20 აპრილი, შაბათი, 2024

ვაჟასა და მოცარტის დუეტი – ინტერვიუ მიხო მოსულიშვილთან

spot_img
ჩემი რესპონდენტი მწერალი მიხო მოსულიშვილია, რომელიც, გასულ კვირას, კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“ გამარჯვებული გახდა. კონკურსანტებს წელს მოთხრობა მასწავლებლებისთვის ირაკლი კაკაბაძის ფრაზის მიხედვით უნდა დაეწერათ – „ძილში კი სიზმრად მოდიან ბავშვები, მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ“. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული მწერალი ვაჟა-ფშაველას მასწავლებლობის ეპოქას აცოცხლებს და საარქივო მასალებზე დაყრდნობით (21 განცხადებით), ქმნის სამნაწილიან მოთხრობას „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისთვის“, მოცარტის „სონატა ფორტეპიანოსთვის N11, ლა-მაჟორი“-ს თანხლებით. მოთხრობის სიუჟეტი დოკუმენტურ მასალასთან და მწერლის მიერ გამოგონილ ამბებთან ერთად, საინტერესოდ ვითარდება, მკითხველი მომსწრე ხდება, როგორ ბრუნდება მამასახლისთან ნაჩხუბარი ვაჟა დიდი თონეთის სკოლის მოსწავლეებთან, იმისთვის, რომ ახლად დაწერილი „ალუდა ქეთელაური“ წაუკითხოს, მათ კი მასწავლებელი ნიშნებით შეაფასონ. 

სათაურის ვერსიის შესახებ

„მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისთვის“ (21 განცხადება სამნაწილიანი მოთხრობისთვის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „სონატა ფორტეპიანოსთვის N11, ლა-მაჟორი“-ს თანხლებით).

საღვთო სჯულის სწავლებისას ვაჟა ბავშვებს იგავებს ასწავლიდა. მდოგვის მარცვლის იგავში ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ მარცვლებიდან ყველაზე პატარა მდოგვის მარცვალია, მაგრამ, რომ დათესავ, ყველზე დიდი ხე იზრდებაო, უფლის ჩიტები მოფრინდებიან და იმ ხეზე სხდებიანო, ეს ჩიტები ანგელოზები არიანო. ვაჟამ ეს იგავი რომ ბავშვებს მოუყვა, აუხსნა, რომ თქვენ ამ მარცვლებივით პატარები ხართ, მდოგვის მარცვლები ხართ და დიდ ხეებად უნდა გაიზარდოთო, მერე ანგელოზები თქვენთანაც მოვლენ და ჩამოსხდებიანო. მაგრამ მხოლოდ სწავლამ და განათლებამ შეიძლება გაქციოთ ბუმბერაზ ხეებად, თუ განათლებულები არ იქნებით, მაშინ უფლის ანგელოზებიც არ მოფრინდებიან თქვენთანო. მოთხრობის სათაურიც ამას ნიშნავს.

ლიტერატურას აქვს უნარი მარადიულად აქციოს რჩეული პერსონაჟები

როცა ლიტერატურაში მასწავლებლის ცხოვრება აისახება და როცა ამას კარგი მწერალი დაწერს, ლიტერატურაში მისი ადგილი სამუდამოდ გარანტირებულია. ეპოქებს შემორჩება ეს პერსონაჟები და ტიპები, როცა ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით. ამის მაგალითი ლიტერატურაში უამრავია, თუნდაც, დავით კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“. შემდეგ თაობები მისი მეშვეობით აღადგენენ იმ დროის ადამიანებს, ამ შემთხვევაში მასწავლებლებს – როგორი იყო ჩვენი დროის მასწავლებლის ცხოვრება, რა პრობლემების წინაშე იდგა 21-ე საუკუნის 10-იანი წლების მასწავლებელი და თუნდაც, განათლების სისტემა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონკურსი ამ კუთხით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას და, რაც მთავარია, ყოველწლიურად, მატებს ლიტერატურას ათ საუკეთესო მოთხრობას მასწავლებელზე, ლიტერატურას კი ნამდვილად აქვს უნარი, მარადიულად აქციოს რჩეული პერსონაჟები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონკურსის აქეცნტები ძალიან ზუსტი და სწორია,   რაც მთავარია, ქვეყნისთვის, მასწავლებლისთვის და განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი.

წელს კონკურსს ძალიან საინტერესო თემა ჰქონდა, ისეთი, ნებისმიერ ფანტაზიას რომ გამოაღვიძებს, ძალიან მოულოდნელი მდგომარეობაა, მართალია ძილში, მაგრამ მაინც   სიტუაცია შებრუნდა, თავდაყირა დადგა – როლებს იცვლიან მოსწავლე და მასწავლებლები. მოსწავლეები სიზმარში მასწავლებლებს ნიშნებს უწერენ, როლებს იცვლიან. ის 92 მოთხრობა, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, სწორედ ამ თემაზეა შექმნილი.

კონკურსში მონაწილეობა

მასწავლებლის ცხოვრებასთან ნაკლებად მაქვს შეხება მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა სკოლა დაამთავრა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და სულ მინდოდა მისი თონეთში ყოფნის პერიოდზე (1886-88 წწ., როცა ვაჟა გაგზავნილი იყო სოფელ დიდ თონეთში მასწავლებლად) რაღაც დამეწერა. უფრო სწორად, შარშან მინდოდა ამის მოყოლა, როცა კონკურსის ორგანიზატორმა, ნატო ინგოროყვამ მონაწილეობა შემომთავზა, მაგრამ ვერ მოვყევი იმიტომ, რომ თონეთში არ ვიყავი ნამყოფი, არ მქონდა მოსმენილი, როგორ ლაპარაკობენ დიდი თონეთელები, როგორი დიალექტია, ქართლური დიალექტის რომელი მხარეა, რა სიტყვები ახსოვთ, როგორ იყენებენ ამ სიტყვებს. ეს აუცილებლად უნდა მომესმინა და ჩემი თვალით მენახა ადგილი, სადაც ვაჟა პატარებს ასწავლიდა. მართალია, ეს შენობა ახლა გომურად ჰქონიათ ქცეული, ინგრევა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩემი იქ ჩასვლა აუცილებელი იყო, რადგან სულ სხვა რეალობა შემოდის სიტყვებში; სხვაგვარად დაწერილი მხოლოდ აბსტრაქტული და მოგონილი, ფურცლებიდან დანახული იქნებოდა. როცა კაბინეტში ზიხარ, გარეთ არ გადიხარ და ისე წერ, რაც არ უნდა მოინდომო (სულ რომ მოიკლა თავი), სიტყვები რჩებიან მშრალ, კაბინეტის სიტყვებად. ასეთი სიტყვები კი არ მხიბლავს, მე მიყვარს მინდორში, მთაში, ტყეში ადამიანებთან, რეალურ ცხოვრებაში მოსმენილი და დაწერილი სიტყვები – მუხლზე დადებულ ბლოკნოტში ფანქრით ჩაწერილი ფრაზები და წინადადებები, მერე ამ ფრაზებიდან გაცოცხლებული ამბები. თუმცა, ახლა ფანქარიც აღარ მჭირდება, რადგან მოსმენილი თავისით მამახსოვრდება და ლაგდება ჩემს მეხსიერებაში. წლების მერე ეს გამოცდილება თავისით მოვიდა – ილექება ჩემს მესხიერებაში პეიზაჟი, ბუნება, ადამიანების განწყობა თუ სხვა… წერის დროს ფიქრიც არ მჭირდება, ისე მახსენებს თავს.

დათია ბადალაშვილი, არის ასეთი ახალგაზრდა ძალიან კარგი მწერალი, რომელიც თავის სოფელში, დიდ თონეთში დაბრუნდა, ჩამოქცეული ბიბლიოთეკიდან, რომელსაც ზედ აწვიმდა, წიგნები გადასარჩენად სახლში წაიღო. მერე ჩამოუარა ყველას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორიდან, გიორგი კეკელიძიდან დაწყებული რიგითი ადამიანით დამთავრებული, ვისთვისაც წიგნი ფასეულია და დახმარება სთხოვა, რომ გვერდში დადგომოდნენ სოფლის ბიბლიოთეკის გადასარჩენად. ეს ყველაფერი შეძლო. ბიბლიოთეკისთვის ფართი გამოუყვეს ერთ შენობაში, მერე დაეხმარნენ ორგანიზაციები, საზოგადოებები, კერძო პირები, ვინც კი შეიტყო დათიას ინიციატივის შესახებ (სამწუხაროდ, სოფლებში ბიბლიოთეკები თითქმის აღარ შემორჩა). ასე გააცოცხლა დიდ თონეთში დათიამ ბიბლიოთეკა, სადაც ახლა ბავშვები დადიან და კითხულობენ. წიგნების შეგროვება სწორედ საბავშვო ლიტერატურიდან დაიწყო (მეც ვაჩუქე წიგნები), ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია ჩაერთო, საქვეყნო საქმედ იქცა და საკმაოდ კარგი წიგნადი ფონდიც შეიქმნა.

დიდი თონეთის სკოლას ვაჟა-ფშაველას სახელი აქვს მინიჭებული და დათიამ სოფელში „ვაჟაობა“ მოაწყო – ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებულ ზეიმს დაარქვა ასე. ბევრი სტუმარი ეწვია, მწერლები, ანსამბლები და ა.შ. სწორედ მაშინ ჩავედი სოფელში პირველად, გავიცანი დიდთონეთელები. დათიას ერთი ნათესავის წყალობით, მისი დიდი პაპის, გლახო ბადალაშვილის ისტორიული ყანწიდან, რომლითაც ვაჟა სასმელს მიირთმევდა ხოლმე, ერთი სადღეგრძელო მეც დავლიე. გლახო ვაჟას მოწაფე ყოფილა, როცა ვაჟა ბადალაშვილებთან სტუმრად მიდიოდა, თურმე ამ ყანწიდანაც დალევდა ხოლმე. ამ სასმისს ახლაც ძალიან უფრთხილდებიან და იშვიათად, თუ ვინმეს ხვდება წილად პატივი, რომ ამ ყანწით შესვას სასმელი. მიხარია, რომ ეს უფლება მოვიპოვე.

რაც მთავარია, დიდ თონეთში, ვაჟაობაზე ჩასულმა გავიცანი სოფლის მცხოვრები ადამიანები, მოვისმინე მათი საუბარი, ვნახე გარემო, სადაც ვაჟა ბავშვებს ასწავლიდა. საოცარი გარემოა, სადაც არაჩვეულებრივი ქართულით მოსაუბრე ხალხი ცხოვრობს – ქართლური დიალექტი შერეულია მთიულურთან. იქიდან რომ დავბრუნდი, მივხვდი, უკვე შემეძლო მოთხრობაზე ფიქრი. დავიწყე საკონკურსო ნაწარმოების წერა.

როგორია მიხო მოსულიშვილის ლიტერატურული მასწავლებელი  

მოთხრობა 21 განცხადებისგან შედგება, სადაც ჩანს, თუ როგორ დაუპირისპირდა სოფელში მასწავლებლად ჩასული ვაჟა სოფლის მამასახლისს და მღვდელს, რომელიც მისი ცოლის ძმა იყო. ეს ორი ადამიანი ერთად ყვლეფდა ხალხს, გადასახადებს აწერდა. ვაჟა, როგორც წესი, ყველგან უპირისპირდებოდა ასეთ უსამართლობას. შედეგმაც არ დააყოვნა – დაიწყეს საჩივრების წერა წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის სახელზე და ითხოვდნენ ვაჟას თავიდან მოშორებას. საჩივრის ადრესატები კი ვაჟას ავალებდნენ, პასუხი გაეცა ბრალდებებისთვის, ეს პასუხები შემორჩენილია არქივში, იქვე ინახება საჩივრებიც. არქივიდან ამოვიღე მასალები და დავიწყე ფიქრი, ახლა რა გავაკეთო მეთქი…

თუ მუსიკიდან არ დავიწყე ფიქრი, ისე ვერ ვწერ. თავისით მეწვია მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N11, ძალიან ცნობილი, რომელიც რონდო Alla Turca-თი მთავრდება. სამ ნაწილად აგებული სონატაა – შესავალი ნაწილი,   შუაში მენუეტი და ბოლოს რონდო Alla Turca. მივხვდი, რომ ეს სონატა იყო ის, რაც ამბავთან უნდა დამეკავშირებინა და ასე დაეწყო მოთხრობის სიუჟეტი – ვაჟა რომ ჩავიდა სოფელში და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა (ვიდრე მამასახლისს დაუპირისპერდება), ეს სონატის შესავალია; მამასახლისთან დაპირისპირება და იძულებით მისი თონეთის სკოლიდან წამოსვლა სონატის მეორე ნაწილი – მენუეტია. რაც შეეხება სონატის მესამე ნაწილს, როცა უკვე მწერალი და მუსიკოსი ერთად მუშაობენ, რონდო Alla Turca, სწორედ აქ შემოდის ილია ჭავჭავაძე, რომელმაც თუმანი მისცა ვაჟას და უთხრა, რომ თონეთში წავიდეს, ბავშვებს შაქარ-ყინულებით ახალი წელი მიულოცოს და იქნებ, მამასახლისსა და მღვდელსაც შეურიგდეს. ვაჟა თანხმდება ერთი განზრახვის გამო – იმ დროს „ივერიაში“ ახალი დაბეჭდილია „ალუდა ქეთელაური“. ვაჟა სოფელში ადის, ურიგდება მამასახლისსა და მღვდელს და ატარებს გაკვეთლს – ამოიღებს „ივერიის“ ორ ნომერს, სადაც „ალუდა ქეთელაურია“ დაბეჭდილი და ეუბნება ბავშვებს, მე თქვენ წაგიკითხავთ ჩემს ნაწარმოებს, რომელიც აქ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დავწერე, კარგად მომისმინეთ და შემიფასეთ, ნიშნები დამწერეოთო. პროცესს სოფლის მცხოვრებლებიც ესწრებიან, მათ შორის მამასახლისის მხარდამჭერებიც. მოსწავლეებს თავიდან ერიდებათ ვაჟასთვის ნიშნების დაწერა, მაგრამ ბოლოს მაინც უწერენ. აქ ჩემი მოგონილია ილიას ამბავი, როგორ მისცა თუმანი ვაჟას, ვაჟა როგორ ავიდა სკოლაში, წაუკითხა მოსწავლეებს პოემა და ბავშვებმა როგორ დაუწერეს გაზეთზე ნიშნები პოეტს.

ამით მინდოდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მეთქვა, მკითხველს წარმოედგინა, თუ რა მდგომარეობაში იყო ვაჟა, ვიდრე „ალუდა ქეთელაურს“ დაწერდა. მასავით მოკვეთილი და გამოგდებული თონეთის თემიდან. მინდოდა მეჩვენებინა, თუ რატომ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფის მიყენება სიმართლისთვის მებრძოლი, თუნდაც „მტრადქცეული“ ადამიანისთვის, რომელიც საზოგადოებამ იმის გამო მოიკვეთა, რომ მან სიმართლე ამხილა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ მოთხრობაში ვაჩვენე, არის ის, რომ სოფელში დაბრუნებულმა ვაჟამ შეთქმულება კი არ მოაწყო „ხევისბერის“ ჩამოსაგდებად და მოსყიდვით მხარდამჭერების ძებნა კი არ დაიწყო (მე ხევისბერი გავხდები, შენ – მოადგილე და ა.შ. ლენინივით და სტალინივით რევოლუცია კი არ მოაწყო), არამედ საზოგადოებას აჩვენა, როგორ არათანამოაზრედაც არ უნდა მიგაჩნდეს ღირსეული,   ხელი არ უნდა მოჭრა, არ მოიკვეთო, რადგან საზოგადოებაში დარჩებიან ადამიანები, რომლებიც ამგვარად გააგრძელებენ ფიქრს… იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საზოგადოება მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ… ერთი მაინც აღმოჩნდება ჩვენ შორის, რომელიც 27 წლის ვაჟასავით დაუპირისპირდება უსამართლო მმართველს და მის თანამოაზრეებს, რომლებსაც ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ. აუცილებლად აიმაღლებენ ხმას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობას ღარიბების, ქვრივ-ობლებისა და გაჭირვებულების ხარჯზე მოიწყობენ. ამ ამბის მოყოლაში, როგორც გითხარით, მოცარტი დამეხმარა.

თანამედროვე მასწავლებელი მარადიული გამოწვევების პირისპირ  

 მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ის მომავალ საქართველოს აგებს, შეიძლება თამამად ითქვას, ფრონტის წინა ხაზზეა. როგორი იქნება ჩვენი მომავალი, ამაში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს აკისრია – ვინ იქნება მასწავლებელი, ეს ნიშნავს იმას, როგორი იქნებიან ჩვენი შვილები. რაც მთავარია, ეს ეხება ყველა ოჯახს, თითოეულ ადამიანს.

ეს არის მოთხრობა მასწავლებელზე მასწავლებლებისთვის, რომელიც შეიძლება საუკეთესო რესურსად აქციოს თანამედროვე მასწავლებელმა, თუნდაც ვაჟას ეპოქის სწავლებისას.   ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ საკონკურსო   მოთხრობა. აქ ნაჩვენები გამოწვევები მარადიულია, იცვლება დრო, მაგრამ, სამწუხაროდ, უცვლელი რჩება პრობლემები.

პიროვნება როგორ ხვდება ძალადობას? არის რაღაც, რაც უნდა მოვითმინოთ, მაგრამ არსებობს ძალადობა, რომლის მოთმენაც დაუშვებელია, რის ფასადაც უნდა დაგვიჯდეს. მასწავლებელი, რომელიც ამ მოთხრობას დაეყრდნობა, მოსწავლეებს მარტივად აუხსნის იმასაც, რომ ხშირად, როცა მშობელი იძულების წესით სკოლაში აგზავნის ან გაკვეთილს ასწავლის, ეს მოსათმენია, რადგან მიზანი მათი კარგი მომავალი – განათლებაა, მაგრამ არის ძალადობა, რომლის შეგუებაც არ შეიძლება, არაფრის ფასად, თუნდაც ისე ძვირად დაუჯდეთ, როგორც ალუდა ქეთელაურს. მერე ეს ფიქრი გაგრძელდება და საზოგადოება მივა იქამდე, რომ დაინახავს ცვლილებების აუცილებლობას. მოთხრობაში მაშინდელი ეპოქაა გაცოცხლებული, მაგრამ რითი განსხვავდება დღევანდელისგან? დღევანდელ მასწავლებელსაც უწევს, ხშირ შემთხვევაში, მოხელეებთან დაპირისპირება უსამართლობის გამო. როგორ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემები? უნდა დაუპისრისპირდნენ თუ თანამშრომლობით მიაღწიონ საწადელს? ამ მოთხრობით მინდა ვთქვა, რომ ჩხუბით არაფერი გამოვა, რაც უნდა მექრთამე იყოს კონკრეტული მოხელე, მასთან მასწავლებელი ჩხუბით ვერაფერს გახდება, ცუდ მოხელესაც კი რაღაც კარგი უნდა გააკეთებინოს ბავშვებისთვის, განათლებისთვის. ცხვირ-პირი კი არ უნდა უმტვრიოს, როგორც ამას ვაჟა შეეცადა (ესეც გაკვეთილია), თუნდაც ამ გაკვეთილით ისწავლოს, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში.

დღესაც შეიძლება ასეთი რამ მოხდეს სკოლაში. მოხელე დირექტორსაც ნიშნავს, სასწავლო ნაწილის გამგესაც და სხვა ზემდგომ თანამდებობის ადამიანსაც. ვაჟას შეეშალა ამ ურთიერთობაში, ილიამ სწორედ ამიტომ სცადა ამ ფორმით ახალგაზრდა პოეტის შეცდომის გამოსწორება, ის ხომ ბრძენი იყო. თუ დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, უნდა სწორად განსაზღვრო, სად მოითმინო და სად არა, გააანალიზო კონკრეტული ქმედება სასარგებლოა თუ არა შენთვის და შენი მოსწავლეებისთვის.

სიმართლე გითხრათ, ცოტა მაშინებდა, მეცხრამეტე საუკუნის ეპოქის მასწავლებლის მაგალითი რამდენად მიესადაგებოდა დღევანდელობას. მაგრამ, აქ ვაჟაზე ვსაუბრობთ და მის ნაწარმოებზე, რომელიც აქტუალობას არ დაკარგავს არც 21-ე და არც 25-ე საუკუნეში. ჩვენი შვილები წლების შემდეგაც იკითხავენ, მივიდა კი საზოგადოება იქამდე, რომ ეს თემები აქტუალური აღარ არის? ეს მოთხრობაც ამ მარადიულ თემებს ეხება. მარადიულია დაპირისპირება მასწავლებლისა მოხელეებთან, მარადიულია დაპირისპირება ბავშვისა გარემოსთან, რომელიც ხან მოძალადეა და ხან არა. ბავშვმა უნდა იცოდეს პასუხი, რა არის მნიშვნელოვანი, ამ პასუხებამდე მისასვლელი გზა კი მას მასწავლებელმა უნდა გაუკვალოს, უნდა ჩამოუყალიბოს ის სწორი ღირებულებები, რომელზეც ჭეშმარიტება დგას, რომ რუტინული და გაუნათლებელი ადამიანები ასეთივე საზოგადოებას შექმნიან. რთული პროცესია გასავლელი, რომ კაცობრიობა მივიდეს სიმართლემდე.

სკოლის როლი საზოგადოების ფორმირებაში – როცა საზოგადოება იწყებს განათლებაზე ზრუნვას, მაშინ იწყება წინსვლა…

დღევანდელ სკოლებთან შეხება მაქვს „ცოცხალი წიგნების“ პროექტის ფარგლებში. მწერლები მივდივართ სკოლებში, ვხვდებით ბავშვებს და ვესაუბრებით, მათ შორის, ხშირად რაიონებშიც. შევნიშნე, რომ თანამედროვე სკოლას ბევრი პრობლემა აქვს. ისე როგორც დანარჩენ სფეროზე, ცხოვრების დაბალი დონე სკოლაზეც აირეკლება. მეტიც, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება სკოლაზე, მასწავლებელზე, და ზოგადად, განათლების ხარისხზე. ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ. სკოლამ უნდა განაგრძოს თავისი სრულყოფა, იმ სისტემის სრულყოფა, რითაც მოსწავლეს ასწავლის, უნდა შეძლოს ბავშვის დაინტერესება. ერთგვარი ძალადობაა სწავლებაც, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ძალიან სასარგებლო ძალადობა – მხოლოდ სწავლით ხდება ადამიანი განათლებული. განათლებული რომ გახდე, ამას ბევრი შრომა სჭირდება, შრომას კიდევ მიჩვევა. სკოლამ უნდა შეაჩვიოს მოსწავლე შრომას, რომ კარგი განათლება მიიღოს. მესმის, რომ გარედან ლაპარაკი იოლია, პრაქტიკაში განხორციელება კი რთული, მაგრამ როცა ამ პროფესიას ირჩევ, ავტომატურად დგები მოწინავე ხაზზე, განსაზღვრავ მომავალ საქართველოს, თუ როგორი იქნება ის. ამიტომ მასწავლებლებს ყველანაირად მხარში უნდა დავუდგეთ, რომ მათ ღირსეული და განათლებული მომავალი თაობები გაგვიზარდონ. განათლება საზოგადოებისთვის გადამწყვეტია, თუნდაც იმისთვის, რომ არ ვურტყათ საყურიან ახალგაზრდა ბიჭებს მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცით ჩვენგან განსხავავებულები არიან. მივცეთ ჩვენ გვერდით თანაცხოვრების უფლება. ვიდრე ამას გავაკეთებთ, დავუსვათ კითხვა ჩვენს თავს – რას ვერჩით? აქამდე უნდა მივიდეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები. ამას კი მხოლოდ განათლებით შევძლებთ.

სამწუხაროდ, მაინც იქამდე მივედით, რომ ჩვენში ძალიან რთული აღმოჩნდა ძალადობის დაძლევა. სამწუხაროდ, ეს ყველგან და ყველაფერზე აისახება – სკოლაშიც, ქუჩაშიც, ოჯახშიც. ურთიერთობებმა რომანტიულობა დაკარგა, ძალიან მკაცრი გახდა და მივიღეთ დაძაბული და დაუნდობელი საზოგადოება. ამას ერთგვარი წინაპირობაც აქვს – ქვეყანამ დიდი ქარტეხილები გაიარა – გვახსოვს ბანდების თარეში, შიდა ომები, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა, მერე ისევ ომი… ყველაფერმა კი დატოვა კვალი, რომელიც საზოგადოებაზე ნეგატიურად აისახა. აქაც განათლებამ უნდა გვიხსნას, საზოგადოებას განათლების გარდა ვერაფერი გადაარჩენს. მწერლები, მხატვრები, ნებისმიერი ადამიანი მხარში უნდა დავუდგეთ მასწავლებელს, თუ გვინდა, რომ მომავალი გვქონდეს. თუ მეტი განათლება გვექნება, მერე ისიც გვეცოდინება, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანების ჩასაქოლად რაზმები არ უნდა შევქმნათ და კომბლებით არ უნდა გავილაშქროთ… მთელი ჩემი საქმიანობა, წარსულშიც და მომავალშიც, ამ მთავარ სათქმელს უკავშირდება. განათლება, პირველ რიგში, არის იმის ცოდნა, შეგვეძლოს ცუდის და კარგის გარჩევა და მერე იმაში დაოსტატება, რაც შენ გაინტერესებს, რისი კეთებაც გინდა. განათლების მიცემა მარტო არითმეტიკის სწავლება არ არის – ეს ნიშნავს ადამიანის გამოყვანას ბნელიდან. სიტყვაც პირდაპირ ამას ნიშნავს – განათლება, ანუ სინათლე, ნათელი მოდის შენთან და როცა ნათელი მოვა, ის ისე გაანათებს, რომ დაგანახებს ბოროტსაც და კარგსაც. იმის გამორჩევაშიც დაგეხმარება, შენ რომელი ხარ ან რომელი გინდა იყო და გაძლევს არჩევანის საშუალებას, საით წახვიდე. აქ კი გადამწყვეტია სკოლა – ბავშვის აღზრდა და ხარისხიანი განათლების მიცემა. საზოგადოება, რომელსაც არ აქვს კარგი განათლების სისტემა, ვერასდროს განვითარდება. როცა საზოგადოება იწყებს განათლებაზე ზრუნვას, მაშინ იწყება წინსვლა. ამის საუკეთესო მაგალითი დედამიწას, 40 (თუ მეტია არა) საუკუნის წინათ შუმერებმა მისცეს –   საზოგადოება, პირველ რიგში, ქმნის სკოლას, დგამ მერხს, მერხთან სვამ ბავშვს, რომელსაც მოუყვან მასწავლებელს. მერე რა, რომ თიხის ფირფიტის დაფებზე წაკვეთილი ლერწმით უწერ იეროგლიფებს… მთავარია, ასწავლი და იწყებ მათ განვითარებაზე ზრუნვას.

სხვათაშორის, შუმერი ჩვენ ერთი რამით ძალიან გვგავდა – მთელი შუმერი ლექსებს წერდა, როგორც მთელი საქართველო (ზოგი ჩუმად, ზოგი გაცხადებულად). ეს იცით რისი ნიშანია? როცა საზოგადოება წერს (თან ლექსებს), ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ოცნებობს. იცით როდის ოცნებობს? მაშინ, როცა საზოგადოებას, ანუ მაშინდელ შუმერულ ქალაქს აქვს სალოცავი ტაძარი, ჰყავს გონიერი მმართველი, გარშემო შემოვლებული აქვს გალავანი და, რაც მთავარია, თუ აქვს სკოლა, – აი, მხოლოდ ამის შემდეგ ვითრდება და მაშინ იწყებს ოცნებას, ანუ ლექსების წერას.

ვაჟას და მოცარტის დუეტი შედგა

ვაჟას და მოცარტის შერწყმა თავისით მოხდა, როგორც ხდება ხოლმე ჩემი წერის დროს. ჩემი წერის მექანიზმი ასეთია – მარაგში ძალიან ბევრი კომპოზიტორი მყავს და, რაც მთავარია, მაქვს ამბავი. მთავარია, ვიგრძნო, ამ ჩემს ამბავს როგორი მუსიკალური ჟღერადობა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა იწერებოდა მოთხრობა „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის“, მოცარტი რომ არ ყოფილიყო, ვერ დავწერდი. უნდა მესმოდეს მუსიკა, რომელიც სიუჟეტის განვითარებას ამიხსნის. ამ მოთხრობის შემთხვევაში ეს კარგად ამიხსნა მოცარტმა, ამ მოთხრობას   მოცარტის ჟღერადობა აქვს, თორემ, როცა ვაჟას ბიოგრაფიული წიგნი დაიწერა, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატას“ ჟღერადობა მიიღო. იქ ყველაფერს „ტრავიატას“ მიღმა ვხედავ,   განწყობაც და იმ წიგნის მთელი სტილიც იქიდან მოდის.

მოთხრობაში „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის“ კი მოცარტმა თვითონ იპოვა ეს ამბავი და თავისი სონატის მიხედვით წაიყვანა, სამ ნაწილად. ამ მოთხრობის ბოლო ნაწილში მოცარტი მეუბნება, რომ აი, აქ, რონდოა, აქ უკვე ცეკვა აღარ არის – ხელგაშლილები მივფრინავთ ცაში, ისეთი ლაღი მუსიკაა… აბა, როგორ უნდა გავფრინდეთ ცაში, თუ არა – შობა, 25 დეკემბერი და შაქარყინულით დატვირთული ვაჟა, რომელიც დიდ თონეში მოსწავლეებთან ჩადის, „ალუდა ქეთელაურს“ უკითხავს და ამაყად ელის ნიშნებს მოსწავლეებისგან…

ჰოდა, სწორდ ასეთი გაფრენა ვცადე ვაჟას დიდთონეთური ამბითა და ამ ამბავზე მოცარტის ზემოხსენებული სონატის მორგებით…

ვფიქრობ, ვაჟასა და მოცარტის დუეტი ასეთი უნდა ყოფილიყო…

ესაუბრა ლალი ჯელაძე

„მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისთვის“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები