29 მარტი, პარასკევი, 2024

საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით იზრდება

spot_img

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაჯამა, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მისი განცხადებით, განათლების ბიუჯეტის მატების დიდი წილი ინფრასტრუქტურულ კომპონენტებზე მოდის: „წელს, ქვეყნის მასშტაბით, 50 სკოლის მშენებლობა დასრულდა, მათგან 20 მთლიანად სახელმწიფო რესურსით აშენდა. 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს, ყველაზე პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში გავაფართოვოთ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი“.

მეორე უნიშვნელოვანეს სიახლედ კომიტეტის თავმჯდომარემ ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა დაასახელა – 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე. „ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. კანონში წელს მიღებული ცვლილებების თანახმად, სპეცპედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროგრამული კომპონენტების შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ 2019 წელს იგეგმება საჯარო სკოლების უფრო მასშტაბური აღჭურვა კომპიუტერებით, პროექტორებით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებითა და ინტერნეტქსელით. სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, ბიუჯეტი 37 მილიონი ლარით იზრდება.

მარიამ ჯაშმა ყურადღება პროფესიული განათლების დაფინანსებაზეც გაამახვილა – 2018 წელთან შედარებით 20.3 მლნ-ით იზრდება. ეს მას უაღრესად მნიშნელოვან პირობად მიაჩნია ახალმიღებული პროფესიული განათლების კანონის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად. „ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში და ეს, განათლების სამინისტროსთან ერთად ,ჩემი კოლეგების – მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

წელს ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. ეს ცვლილება კი, როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, იმის გამო ხორციელდება, რომ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის უფრო კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას. 2019 წელს, ბიუჯეტით, დაახლოებით, 15. 600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის – კერძო კოლეჯების 3. 000 სტუდენტის.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გადაიხედება როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასევე ზოგადად მეცნიერების დაფინანსების პრინციპები და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტული საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტის უახლოეს პერიოდში დაფინანსების საჭიროებაზე. „სასწრაფოდ გადასაწყვეტია ჩვენი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ფონდის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობის საკითხი. ასევე დაუყოვნებლივ გადასაწყვეტია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის საკითხი.“

კულტურის სფეროს ინვესტირებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 4 მილიონიანი ზრდაა დაგეგმილი და, სულ, აღნიშნული თანხა 12.5 მლნ ლარს შეადგენს. „შარშან, როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 17 მლნ ლარის რესურსს ფრანკფურტში საქართველოს კულტურის წარსადგენად, ჩვენი ერთობლივი პოზიცია იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ეს რესურსი 2019 და შემდგომ წლებშიც, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებაა საჭირო ქართული თეატრისა და კინოს ინდუსტრიისათვის, მათ შორის, ინკლუზიური თეატრების დასების მდგრადობისთვის – „საქართველოს უკვე აქვს კონკრეტული გამოცდილება, უნიკალური პროექტები, რომელიც შეიძლება ინკლუზიური თეატრის ბრწყინვალე მაგალითი გახდეს.“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები