18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

spot_img

Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების  ონლაინ ცერემონია გაიმართა. განათლების მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პლატფორმის დანერგვის დროს გამოჩენილი ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საზეიმო ცერემონიალზე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, თეა შეროზიამ დამსწრე საზოგადოებას, Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის კუთხით, საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღეა! მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მასწავლებლებს Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში წარმატებული მონაწილეობა, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, – დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. საქართველოში, თქვენი ჩართულობით, დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი – Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა! ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს კომპანია Microsoft-დან, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტს, ენტონი სალსიტოს, რომელიც მუდმივად გვეხმარება და ხელს გვიწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში Microsof“-ის პროდუქტების ეფექტურად დანერგვაში.

 განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების სასიცოცხლო აუცილებლობა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აშკარად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ  Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა ძალიან ეფექტური ნაბიჯი იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით.“

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ  თამაშზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. სწავლის პროცესი მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს უნდა იწვევდეს. Minecraft Education Edition პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება. პროგრამის, როგორც დამატებითი რესურსის, გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად, საშუალო განათლების ნებისმიერ საფეხურზე. Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა სკოლაში დანერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის.

პროექტი „Microsoft-საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Education“ ჩართულობით ხორციელდება. Minecraft Education Edition-ის დანერგვის მიზნით, პირველ ეტაპზე,  150-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. პროცესი დისტანციურად წარიმართა. გადამზადებული მასწავლებლები, შემდგომში, მონაწილეობას მიიღებენ Minecraft-ის სხვა სკოლებში დანერგვასა და სასწავლო პროცესში ეფექტიან ინტეგრირებაში.

პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს კომპლექსური დავალებები I-X კლასის კლასებისთვის. ასევე, მომზადა ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის. საგანმანთლებლო რესურსების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/ პილოტირების ეტაპზე, V-X კლასების 2000-მდე მოსწავლე, მასწავლებლებთან ერთად, ქმნიდა სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, მუსიკა) და ეუფლებოდა საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს.

პროექტის ფარგლებში, ჩატარდა 4-დღიანი ონლაინ კონფერენცია, სადაც გადამზადებულმა მასწავლებლებმა, პრეზენტაციების საშუალებით, საკუთარი შედეგები სხვა პედაგოგებსაც გაუზიარეს. კონფერენციას 1000-ზე მეტი ონლაინ მსმენელი ჰყავდა. კონფერენციის ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/training-webinars/

Minecraft Education Edition – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. Minecraft Education Edition იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ, მოქნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები