ლიკა ჯაფარიძე
სსიპ ქუთაისის №12 და იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
საერთაშორისო გამოცდილების საკუთარ პრაქტიკაში გამოყენება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. „გლობალური მოქმედების დღეები 2023“ საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც მოიცავს პერიოდს 18-დან 28 აპრილამდე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აღნიშნულ კამპანიაში 73 ქვეყნის წარმომადგენელი 150000 მონაწილე ჩაერთო, წელს იგი #LitterLessPlus-ის მთავარ თემაზე კონცენტრირდება, რომელიც დაბინძურების ყველა ფორმის შემცირებას გულისხმობს.
ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის განათლება, მისი ყველა ფორმით, მთავარი იარაღია არა მხოლოდ მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნის შეძენის თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ აღიჭურვონ სათანადო უნარებით და იქნენ მოტივირებულნი გამოიყენონ ეს ცოდნა თავიანთ ქმედებებში. ინტერესი განათლების, როგორც მდგრადი განვითარების საშუალების მიმართ, ძალიან გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენც ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას. გარემოსდაცვითი განათლება მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, ვინაიდან ის აყალიბებს გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს. გარემოსდაცვითი განათლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიზნობრივ ჯგუფებს მივაწოდოთ ცოდნა მდგრადი განვითარების საკითხებზე, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მონაწილეობა მიიღოს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში.
გარემოს ცვლილება მოსახლეობის ხასიათისა და კულტურის, მისი ეროვნული სახის შეცვლას მოასწავებს. უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების და ობიექტების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს და მათი გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისათვის, ბიოსფეროში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების, მათი ცვლილებების კონტროლის და მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების მიზნით, აუცილებელია მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება.
საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ,,ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი“ – განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში. კონსტიტუციის ეს დებულება ქმნის გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საფუძველს.
გადავწყვიტე, აღნიშნულ კამპანიაში ჩართულობით, საკუთარ პრაქტიკაში დამენერგა საერთაშორისო გამოცდილება, დავგეგმე და ა.წ. 19-27 აპრილს, ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო და ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლებში, განვახორციელე პროექტი, რომლის მიზანსაც შეადგენდა: ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით; ეკოღონისძიებებში პრაქტიკული გამოცდილების შეძენის უნარის განვითარება; თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარის განვითარება; გარემოზე ზრუნვის დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს 5 დადებით ქმედებას გარემოს დასაცავად, რომელთა ნაწილი ქ. ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობელთა ჩართულობით განვახორციელე, ნაწილი კი – ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლაში. წარმოგიდგენთ მათ თანმიმდვრობასა და აღწერას:
ქმედება №1. ხორცზე ერთი დღით უარის თქმასა და ხორცის წარმოებით გამოწვეული დაბინძურების გავლენაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამ მიმართულებით საკითხის გააზრების შედეგად, იოსებ ოცხელის სახ. №2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოაწყვეს და თანატოლებს თავიანთი შექმნილი პროდუქტი – ვიდეორგოლი წარუდგინეს, რომელშიც გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთ ნაბიჯად სახელდება ხორცპროდუქტებზე, თუნდაც ერთი დღით, უარის თქმა. საინტერესო იყო ამავე სკოლის ვეგეტარიანელ მოსწავლე N-თან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს, თუ როგორი იყო გზა ვეგეტარიანელობისკენ, ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფთა რეაქციაზე და გამოწვევას უკეთებს თანატოლებს, გამოსცადონ საკუთარი ნებისყოფა და ჩაერთონ ექსპერიმენტში – „ერთი დღით უარი ვთქვათ ხორცპროდუქტებზე!“ აღნიშნულმა ინიციატიავამ მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია, მათ შორის ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვის რაციონშიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ხორცპროდუქტები და მხარი აუბეს მეგობრის გამოწვევას. შემდეგ ეტაპზე, დაიგეგმა და გაიმართა შეხვედრა მე-5 კლასის მოსწავლეებთან, მოეწყო დისკუსია აღნიშნულ თემაზე, მათ შექმნეს ბუკლეტები, სადაც ნახატის მეშვეობით გადმოსცეს ხორცზე უარის თქმის იდეა, ტექსტებით კი ხორცპროდუქტების წარმოების უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს და გააანალიზეს პრობლემა.
ქმედება №2. მავნე ქიმიკატებისა და ჩვენს სახლებში უხილავი დამაბინძურებლების ჩანაცვლების თემას მიეძღვნა პრეზენტაცია მშობლების ჩართულობით. იოსებ ოცხელის სახ. №2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მშობელმა საინტრესოდ ისაუბრა ისეთ საუშუალებებზე, რომელთაც ნებისმიერი ჩვენგანის სამზარეულოსა და აბაზანაში, თუნდაც საძინებელში ან სამედიცინო ყუთში ვიპოვით. ბავშვების ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლო რისკებზე, რომლებიც მსგავსი ტიპის საშუალებების მოხმარებას უკავშირდება და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. საუბარი შეეხო აგრეთვე ალტერნატიულ, ბუნებრივ საშუალებს, რომელთა გამოყენებით შედეგიც სასურველი დგება და საფრთხეც ნაკლებად გვემუქრება! ძმარი და სოდა, სარეცხი/სახეხი საშუალებების ნაცვლად; ენდრო და ხახვის ფურცლები, ქიმიური საღებავის ნაცვლად; დაფნის, კომშის გულების ნახარში, თაფლიანი რძე და ბევრი სხვა ხალხური საშუალება, ქიმიური მედიკამენტების მაგიერ; კვერცხის გული, ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების სანაცვლოდ და ა.შ. განსაკუთრებით სახალისო იყო აქტივობა, როცა მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ მშობლის მიერ რეკომენდებული პროდუქტების ეფექტურობა დაბინძურებული ზედაპირის წმენდისას. მცირე ექსპერიმენტმა ბუნებრივი პროდუქტების მოხმარების სანდოობის განცდა მნიშვნელოვნად გააძლიერა ბავშვებში.
ქმედება №3. იოსებ ოცხელის სახ. №2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ორგანიზება გაუკეთეს მაკულატურის შეგროვებას, რაც ხელახალ გამოყენებას და გაცვლას გულისხმობს. ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. დაგეგმილია შეგროვილი მასალის ჩაბარება შესაბამის პუნქტში.
ქმედება №4. იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ. მშობლის ჩართულობით, იოსებ ოცხელის სახ. №2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა მასტერკლასი. საინტერესო გამოცდილებად იქცა ბავშვებისთვის ძველი, ერთი შეხედვით, უკვე გამოუსადეგარი ნივთისთვის ახალი დატვირთვის მინიჭება, მაგ.: ერთმა მოსწავლემ ძველი ჰალსტუხისგან მოდური საყელო შექმნა, მეორემ ღილებით ააწყო საქართველოს რუკის ფორმის ბროში, ასევე, შექმნეს ტანისამოსის საკიდები შეღებილი ფიცრის ნაჭრისა და გასაღებებისგან, ბოსტნეულის სახეხი კი სამკაულების საკიდად გარდაქმნეს. იერსახის შეცვლით ბევრ სხვა ნივთს განსხვავებული ფუნქცია და საინტერესო ვიზუალი მიანიჭეს.
ქმედება №5. გადამუშავებას და მის მნიშვნელობას დაუკავშირეს თავიანთი პრეზენტაცია ქუთაისის №12 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა, ისაუბრეს და იმსჯელეს გარემოს დაბინძურების შემთხვევებსა და შედეგებზე, წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი პოსტერები და მაკეტი, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. თანატოლებს გააცნეს „3R“-ის პრინციპი, რაც ნარჩენების გადამუშავებას, ხელახალ გამოყენებას და შემცირებას გულისხმობს და, სწორედ ამ მიდგომის დადებითი მხარეების გაანალიზების შედეგად, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები. მომდევნო დღეებში, პლასტმასის ბოთლებისგან წინასწარ შექმნილი ყვავილები ხეებზე მიამაგრეს და სკოლის ეზოს ფერადოვნება შემატეს. მუშაობის პროცესში მათ მხარი დაუჭირეს ესთეტიკის კათედრის წევრებმა და სხვა კლასების მოსწავლებმა, რამაც თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და სამუშაოს მოკლე ვადაში შესრულების შესაძლებლობა შექმნა. ბოლოს კი, ლენდარტის ელემენტებით დეკორირებულ სკოლის ეზოში სახალისო ფოტოსესია მოეწყო და ამაღლებული განწყობა შეიქმნა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებში.
საერთაშორისო გამოცდილების დანერგვამ ჩემს პრაქტიკაში შესაძლებლობა მომცა, როგორც მასწავლებელს, წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპტენცია, მოსწავლეებისთვის კი შემეთავაზებინა აქტუალური თემატიკა, გამომეწვია მათი დაინტერესება და ჩართულობა, შინაგანი ძალების გააქტიურება, პრობლემის მრავალმხრივად გადაჭრის, ახლებურად აღქმისა და შემოქმედებითი მიდგომით გააზრების საშუალება.
პროექტზე მუშაობა საინტერესო გამოცდილებად იქცა მოსწავლეებისთვის, რის შედეგადაც მათ აიმაღლეს ცნობიერება გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით, განუვითარდათ ეკოღონისძიებებში პრაქტიკული გამოცდილების შეძენის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები, აგრეთვე, ჩამოუყალიბდათ გარემოზე ზრუნვის დამოკიდებულება.