19 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასების ახალი მოდელი- ცვლილებები გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებში

spot_img

28 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ გამოცდების ახალი მოდელი წარადგინეს.

განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. დაიგეგმა და ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა. შესაბამისად, შეფასების ახალი მოდელი არსებულ გამოწვევებს ეხმიანება და ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა.

ახალი მოდელის დანერგვის პრინციპები ხარისხზე ორიენტაციას ეფუძნება

  • სკოლის როლის გაძლიერება;
  • ორიენტაცია შედეგზე და არა გამოცდაზე;
  • უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა;
  • ნაკლები დანახარჯები მშობლებისთვის.

მოსამზადებელი ეტაპი – 2019 წელი

  • მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის;
  • მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი;
  • იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი, თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება – შეიცვალა წესი, რომლის მიხედვითაც, არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

დანერგვის ეტაპი – 2020 წელი

  • მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია – ჰუმანიტარული მიმართლების შემთხვევაში;
  • აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ, აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
  • უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თოთოეული საგამოცდო საგნისთვის;
  • ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან გაგრძელდება, რათა მაქიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი, გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული“ – განაცხადა მინისტრმა.

ლალი ჯელაძე 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები