გაიცანით ფინალისტი

0
20771

ნესტან კუბლაშვილი, თბილისის 172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

ბუნებრივია, ამ მასშტაბის აღიარება სასიამოვნოა და თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ სტატუსი – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი – სულ სხვა პასუხისმგებლობაა და მომიწევს მუდმივად „საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“ გავხდე.

ჩემთვის „გამარჯვება და დამარცხება – წყვილად ძმებია, ერთიც მინახავს და მეორეც ხშირად მრგებია…“, აქედან გამომდინარე, გამარჯვება მხოლოდ პირველ ადგილს სულაც არ ნიშნავს და ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელებაც უკვე დიდი წარმატებაა. უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი კი ის პროცესი მგონია, რაც ამ კონკურსს თან ახლდა: გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, დავმეგობრდით, გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს და მაქვს განცდა, რომ ჩვენს ერთობას მომავალშიც შევინარჩუნებთ.

გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, მადლობას ჩემს საყვარელ მოსწავლე დათო გორგილაძეს გადავუხდი, რადგან სწორედ მან „მაიძულა ფრენა“, როდესაც თავისი გულწრფელობითა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თხრობის მანერით ისე ოსტატურად აღწერა ჩვენი გაკვეთილები, ბნელ 90-იანებშიც მამოგზაურა, ბუშმალას სურნელიც მაგრძნობინა, თვითშეფასებაც ამიმაღლა და „კომფორტული ჩრდილიდანაც“ გამომიყვანა.

რაც შეეხება ფულად ჯილდოს, გამარჯვების შემთხვევაში, დავაფინანსებ ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილ სამაგიდო თამაშს „გროვია“, რომელიც პროექტ „სკოლა-ბანკის“ ფარგლებში კუსტარულად, საკუთარი რესურსით დაამზადეს, გავმართავ სასკოლო ტურნირს და უფრო მეტ მოსწავლეს ჩავრთავ შემეცნებით-გასართობ აქტივობებში.

მასწავლებელი რომ გვერქვას, ნოდარ დუმბაძეს თუ დავესესხებით, მინიმუმ, ოთხ საიდუმლოს უნდა ვფლობდეთ: უსაზღვროდ გვიყვარდეს ბავშვი; უსაზღვროდ გვიყვარდეს საგანი, რომელსაც ვასწავლით; გვქონდეს უნარი, ეს სიყვარული სხვასაც შევყაროთ და ვიყოთ უაღრესად თანამედროვე…

სხვანაირად ყველა მცდელობა, გვერქვას მოძღვარი, ფუჭი, ყალბი და უშედეგოა.

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ