9 დეკემბერი, შაბათი, 2023

ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობა სწავლების პროცესში

spot_img

ნათია ჭუმბურიძე

სსიპ ქალაქ თბილისის 186 და 221 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

 

 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ ერთ კონტექსტში ათვისებული პრინციპებისა და შესწავლილი ფაქტების სხვა სიტუაციაში გამოყენება, ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია მოსწავლისთვის სამყარო სხვადასხვა „საგნად“, მით უფრო უძნელდება მისი აღქმა და შესწავლა. ასაკთან ერთად ეს სირთულე იოლად დაიძლევა. ამ კუთხით, ასაკობრივ განვითარებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.

სწორედ ამიტომ, დღეს, ძალზე აქტუალურია, სხვადასხვა დისციპლინების ინტეგრირებული სწავლება. ზოგიერთი სასწავლო დისციპლინის შიგნით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უკვე განხორციელდა ინტეგრაცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა და ჩვენგან მეტ მობილობას ითხოვს. ადამიანს უწევს შეძენილი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მომიჯნავე სფეროში. თანამედროვე მოთხოვნები, ზოგადი განათლების მიმართ, გვიბიძგებს, ხშირად გამოვიყენოთ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ერთი თემის მეორესთან და სხვადასხვა სასწავლო საგნის ერთმანეთთან დაკავშირება ისწავლონ, რაც ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას – ტრანსფერს.

ამერიკელი მეცნიერი დევიდ პერკინსი, თავის თეორიაში „სწავლება გაგებისათვის“ წერს, რომ მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას. პერკინსის აზრით, ცოდნა და უნარები თავისთავად არ განაპირობებს გაგებას. გაგებაში „მოქმედების პერსპექტივაც“ იგულისხმება. კერძოდ, მოახერხებს თუ არა ადამიანი, მისთვის ახალ სიტუაციაში, კონკრეტული ცოდნის გახსენებასა და გამოყენებას. რაიმეს გაგება ნიშნავს, არა მხოლოდ თემის შინაარსის გააზრებას, არამედ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაღალი დონის სააზროვნო პროცესების განხორციელებასაც, როგორიცაა: ახსნა, მაგალითების მოყვანა, განზოგადება, ანალოგიის მიხედვით დასკვნის გამოტანა, ცნებების სხვა კონტექსტში გამოყენება და ა.შ. ამრიგად, გაგება ისეთ პროცესებს მოიცავს, რომლებიც მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების საშუალებას მისცემს მოსწავლეს.

მე, როგორც რიგით მასწავლებელს, მსურს მოსწავლეებს ვასწავლო გაგება, მივცე პროდუქტიული ცოდნა და დავეხმარო მიღებული ცოდნის აქტიურ გამოყენებაში. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთ საგანში ათვისებული ცოდნის სხვა კონტექსტში, სხვა დისციპლინაში გამოყენება, მათ უნდა ისწავლონ კავშირების დამყარება – „დაკავშირება“, ეს კი გაგების აუცილებელი საფუძველია.

სწორედ ამიტომ, ხშირად ვგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს და გეგმებს კოლეგებს ვუზიარებ. მინდა თქვენც გაგაცნოთ ერთ-ერთი ასეთი გეგმა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებას მოიცავს.

გაკვეთილის ტიპი ინტეგრირებული
საგნები ქართული ენა და ლიტერატურა

ბუნებისმეტყველება

გაკვეთილის თემა ქართული ენა და ლიტერატურა – მერი ბოლქვაძის „დარის ღრუბელი“

ბუნებისმეტყველება – „დარია თუ ავდარია“

სწავლების საფეხური და კლასი I საფეხური. III კლასი
მასწავლებლის სახელი, გვარი ნათია ჭუმბურიძე
მოსწავლეთა რაოდენობა 29 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები

 

მოსწავლეები:

· შეძლებენ ნაცნობი ბუნებრივი მოვლენების დახასიათებას, გაიაზრებენ როგორ რეაგირებენ მცენარეები ამინდის ცვლილებაზე;

· მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე;

· შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის „დარის ღრუბელი“ მოსმენას, გაგებას და გააზრებას;

· დაეუფლებიან გამართული/გამომეტყველებითი კითხვის ჩვევას;

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

 

ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

· ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი, ცისარტყელა) და აღწერს მათ;

·  სვამს შესაბამის კითხვებს (რეაგირებენ თუ არა ორგანიზმები ამინდის ცვლილებაზე).

ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

· სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;

·  ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;

· აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;

ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·  ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·  ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;

· განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად.

წინარე ცოდნა ♦   ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;

♦   ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათ გარეგნობას, თვისებებს);

♦   მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება. ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ?

♦   მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება. აკვირდება ამინდის ცვალებადობას და ჩამოთვლის ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს (მაგ., ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე);

♦   მოსწავლე იცნობს მეწყვილესთან მუშაობის წესებს და იყენებს მას სასწავლო პროცესის დროს.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები სახელმძღვანელო, სასწავლო პლაკატი, კომპიუტერი, როუტერი, ელექტრონული რესურსი: სურათები, power point-ის პროგრამის გამოყენებით შედგენილი ელექტრონული წიგნი და slide shaw. დავალების ბარათები, შეფასების რუბრიკები, დაფა, ცარცი, კალამი, ფერადი ფანქრები, წებო.
შეფასების საგანი და პროცედურები შეფასდება:

ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·  მხატვრული ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება

· გამომხატველობითი კითხვა

· მსჯელობა იმის შესახებ, რეაგირებენ თუ არა ორგანიზმები ამინდის ცვლილებაზე

·  ნაცნობი ბუნებრივი მოვლენის დახასიათება

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:

· თანამშრომლობა მეწყვილესთან

· სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:

· დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;

· სხვადასხვა ტიპის აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.

გაკვეთილზე გამოყენებული იქნება განმავითარებელი კომენტარი, ურთიერთშეფასება და მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი/გამოყენებული მეთოდები, აქტივობები და ორგანიზების ფორმები

 

1. A ფაზა – გამოწვევა

სლაიდის გამოყენებით მოსწავლეებისთვის გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა (1 წთ)

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება (3 წთ)

მეთოდი:  გონებრივი იერიში

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

მასწავლებელი, კლასის მართვის პროგრამის გამოყენებით (Elearning  Program), აჩვენებს მოსწავლეებს სურათს, რომელზეც გამოსახულია ღრუბლის ტირილი, წვიმა.

– რას ვხედავთ სურათზე?

– რომელ ბუნებრივ მოვლენასთან შეიძლება დავაკავშიროთ ღრუბლის ტირილი?

– ხომ არ გახსენდებათ შესწავლილი ნაწარმოები, სადაც წვიმის შესახებაა საუბარი?

მოსწავლეები იხსენებენ შესწავლილ ნაწარმოებს, მასწავლებელი აჩვენებს ანიმაციურ ვიდეოს, სადაც წვიმის წარმოქმნის პროცესია ნაჩვენები.

https://www.youtube.com/watch?v=TWb4KlM2vts

2.  B ფაზა – ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა : ახალი მასალის ახსნა ბუნებაში (3 წთ)

მეთოდი: სასწავლო პლაკატის დამზადება, კითხვა-პასუხი

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

მასწავლებელი დაფაზე აკრავს პლაკატს „დარია თუ ავდარია“, ავსებს მას მოსწავლეთა დახმარებით.

–  ჩვენ ბუნების გაკვეთილზე დავასურათეთ სხვადასხვაგვარი ამინდიც. ამ ნახატების გამოყენებით კი დავიწყე პლაკატის შექმნა, რომელზეც დავაჯგუფე ნამუშევრები, რაღაც ნიშნის მიხედვით. ხომ ვერ გამოიცნობთ, რა ნიშნის მიხედვით არის დაჯგუფებული ბუნებრივი მოვლენები?

–   როგორი ამინდია, როცა წვიმს, დარია თუ ავდარია?

–  მაშ ნახატი წვიმის გამოსახულებით პლაკატის რომელ ნაწილში განვათავსო?

–  პლაკატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ როდის ვამბობთ ავდარიაო?

–  როცა მზე აცხუნებს, ცხელა და ცაც უღრუბლოა ან ნაწილობრივ მოღრუბლული, მაშინ როგორი ამინდია?

მასწავლებელი, მოსწავლეების დახმარებით, ასრულებს სასწავლო პლაკატის შექმნას.

აქტივობა: შეძენილი ცოდნის განმტკიცება (2წთ)

მეთოდი: თამაში „დარია თუ ავდარია?“

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

–   თუ ყურადღებით იყავით ჩართული პლაკატის დამზადების პროცესში, შეძლებთ სახალისო თამაშში მონაწილეობას.

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თამაშის წესებს.

–   სლაიდზე გამოჩნდება ფოტოები, რომლებზეც სხვადასხვაგვარი ამინდი იქნება ნაჩვენები. თქვენ უნდა დაასახელოთ როგორი ამინდია ფოტოზე, დარია თუ ავდარია. თუ დარია, ავდგეთ და გავშალოთ ხელები, ხოლო თუ ავდარია სურათზე გამოსახული, ჩავიცუცქოთ და თავს ზემოთ შევკრათ ხელები.

მოსწავლეები იწყებენ თამაშს.

შემდეგ კი მასწავლებელი მიმართავს მათ:

–  იმის შესამოწმებლად, თუ როგორ გაიგეთ ახსნილი მასალა ბუნებისმეტყველებაში, შევხედოთ სურათს, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოშია მოცემული, ახალი გაკვეთილის ილუსტრაციის სახით.

აქტივობა: ვარაუდების გამოთქმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ილუსტრაციისა და სათაურის მიხედვით (4წთ)

მეთოდი: კითხვა-პასუხი

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

– რას ვხედავთ სურათზე, დარია თუ ავდარია?

–  რატომ ფიქრობთ ასე?

– მოცემული ილუსტრაციის მიხედვთ თუ ვიმსჯელებთ, მოსწონთ ყვავილებს წვიმა? რატომ ფიქრობ ასე?

–  რა შეიძლება მოხდეს, თუ ცაზე ავდრის ღრუბელი არ გამოჩნდება და არ იწვიმებს?

– ე.ი. ამინდის ცვლილება მოქმედებს მცენარეებსა და ცოცხალ სამყაროზე?

–  გაკვეთილის სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვინ იქნება ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი?

აქტივობა: უცხო სიტყვების განმარტება (2წთ)

მეთოდი: კითხვა-პასუხი

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

– ტექსტის წაკითხვამდე განვმარტოთ რამდენიმე უცხო სიტყვა, რომელიც ნაწარმოების კითხვის დროს შეგვხვდება.

მასწავლებელი, სლაიდის გამოყენებით, აჩვენებს უცხო სიტყვებს განმარტებებით. სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ განმარტებები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით განმარტავს სიტყვებს.

აქტივობა: გამომხატველობით კითხვაში ვარჯიში (10წთ.)

მეთოდი: საჩვენებელი კითხვა, გამომეტყველებითი კითხვა;

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, საერთო საკლასო

– მოდი, ვნახოთ რა გადახდა თავს ჩვენს ღრუბელს, როგორ იქცა ავდრის ღრუბელი დარის ღრუბლად. თქვენც ყურადღებით მიადევნეთ თვალი ტექსტს.

მასწავლებლი კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით, ელექტრონული წიგნის გამოყენებით. მოსწავლეები ისმენენ ტექსტს და თავადაც აყოლებენ თვალს ნაწერს.

ტექსტის კითხვა – გამართული კითხვის უნარის გავარჯიშება.

– ახლა დროა თქვენ წაიკითხოთ ტექსტი და ვივარჯიშოთ გამართული კითხვის უნარის გამომუშავებისთვის. ვიდრე კითხვას დაიწყებთ, მინდა შეგახსენოთ ის კრიტერიუმები, რომელთაც ხშირად ვიყენებთ გამართული კითხვის შეფასებისთვის. წაკითხვის შემდეგ, თვითშეფასების რუბრიკის შევსებისას, თქვენ მოგიწევთ უპასუხოთ ამ კითხვებს, მათი წინასწარი შეხსენება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები, იყოთ ყურადღებით, დაიცვათ სიზუსტე, შეარჩიოთ კითხვის ზომიერი ტემპი და ყურადღება მიაქციოთ გამომსახველობით წაკითხვას.

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით.

მოსწავლე, რომელიც წაიკითხავს ტექსტს, ავსებს თვითშეფასების კითხვარს.

დაუსვი შენს თავს კითხვები
სწორად წავიკითხე სიტყვები?
ყურადღებას ვაქცევდი სასვენ ნიშნებს?
გაბმულად წავიკითხე?
ზომიერი სისწრაფით წავიკითხე?
ინტონაციით სწორად გადმოვეცი ტექსტში ასახული ემოციები?

მასწავლებელი ამოწმებს, როგორ შეავსო მოსწავლემ კითხვარი და, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს მითითებებს, აფასებს მას განმავითარებელი კომენტარით.

აქტივობა: ახსნილი მასალის განმტკიცება (5წთ)

მეთოდი: წერითი დავალება ბარათებზე

ორგანიზების ფორმა: წყვილები

მასწავლებელი ურიგებს წყვილებს დავალებებს, აძლევს მითითებებს, აცნობს შეფასების კრიტერიუმებს.

–                    ბავშვებო, მოცემული დავალების შესრულება მეწყვილესთან ერთად მოგიწევთ. თუ თანამშრომლობა არ შედგება, შესაძლოა, ვერ მოასწროთ დავალება ან არასწორად შეასრულოთ. ხარვეზების ასაცილებლად, სჯობს, თავიდანვე გადაინაწილოთ ფუნქციები მეწყვილეებმა, განსაზღვროთ, ვის რა როლი ერგება საერთო საქმის გასაკეთებლად. მას შემდეგ, რაც დავალებას გაეცნობით, გადახედეთ ტექსტს და პასუხები გადაამოწმეთ. თანამშრომლობა წყვილებში შეფასდება ურთიერთშეფასების რუბრიკის გამოყენებით, შესრულებული დავალების ხარისხს კი მე შევაფასებ განმავითარებელი კომენტარით.

აქტივობა: შესრულებული ნამუშევრების შემოწმება (6წთ)

მეთოდი: პრეზენტაცია

ორგანიზების ფორმა: წყვილები, ინდივიდუალური

რამდენიმე წყვილი აკეთებს პრეზენტაციას, მასწავლებელი აფასებს მათ ნაშრომს და სთხოვს დანარჩენებს, გადაამოწმონ პასუხები. პრეზენტატორებს ეძლევათ განმავითარებელი შეფასება.

C ფაზა – რეფლექსია

აქტივობა – გაკვეთილის შეჯამება (3წთ)

მეთოდი: კითხვა-პასუხი

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

–   რა დაგამახსოვრდათ?

–   რა მოგეწონათ გაკვთილის მსვლელობისას და რატომ?

–  რომელი აქტივობის გამეორებას ისურვებდით შემდეგ გაკვეთილზე?

საშინაო დავალების ჩანიშვნა, გაკვეთილის შეფასება მასწავლებლის მიერ (1წთ)

გაკვეთილზე მოხდა ცოდნის ტრანსფერი, მოსწავლეებმა შეძლეს, ნაცნობი ბუნებრივი მოვლენა დაენახათ და დაეხასიათებინათ სხვადასხვა კუთხიდან, გაიაზრეს ლიტერატურული ტექსტი „დარის ღრუბელი“; იმსჯელეს, როგორ რეაგირებენ მცენარეები ამინდის ცვლილებაზე და მოახდინეს სხვადასხვა დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზი.

ჩატარებულ გაკვეთილზე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და ჩართულობა განაპირობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილმა სასწავლო რესურსებმა, ელექტრონულმა წიგნმა და ვიდეორგოლმა სახალისო სიმღერით (https://www.youtube.com/watch?v=TWb4KlM2vts). მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს დავალების ბარათებზე, რომლებზეც სხვადასხვაგვარი სამუშაო იყო შესასრულებელი (ჩასაწერი, შემოსახაზი, ჩასახატი, დასაკავშირებელი).

ვფიქრობ, თვითშეფასების ამაღლებას ხელი შეუწყო სასწავლო პლაკატის დამზადების პროცესმა, სადაც მათი ნახატები სასწავლო რესურსად მქონდა წარმოდგენილი.

ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა მასწავლებლებისთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ეს სირთულეებია:

  • ერთ გაკვეთილზე ორი საგნის თემის მიზნების ფორმულირება და ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა.
  • თემატურ გეგმებში მსგავსი თემების მოძებნა.
  • თემების გადანაცვლება და ა.შ.

ჩემი კოლეგები შეძლებენ, ჩემ მიერ შექმნილი, მზა ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის გამოყენებას და საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებას, რაც მათ, ვფიქრობ, დაგეგმვის შრომატევად პროცესს გაუადვილებს.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები