია და ა.შ.).

ცეცხ­ლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნა­ცა­რი, რო­მე­ლიც წვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია.

ნა­ცარს იყ­რიდ­ნენ თავ­ზე გლო­ვის ნიშ­ნად. იგი მხო­ლოდ მწუ­ხა­რე­ბის სიმ­ბო­ლურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბაც ჰქონ­და – გან­წ­მენ­დ­და და ამ­შ­ვი­დებ­და ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კას (რად­გან ყვე­ლა რი­ტუ­ა­ლურ სიმ­ბო­ლოს თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია აკის­რია რო­გორც ირე­ა­ლურ, ასე­ვე რე­ა­ლურ სიბ­რ­ტყე­ზე). ნაც­რის გან­მ­წ­მენ­დი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი რო­გორც ხალ­ხურ, ასე­ვე დღე­ვან­დელ მე­დი­ცი­ნა­ში.

„მზის ეგ­ვიპ­ტურ მის­ტე­რი­ებ­ში ცნო­ბი­ლი იყო მი­თი ფე­ნიქ­სის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მსხვერ­პ­ლად მი­აქვს თა­ვი და იწ­ვის. შემ­დეგ კი კვლავ აღ­დ­გე­ბა ფერ­ფ­ლი­დან. ცეცხ­ლი და ფერ­ფ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­მე­თუ ფერ­ფ­ლი წვის შე­დე­გია. იქ, სა­დაც გუ­ლი წმინ­და გრძნო­ბა­თა ცეცხ­ლ­ში იწ­ვის, სა­დაც ყვე­ლა ქვე­ნა გრძნო­ბა გან­მ­წ­მენდ ცეცხ­ლ­ში და­იწ­ვე­ბა, წარ­მო­იშ­ვე­ბა ში­ნა­გა­ნი სუბ­ს­ტან­ცია, რა­საც ზღაპ­რის ხა­ტო­ვან ენა­ზე ნა­ცა­რი ჰქვია. გან­წ­მენ­და გარ­და­სახ­ვას, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნიშ­ნავს. თუ სამ­შ­ვინ­ველს სურს გა­ი­ა­როს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გზა, იგი ნა­ცარ­თან უნ­და იყოს თა­ნა­ზი­ა­რი (ზო­ლუშ­კა, კონ­კია, ცინ­დე­რე­ლა, ნა­ცარ­ქე­ქია). …ნა­ცა­რი ისაა, რაც გა­ნიწ­მინ­და (ალ­ქი­მი­უ­რი თვალ­საზ­რი­სის თა­ნახ­მად); ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან არ­სე­ბა­ში მო­გიზ­გი­ზე ნე­ბის ცეცხ­ლი გან­მ­წ­მენ­დი ცეცხ­ლია და ში­ნა­გა­ნი გარ­და­სახ­ვის­კენ მი­ყავ­ხარ“ (Bildsprache der Märchen (Verlag Urachhaus, 10:e uppl. 2012).

ნა­ცარ­ში წო­ლა ზღაპ­რის ენა­ზე (და არა ფი­ზი­კურ სიბ­რ­ტყე­ზე) ადა­მი­ა­ნის მშვინ­ვი­ერ-სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის გარ­დაქ­მ­ნას, ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ანუ ახ­ლი­დან და­ბა­დე­ბას მო­ას­წა­ვებს, სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის მის­ტე­რი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ნე­ბის ძა­ლე­ბის ფლო­ბას ნიშ­ნავს, რაც ასე კარ­გად ჩანს ჩვენს ზღა­პარ­ში.

ეს ჩვე­ნი ნა­ცარ­ქე­ქია ზის კე­რი­ას­თან, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ირ საკ­ვებს ამ­ზა­დე­ბენ: ხორ­ცი­ელ, მშვინ­ვი­ერ და სუ­ლი­ერ საკ­ვებს. ეტყო­ბა სა­მი­ვეს „ირ­გებს“ და ემ­ზა­დე­ბა იმ ბნე­ლი ძა­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად, რა­საც დე­ვი ჰქვია.

კე­რი­ის პი­რას ჯდო­მა და ნაც­რის ქექ­ვა, ფი­ზი­კურ სიბ­რ­ტყე­ზე, ან ავად­მ­ყო­ფო­ბად, აღიქ­მე­ბა, ან უმაქ­ნი­სო­ბად, ამი­ტომ გა­რე­შე ძა­ლა აგ­დებს ნა­ცარ­ქე­ქი­ას ში­ნი­დან გა­რეთ და აფხიზ­ლებს, მო­უ­წო­დებს მოქ­მე­დე­ბის­კენ: ადე­ქი, გა­ი­სარ­ჯე, იქეთ მი­დექ, აქეთ მო­დექ და ოჯახ­ში რა­მე შე­მო­ი­ტა­ნე, თო­რემ იცო­დე, ჩვენ შე­ნი რჩე­ნის თა­ვი აღა­რა გვაქვს და სახ­ლი­დან გა­გაგ­დებ­თო. ზღაპ­რის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, ესე­ნი არი­ან ძმე­ბი ან ძმის ცო­ლი.

რა თქმა უნ­და, სმა-ჭა­მა­ში მხო­ლოდ ხორ­ცი­ე­ლი საკ­ვე­ბი არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა – ღმერ­თ­თა მწუხ­რის ჟა­მი დამ­დ­გა­რა და კა­ცობ­რი­ო­ბას აღარ მი­ე­წო­დე­ბა ის მშვინ­ვი­ერ-სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბი, რაც ად­რე ძვე­ლი ნა­თელ­ხილ­ვით ეძ­ლე­ო­და. ნა­ცარ­ქე­ქი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი (ძვე­ლი სამ­შ­ვინ­ვე­ლი) გა­მო­აგ­დე­ბენ ში­ნი­დან (შინ სივ­რ­ცი­დან) – თა­ვა­დაც ხომ ძა­ლი­ან უჭირთ, „ძლივს ყოფ­ნით ძვე­ლი ნა­თელ­ხილ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბი“ და რა­ნა­ი­რად შეძ­ლე­ბენ ნა­ცარ­ქე­ქი­ას გა­მოკ­ვე­ბას?! მათ არ ეს­მით ნა­ცარ­ქე­ქი­ას იმ­პულ­სი, რად­გან კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის ხა­ნაა, რო­ცა ნა­ცარ­ქე­ქი­ას ხერ­ხე­ბით მებ­რ­ძოლ გმირს ჯერ არ შეხ­ვედ­რი­ან სუ­ლი­ერ სფე­რო­ში. მათ ჯერ არ იცი­ან რას ნიშ­ნავს „ხერ­ხი სჯო­ბია ღო­ნე­სა თუ კა­ცი მო­ი­გო­ნებ­სა“ – ჰო­მო სა­პი­ენსს არ ეს­მის რას ნიშ­ნავს ეს „ხერ­ხის მო­გო­ნე­ბა“. ამი­სათ­ვის მათ­მა სამ­შ­ვინ­ველ­მა ერ­თი სა­ფე­ხუ­რით ქვე­მოთ, ინ­ტე­ლექ­ტის­კენ უნ­და ჩა­მო­ი­ნაც­ვ­ლოს. მათ ლექ­სი­კა­ში ჯერ არაა გა­მოთ­ქ­მა „თვალ­ში ნა­ცა­რი შე­ა­ყა­რა“, რაც ასე ზუს­ტად აღ­ნიშ­ნავს ნა­ცარ­ქე­ქი­ო­ბის იმ­პულსს.

ნა­ცარ­ქე­ქია არაა მე­ოც­ნე­ბე თან­დი­ლა, რო­მე­ლიც ბა­ლახ­ზე წა­მო­გო­რე­ბუ­ლა, ზე­ცას შე­ჩე­რე­ბია და ბატ­კ­ნე­ბი უპატ­რო­ნოდ და­უგ­დია. თან­დი­ლას ოც­ნე­ბა­ში ინ­ტე­ლექ­ტი არ მო­ნა­წი­ლე­ობს, ეს უფ­რო ძვე­ლი ნა­თელ­ხილ­ვის ნოს­ტალ­გიაა. ნა­ცარ­ქე­ქია კი კე­რას უზის, ცეცხლს (ცეცხ­ლ­მა მო­ი­ტა­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის ჭკუ­ის, ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ და­სა­ჯეს ღმერ­თებ­მა ამი­რა­ნი-პრო­მე­თე) ინა­ხავს და ნა­ცარს ჩხრეკს, რაც გა­რე­შე თვა­ლის­თ­ვის პა­სი­უ­რო­ბად აღიქ­მე­ბა, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია და აზ­როვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა: ნა­ცარ­ში გავ­ლე­ბუ­ლი ხა­ზე­ბი ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბის, გან­ც­დე­ბი­სა და აზ­რე­ბის სფე­როა (იგი­ვე იმ­პულ­ს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქსო­ვა, რაც ხში­რად გვხვდე­ბა რო­გორც ჯა­დოს­ნურ ზღაპ­რებ­ში, ასე­ვე მი­თო­ლო­გი­ა­ში).

წა­მო­ვი­და ახა­ლი დრო­ის გმი­რი ში­ნი­დან და თან ყოვ­ლად უც­ნა­უ­რი და გა­უ­გე­ბა­რი იარა­ღი წა­მო­ი­ყო­ლა: გუ­და­ში გა­მოკ­რუ­ლი ნა­ცა­რი, ერ­თი თა­ვი ჭყინ­ტი ყვე­ლი და სად­გი­სი. ნა­ცა­რი – გარ­დაქ­მ­ნი­ლი გრძნო­ბა; ყვე­ლი (ცი­ლა) – ფი­ზი­კუ­რი სი­ცოცხ­ლის მა­შე­ნე­ბე­ლი მა­სა­ლა, რო­მელ­საც წყა­ლი, იგი­ვე სი­ცოცხ­ლე გას­დის და სად­გი­სი – ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ასე­ვე მთე­ლის და­ნა­წევ­რე­ბას­თან, აზ­როვ­ნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აი, ამ იარა­ღით უნ­და შე­ებ­რ­ძო­ლოს ბნელ ძა­ლას, რო­მელ­საც ჩვენს ზღა­პარ­ში დე­ვი ჰქვია.

დევ­თან მებ­რ­ძო­ლი გმი­რე­ბი მრავ­ლად გვხვდე­ბა რო­გორც ქარ­თულ ზღაპ­რებ­ში, ასე­ვე მი­თო­ლო­გი­ა­ში და ნა­ცარ­ქე­ქია არც ერთს არ ჰგავს. არც ისე­თი ღო­ნე აქვს, რომ დე­ვის ფი­ზი­კურ ძა­ლას თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა და­უ­პი­რის­პი­როს, არც ნატ­ვ­რის თვა­ლი, აღარც მფრი­ნა­ვი რა­ში და ფას­კუნ­ჯი ჰყავს დამ­ხ­მა­რედ. არც ღვთის­შ­ვილ­ნი სწყა­ლო­ბენ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ჭკუა-გო­ნე­ბი­სა და მო­ხერ­ხე­ბის იმე­დად უნ­და იყოს.

„არ­სე­ბობს ქარ­თულ ნო­ვე­ლის­ტურ ზღაპ­რებ­ში პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც იარა­ღად ტყუ­ი­ლი აქვს მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის გა­ცუ­რე­ბით აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას და ეს წარ­მა­ტე­ბა არის არა დრო­ე­ბი­თი, რო­გორც ქო­სატყუ­ი­ლა­სი ან მის მსგავ­ს­თა, არა­მედ სა­ბო­ლოო. ეს პერ­სო­ნა­ჟი ნა­ცარ­ქე­ქიაა“ (ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე, „ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რი“, გვ.108).

რას წარ­მო­ად­გენს დე­ვი და უნ­და მო­ეტყუ­ე­ბი­ნა თუ არა ნა­ცარ­ქე­ქი­ას?

ყვე­ლა ქვეყ­ნის ზღა­პა­რი სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს გა­მო­ხა­ტავს და სი­კე­თის გა­მარ­ჯ­ვე­ბით მთავ­რ­დე­ბა. გა­ნა იმი­ტომ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის მან­ძილ­ზე სი­კე­თე ჭარ­ბობ­და ბო­რო­ტე­ბას, ან ძა­ლი­ან იოლი იყო ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლა. ამ ზღაპ­რე­ბი­სა და მი­თე­ბის მთქმე­ლებ­მა, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას რომ გა­დას­ცემ­დ­ნენ კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ერ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ტან­ჯ­ვი­თა და წვა­ლე­ბით გავ­ლილ გზას და ამ გზა­ზე მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა თუ სიბ­რ­ძ­ნეს, კარ­გად უწყოდ­ნენ, რა დი­დი გზა ედო ადა­მი­ანს გა­სავ­ლე­ლი, რამ­დენ რა­მე­ზე და­ეჭ­ვ­დე­ბო­და და არ ეცო­დი­ნე­ბო­და სწო­რად იქ­ცე­ვა თუ არა. ისე­ვე რო­გორც დღეს ის­მის აქა-იქ კითხ­ვა, უნ­და და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა ტყუ­ი­ლით ნა­ცარ­ქე­ქი­ას დე­ვი თუ არა? არაა ამის გა­მო ნა­ცარ­ქე­ქია გა­სა­კიცხი? არის კი მი­სი საქ­ცი­ე­ლი მა­გა­ლი­თი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის?

დე­ვი უკე­თუ­რი ძა­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ზღაპ­რულ სამ­ყა­როს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზებს და კომ­პ­რო­მი­სი არ იცის. ნა­ცარ­ქე­ქი­ას საქ­ცი­ე­ლი რომ გა­სა­კიცხი ყო­ფი­ლი­ყო, იგი დე­ვე­ბის გან­ძის მფლო­ბე­ლი კი არ გახ­დე­ბო­და, სა­სა­ცი­ლოდ აიგ­დებ­დ­ნენ და ამ ზღა­პარს სხვა და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­და. ზღა­პა­რი არა­სო­დეს ცდე­ბა, რად­გან ზღა­პა­რი ყვე­ლა­ზე დი­დი რე­ა­ლო­ბაა და მის­თ­ვის უცხოა, შე­უძ­ლე­ბე­ლია სიც­რუე და კომ­პ­რო­მი­სი. იგი ყვე­ლა­ზე უკეთ ასა­ხავს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას. ეს გან­ძი კი სხვა არა­ფე­რია, თუ არა სუ­ლი­ერ სიბ­რ­ტყე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რე. ნა­ცარ­ქე­ქი­ამ თა­ვის ძმებს მი­უ­ტა­ნა ნა­დავ­ლი, თა­ვად არ აიღო ისე­ვე, რო­გორც ალ­ქი­მი­კო­სე­ბი არ იყე­ნებ­დ­ნენ ოქ­როს პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თ­ვის.

ნა­ცარ­ქე­ქი­ამ ის ღა­რი გაკ­ვა­ლა ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ერ­ში, რო­მელ­შიც ამი­ე­რი­დან თა­ვი­სუფ­ლად იდენს ინ­ტე­ლექ­ტი. ამი­ე­რი­დან ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ჭკუ­ით მო­უ­გოს უხეშ ძა­ლას – „თვალ­ში ნა­ცა­რი შე­ა­ყა­როს“. ამ ჭკუ­ის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა კი მხო­ლოდ გან­მ­წ­მენდ ცეცხ­ლ­ში გა­მოწ­რ­თო­ბი­ლი მე-თი შე­იძ­ლე­ბა. ამის სიმ­ბო­ლოა ნა­ცა­რი და სწო­რედ ამას გვე­უბ­ნე­ბა ეს ზღა­პა­რი.

ნა­ცარ­ქე­ქია მდი­ნა­რე­ზე თვი­თონ ვერ გა­და­დის. მდი­ნა­რე ზღვა­რია ორ სამ­ყა­როს შო­რის. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს რა­ნა­ი­რად გა­და­ლა­ხავ ამ ზღვარს ისე, რომ უკე­თუ­რი ძა­ლის ტყვე არ გახ­დე და მი­ზან­საც მი­აღ­წიო. მდი­ნა­რე­ზე ან ხი­დი უნ­და იყოს გა­დე­ბუ­ლი, ან ვინ­მემ უნ­და გა­და­გიყ­ვა­ნოს. ნა­ცარ­ქე­ქია ახერ­ხებს, რომ თა­ვად დევ­მა გა­და­იყ­ვა­ნოს და იმა­საც ახერ­ხებს, რომ იმ სამ­ყა­რო­შიც გა­და­ი­ყო­ლოს თა­ვი­სი ცნო­ბი­ე­რი და სწო­რედ მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­პო­ვოს ოქ­რო, ანუ დე­ვე­ბის მი­ერ დაპყ­რო­ბი­ლი სუ­ლი­ე­რი სა­უნ­ჯე. ეს არაა უბ­რა­ლო რამ და ამ კუთხი­თაც გა­მო­ნაკლის­თა შო­რი­საა ჩვე­ნი ნა­ცარ­ქე­ქია.

ასე რომ, ნუ შეშ­ფოთ­დე­ბით მშობ­ლე­ბო და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბო თუ თქვენს შვილს ნა­ცარ­ქე­ქი­ას ოინე­ბი მო­ე­წო­ნე­ბა, რად­გან ეს კე­თი­ლი და გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რი ზღა­პა­რი სწო­რედ ჭკუ­ი­სა და ტყუ­ი­ლის უკე­თუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გია.

ჩვე­ნი (უფ­რო­სე­ბის) თვალ­თა­ხედ­ვა ხან­და­ხან არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ხოლ­მე ნა­ცარ­ქე­ქი­ას ძმე­ბი­სა თუ რძლის თვალ­თა­ხედ­ვის­გან, ბავ­შ­ვუ­რი ინ­ტუ­ი­ცია კი, ყო­ველ­გ­ვა­რი გან­ს­ჯის გა­რე­შე, შე­უც­დომ­ლად პო­უ­ლობს ზღა­პარ­ში სწორ აქ­ცენ­ტებს.

გვრი­ტი

ყვე­ლას წა­გი­კითხავთ ალ­ბათ ეს მშვი­დი და ერ­თი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ზღა­პა­რი, სა­დაც არც მზე­თუ­ნა­ხა­ვის სა­ძებ­ნე­ლად ამ­ხედ­რე­ბუ­ლი უფ­ლის­წუ­ლი გვხვდე­ბა, არც ცხრა­თა­ვი­ა­ნი დე­ვი და ცეცხ­ლის­მ­ფ­რ­ქ­ვე­ვე­ლი გვე­ლე­შა­პი. ერ­თი საწყა­ლი გვრი­ტის ამ­ბა­ვია მოთხ­რო­ბი­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ბარ­ტყებს წა­არ­თ­მევს.

რა­ტომ უნ­და წა­ვუ­კითხოთ ეს ზღა­პა­რი ბავ­შ­ვებს და რა ასა­კი­სას უნ­და წა­ვუ­კითხოთ?

ზღა­პა­რი კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას მოგ­ვითხ­რობს. თი­თო­ე­უ­ლი ხატ-სა­ხე ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გარ­კ­ვე­ულ ეტაპს გა­მო­ხა­ტავს.

რა თქმა უნ­და, ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი მხო­ლოდ უფ­რო­სე­ბის­თ­ვი­საა. ბავ­შ­ვი ისე­დაც კარ­გად იგებს ზღაპ­რის ხატ-სა­ხეს, მაგ­რამ ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ რა ასაკ­ში, რო­გორ და რა სა­ხით მი­ვა­წო­დოთ.

თუ დრო­ის იმ­პულ­ს­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, უნ­და ვთქვათ, რომ სწო­რედ ზღაპ­რის ხატ-სა­ხე­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი მოზ­რ­დილ­თათ­ვის. აი ესაა დრო­ის იმ­პულ­სი – ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ სა­ი­დან მო­დის, რას ნიშ­ნავს და რო­გორ მოქ­მე­დებს ბავ­შ­ვ­ზე ესა თუ ის ზღა­პა­რი ან ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხე და ასა­კის მი­ხედ­ვით მი­ვა­წო­დოთ ბავ­შ­ვებს.

ბავ­შ­ვი თა­ვად შექ­მ­ნის გა­ცი­ლე­ბით სწორ ხატ­სა და წარ­მოდ­გე­ნას ისე, რომ უფ­რო­სის ჩა­რე­ვა არ დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან გა­ცი­ლე­ბით ახ­ლო­საა ზღაპ­რულ სამ­ყა­როს­თან და იმ სიმ­ბო­ლურ ხატ-სა­ხე­ებ­თან, რა­საც ზღა­პა­რი სთა­ვა­ზობს; მაგ­რამ უფ­როსს კი უნ­და ჰქონ­დეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მა­თი სიმ­ბო­ლი­კა, რომ გა­ნუ­კითხა­ვად არ შეკ­ვე­ცოს ზღაპ­რის მსვლე­ლო­ბა, არ შეც­ვა­ლოს ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხე თუ რიტ­მი და ბავშვს დრო­უ­ლად, ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით – არც ად­რე, არც გვი­ან, – მი­ა­წო­დოს ესა თუ ის ზღა­პა­რი. ამ სფე­რო­ში და­უ­დევ­რო­ბა­სა და უცო­დინ­რო­ბას გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი მოს­დევს, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

მივ­ყ­ვეთ ზღა­პარს…

„იყო და არა იყო რა, იყო ერ­თი გვრი­ტი, ცხოვ­რობ­და თა­ვის­თ­ვის ერთ ხე­ზე, იდ­გამ­და ბუ­დეს, ჩეკ­და ბარ­ტყებს და მზრუნ­ვე­ლა­დაც უვ­ლი­და, – ად­რე დი­ლი­დან მზის ჩას­ვ­ლამ­დე ფრთებ­ჩა­უკ­რეფ­ლად დაფ­რი­ნავ­და და შვი­ლებს საზ­რ­დოს უზი­დავ­და. სა­ღა­მო­ო­ბით დაღ­ლილ-და­ქან­ცუ­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი, ჩა­მოჯ­დე­ბო­და ბუ­დის გვერ­დით და მი­და­მოს ნე­ლი გვრი­ნით ატ­კ­ბობ­და.“

გვრი­ტი

ფრინ­ვე­ლი, ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ბი­ნა­და­რი. სიწ­მინ­დი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო, ასე­ვე ერ­თ­გუ­ლე­ბის, რად­გან წყვი­ლი თუ მო­უკ­ლეს, სხვა მა­მალს არ ეკა­რე­ბა. ფსალ­მუ­ნი­სა და წმინ­და წე­რი­ლის მი­ხედ­ვით სუ­ლიწ­მი­დის სიმ­ბო­ლო.

ფრინ­ვე­ლი ზო­გა­დად აღ­მაფ­რე­ნის სიმ­ბო­ლოა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თა თუ აზ­რით სუ­ლი­ე­რი სფე­როს­კენ სწრაფ­ვის სიმ­ბო­ლო: „მომ­ხ­ვ­დეს ფრთე­ნი და აღ­ვ­ფ­რინ­დე – ნატ­რობს ნეს­ტა­ნი „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“… „იგი­ცა ისე ამაღ­ლ­და, ვი­თარ­ცა ორ­ბი ფრთო­ვა­ნი“ – ამ­ბობს და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი.

თუ ვინ­მე არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად იქ­ცე­ვა, არ ჯდე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში, ასე­ვე ვიტყ­ვით ხოლ­მე „ეგ ხომ არ აფ­რენ­სო“ და მი­უ­ხე­და­ვად ირო­ნი­ი­სა, მა­ინც სუ­ლი­ერ სფე­როს ვგუ­ლის­ხ­მობთ.

მაშ ასე, გვრი­ტი ცხოვ­რობს ხე­ზე.

ხე

ადა­მი­ა­ნი იგი­ვე და­ყი­რა­ვე­ბუ­ლი ხეა თა­ვი­სი ნერ­ვი­უ­ლი სის­ტე­მით. ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მე – გვრი­ტი, ცხოვ­რობს ხე­ზე-ადა­მი­ა­ნის ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში და ზრდის თა­ვის ბარ­ტყებს ანუ სუ­ლი­ე­რე­ბას, სიწ­მინ­დეს, ერ­თ­გუ­ლე­ბას.

ერ­თხე­ლაც, ბარ­ტყე­ბი­სათ­ვის საჭ­მ­ლის სა­შოვ­ნე­ლად შორს მო­უხ­და გაფ­რე­ნა და ბუ­დეს დი­დი ხნით მო­შორ­და. ერ­თ­მა გლეხ­მა ამით ისარ­გებ­ლა, ამოს­ხა ბუ­დი­დან გვრი­ტის პა­წა­წი­ნა ბარ­ტყე­ბი და შინ წა­იყ­ვა­ნა.

მაგ­რამ ად­რე თუ ადა­მი­ა­ნი უფ­რო ზე­ცის ბი­ნა­და­რი იყო, ვიდ­რე მი­წის, დრო­თა მან­ძილ­ზე იგი უფ­რო და უფ­რო შე­მო­ვი­და მი­წი­ერ სფე­რო­ში, და­უ­ახ­ლოვ­და დე­და­მი­წის ძა­ლებს და ახ­ლა ისე თა­ვი­სუფ­ლად აღარ მი­ე­წო­დე­ბა სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბი მის სამ­შ­ვინ­ველს, რო­გორც ად­რე. ზღაპ­რის ენა­ზე კი… ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც გვრი­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბარ­ტყე­ბის­თ­ვის სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბის სა­შოვ­ნე­ლად შორს წა­სუ­ლი­ყო. ამა­სო­ბა­ში კი, გლეხ­მა ბარ­ტყე­ბი ამოს­ხა ბუ­დი­დან და წა­იყ­ვა­ნა.

ზღა­პა­რი, თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხატ-სა­ხე­ე­ბით, გვიჩ­ვე­ნებს „ადა­მი­ა­ნის მი­ერ პი­როვ­ნუ­ლო­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გავ­ლილ სა­ფე­ხუ­რებს“ (ფრ. ლენ­ცი, „ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის ხა­ტო­ვა­ნი ენა“) – არ­სე­ბობ­და კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დრო, რო­ცა ადა­მი­ა­ნის ჯერ კი­დევ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ მე-ს სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბი ნა­თელ­ხილ­ვის გზით მი­ე­წო­დე­ბო­და, რო­ცა „შორს არ უხ­დე­ბო­და წას­ვ­ლა“ და ღმერ­თე­ბი პირ­და­პირ სტუმ­რობ­დ­ნენ მას. ეს ხა­ნა ულა­მა­ზე­სი ზღაპ­რე­ბი­სა და მი­თე­ბის სა­ხით შე­მორ­ჩა კა­ცობ­რი­ო­ბას… დრო­თა მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნი სულ უფ­რო მე­ტად მი­აპყ­რობს თვალს გა­რე სამ­ყა­როს, შორ­დე­ბა თა­ვის ში­ნა­გან, სუ­ლი­ერ სა­უფ­ლოს და აღარ ეს­მის „ღმერ­თე­ბის ენა“. ზღა­პა­რი, თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ზუს­ტი ხატ-სა­ხე­ე­ბით, ამ პრო­ცესს შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტავს: ერ­თხე­ლაც ბარ­ტყე­ბი­სათ­ვის საჭ­მ­ლის სა­შოვ­ნე­ლად შორს მო­უხ­და გაფ­რე­ნა და ბუ­დეს დი­დი ხნით მო­შორ­და. ერ­თ­მა გლეხ­მა ამით ისარ­გებ­ლა, ამოს­ხა ბუ­დი­დან გვრი­ტის პა­წა­წი­ნა ბარ­ტყე­ბი და შინ წა­იყ­ვა­ნა.

გლე­ხი

ადა­მი­ა­ნი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გლე­ხი, მი­წას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­წა ჰა­ე­რის სა­პი­რის­პი­რო სტი­ქიაა. გლე­ხიც უფ­რო ახ­ლოა მი­წას­თან აზ­რის – ჰა­ე­რის სფე­როს სა­პი­რის­პი­როდ, ახ­ლოა მი­წი­ერ ძა­ლებ­თან, ბუ­ნე­ბას­თან, რო­მე­ლიც სწო­რედ სუ­ლი­ერ­მა სფე­რომ უნ­და გა­ა­ნა­თოს, რომ ქვე­ნა ძა­ლებ­მა არ ჩა­იგ­დოს ხელ­ში (თუმ­ცა, თა­ვად მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა სწო­რედ მი­წი­ერ, ქვე­ნა ძალ­თა გარ­დაქ­მ­ნას ნიშ­ნავს. გლეხს და­სა­ბა­მი­დან ძა­ლი­ან დი­დი და წმი­და­თაწ­მი­და მი­სია აბა­რია ამ­ქ­ვეყ­ნად: და­ა­მუ­შა­ოს მი­წა – ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და ამი­თი გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლოს და გარ­დაქ­მ­ნას იგი). მი­წა­ში სხვა ძა­ლე­ბი მოქ­მე­დებს, ვიდ­რე ჰა­ერ­ში. სწო­რედ ქვე­ნა ძა­ლამ წა­იყ­ვა­ნა უმ­წი­ფა­რი ბარ­ტყე­ბი, რო­მელ­თაც ჯერ ფრე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ. ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან „და­მიწ­და“ და იმის ნაც­ვ­ლად, რომ ეშ­რო­მა, ძა­ლით შე­იპყ­რო უმ­წი­ფა­რი სუ­ლი­ე­რე­ბა და თა­ვის ქოხ­ში, თა­ვის არ­სე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნა.

ადა­მი­ანს ნოს­ტალ­გია აქვს, ენატ­რე­ბა ის დრო, რო­ცა უშურ­ვე­ლად, ყო­ველ­გ­ვა­რი გარ­ჯის გა­რე­შე ჰქონ­და სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ნა­თელ­ხილ­ვის უნა­რი. ამ გან­წყო­ბის გა­მო­ძა­ხილს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არა მარ­ტო ზღა­პარ­ში, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც კი ვხვდე­ბით, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი ჩი­ვის მეთ­ვ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში: „არ­სო­ბი­სა პურს გაგ­ვ­ყა­რე, შამ­ბი გვა­ძოეო, ჩვე­ნი შენ­გ­ნით მო­ცე­მუ­ლი რად დაგ­ვი­მა­ლეო“.

სახ­ლი/ქო­ხი – ზღაპ­რებ­სა და მი­თო­ლო­გი­ა­ში ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი­სა და თა­ვის­თა­ვა­დო­ბის ხატ-სა­ხე, ში­ნა სივ­რ­ცე.

რა ქნას გვრიტ­მა? უნ­და და­ა­ნე­ბოს ზე­ცას თა­ვი და მი­წა­ზე ეძი­ოს თა­ვი­სი ბარ­ტყე­ბი – უნ­და ჩა­მო­ვი­დეს სუ­ლი­ე­რი სფე­რო­დან მი­წი­ერ სფე­რო­ში და იქ ეძე­ბოს ბარ­ტყე­ბი, რად­გან სუ­ლი­ე­რი სფე­როს შვილ­ნი მი­წი­ე­რის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და კარ­გად უწყის, რომ იქ იმათ ვე­რა­ვინ გაზ­რ­დის. ესაა სუ­ლის გზა ზე­ნა სფე­რო­დან დე­და­მი­წა­ზე, რა­საც გა­დის კა­ცობ­რი­ო­ბა დღემ­დე. ამ გზის აღ­წე­რას ვხვდე­ბით მი­თო­ლო­გი­ა­ში, ზღაპ­რებ­ში, თქმუ­ლე­ბებ­ში.

ზღაპ­რებ­ში სუ­ლი­ე­რი სფე­რო­დან მო­სულ არ­სე­ბას მეტ­წი­ლად უფ­ლის­წუ­ლის, ოქ­როს­ქოჩ­რი­ა­ნი ჭა­ბუ­კის სა­ხე აქვს, რო­მე­ლიც თა­ვის სამ­შ­ვინ­ველს-მზე­თუ­ნა­ხავს ეძებს. მი­თო­ლო­გი­ა­ში იგი უცხო სტუმ­რის ხა­ტით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ხოლ­მე – უცხო, ზე­ცი­უ­რი სფე­რო­დან მო­სუ­ლი სტუ­მა­რია, რო­მელ­საც მუ­დამ ელი­ან, რო­მე­ლიც უნ­და იც­ნო და კა­რი გა­უ­ღო. აქე­და­ნაა სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის წმი­და­თაწ­მი­და ადა­თიც.

ვინ შე­მოხ­ვ­დე­ბა გვრიტს პირ­ვე­ლად?

რა თქმა უნ­და, მა­მა­ლი.

მა­მა­ლი – ესეც ფრინ­ვე­ლია, მაგ­რამ ში­ნა­უ­რი. ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა მე-ს ხატ-სა­ხე. მა­მა­ლი დღის და­საწყი­სის, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. მზის ფრინ­ვე­ლია. დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნებს მზის ამოს­ვ­ლა­სა და ახა­ლი დღის გა­თე­ნე­ბას ამ­ც­ნობს. მი­სი ხა­ტი და­სა­ბა­მი­დან­ვე მოჰ­ყ­ვე­ბა ყვე­ლა ხალ­ხის მით­სა და ზღა­პარს.

გა­სა­ო­ცა­რი არაა, თუ დე­და­მი­წა­ზე გვრიტს პირ­ვე­ლად მა­მა­ლი, ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა ეგო შე­მოხ­ვ­დე­ბა და სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზებს. მან კარ­გად უწყის რა აუცი­ლე­ბე­ლია გვრი­ტის ბარ­ტყე­ბის – მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის – დაზ­რ­და და დაფ­რ­თი­ა­ნე­ბა.

მა­მა­ლი ხომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის, ახა­ლი დღის, გა­ნახ­ლე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნის პა­ტა­რა ეგოა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ი­ზარ­დოს. ერ­თი მხრივ, ფრინ­ვე­ლია და მის­თ­ვის უცხო არაა ჰა­ე­რის სტი­ქია (სუ­ლი­ე­რე­ბის სფე­რო), მე­ო­რე მხრივ, შე­უძ­ლია მი­წა­ზე დგო­მა, მი­წი­ერ ძა­ლებ­თა­ნაც ახ­ლო­საა. ღა­მე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი ფრთხე­ბი­ან მამ­ლის ყი­ვილ­ზე. გა­საკ­ვი­რი არაა თუ დიდ სუ­ლი­ე­რე­ბას პირ­ვე­ლად სწო­რედ პა­ტა­რა სუ­ლი­ე­რე­ბა შე­მოხ­ვ­დე­ბა.

შემ­დეგ შე­მოხ­ვ­დე­ბათ მა­ხა­თი.

რა­ტომ უნ­და და­ეხ­მა­როს მა­ხა­თი? რი­სი სიმ­ბო­ლუ­რი ხა­ტია?

მა­ხა­თი მე­წა­ღის იარა­ღია.

მა­ხათ­საც ორ­მა­გი დატ­ვირ­თ­ვა აქვს. ერ­თი მხრივ ცნო­ბი­ე­რის, აზ­რის სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ო­რე მხრივ კი, დე­და­მი­წის ძა­ლებს, დე­და­მი­წა­ზე მყა­რად დგო­მას. მა­ხა­თის სა­შუ­ა­ლე­ბით იკე­რე­ბა ფეხ­საც­მე­ლი.

მა­ხა­თი, მე­წა­ღის ხელ­საწყო, რო­მე­ლიც იჩხ­ვ­ლი­ტე­ბა, ხვრეტს ტყავს. ტყა­ვი ცოცხა­ლი არ­სე­ბის გარ­სია. ისაა, რაც გვამ­თ­ლი­ა­ნებს და ერთ არ­სე­ბა­ში აქ­ცევს ადა­მი­ან­სა თუ სხვა ცოცხალ არ­სე­ბას. ტყავს საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მო­ჯა­დო­ე­ბულ პერ­სო­ნა­ჟებს სხვა­დას­ხ­ვა ცხო­ვე­ლე­ბის ტყა­ვი აქვთ. მა­თი დაწ­ვა ადა­მი­ა­ნის ცხო­ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბას ნიშ­ნავს.

მე­წა­ღე ჭრის ტყავს, ხვრეტს მა­ხა­თით და ქა­ლა­მანს ამო­ას­ხამს (ად­რე) თუ ფეხ­საც­მელს შე­კე­რავს, ორი­ვე ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა: ბუ­ნე­ბის ძა­ლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფას, დე­და­მი­წა­ზე დგო­მა­სა და ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. „ფეხ­საც­მ­ლით ვდგა­ვართ მი­წა­ზე და რო­გორც ხა­ტი, აღ­ნიშ­ნავს ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მი­წი­ე­რი­სად­მი; ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბი­სად­მი; მიზ­ნებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს…“ (ფრ. ლენ­ცი, „ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის ხა­ტო­ვა­ნი ენა“, გვ.308). მე­წა­ღე კე­რავს ან აკე­რებს ფეხ­საც­მელს. ადა­მი­ა­ნი დგას და და­ა­ბი­ჯებს დე­და­მი­წა­ზე ფეხ­საც­მ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ში­ნა­გან­მა მე­წა­ღე­მაც ცხოვ­რე­ბა­ში მყა­რად დგო­მი­სა და მარ­თე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის უნა­რი უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს, რა­თა კე­თი­ლად წარ­ვ­მარ­თოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა (იქ­ვე, გვ.248).

მე­წა­ღე კე­რავს. კერ­ვა, თერ­ძი, მე­წა­ღე – ზღაპ­რებ­ში ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის სუ­რათ-ხა­ტია, რად­გან ინ­ტე­ლექ­ტიც თერ­ძი­ვით იღებს მთელს, ჭრის, აერ­თებს ნა­წი­ლებს და კე­რავს. იღებს ახალს. ერ­თი შე­ხედ­ვით, არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა გვრიტ­თან და მის ბარ­ტყებ­თან, ანუ რა ესაქ­მე­ბა ინ­ტე­ლექტს, დე­და­მი­წა­ზე მყა­რად დგო­მას, სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს­თან?!

შემდეგ შემოხვდებათ ფილთაქვა და ისიც შესთავაზებს თავის სამსახურს.

რა არის და რისი ხატია ფილთაქვა?

ფილთაქვა მატერიალიზმის უკიდურესი გამოხატულებაა.

ფილთაქვა, ქვა – მინერალი, ასევე მატერიალიზმის სიმბოლო. სიცოცხლის გამოვლინების ყველაზე დაბალი საფეხური დედამიწაზე. ფილთაქვა ცეცხლზე ადრე ემსახურებოდა ადამიანს, რომ საკვები დაეფქვა, ჩაენაყა, გაემთლიანებინა, რომ ადამიანისთვის იოლი ყოფილიყო გადამუშავებული ფიზიკური საკვების მიღება, რაც, სხვათა შორის, განასხვავებდა ცხოველისაგან და აყალიბებდა მის შინაგან ორგანოებს. ფილთაქვა ერთ მასად აქცევს საკვებს. გამოყავს მისგან „შიგთავსი“ – სუბსტანცია, რომ უფრო ადვილი ასათვისებელი იყოს. ფილთაქვაც წისქვილივითაა (გარკვეულწილად). ჩვენი ცხოვრების გზაზე მიღებული გამოცდილებაც ხორციელი საკვებივით უნდა დაიფქვას და გადამუშავდეს, რათა მისგან სულიერი საკვები – ცოდნა მივიღოთ.

შემდეგ შემოხვდებათ ვირი.

ვირი რომ ასევე მატერიალური სამყაროს სახეა, ყველამ იცის, მაგრამ ვირი რაღა შუაშია გვრიტთან? არადა, გაიგებს თუ არა გვრიტის გასაჭირს, სასწრაფოდ შეუამხანაგდება.

ვირი – ადამიანის სხეულის ხატი. მომთმენი, ამტანი, მუშა და, ამავე დროს, ჯიუტი, თავნება. ჩვენი სხეულის მსგავსად, დიდი ამტანობისა და ინტუიციის მქონე. თუ მიყვები, გზას ყოველთვის გაიგნებს, არასოდეს გადაგჩეხავს კლდეზე და ურწყავ, უდაბნო ადგილებში წყალს გაპოვნინებს. ვირი სატურნის ცხოველია.

ბიბლია მოგვითხრობს მოლაპარაკე ვირის შესახებ: ბალაამი საკუთარ ვირს ეკითხება რჩევას. ადამიანის სხეულებრივი ბუნება ჯერ კიდევ სიღრმისეულადაა დაკავშირებული სულიერ სამყაროსთან და ინსპირაციის უნარი აქვს. ადამიანი იმაგინაციური ხატებით აღიქვამს მას (ფრ. ლენცი, „ხალხური ზღაპრების ხატოვანი ენა“).

„შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ, დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან პატარა გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ: ვირი სახლის კარებთან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო, გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა, ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა.“

წავიდნენ ხუთნი – ხუთი მაკროკოსმოსის, ადამიანის სიმბოლოა. ესეც არაა შემთხვევითი და მიადგნენ გლეხის სახლს.

სახლი – ადამიანის სხეულის ხატი, რომელიც არის ადამიანის მშვინვიერ-სულიერი არსების სადგური, სამყოფელი.

როგორ განლაგდნენ: ვირი * სახლის კარებთან. კარი არის ზღურბლი შინა და გარე სივრცეს შორის, მიღმიერსა და ამქვეყნიურს შორის.

 მახათი ღუმელში

არაა გასაკვირი, რომ სწორედ შუაღამისას მივიდნენ, როცა ადამიანი მშვინვიერ-სულიერად მღვიძარეა და ფიზიკურ სიბრტყეზე კი სძინავს.

„დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყიპინი და კრუშკრუში ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა, წამოვარდა ლოგინიდან და, რომ გაეგო, სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ბარძაყში ახლა მახათი შეერჭო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. კაცს შეეშინდა და გულგახეთქილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლები უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა.“

კაცს გამოეღვიძება, მაგრამ არა ფიზიკურ სიბრტყეზე. ზღაპარში შეუძლებელია შუაღამისას ფიზიკურ სხეულში გაგეღვიძოს. შუა ღამისას მხოლოდ მშვინვიერ-სულიერ სიბრტყეზე თუ გამოგეღვიძება. შუაღამისას არამიწიერი რამეები ხდება. კაცს შუაღამისას მოაკითხა გვრიტმა-ზენა სულიერებამ, რომ ადამიანის-კაცის ჯერ კიდევ დაუფრთიანებელი სულიერების გადარჩენა შეძლოს.

კაცს გამოეღვიძა და ბუხარს მიაკითხა, რომ ცეცხლი გაეჩაღებინა და დაენახა რა ხდებოდა. ბუხარი სახლში საკრალური ადგილია, სადაც ადრე ღვთისმსახურება აღესრულებოდა. ზღაპრის სიმბოლურ ენაზე კი ადამიანის გულია, სადაც ღვთაებრივი ცეცხლიც შეიძლება ღვიოდეს და წარმავალ ვნებათა ცეცხლიც.

კაცმა ბუხარს მიმართა, მაგრამ ამ გულში – სინათლისა და სითბოს წყაროში, ქვა დახვდა – როცა გული გაქვავდება, როცა ძალით მოინდომებ სულიერების მისაკუთრებასა და დატყვევებას, იქ ვეღარ გათბები და ვერც ვერაფერს დაინახავ. ბუხარი, კერა წმიდათაწმიდა ადგილია, სადაც ახლა ცეცხლს ვეღარ დაანთებ – ვეღარ შეიძენ იმ ცოდნას, რასაც გულის ცოდნა, გულით შემეცნება ჰქვია და რასაც ქართულად გულისხმიერებას ეძახიან.

ღვთაებრივი ცეცხლის ნაცვლად, ნაღვერდალში გახვეული ქვა გასკდება და ნაცარს თვალებში შეგაყრის, დაგაბრმავებს. ენაში ახლაც არის შემორჩენილი გამოთქმა „თვალში ნაცარს ნუ მაყრი“, ვიტყვით ხოლმე, როცა ვინმე სიცრუის სიმართლედ წარმოჩენას ცდილობს და „გვაბრმავებს“.

შეშინებულ კაცს ახლა ბუხართან, ანუ გულთან – გულისმიერ ცოდნასთან ჩასაფრებული მახათი ჩხვლეტს და იმ მთლიანობასაც არღვევს, რაც აქამდე კაცსა და დედა ბუნებას შორის არსებობდა.

კაცი მატერიაში ჩაძირვამ დააბრმავა და, ამ შემთხვევაში, დაბრმავება შეიძლება სხვა სამყაროში თვალის ახელას ნიშნავდეს. მით უმეტეს, რომ მამალმა დაჰყივლა და კაცმა სხვა რეალობაში უნდა გამოიღვიძოს.

ბარტყები კი ისევ გვრიტს მიჰყავს, რადგან კაცის სახლში მათ ვერ მოუვლიან, ვერ გამოკვებავენ. გულში ქვაა, მისი ტყავი მახათითაა გახვრეტილი, ანუ ის მთლიანობა დარღვეულია, რაც ადრე მასა და ბუნებას შორის არსებობდა. საბოლოოდ კი ვირი ტყუპ წიხლს უთავაზებს და თუ დანარჩენებმა სახლიდან, თავისთავადობიდან გამოაგდეს, ვირი-სატურნი, სხეული, სამჯერ გადაატარებს ყირას, რომ „პური არსობისა“ თავისი ოფლით მოიპოვოს.

რა უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, ერთი შეხედვით, მატერიალური სამყაროს აღმნიშვნელი ზღაპრის ხატ-სიმბოლოები ეხმარებიან გვრიტს ბარტყების გამოხსნაში: მამალი, მახათი, ქვასანაყი, ვირი, იგივე: ადამიანის პატარა ეგო, აზროვნება, ინტელექტი, ფიზიკური სხეული. სინამდვილეში ამ ყველაფერს მაშინა აქვს აზრი თუ ადამიანი მას თავისუფლებისთვის მოიხმარს, ყველანირი მატერიის სარჩული ხომ, რა საფეხურზეც არ უნდა იყოს იგი, სულიერებაა.

ეს პატარა ზღაპარი გვიხატავს რამდენად ძნელი იყო ადამიანისთვის მატერიის საუფლოში შემოსვლა და, ამასთანავე, სულიერების შენარჩუნება. ხან ინტელექტი გიჩხვლეტს, ხან ღვთაებრივი აღმაფრენის ნაცვლად ნაცრიდან ავარდნილი ბუქი შეგრჩება ხელთ, ხან სახედარივით გაჯიუტებული სხეული დაგაჯილდოებს ტყუპი წიხლით და „აზრზე მოგიყვანს“ – ისევ სულიერებისკენ გიბიძგებს.

რა ასაკის ბავშვებს უნდა წავუკითხოთ, თუ მოვუყვეთ ეს ზღაპარი?

ესაა მშვიდი, კეთილი ზღაპარი, მშვიდი რიტმით. ის, რაც შემდეგ უნდა გაიაროს ბავშვმა – ინტელექტუალური ცხოვრების გზა და მისი გავლენა, ამ ზღაპარში წარმოდგენილია დამხმარე და კეთილგანწყობილი ძალის სახით და ბავშვის არაცნობიერში ეს ხატ-სახეები ჩაჯდება როგორც ღვთის იარაღი, დამხმარე, დადებითი, სიცოცხლისა და არა სიკვდილის მომტანი. მეორე მხრივ, სიფრთხილის განცდა, რომ შენი ბარტყები – სულიერება არ დაკარგო, მზად უნდა იყო მათ გამოსახსნელად. რომ ყველაზე უწყინარ და მშვიდობიან არსებასაც კი შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მთავარია გადაწყვეტილება და შინაგანი სიმამამცე და დამხმარე ყოველთვის გამოჩნდება. ინტელექტი სიკეთის სამსახურში, მატერიალიზმი სიკეთის სამსახურში. ამისი შესაძლებლობა და აუცილებლობა.

ეს რა თქმა უნდა, სწორი და კეთილისმყოფელი იმპულსებია.

ეს ზღაპარი შეიძლება ოთხი წლიდან მოვუყვეთ ბავშვს, რადგან მასში უკვე შემოსულია პატარა მე-პატარა ყვინჩილა. ბავშვი ამ ასაკში უკვე პირველ პირში მოიხსენიებს საკუთარ თავს.

უზღაპროდ დარჩენილი ბავშვები

მე მინდა იმ სანუკვარ დროში დაგაბრუნოთ, რასაც ბავშვობა ჰქვია, რაც მთელი სიცოცხლე თან გვდევს და უხილავ გავლენას ახდენს ჩვენს შემდეგ ცხოვრებაზე.

ყველაზე საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან, დიდი ხალისით, სწორედ ბავშვობას ვიხსენებთ, მისი საშუალებით ვაბამთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ახლობლობის, ერთი შეხედვით, უხილავ, მყიფე, მაგრამ ყველაზე გამძლე და მტკიცე ძაფებს.

ბავშვობისდროინდელი მოგონება ყველაზე შთამბეჭდავი, ფერადი და წარუშლელია. ბავშვობის ხანიდან მოდის ზნეობრივი კრიტერიუმების, თვითდაჯერებისა თუ თავისუფლების, ოპტიმიზმის, ჯანსაღი ფსიქიკისა და ჯანმრთელობის, ასევე საკუთარ თავში დაეჭვების, კომპლექსების, ნევროზების, ენდოკრინული დაავადებისა და ბევრი ისეთი რამის იმპულსიც, რის სათავესაც ვეძებთ და ვერ გვიპოვია. სათავე კი ჩვენივე ბავშვობაშია.

თითოეული ჩვენგანი დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის კვებას, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს, ეკითხება ექიმებს, გამოცდილ ადამიანებს და ეჭვიც არავის ეპარება, რომ სწორ კვებაზეა დამოკიდებული რამდენად ჯანმრთელი, ხალისიანი და ფიზიკურად ძლიერი გაიზრდება მისი შვილი. ჩვენ ვნერვიულობთ თუ ბავშვი ცუდად ჭამს. არცთუ იშვიათად, არამარტო მშობლების, ბავშვების ტრაგედიადაც კი იქცევა ხოლმე ეს თემა… ამაზე არავინ დავობს, რომ ჯანსაღი და სწორი კვება მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.

სადავო არ უნდა იყოს იმის განცხადებაც, რომ ბავშვს სულიერი საკვებიც არანაკლებ ესაჭიროება. თუმცა, სულიერი პროცესები ასე აშკარად სახილველი არაა და ხშირად ძნელი გასარჩევიცაა რას წარმოადგენს ბავშვისთვის ეს სულიერი საკვები და რა ასაკს შეესაბამება. ამის გამო შეიძლება მუცელი და თავი არ ასტკივდეს, პირიქით, მოგვეჩვენოს, რომ ძალიან გაერთო და მოეწონა. სინამდვილეში კი, უდროო დროს წაკითხულმა ზღაპარმა თუ ადრეულ ასაკში ნასწავლმა ლექსმა, რითიც თავს უფრო მშობლები იწონებენ, შეიძლება ღრმა კვალი დააჩნიოს მის მყიფე ფსიქიკას, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ სისტემას, ენდოკრინულ სისტემას… ეს უბრალო ჩამონათვალი არაა, ეს რეალობაა და თანაც, სამწუხარო.

რა არის ბავშვის სულიერი საკვები?

ზღაპარი დღესაც აძლევს ახალგაზრდობასა და ხალხს იმ ჯანსაღ საკვებს, რომელსაც ისინი არანაირ სხვა საკვებზე არ გაცვლიან – ამას იაკობ გრიმი წერდა თავის ნაშრომში ?ერმანული მითოლოგია.

იაკობ გრიმი უბრალო მეზღაპრე არ გახლდათ, იგი ის ადამიანი იყო, რომელმაც მეცნიერულად შეისწავლა გერმანული ზღაპარი და ყველანაირად შეეცადა, დამახინჯებისა და გაუცნობიერებელი „შესწორებებისგან“ დაეცვა და ხელუხლებლად შეენარჩუნებინა კაცობრიობისთვის, რადგან კარგად უწყოდა, რომ ზღაპარი ის სულიერი საკვებია, რომელიც ზრდის კაცობრიობას, რომელიც წყალივით და საკვებივით სჭირდება.

სწორედ ამ სულიერ საკვებზე მინდა გელაპარაკოთ.

ზღაპარი… მისი წარმოშობის სათავე ყოფიერების ნისლში იკარგება, მისი უხილავი ბილიკი ყოფიერების სათავეებისკენ მიიკლაკნება და კაცობრიობის ბავშვობისკენ მიგვიძღვის, მარადიული ბავშვობისკენ, რამეთუ საკუთარი ბავშვობის მხარდახარ არსებობს კაცობრიობის ბავშვობაც, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გაუცნობიერებლად იმეორებს დაბადებიდან მოწიფულობამდე და ასევე გაუცნობიერებლად შორდება.

ზღაპარი ხატსახეების ენით გველაპარაკება, თითქოსდა სიტყვებით ხატავს, მაგრამ ეს არაა ნებისმიერი, საკუთარი პოეტური ფანტაზიით შექმნილი ხატები.

ყოველი ზღაპარი იგივე პატარა დრამაა, რომელიც ჩვენშივე არსებულ სცენაზე თამაშდება (ფრ. ლენცი, „ხალხური ზღაპრების ხატოვანი ენა“). ამიტომ ეხება ჩვენი გულის უხილავ სიმებს კითხვა, რომელიც ეგზიუპერიმ ასეთი ბავშვური უშუალობითა და გულწრფელობით დასვა და გზაგამოვლილი უფლისწულის სიბრძნით უპასუხა. დავფიქრებულვართ კი ოდესმე, რომ ზღაპარში აღწერილი ჯადოსნური, თვალით უნახავი სამყარო შეიძლება ის ერთადერთი რეალობა იყოს, რომელსაც თითქოს უკანმოუხედავად დავშორდით. დიახ, წამოჩიტულმა უფლისწულმა მამაპაპეული სანახები მიატოვა და გზას გაუდგა, მაგრამ უკვე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვაითუ, მარადისობის გაუკვალავ ბილიკებზე ხეტიალში უფლისწულს დაავიწყდა, რომ უფლის წულია და შინ ელოდებიან? ვაითუ, გზაც ვეღარ გააგნოს… ეგების შინ დაბრუნების დროა… ეს მხატვრული წიაღსვლა არაა – ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს სამყაროში.

დროის იმპულსი გვაიძულებს ბევრ რამეს რიდე ავხადოთ, მაგრამ არა გაუცნობიერებლად, არამედ ცნობიერად. დრო დადგა, რადგან ჩვენი რთული და ინფორმაციითა თუ ემოციებით დატვირთული საუკუნე ცივი, პრაგმატული, რკინისებური მარწუხებით ძალიან ავბედითად შეეხო ზნეობრივ კრიტერიუმებს, ახალგაზრდების ფსიქიკას, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას.

სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის ცნობიერი განუწყვეტლივ იცვლება, ბავშვი უნდა ვკვებოთ იმ უცვლელი საკვებით, რასაც ზღაპარი გვაძლევს, რაც შემდეგში, ცხოვრების რთული და მოულოდნელობებით აღსავსე გზაზე, მის ფსიქიკასა და ქვეცნობიერს მიაწვდის ჯანსაღ და მართებულ ხატებს. ბავშვი, რომელსაც ადრეულ ასაკში დააკლდა ზღაპრის ხატ-სახეებში კოდირებული სიბრძნე, საკუთარ თავში დაეჭვებული, მერყევი და მშიშარაა – ეშინია სიბნელის, ქარის, წვიმის, ბუნებრივი მოვლენების, ალეგორიული ხატ-სახეების, რომელსაც პირდაპირ აღიქვამს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ქვეცნობიერში ნაკლებად დევს ხატ-სახეებით აზროვნება, ის სიბრძნე და გარკვეულობა, რაც ზღაპრულ ხატსახეშია მოცემული და შემდეგ სწორ ორიენტირს აძლევს ცხოვრების კრიტიკულ მომენტში.

შეიძლება დროის იმპულსის ბრალია ის დამოკიდებულებაც, რამაც ამ ბოლო დროს იჩინა თავი ზღაპრებთან მიმართებაში. მაღაზიის დახლებზე გაჩნდა უამრავი გამარტივებული, ე.წ. ადაპტირებული ზღაპარი.

ზღაპარი ისედაც მარტივია, ოღონდ გენიალურად მარტივი და არა მგონია, ჩვენი ჩარევა სჭირდებოდეს. გულზე ხელი დაიდონ უფროსებმა და თქვან: ნუთუ, იმგვარ ზღაპრებზე გაიზარდნენ თვითონ, რასაც ახლა ბავშვებს სთავაზობენ? ნუთუ მხოლოდ ზღაპრის შინაარსის გადმოცემაა საკმარისი, ან საკმარისია კარგი ნახატი და მის ქვეშ მიწერილი ორიოდე სიტყვა? იქნებ გაიხსენონ რა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ის განსაკუთრებული რიტმი, რაც ერთი და იმავე პასაჟის გამეორებით იქმნება: („გვრიტო, გვრიტო სად მიდიხარო?“…). ზღაპარს აქვს რიტმის სიმბოლიკა. ამიტომ იმდენჯერ უნდა იქნეს გამეორებული ერთი და იგივე წინადადება, რამდენჯერაც ზღაპარშია მოცემული. ეს რიტმი ემთხვევა ბავშვის ზრდის რიტმს, უზრუნველყოფს ბავშვის კარგ მეხსიერებას. მისი შეცვლა დაუშვებელია ისევე, როგორც იავნანას რიტმის შეცვლა, ვთქვათ, როკის რიტმით, როცა ბავშვს ვაძინებთ! სულაც არაა შემთხვევითი, რომ ბავშვები ასე დაბეჯითებით ითხოვენ ხოლმე ერთი და იმავე ზღაპრისა თუ ლექსის, ამბის გამეორებას. არ გაპატიებენ ერთი სიტყვის შეცვლასაც კი.

ზღაპრების უმეტესობას აღარა აქვს მხოლოდ ქართული ზღაპრისთვის დამახასიათებელი, უნიკალური დასაწყისი – იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იაქნებოდა. იყო ჩიტი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი…“, რომელსაც მშვიდად გადაჰყავს ბავშვი ზღაპრის პირობით სამყაროში (თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ერთი შეხედვით უბრალო დასაწყისი ადამიანის შექმნის ისტორიის ძალიან ღრმა და მრავლისმომცველი ფორმულაა).

ჩვენ გვგონია, რომ თუ ასე უდიერად და გაუცნობიერებლად მოვექცევით ზღაპარს, უფრო მისაწვდომს გავხდით ბავშვის ფსიქიკისთვის. ვინ მოგვცა უფლება, ასე მოვექცეთ საუკუნეებგამოვლილ სიტყვას ან ზღაპრის ქარგას? იმიტომ, რომ მისი ავტორი არ გვიჩივლებს? იმიტომ, რომ უფრო დავბრძენდით და მეტს ვხედავთ? იქნებ პირიქითაა? სამწუხაროდ, დღითი დღე ვკარგავთ ზღაპრის აღქმის უნარს და რაც მთავარია, ვუკარგავთ ამ უნარს ბავშვებს.

ხშირად გვესმის:

– რას იზამ, დრომ მოიტანა! – ადამიანები საკუთარ სიზარმაცესა და უვიცობას ხშირად დროს ვაბრალებთ, თითქოს ჩვენ დროის გარეშე ვარსებობდეთ, თითქოს არაფერი გვეკითხებოდეს და რაღაც აბსტრაქტული დრო თავს გვახვევდეს თავის იმპულსს.

ყოველ დროს თავისი ავი და კარგი მოაქვს, მაგრამ ადამიანი იმიტომაა ადამიანი და თავისუფალი არსება, რომ ავი და კარგი ერთმანეთისგან გაარჩიოს. თუ დროის იმპულსზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ზღაპრის ხატ-სახეების გაცნობიერებაა აუცილებელი მოზრდილთათვის.

აი, ესაა დროის იმპულსი – ჩვენ უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის, რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს ბავშვზე ესა თუ ის ზღაპარი ან ზღაპრული ხატ-სახე და ასაკის მიხედვით მივაწოდოთ ბავშვებს.

აი, ეს იქნება სწორი და მართებული და არა ზღაპრების განუკითხავად დამახინჯება და შეკვეცა. შეიძლება რომელიმე „ინტერპრეტატორს“, ერთ მშვენიერ დღეს, აღარ მოეწონოს წითელქუდას წითელი ქუდი და მწვანექუდად ან ყვითელქუდად შეცვალოს და ამან ბავშვებში სრულიად სხვა სასიცოცხლო პროცესები გამოიწვიოს. ზღაპრის ხატსახე იმიტომაა შეუცვლელი, რომ რეალურად იმეორებს კაცობრიობის ბავშვობას, მისი განვითარების საფეხურებს და ისევე მოქმედებს ბავშვის ზრდის ძალებზე, ფსიქიკაზე, როგორც ათასწლეულების მანძილზე მოქმედებდა კაცობრიობის ზრდაგანვითარებაზე, რამეთუ, თითოეული ადამიანის ზრდა-განვითარება კაცობრიობის განვითარების მინი-მოდელია.

ბავშვს იმის ცოდნა არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება, გამოხატავს თუ არა მგელი ტოტემს, ან წითელქუდას წითელი ქუდი მოდის თუ არა დრუიდების უძველესი რიტუალიდან, ან რას ნიშნავს მაინცდამაინც მუხის ტყე და ა.შ. – ბავშვი თავად შექმნის გაცილებით სწორ ხატსა და წარმოდგენას ისე, რომ უფროსის ჩარევა არ დასჭირდება, რადგან გაცილებით ახლოსაა ზღაპრულ სამყაროსთან და იმ სიმბოლურ ხატ-სახეებთან, რასაც ზღაპარი სთავაზობს; მაგრამ უფროსს კი უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მათი სიმბოლიკა, რომ განუკითხავად არ შეკვეცოს ზღაპრის მსვლელობა, არ შეცვალოს ზღაპრული ხატ-სახე თუ რიტმი და ბავშვს დროულად, ასაკის გათვალისწინებით – არც ადრე, არც გვიან, – მიაწოდოს ესა თუ ის ზღაპარი. ამ სფეროში დაუდევრობასა და უცოდინრობას გაცილებით სერიოზული შედეგი მოსდევს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. რამდენადაც კაცობრიობა ემორჩილება ცნობიერის ცვალებადობის კანონს, აღზრდის დროს ანგარიში უნდა გაეწიოს ამ ცვლილებას.

დრო არ გვაპატიებს ხელის ცეცებით, უვიცობით, დილეტანტიზმის ამარა წავეპოტინოთ ზღაპრის უკვდავ ხატებს, შევცვალოთ, შევკვეცოთ ზღაპრის შინაარსი, მისი რიტმი, ხატ-სახეები და ადვილად ხელმისაწვდომ, ადაპტირებულ კომიქსებად ვაქციოთ. საკმაოდ ძვირ საზღაურს ვიხდით ამისთვის.

ყველა ზღაპარს ერთი რამ  აკავშირებს, ესაა წარსულში არსებული რწმენა, რომელიც მხოლოდ ზეგრძნობადი სამყაროს ხატსახეებით გამოიხატება. ეს მითიური რწმენა ძვირფასი ქვის ნამსხვრევებს ჰგავს, ბალახითა და ყვავილებით მორთულ დედამიწაზე რომ მიმობნეულა და მხოლოდ მახვილი თვალისთვისაა სახილველი. მისი მნიშვნელობა დიდი ხანია დავიწყებას მისცემია, მაგრამ ჯერ კიდევ აღიქმება, ამდიდრებს ზღაპარს თავისი შინაარსით და ამავე დროს, აკმაყოფილებს სასწაულების სრულიად ბუნებრივ მოთხოვნილებას. ზღაპარი არასდროს არაა ფერთა უბრალო თამაში, შინა არსს მოკლებული ფანტაზია (ვილჰელმ გრიმი).

მე-20 საუკუნის გერმანელი მკვლევარი ფრიდელ ლენცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ევროპის ხალხთა ზღაპრების კვლევასა და მათი პირვანდელი სახის დაბრუნებას, სწორედ უფროსებისთვის – აღმზრდელებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის ატარებდა ლექციებს. იქნებ, ჩვენც მივაქციოთ, ამ მხრივ, ყურადღება ჩვენს ზღაპრებს. იქნებ შეწყდეს ზღაპრების (და არამარტო ზღაპრების, ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებთა – მაგრამ ეს კიდევ სხვა, მნიშვნელოვანი თემაა) გაუცნობიერებელი დამახინჯება; იქნებ, შევუნარჩუნოთ ბავშვებს ბავშვივით წმინდა და ხელშეუხებელი ზღაპრული სამყარო.

და კიდევ ერთხელ – კარგად უნდა გვახსოვდეს, ზღაპარი თავისი უცვლელი შინაარსით, რიტმითა და ჯადოსნური, იდუმალი ხატსახეებით მოზარდი თაობის აღზრდისა და მკურნალობის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა“.

შიშისა და თანაგრძნობის შესახებ

როგორ მოქმედებს შიში, რასაც დევი, კუდიანი დედაბერი, გოლიათი, გველეშაპი და სხვა საშიში ზღაპრული პერსონაჟი იწვევს?

ყველას გვახსოვს როგორ გვიკანკალებდა გული შიშისა და თანაგრძნობისგან, როცა გველეშაპი ზღაპრის გმირს გადაყლაპავდა ან კუდიანი დედაბერი საბედისწეროდ დახლართავდა მზეთუნახავისკენ სავალ გზებს.

იში და თანაგრძნობა, რასაც იწვევს ბავშვში ზღაპრის სიუჟეტი, უძველესი მისტერიებიდან მოდის.

გავიხსენოთ, როგორ იკვლევდა ლესინგი შიშისა და თანაგრძნობის იმ მშვინვიერ ძალებს, რაც ტრაგედიას უნდა დაებადებინა მაყურებელში. ლესინგიდან მოყოლებული, ეს თემა დისკუსიებისა და განხილვის საგანს წარმოადგენდა. სინამდვილეში კი, ეს ის გრძნობებია, რომელიც იღვიძებდა მისტერიათა სკოლის მოწაფეში, როცა მას ნება ეძლეოდა მთელი თავისი დიდებულებით ეხილა ღვთის გამოვლინება სამყაროში. ამ დროს სამშვინველში არსებული ვნებები ძლიერად შეირყეოდა (შეიძვროდა) და გარეგნულად წვის პროცესად გამოვლენილი უკიდურეს ზღვარს აღწევდა. სწორედ ეს პროცესი იწვევდა განწმენდას და მოწაფეს ახლიდან შობის შესაძლებლობა ეძლეოდა. ძველ ბერძნულ ტრაგედიაში ამ პროცესის მკრთალ ანარეკლს ვხედავთ. მეცნიერებაც და ხელოვნებაც იმ ძველისძველი მისტერიებიდან წარმოიშვა“ (.შტ. – მასონიზმი, გვ.202 -203).

მსგავსი რამ ხდება ბავშვის სამშვინველში, რომელიც, მართალია, უმანკოა, მაგრამ „შემოსულია“ მიწიერ სფეროში, უკვე დედამიწის მკვიდრია და აუცილებელია, რომ მასში მთელი თავისი სიდიადით აღიბეჭდოს ღვთაებრივი სამყაროს, სულიერი სამყაროს, დედა ბუნების წმიდათა-წმიდა ხატ-სახეები, რაც გაუცნობიერებელ შიშსა და კრძალვას გამოიწვევს, მაგრამ ესაა შიში და გაოცება დიადისა და შეუცნობლის წინაშე, რომელიც ადამიანის შემდეგი ცხოვრების საფუძველი და იმის საწინდარია, რომ აღტაცების, სიყვარულისა და კრძალვის გრძნობა არ გაუქრეს

ამასვე ნიშნავს: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

შიშს ნაირგვარი სახე აქვს. ღვთისმოშიში ადამიანი სულაც არ ნიშნავს შეშინებულ, წამხდარ, მატერიალურს ჩაჭიდებულ და დამორჩილებულ ადამიანს, რომელიც შიშით შესცქერის სულიერ სამყაროს და ურჩევნია უარყოს მისი არსებობა (დღეს ამგვარად ესმით ხოლმე)… განა არ განგვიცდია შიში ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, სამშობლოს, იდეის, პრინციპისა თუ ცხოვრების აზრის დაკარგვის გამო და არ გაგვჩენია თავგანწირვის სურვილი? ამგვარი შიში ხომ სიკვდილის შიშსა სძლევს? განა არ მოგვჩვენებია, რომ ამგვარი განცდის გარეშე არაფრად ეღირებოდა ჩვენი სიცოცხლე?

არსებობს სხვა შიშიც, ეგოიზმიდან და ურწმუნოებიდან მომდინარე, რომელიც წყალწაღებულივით ებღაუჭება ამქვეყნიურს, წუთიერს, საკუთარ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ამგვარი ადამიანი არაფერს გაიღებს სხვისთვის. მისთვის ეს ქვეყანა, მატერია, დღევანდელობა ერთადერთი რეალობაა… ამაზე რუსთველი იტყოდა: შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“. უფრო მეტიც, ამგვარი შიშის გამო ადვილად გაწირავ სხვას.

ამგვარი შიშის ჩანერგვაც ისევე შეიძლება, როგორც ვაჟკაცობისა და სწორი ზნეობრივი პრინციპების. ეს შეიძლება გამიზნულადაც მოხდეს და გაუაზრებლადაც, მაგრამ შედეგი ერთი აქვს – დეზორიენტირებული, დაშინებული, არაზნეობრივ პრინციპებზე აღზრდილი საზოგადოება.

სწორედ ამგვარ შიშზეა დაფუძნებული დღევანდელ ანიმაციათა და მოზარდთათვის განკუთვნილ ფილმთა უმეტესობა.

ამგვარი ფილმების გმირები ვაჟაკაცებია არ არიან, ისინი მშიშრები არიან და შიშის გამო სჩადიან ათასნაირ ბოროტებას. მათთვის სხვის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, რადგან ხედავენ, რომ საკუთარი სიცოცხლეც ჩალის ღერივით წარმავალი და წუთიერია. აი, ამგავარ შიშს ებრძვის ზღაპარი, როცა უფლისწული ათასნაირ განსაცდელს გადალახავს მზეთუნახავის გამოსახსნელად იმ საშინელი და სასტიკი ხატ-სახეებითაც კი, რაც ხანდახან უფროსებს უმართებულოდ გვეჩვენება.

ამ ბოლო წლებში წამოვიდა ტენდენცია, რომ ქართული ზღაპარი ყველაზე სასტიკი ზღაპარია მსოფლიო ზღაპრებს შორის, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ზღაპრის ხატ-სახეთა ცნობიერ გაგებას.

რატომღაც არავინ ლაპარაკობს ანიმაციურ და საბავშვო ფილმთა მართლაც სასტიკ, დაუნდობელ, გამიზნულად დამახინჯებულ, იმ საშინელ სახეებზე, რაც დიდ ფსიქიკურ და ზნეობრივ დაღს ასვამს ჩვენს თაობას.

ზღაპარი იმ ღვთაებრივი ენით გველაპარაკება, რასაც ბავშვობაში თუ მოვუსმენთ, შემდეგ, ცხოვრების გრძელ გზაზე, მოციმციმე ვარსკვლავი ჩვენთვის მხოლოდ ციური სხეული არ იქნება, ციცინათელა – მანათობელი მატლი, ცისარტყელა კი, მხოლოდ წვიმის წვეთებში არეკლილი მზის ათინათი. შიში და გაუცხოება ღვთაებრივისგან მოშორებასა და მისი ენის დაკარგვას მოსდევს.

ნუ დავუკარგავთ ბავშვებს ზღაპრულ ხატ-სახეებს!

 

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები