25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვებს მწერლები მაინც შორ და უცხო სამყაროებში ნებაყოფლობით გადაბარგებული არსებები ჰგონიათ

spot_img
ბავშვობაში ეგრეა – მწერალი მთლად ჩვეულებრივი ადამიანი არც გგონია, ბოლომდე ვერ წარმოგიდგენია, ისიც ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობდეს, როგორითაც შენ, ისევე ჭამდეს, იცვამდეს, ხელფასს საფულეში იდებდეს და რაც ყველაზე აუტანელია – საპირფარეშოშიც კი დადიოდეს! მწერალი ვიღაც სხვაა, უცნაური დამსახურებით (თუ დაუმსახურებლად) რაღაც ცოდნას მიაგნო და ქვეყნიერებაც რომ წინ გადაუდგეს, ამ ცოდნას მაინც გადმოწერს ფურცელზე, მაინც შექმნის წიგნებს, რომლებიც ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევენ – ასე ფიქრობ ბავშვობაში. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ბავშვები ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან ჩემი წილი ბავშვობისგან (დღეს ბავშვების ბუნებრივი მდგომარეობაა ტექნოლოგიებთან მეგობრობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღიაობა და უფრო მეტი „ცოდნა“ სამყაროს შესახებ, რაც ჩემი თაობის ბავშვებისთვის, ბევრი მიზეზის გამო, შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო), მაინც მგონია, რომ მწერალი დღესაც ინარჩუნებს იმ ცოტათი მაგიურ იმიჯს, იდუმალ სახე-ხატს ბავშვის ცნობიერებაში, რომელიც, ვინ იცის, იქნებ ყველაზე ნამდვილიცაა და იქნებ სწორედ ბავშვები ხედავენ მას თავისი ჭეშმარიტი შინაარსით?
ეს ფიქრი ერთმა წიგნმა გამახსენა, რომელიც ჩემი ბოლო დროის დიდ სიყვარულად იქცა და რომელსაც სიხარულით ვთავაზობ ყველას, პატარასაც და დიდსაც, ვინაიდან, ნამდვილ წიგნებს ეს ძალა აქვთ – თანაბრად სასურველნი და ჯადოსნურნი იყვნენ ყველა ასაკის მკითხველისათვის. ამ წიგნს რეალურად ორი ავტორი ჰყავს, თუმცა მათგან ერთ-ერთისთვის ის ცხოვრების მთავარ ორიენტირად იქცა, ამიტომ, ვთქვათ ასე – სარა შვარტის კრებული „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ (გამომცემლობა „ინტელექტი“). შესაძლოა, ამ წიგნის შესახებ უკვე გსმენიათ ან თქვენს საყვარელ წიგნებს შორისაც დაიდო ბინა. გასაკვირი არაფერია, ის გამოსვლის დღიდან იქცა ბესტსელერად და ისევე ააღელვა ქართველ მკითხველთა გულები, როგორც თავის დროზე მისივე ავტორის, 13 წლის შვედი გოგონას – სარა შვარტის აფორიაქებული, ათასგვარი პროტესტით, წყენით და საიდუმლოებებით სავსე გული. ამ მღელვარების მიზეზი, ერთი მხრივ, თავად სარას თინეიჯერული ასაკი და მასთან დაკავშირებული წინააღმდეგობებია, მეორე მხრივ კი ადრესატი, ვისთანაც ამ გოგონამ თავისი ცხოვრების მთავარი დიალოგი გააბა: ასტრიდ ლინდგრენი. დიახ დიახ, თავად ის, სამყაროს ყველაზე ხასხასა სული და სიხარულის დედოფალი, ყველა ბავშვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი! კრებული სარასა და ლინდგრენს შორის მიმოწერის კარდიოგრამაა, ისეთი საინტერესო თავგადასავალია, რომელშიც აუცილებლად ყველა საკუთარ თავს იპოვის და თავის წილ კითხვებს და პასუხებს შეხვდება. ესაა წიგნი თაობებს შორის ურთიერთობებზე, განსხვავებულ შეხედულებებსა და აზრებზე, სიყვარულზე, პროტესტზე, ბოლოს და ბოლოს, ესაა მწერლისა და მკითხველის ურთიერთობის იდეალური მოდელი, სადაც ყველაზე მთავარი საიდუმლო ირკვევა – ადამიანად ყოფნის საიდუმლო. სარამ და ასტრიდმა მრავალი წელი შეინარჩუნეს ეპისტოლარული ურთიერთობა და ერთმანეთისთვის უძვირფასეს ადამიანებად იქცნენ.
საინტერესოა, რომ ამ ამბავს საქართველოში გაგრძელებაც მოჰყვა – ამ წიგნით შეძრულმა ერთმა ქართველმა გოგონამ, ორი თუ სამი წლის წინ, ინტერნეტით აღმოაჩინა სარა შვარტი, მისწერა მას და სულ მალე მიიღო მისგან მიწვევა შვედეთში, სარას სოფელში, სადაც ახლა მას ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმი აქვს გახსნილი და დიდი მწერლის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენმა გოგონამ იმოგზაურა შვედეთში, დაათვალიერა მუზეუმი, გაიცნო სარა… ალბათ რამდენი ისაუბრეს, ალბათ რა ამბები აღარ მოუყვა სარამ მას, თავისი პირადი გამოცდილებიდან, თავისი თავგადასავლიდან. თავის დროზე ხომ მანაც სწორედ ასე დაიწყო – დაჯდა და წერილი მისწერა მთელ მსოფლიოში უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, გულის სიღრმეში კი არც ელოდა, რომ პასუხს მიიღებდა…
რადგან ბავშვებს მწერლები მაინც შორ და უცხო სამყაროებში ნებაყოფლობით გადაბარგებული არსებები ჰგონიათ და მათთან ურთიერთობის გაბმაც იმ ყველაზე ჟრუანტელიან საიდუმლოთაგანია, რომლებისგანაც იმუხტება და იზრდება ადამიანის გული, ყველას გისურვებთ, გქონდეთ ასეთი საიდუმლოებები, შეეცადეთ მიუახლოვდეთ მათ, იგრძნოთ მისი სურნელი, თუნდაც ცოტათი მტკივნეული ან მწარე, მაგრამ მაინც – მისი ყოვლისმომცველი არომატი, ისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, ესაუბროთ და მოუსმინოთ… ამაში, ბევრ სხვა რამესთან ერთად, წიგნებიც გვეხმარება ხოლმე. წიგნებიც კი არა, მგონი სულაც, პირველ რიგში, წიგნები. ერთი წიგნი მეორისკენ გიბიძგებს, მეორე მესამეს გიკარნახებს და ასე.
აი, თუნდაც სარა შვარტის კრებული. მისი წაკითხვის შემდეგ, თუ ვინმეს ასტრიდ ლინდგრენის რომელიმე წიგნი მაინც გამოგრჩათ, მჯერა, აუცილებლად დაუბრუნდებით, მერე კი მოგინდებათ წაიკითხოთ ის წიგნები, რომლებიც ამ მიმოწერაშია ნახსენები, რომლებიც გოგონებსა და ბიჭებს, უფროსებსა და უმცროსებს, თავიანთი ტკივილების ამოცნობაში დაეხმარება.
დაეხმარება, დაინახონ საკუთარი თავი, მიიღონ ის მთელი თავისი იდუმალებით და სინამდვილით. ეს დანარჩენი სამყაროს მიღებას და სიყვარულსაც ნიშნავს.
ნინია სადღობელაშვილი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები