დისტანციური სწავლების ნიუანსები მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში

1171

სტატიის მიზანი გახლავთ, აღვწერო დისტანციური სწავლების პრობლემები და მისი დაძლევის რეკომენდებული თუ ჩემ მიერ ნაცადი გზები. მსურს, გაგიზიაროთ დისტანციური სწავლების პრაქტიკა, რომელიც პანდემიის დროს შევიძინე; გესაუბროთ კომპლექსური დავალებების უპირატესობაზე, რომელიც, შეცვლილი სასწავლო გარემოს მიუხედავად, სწავლების მიზნის მიღწევის შესაძლებლობას გვაძლევს. დისტანციური სწავლება, როგორც საკლასო სწავლების ალტერნატივა, სწავლების პარალელურად, ბევრ ქვეყანაში პანდემიამდეც იყო დანერგილი, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებს „დისტანციური სწავლების პროგრამა“, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

განათლების მკვლევრებმა ჩამოაყალიბეს დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები, თითოეული პუნქტის ნამდვილობაში პრაქტიკამ დამარწმუნა.

ონლაინ სწავლების დადებითი მხარეებია:

✅მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;

✅მოითხოვს ნაკლებ მატერიალურ რესურსს;

✅ეფექტიანი ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდება;

✅ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;

✅ ონლაინ სწავლებისას შესაძლებელია მასწავლებელთა დეფიციტის დაძლევა;

✅ არ გააჩნია გეოგრაფიული საზღვრები.

საინტერესო და დასაფიქრებელია დისტანციური სწავლების უარყოფითი მხარეების გაცნობა, რათა შევძლოთ მათ დაძლევაზე მუშაობა. განვიხილავ თითოეულს და აღვწერ გზებს, თუ როგორ შევძელი თითოეულ მათგანთან გამკლავება.

დისტანციური სწავლება მოითხოვს ძლიერ თვითმოტივაციას და დროის მენეჯმენტს;

დაბალი ტექნიკური უნარების მქონე ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია;

 ხარისხის ნაკლებობაა ონლაინ განათლებაში;

შეზღუდულია გარკვეული დისციპლინების სწავლება;

იწვევს მოსწავლეებში კომუნიკაციის ნაკლებ განვითარებას;

შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია;

დისტანციური სწავლებისას მეტია თეორია, ნაკლებია პრაქტიკული სამუშაოები.

ვერ ვისაუბრებდი დისტანციურ სწავლებაზე, რომ არა მთავარი პრობლემის დაძლევა – მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტთან წვდომა რთულია, ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა მობილურ ინტერნეტს იყენებდა, მადლობა მშობლებს, რომ სახსრები არ დაიშურეს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.

როდესაც ვსაუბრობთ თვითმოტივაციასა და დროის მენეჯმენტზე, ჩემ შემთხვევაში, ამ მიმართულებას მშობლები აკონტროლებდნენ. სწორედ მშობლებთან სწორი კომუნიკაცია გახდა იმის წინაპირობა, რომ მათ უზრუნველეყოთ მოსწავლეთა ჩართულობა. მკვლევართა აზრით, დისტანციური სწავლება დაბალი ტექნიკური უნარების მქონე ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია, სწორედ ამ მიმართულებით დაგვჭირდა დიდი მუშაობა, ვინაიდან I კლასს ვასწავლი, მათი ცოდნა და უნარები, ცხადია, იმ დონეზე ვერ იქნებოდა, რასაც ონლაინ სწავლებისთვის პროგრამის „Microsoft teams“ გამოყენება მოითხოვს. შესაბამისად, მშობლებთან მქონდა კომუნიკაცია, ვუგზავნიდი სასწავლო ვიდეოებს, ფოტომასალას, მათთან შექმნილ პრობლემებს განვიხილავდით და, ამ მუშაობის საფუძველზე, თითოეულმა ბავშვმა შეძლო ონლაინ სწავლებაში მონაწილეობა. თუ დასაწყისში მათ თამაში ეგონათ და როგორც გართობისას იქცეოდნენ, ჩართვებზეც იმგვარი გამოვლინებები ჰქონდათ. სემესტრის შუა პერიოდისთვის, მათი ყურადღების კონცენტრირების და ქცევის ცვლილება აშკარა იყო.

ონლაინ სწავლებისას აქტიურად ვიყენებდი: ვიდეოჩართვებს, სასწავლო ვიდეოებს და სახალისო სასწავლო საიტებს (ka.khanacademy.org, LearningApps.org,https://1tv.ge/video http://www.kargiskola.ge/), რათა სწავლების პროცესი ყოფილიყო როგორც აკადემიური ცოდნის შემძენი, ასევე სახალისო და საინტერესო, მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითი ასახვა ჰქონოდა. ამგვარი დაბალანსებით შევძელი ის, რომ სწავლის დასრულებამდე მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ჩართვებს, რომელსაც, საგნის ფარგლებში, კვირაში ერთს ვახორციელებდით.

თუ გვაქვს ინტერნეტსივრცეში განთავსებული უამრავი მასალა და საინტერესო სასწავლო ვიდეოები თუ ფილმები, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა – რატომ ონლაინ ჩართვები? ვინაიდან მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლის გათვალისწინება და, მათი წინარე ცოდნისა თუ უნარების გათვალისწინებით, მასალის მიწოდება, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტიანად პედაგოგს შეუძლია. ვიზუალური მასალისა და ვერბალური ახსნის სინქრონულობა, რომელსაც მასწავლებელი ახორციელებს, მეტად შედეგიანია. ამავდროულად, ჩართვებისას, ხდებოდა მოსწავლეებთან დაახლოება და სოციალიზაცია, ისინი პანდემიით გამოწვეულ სტრესსა და შფოთვას ახალი სასწავლო გარემოს დახმარებით უმკლავდებოდნენ. შესაბამისად, ჩვენთვის ყოველი ჩართვა ერთმანეთის მოფერების საშუალება იყო, ისე ვუღიმოდით და გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა, თითქოს, დისტანცია ქრებოდა, მზერით და სიტყვით ვეფერებოდით ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ რიგი გამოწვევების დაძლევაში მშობელთა წვლილი იყო დიდი, რაც შეეხება ონლაინ სწავლების ხარისხს, ამ მიმართულებით, სრული პასუხისმგებლობა მე, როგორც პედაგოგს, დამეკისრა, შესაბამისად, მიზნის მისაღწევად, სასწავლო მასალის მოდიფიცირება გავაკეთე.

ვქმნიდი:

ა) მიზნობრივ სლაიდშოუებს;

ბ) კომპლექსურ დავალებებს.

მარტივი გზაა, უთხრა წიგნის გვერდები, მიუთითო საიტი, სადაც ვიდეოგაკვეთილია, მაგრამ ჩავთვალე, რომ 6-7 წლის მოსწავლე მზად არ არის ბუნდოვანებისთვის, არც მშობელია მზად, „მასწავლებლობა“ გასწიოს. ამიტომ, თითოეულ საკითხზე, ვგულისხმობ მათემატიკას და ქართულს, ვქმნიდი „სლაიდშოუს“, სადაც ნათლად იყო ასახული, მაგალითად „გამოკლების ხერხები“ ან „შეკრების შესრულება 10-ის გავლით“. ჩართვისას, ამ თვალსაჩინოების გამოყენებით, თითოეულ დეტალზე აქცენტს ვაკეთებდი და მოსწავლეებთან ინტერაქცია მეხმარებოდა, მათი გაგების პროცესის თანმდევი ვყოფილიყავი, შემეფასებინა რა იყო მათთვის ცხადი და რისი ახსნა იყო საჭირო. ყოველ ასეთ ჩართვას ახლდა დავალებები (აქტივობათა კრებული ან კომპლექსური დავალება), რომლებიც თავის თავში მოიცავდა დავალებამდე შესასრულებელ აქტივობებს, მათი შესრულება ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანდა მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებამდე.

 რა არის კომპლექსური დავალება? მრავალმხრივი ცოდნის გამოვლენის საშუალება, სადაც უნარებიც ჩანს, ცოდნაც და ცოდნის ტრანსფერიც. ითვალისწინებს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს და მიმართულია პროდუქტის შექმნაზე.

 რას აძლევს მოსწავლეს ისეთს, რაც აქამდე მას არ ჰქონდა? ეს არის შექმნილი პროდუქტი და მისი ახსნა. ახსნა არა ისეთი, რასაც აქამდე ახორციელებდნენ (უმრავლეს შემთხვევაში, იმის წაკითხვა, რაც დაწერა), არამედ ახსნისას უნდა ხორციელდებოდეს მეტაკოგნიცია და ანალიზი. აგრეთვე, დავალებებს დაემატა კონტექსტი – ნებისმიერ საგანში შექმნილი დავალება უნდა უკავშირდებოდეს საყოფაცხოვრებო კონტექსტს, რათა მოხდეს სკოლასა და ცხოვრებას შორის კავშირის დანახვა.

✅ მოსწავლეთა მიერ შესრულებული კომპლექსური დავალების ნიმუშები

თემა: დაბადების დღე;

ცნება: წერა და ჟანრი;

საკითხი: საკომუნიკაციო სიტუაცია – მიზანი, თემა, აუდიტორია (რა მიზნით ვწერ? ვისთვის ვწერ? რაზე ვწერ?);

სტრუქტურასათაური, აბზაცი;

✅ კომპლექსური დავალება – მისალოცი და მოსაწვევი ბარათების შექმნა.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლებისას, როცა ის უალტერნატივოა, მკვლევართა მიერ უარყოფითად მიჩნეული ნიუანსები დადებითადაც კი იქცა. მაგალითად, შეიძლება ნაკლებ განვითარდეს კომუნიკაცია და სოციალური უნარები. ჩემს პრაქტიკაში, ამ კუთხით, სურათი საპირისპიროდ შეიცვალა, ვინაიდან სკოლა მცირეკონტინგენტიანია და მოსწავლეები, პანდემიისას, შინ ჩაიკეტნენ, მეგობრებს დაშორდნენ თითქმის 3 თვე, ამის საპირწონედ, ონლაინ ჩართვები გამოვიყენე. რეგულარულმა ჩართვებმა, საგაკვეთილო თუ ზოგად თემებზე საუბარმა, მათი კომუნიკაციის უნარზე დადებითი გავლენა იქონია.

საყურადღებოა მაღალმთიანობის უპირატესობანი დისტანციური სწავლებისას. მარტივია მოსწავლეთა ორგანიზება, მათი მცირერიცხოვნობის გამო. იოლია კომუნიკაცია მშობლებთან, მოსწავლეთა სოციალური კომუნიკაციის სიმცირე ზრდის მოტივაციას და ჩართულობას.

♦♦♦

შეჯამებისას აღვნიშნავ, რომ სწავლების პრინციპების გასათვალისწინებლად და მოსწავლეთა შედეგების დადებითი მიმართულებით ზრდისთვის განვლილი გზა ითვალისწინებდა სამი ძირითადი მიმართულების გააქტიურებას, ესენია: როგორც ჩემი, ასევე მშობლების ტექნოლოგიების ფლობის უნარის დახვეწა, მშობელთა ჩართულობის ზრდა და მიზნობრივი სასწავლო მასალის შექმნა.

მობილიზების, თვითგანვითარების, მოტივაციის, დიდი შრომის, კომპლექსური დავალებების, მშობლებთან სწორი კომუნიკაციისა და ჩართულობის შედეგად, დისტანციური სწავლების გამოწვევები დავძლიეთ და ჩემი პირველკლასელები ყველა იმ ცოდნითა და უნარით არიან აღჭურვილი, რაც მეორე კლასისთვის მათ მზაობას სჭირდება.

მოდიფიცირებულ სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია გამიადვილა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „ახალი სკოლის მოდელში“ მიღებულმა გამოცდილებამ. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, სასწავლო წლის დასაწყისში, მეც და საკმაოდ ბევრმა პედაგოგმა „გავიცანით“ კომპლექსური დავალებები და შევიტყვეთ მათი შედეგიანობა. აგრეთვე, ტექნოლოგიების კუთხით გვქონდა ცოდნა, რომლის გაღრმავებაც იოლად შევძელით. შესაბამისად, ჩემი პრაქტიკის შედეგიანობა დიდწილად ამ პროგრამის დამსახურებაა.

ნინო ჭიჭინაძე, სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის დამრიგებელი, განათლების ფსიქოლოგი, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ სასწავლო გეგმების განვითარებისა და დანერგვის სპეციალისტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი

დატოვეთ კომენტარი