16 აპრილი, სამშაბათი, 2024

გოგონებმა ბოლოს გაარკვიეს

spot_img

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 20-წლამდელ მოჭადრაკეთა შორის, გოგონებსა და ბიჭებში, რომელშიც ამ ასაკის ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე გამოვიდა. შემადგენლობაც სოლიდური მოგროვდა – 68 სპორტსმენი: 44 – ბიჭებში და 24 – გოგონებში.

ბიჭებში თბილისელმა საერთაშორისო ოსტატმა ნიკოლოზ კაჭარავამ (მწვრთნელი – მიხეილ მჭედლიშვილი) გაიმარჯვა, 9 შესაძლებლიდან 8 ქულა დააგროვა. ნახევარი ქულით ნაკლები გამოიმუშავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა მჭედლიშვილის კიდევ ერთმა შეგირდმა, ასევე საერთაშორისო ოსტატმა და ასევე თბილისელმა ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, მას, მჭედლიშვილთან ერთად, ლაშა ჯანჯღავაც ავარჯიშებს; 7 ქულით კი მესამე ადგილზე ბათუმელი ფიდე-ს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი (მწვრთნელები: დავით ჯოჯუა, ლეონიდ ნეურონოვი) გავიდა.

კაჭარავა ჩემპიონატში თავიდანვე დაწინაურდა და საინტერესოა, რომ მიჯრით მოიგო პირველი 6 პარტია. მან მხოლოდ ამის შემდეგ ითამაშა ორი ყაიმი, მათ შორის ერთი კი ცენტრალურ პარტიაში – პეტრიაშვილთან. მეორე ყაიმი ბოლო ტურში ზუგდიდელ გიორგი კუხალეიშვილთან ითამაშა, რაკი ეს შედეგი სავსებით აძლევდა ხელს, ხოლო მანამდე ახვლედიანთან მოიგო.
ბოლო ტურის წინ კაჭარავას გაჩემპიონება თუ გაცხადებული იყო, გოგონებში დაძაბულობა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა და გამარჯვებული მხოლოდ დასკვნით პარტიაში გამოვლინდა, თუმცა – დამატებითი მაჩვენებლებით, რადგან ორმა მონაწილემ ერთნაირი შედეგით დაასრულა გამოსვლა. საინტერესოა, რომ პირველ-მეორე ადგილები აქაც თბილისელებმა გაინაწილეს და ისევ – ერთი მწვრთნელის შეგირდებმა. ჩემპიონატი 7.5-7.5 ქულით დაასრულეს ნია დონღვანმა და ლილე ქორიძემ, რომლებსაც ლაშა ჯანჯღავა ავარჯიშებს, თუმცა მასთან ერთად დონღვანს კონსტანტინე შანავა, ხოლო ქორიძეს დავით არუთინიანი წვრთნიან. ბრინჯაოს მედალს, 6 ქულით, ქუთაისელი თამარ ესაძე დაეუფლა (მწვრთნელები: ლერი ესაძე, მიხეილ სანიკიძე).

ბოლო, მეცხრე ტურში სამივე მათგანმა იმარჯვა (დონღვანმა და ქორიძემ – შავი ფიგურებით), თუმცა აქ ბოლო ორი ტური, სატურნირო თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, დონღვანმა ლამის შეუსრულებელი მისია შეასრულა – ზედიზედ მოუგო ორ უშუალო კონკურენტს და, საბოლოოდ, ამ მომქანცველი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. მან ჯერ ბოლოს წინა, მე-8 ტურში, ესაძეს მოუგო, ბოლოს კი ფოთელ დიანა ლომაიასაც აჯობა და მეორე მდევარიც უკან ჩამოიტოვა. თუმცა არა მარტო ის, არამედ – ყველა. არადა, მას წაფორხილების უფლება არ ჰქონდა, თორემ დასკვნით პარტიებში ქორიძემაც იმარჯვა და ნახევარი ქულის დაკარგვაც კი ოქროს მედლის დათმობად დაუჯდებოდა.

ბოლო ტურს დონღვანი-ქორიძის დუეტი მოწინავეობდა, 6.5-6.5 ქულით. თუმცა მათ მაინც ჰყავდათ დაწევის ერთბაშად ორი კანდიდატი, რადგან თითო ქულით ჩამორჩებოდნენ ასევე თბილისელი ეკატერინე ფიფია და ფოთელი დიანა ლომაია – 5.5 – 5.5, მაგრამ ბოლო ტურში ორივე მდევარი დამარცხდა, როგორც გითხარით, ლომაიას დონღვანმა აჯობა, ფიფიას კი – თამარ ონიანმა. ქორიძემ ანასტასია კირთაძეს მოუგო და დონღვანს არ ჩამორჩა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მაინც ჩამორჩა. ბოლო ტური ფეხბედნიერი გამოდგა ესაძისთვის, რომელმაც თეთრი ფიგურებით სოფია ანთიას აჯობა და ნახევარი ქულით გადაასწრო ფიფია-ლომაიას დუეტს, რითაც ბრინჯაოსაც დაეუფლა.

ამ წარმატებით დონღვანმა და კაჭარავამ საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები