29 მარტი, პარასკევი, 2024

რას ნიშნავს იყო კარგი საგანამანათლებლო ლიდერი – გაიცანით ფინალისტები

spot_img
25 მაისს, განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ. საკმაოდ წარმომადგენობითმა და კომპეტენტურმა საბჭომ (ჟიურიმ), კონკურსში ჩართული აპლიკანტებიდან, 10 საუკეთესო დირექტორი შეარჩია, რომლებსაც ქვეყნის საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერის ტიტულის მოსაპოვებლად კონკურენტულ გარემოში მოუწევთ ბრძოლა. თუმცა, კონკურსს, გრან-პრის მფლობელის გარდა, კიდევ ორი გამარჯვებული ეყოლება. საკმაოდ სოლიდური პრიზების მფლობელი საგანამანათლებლო ლოდერების ვინაობას სექტემბერში შევიტყობთ.

რაც შეეხება ფინალისტების გამოვლენას საკონკურსო გეგმის მიხედვით, გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა, ამ პროცესის შეფერხების მიზეზიც ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, კოვიდ 19-ით შექმნილი რთული ვითარება გახდა. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე აცხადებს, რომ: პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ჩვენი გეგმები გადასწია და ძალიან მიხარია, რომ გუშინ, ფინალისტების საჯაროდ გამოცხადებას აქტიური გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მიუხედავად ამ დაძაბული პერიოდისა, ინტერესი ამ კონკურსის მიმართ და, ზოგადად, სკოლის თემატიკის მიმართ არ შენელებულა, რაც შესაძლებელია, იმითაც არის განპირობებული, რომ, პანდემიის პირობებში, გარკვეულწილად, სწორედ სკოლები იქცნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღერძად, რაზეც კრიზისმა გადაიარა. მათი საქმიანობა ყველა ჩვენგანის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული – როგორ უძღვებოდნენ ამ გარემოებებს. ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან ბევრი სკოლა იმსახურებს პატივისცემას იმისთვის, რომ სასწავლო პროცესის რთულ პირობებში გაგრძელება მოახერხეს.“
საუკეთესო ათეული, რომელიც საბჭომ დაასახელა, ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ მართლაც გამორჩეული და საინტერესო ლიდერების ჯგუფია იმიტომ, რომ თითოეული მათგანის საქმიანობაში აღმოაჩინეს განსხვავებული, მაგრამ საინტერესო პრაქტიკები, რომელსაც კონკურსის პირობებში საზოგადოებას უკეთ გააცნობენ. „იმის გარდა, რომ დროთა განმავლობაში უფრო კარგად გავაცნობთ საზოგადოებას ათეულის საქმიანობას, ასევე, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ თვითონ ამ სფეროში გამოცდილების გაზიარებას. საერთოდ, კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ ეს არის – კარგად წარმოვაჩინოთ, რასთან არის დაკავშირებული სკოლის მართვა, რას ნიშნავს იყო კარგი საგანმანათლებლო ლიდერი, რა გამოწვევებს უკავშირდება ის, თუნდაც რთულ რეალობაში და როგორ უმკლავდებიან მათ სკოლის დირექტორები. და, რა თქმა უნდა, ამ ფონზე გვინდა, ავწიოთ საჯარო სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი, დავანახოთ ადამიანებს რა სახის დაწესებულებაა რეალურად სკოლა და რა სახის სირთულეებს უკავშირდება მისი მართვა;   როგორ შეიძლება, თუნდაც, საზოგადოება ჩაერთოს პროცესებში და იმ სკოლებს, სადაც მათი შვილები სწავლობენ, ფუნქციონირება/არსებობა გაუადვილოს და ა.შ.   შესაბამისად, ეს კონკურსი, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, ხელს უნდა უწყობდეს სკოლისა და საზოგადოების დაახლოებას, მათ შორის მეტი ჩართულობის/დიალოგის წარმოშობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. რეალურად, ამ პროცესს ახლა ვიწყებთ ამ ათ ლიდერ/დირექტორთან ერთად და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ისინი   აქტიურად და უშურველად უზიარებდნენ გამოცდილებას როგორც კოლეგებს, ისე საზოგადოებას.“
სკოლის ლიდერთა კონკურსის ათივე ფინალისტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ, რაც კიდევ ერთხელ გახდა იმის მანიშნებელი, რომ რეგიონში საკმაოდ კარგი საგანმანათლებლო დაწესებულებები გვაქვს. თუმცა, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ ეს სტერეოტიპი – თითქოს რეგიონში უფრო სუსტი სკოლებია, უკვე დაამსხვრია. „თუ კიდევ არსებობს მსგავსი სტერეოტიპები, მინდა, რომ საბოლოოდ დაირღვეს და   არ გვქონდეს სტიგმატიზება ამ მიმართებით. რაც შეეხება თბილისის სკოლებს, რა თქმა უნდა, კონკურსში თბილისის სკოლებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მრავალრიცხოვან აპლიკანტთა სია არ გვქონდა. კონკურსს საკმაოდ მაღალი მოთხოვნებიც ჰქონდა და შრომატევადი აპლიკაციაც იყო შესავსები. შესაბამისად, არც ველოდით, რომ ძალიან ბევრი აპლიკანტი მოახერხებდა, პირველივე ჯერზე, განაცხადის წარდგენას. მაგრამ 30-ზე მეტმა დირექტორმა განაცხადი გააკეთა და, მინდა ვთქვა, რომ მათ შორის ბევრი მართლაც ღირსეული და საინტერესო კანდიდატი აღმოჩნდა. უბრალოდ, კონკურსს თავისი წესები აქვს და, სამწუხაროდ, ჟიურისაც მოუწია გარკვეულ ეტაპზე სელექციის გაკეთება. მინდა გითხრათ, რომ არ იყო მარტივი სელექცია.“ – გვითხრა ირინა ხანთაძემ.
გახდება თუ არ სკოლის ლიდერთა კონკურსი რეგულარული, ამის შესახებ ირინა ხანთაძე გვპასუხობს, რომ, რასაკვირველია, მათი სურვილია, კონკურსს გარკვეული რეგულარობა მიენიჭოს, თუმცა, არ უნდა დარჩეს მხოლოდ კონკურსის სახით. „ვგეგმავთ, სასკოლო ლიდერობის პროგრამის სახე მივცეთ, რომელიც დაიტვირთება ბევრი საინტერესო აქტივობით, პროფესიული გამოცდილების გაზიარებით და,   საზოგადოებასთან დიალოგის კომპონენტის გაძლიერებით.“
ზუსტად რა სახით იქნება აღნიშნული კონკურსი მომავალ წელს, ამ დეტალებს ორგანიზატორები   საზოგადოებასა და სკოლებს მოგვიანებით, შემოდგომაზე გააცნობენ.
მანამდე კი, გთავაზობთ სკოლის ლიდერთა პირველი კონკურსის ფინალისტთა ინტერვიუებს, სადაც ათივე დირექტორი პირველ ემოციას გვიზიარებს და საუბრობს კონკურსის მნიშვნელობასა და იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც მათ აღიარებასა და დაფასებას მოჰყვება.

ვარდენ ნიქაბაძე

მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი  

 

ფინალისტობა – ეს იყო უდიდესი   სიხარული. დირექტორს, მუშაობის პერიოდში, ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევს. ეს ეხება ბევრ ადამიანს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, თითოეული გადაწყვეტილება, ამა თუ იმ ფორმით, ყველა შემთხვევაში, აისახება მოსწავლეებზე. შემდგომში ყოველთვის აფასებ და ფიქრობ, ამ გადაწყვეტილებებმა რა სარგებელი მოიტანა. ზოგჯერ შედეგები ცხადია და წინასწარაც შეიძლება განჭვრიტო, ზოგჯერ კი პირიქით. გარე აღიარება არის ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ, საერთო ჯამში, სწორი მიმართულებით გვივლია.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, სასკოლო განათლების სისტემა მუდმივი დაღვინების პროცესშია. ბევრი სასარგებლო სიახლე დაინერგა და გამოიცადა. თითქოს ბევრი ვისწავლეთ, მაგრამ ყველაფერს დალაგება, ქართულ რეალობაზე უფრო მეტად მორგება სჭირდება. ასეთ ტურბულენტურ ვითარებაში უწევს სკოლებს მუშაობა და ძალისხმევის გაწევა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმიანობის დაფასება, აღიარება და საზოგადოებისთვის კარგი მაგალითების ჩვენება. ეს გამოიწვევს საზოგადოების მეტ დაინტერესებას და ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. იმედი მაქვს, მათ შორის, ბევრ ნიჭიერ და საინტერესო ახალგაზრდას უბიძგებს, თავი გამოსცადოს განათლების სფეროში.

პირველი, რაც ამ კონკურსს გამოარჩევს, ისაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში დირექტორს საშუალება ეძლევა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს სკოლაში. პირადად მე, დიდი სიამოვნებით ავასრულებდი დიდი ხნის ოცნებას – სკოლის სმარტ დაფებით აღჭურვასა და, კოლექტივთან ერთად, ონლაინ სასწავლო კურსების შექმნას.

არ დავმალავ, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიბიძგეს კონკურსში მონაწილეობისკენ. არ დავმალავ იმასაც, რომ ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება და საკონკურსო განაცხადი ბოლო წუთებში გადავაგზავნე. თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება გარეშე თვალით დანახული და შეფასებული სკოლის საქმიანობა.

ცხადია, ზუსტად   არ ვიცი, რა მოსაზრებებით იხელმძღვანელა ჟიურიმ, მაგრამ   ვფიქრობ, წლების განმავლობაში, კოლექტივის თანადგომით და მხარდაჭერით (რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო), ჩვენს პატარა სკოლაში ძალიან ბევრი სიახლე დაინერგა. თუნდაც ის, რომ დისტანციური სწავლების ელემენტების დანერგვა ჯერ კიდევ წლების წინ დავიწყეთ. დავნერგეთ და რამდენჯერმე განვახორციელეთ, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, სკოლის ფოკუსირებული თვითშეფასება, ელექტრონულ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული გაკვეთილების შიდა შეფასების სისტემა, „მოსწავლის ქოუჩინგი“ და სხვა მრავალი სიახლე.

შორენა ხუხუა

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

 

მარტვილის მთიან სოფელში გავიზარდე, მასწავლებლების ოჯახში. მასწავლებლების შვილი, დისშვილი, ძმისშვილი და შვილიშვილი ვარ. მამა დირექტორი იყო, ბიძაც, ბაბუაც. ფინალისტი რომ გავხდი, ყველა ჩემი მასწავლებელი გამახსენდა და ოჯახის წევრი პედაგოგი. გამიხარდა, რომ მარნეულის არაქართულენოვანი სკოლის დირექტორი ქართულენოვანი სკოლის დირექტორების გვერდით მოვხვდი, რადგან ჩვენ განსხვავებულ რეალობაში გვიწევს მუშაობა. მარნეულს საქართველოს გულს ვეძახი, ის ძლიერი პულსაციით ფეთქავს, საკმაოდ რთული მუნიციპალიტეტია, სადაც განსხვავებულ პრობლემებთან გიწევს შეხება. ისე ამაყობენ ჩემი ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები.

მონაწილეობის მიღება მარტო მე არ გადამიწყვეტია, სკოლის მმართველი გუნდის რჩევები გავითვალისწინე. ჟიურიმ რატომ გამომარჩია? ალბათ, მას ეცოდინება. აპლიკაციაში ინტეგრაცია, ინკლუზიური განათლება, გენდერი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება – ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და პროექტები მქონდა ხაზგასმული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის ეს წარმატება. ვისურვებდი, შემდეგ წელს ბევრმა მიიღოს მონაწილეობა, რომ უფრო მეტი შემადგენლობით გამოჩნდეს ჩვენი რეგიონის სკოლები კონკურსებში.

ამ კონკურსმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერის როლი საგანმანათლებლო სისტემაში და გამოავლინა აქტიური ხელმძღვანელები. შესაბამისად, მეტ სტიმულს მისცემს სკოლის დირექტორებს. დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში ძალიან ბევრ კარგ ლიდერს ვიხილავთ. განათლების სისტემას ჰყავს უამრავი პროფესიონალი, რომელსაც მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

 

                   მამუკა ხამხაძე

   ქალაქ რუსთავის N4 საჯარო                სკოლის დირექტორი

 

 

უკვე 27 წელია, მასწავლებელი ვარ და კარგად ვიცი, რამხელა შრომაა საჭირო მოსწავლესთან წარმატების მისაღწევად, მით უმეტეს, ისეთ უზარმაზარ სკოლაში, როგორიც რუსთავის მე-4 სკოლაა (1700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს). სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის წარმატება, უპირველესად, მასწავლებელთა შრომის აღიარებაა. ამიტომ, ჩემი ემოცია უკავშირდება მე-4 სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც უკვე წლებია ქმნიან ამ წარმატებას. როცა წარმატებულთა შორის ხარ, გაცილებით მაღალია პასუხისმგებლობისა და მოვალეობის განცდა შენი კოლეგებისა და მოსწავლეების, მთელი საზოგადოების წინაშე. ასე რომ, ჩემთვის წარმატება უპირველესად პასუხისმგებლობას უფრო უკავშირდება და მერე – სიხარულს.

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასკოლო განათლების სისტემას. სკოლა ის ადგილია, სადაც წყდება საკითხი, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ, ჩვენ, ყველანი ერთად. მასწავლებელს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია აღსაზრდელზე. დირექტორი კი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის წარმმართველია. ამიტომაც, მასწავლებლებთან ერთად, სკოლის ლიდერების სათანადოდ დაფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის სწორი ორიენტირების ჩამოსაყალიბებლად. დირექტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და უნდა იგრძნონ შესაბამისი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებში სკოლის მიმართ სწორი მოლოდინების დასახვას და ადეკვატური განწყობების შექმნას. დღეს ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს სკოლაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს, რადგან ნაკლებად ხდება შესაბამისი აქცენტირება. სკოლის – მასწავლებლისა და დირექტორის მაღალი ავტორიტეტი ნიშნავს საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს სკოლის მიმართ. ეს კონკურსი სწორედ იმით არის ღირებული, რომ სკოლის ავტორიტეტის ამაღლებას ემსახურება, კონკურსი ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახოს სკოლის წინაშე მდგარი გამოწვევებიც და მიღწევებიც.

დღეს სკოლის დირექტორობა ურთულესი საქმეა და სკოლის ხელმძღვანელები, ხშირ შემთხვევაში, გმირები არიან, რადგან ყველა იმ გამოწვევას უმკლავდებიან, რომელთა წინაშეც მთელი ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო დგას. ამიტომაც, დიდ მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს. იმედი მაქვს, სკოლის, მასწავლებლისა და დირექტორის საქმიანობის პოპულარიზაციის დაწყებული ტენდენცია შეუქცევადი გახდება და სისტემურ ხასიათს მიიღებს.

ორი სიტყვით მინდა გითხრათ თუ რამ გადამაწყვეტინა კონკურსში მონაწილეობა. 13 წელია, რაც რუსთავის მე-4 სკოლის დირექტორი ვარ და, ამ ხნის განმავლობაში, დიდი და საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა, რადგან ჩემს ხელში გაიარა სასკოლო სისტემის რეფორმირების ტალღებმა. წლების მანძილზე, ჩემს კოლეგებთან ერთად, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნება ამ გამოცდილების გაზიარება. განათლების სისტემის განვითარება, პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისა და საზოგადოებასთან დიალოგის გარეშე, წარმოუდგენელია. ეს კონკურსი ასეთი დიალოგის შესაძლებლობას ქმნის როგორც საზოგადოებასთან, ისე სასკოლო სისტემის შიგნით. ვფიქრობ, კომისიამ დაინახა ჩემი განწყობა და მცდელობა, ჩემი წვლილი შევიტანო სკოლის რეფორმირების პროცესში. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, ყველა მონაწილეს, რომლებმაც დიდი და რთული გზა გაიარეს, ვიდრე ათეულში მოხვდებოდნენ.

 

ლენა გომართელი 

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

 

ძნელია, მხოლოდ სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რაც ფინალისტების დასახელებას ახლდა თან. ეს იყო სიხარულის, გამარჯვების, დაფასების და მადლიერების გამოხატვის წუთები. ამას მოჰყვა უამრავი სატელეფონო ზარი და შეტყობინება ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და კოლეგების მხრიდან. ეს ხომ, პირველ რიგში, მათი გამარჯვებაა. ჩვენ ყველა ერთად მივედით ფინალამდე. აღუწერელია ის ემოცია, როცა შენი მოსწავლეები გილოცავენ და მადლობას გეუბნებიან. ეს ყველაფერზე მეტია.

ამ კონკურსს, პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აპლიკაციის შევსების პროცესიდან დავიწყებ – ეს იყო საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო. ამით გავაკეთე ჩემი მუშაობის რეფლექსია, შევაფასე ჩვენი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები; სად ვართ ახლა და საით უნდა მივმართოთ სკოლის ხედვა. კონკურსში მონაწილეობა იყო ჩემი და სასკოლო საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩვენ თანამშრომლობით მივედით ფინალამდე. ეს წარმატება თანაბრად ეკუთვნის ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელსა და თანამშრომელს. ვთვლით, რომ ამ ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა ის გამოცდილება, რომელიც ახლა ყველას უნდა გავუზიაროთ. საზოგადოების შეფასება და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. აღიარებასთან   ერთად კი, იმატებს პირადი პასუხისმგებლობის ხარისხიც და გიჩნდება სურვილი, აკეთო უფრო მეტი შენი მოსწავლეებისთვის.

ალბათ, გაჩნდება კითხვა, რითი გამოირჩევა ჩემი პრაქტიკა – ჩემი პრაქტიკის დევიზად არისტოტელეს სიტყვებს მოვიშველიებ ხოლმე: „ჩვენ ვერ შევცვლით ქარის მიმართულებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სწორად მივმართოთ იალქნები“.

სკოლის დირექტორის საქმიანობა მრავალმხრივი, მრავალფუნქციური, საინტერესო და, შეიძლება ითქვას, ცოტა აზარტულიც კი არის. სკოლაში არც ერთი დღე არ გავს ერთმანეთს, ყოველი დღე იწყება ახალი გამოწვევით, რაც ძალას მმატებს და მზრდის პროფესიული თვალსაზრისით. ჩემი გუნდის თანადგომით, პრაქტიკის დიდ ნაწილს სასწავლო შინაარსის განვითარებას ვუთმობ. მე ყოველთვის მთავარ აქცენტს ადამიანურ რესურსზე ვაკეთებ და ამის მერე ვისახავ კონკრეტულ მიზნებს. ყოველი წლის ბოლოს, ვაფასებთ შედეგებს და ვთანხმდებით, რომელი მიმართულების განვითარება იქნება სასარგებლო მოსწავლეებისთვის.

ჩემი დირექტორობის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, არაერთ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი. მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩავთვალეთ, რომ ახლა დადგა დრო, როცა ჩვენი საქმიანობა საზოგადოებას უნდა შეეფასებინა.   სწორედ ეს იყო ძირითადი საბაბი, რომ მონაწილეობა მიმეღო სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში. შედეგებმაც არ დააყოვნა.

 

ინა ბიწაძე

 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი

 

ჩემთვის, როგორც მაღალმთიანი სოფლის სკოლის დირექტორისთვის, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტობა   უკვე გამარჯვებაა, ამიტომაც დიდი და უჩვეულო ემოცია მომიტანა… როდესაც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ განათლების კოალიცია, ძალიან კომპეტენტური ადამიანები შეიტყობდნენ ნიგვზარის საჯარო სკოლის შესახებ. ბედნიერებაა, როდესაც შენს შრომას აფასებენ და აღიარებენ, ბედნიერებაა, როდესაც შენი სკოლის სახელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჟღერდება.

ამ კონკურსის ფინალისტობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამხელა ნდობა გამოგიცხადა.. ეს სტატუსი არის უდიდესი მოტივატორი, მთელი ცხოვრება რომ გაგყვება და მოგცემს ძალას, მუხლჩაუხრელად იღვაწო ღირსეული მომავალი თაობის აღსაზრდელად. თუმცა, ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ თუ სკოლის ლიდერობას აპირებ, უნდა შეეგუო იმას, რომ შენი პირადი ყოველთვის მეორე ადგილზე იქნება, რადგან ეს საქმე შენგან ყველაფერს მოითხოვს!

სკოლის მართვისას ვითვალისწინებ სასკოლო თემის ყველა რგოლის ინტერესებსა და საჭიროებებს. განსაკუთრებით წახალისებულია მშობელთა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივები, თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება. პედაგოგებისგან შევქმენი სკოლის ლიდერთა გუნდი, რომელსაც გავუზიარე ხედვა, სტრატეგიული მიზნები. დავარწმუნე ისინი, რომ დაუღალავი შრომითა და სიახლეებისადმი მუდმივი მზაობით ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ოპტიმისტურად უყურონ ყველა ცვლილებას, არაფერი მოეჩვენოთ მიუღწეველი, რაც მთავარია, აკონტროლონ პროგრესი, გაეჯიბრონ თავიანთ გუშინდელ დღეს, რათა ხვალინდელი უკეთესი იყოს.

სკოლაში ფუნქციონირებს 6 კლუბი: „ჩხირკედელა“, „მკითხველი“, „მზის შვილები“, „აბიგლუკოზა“, „თექის სკოლა“, „მომავლის ციფრული თაობა“, ზოგიერთ კლუბში, მოსწავლეებთან ერთად, თემის წარმომადგენლებიც ერთიანდებიან. ვცდილობ, რომ სკოლამ, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციასთან ერთად, კულტურის ცენტრის მოვალეობაც შეასრულოს. ამ მიზნით, სკოლის სააქტო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში ხშირად ეწყობა ღონისძიებები. მიზანი ერთია – სოფელში, სადაც მიგრაციის პრობლემაა, არსებობდეს ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ მაღალ მთაში ცხოვრება, მაღალი განვითარება და მაღალი კულტურა ერთდროულად შესაძლებელია!

 

მიმოზა ღოლიჯაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი

 

უკვე მეექვსე წელია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალში მოხვედრა ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, უამრავი გახარებული ადამიანია ჩემ ირგვლივ – ჩემი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და კიდევ უფო მეტი პასუხისმგებლობაა ჩემთვის სასკოლო საზოგადოების და ჩემი ქვეყნის წინაშე.

თანამედროვე განათლების სისტემაში სკოლის დირექტორად მუშაობა მარტივი არაა. სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო   ჩემთვის. სკოლის წარმატებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: სკოლის კულტურა, სასკოლო კლიმატი, გუნდურობა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სიახლეების დანერგვა, მუდმივი განვითარება და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მოსწავლეა, მასზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, მისი უსაფრთხოება და არაძალადობრივ და შემოქმედებით გარემოში   სწავლა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შემდეგ, რომელმაც უდავოდ დიდი აღიარება მოიპოვა, ხელი შეუწყო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას, ფართო საზოგადოებას ძალიან საინტერესო, გამორჩეული პედაგოგები გაგვაცნო, დარწმუნებული ვარ, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსიც, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, სკოლებს შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი თავი და ჩვენი საგანმანათლებლო შედეგები და გამოცდილება წარმოვაჩინოთ. ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას, სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც, საბოლოოდ, დადებითად უნდა აისახოს მოსწავლეზე, რაც საინტერესო საგანმანათლებლო სივრცედ აქცევს ჩვენს   სკოლებს, სადაც სწავლა და ყოფნა ყველასთვის სასიამოვნო, სახალისო, შედეგზე ორიენტირებული იქნება.

არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის, როცა საქმე, რომელსაც აკეთებს მთელი გულით, დებს უდიდეს შრომას, ენერგიას და რესურსს, ააღიარებული და დაფასებულია.

 

 

 

გელა მაჭარაშვილი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

 

 

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, ვინაიდან ყველაზე კარგი შემფასებელი საკუთარი   თავისა და საქმიანობისა ადამიანი თვითონვეა. მიუხედავად ამისა, ემოციური დატვირთვა საკმაოდ დიდია, როცა გილოცავენ, როცა აცნობიერებ, რომ ეს აღიარებაა, ნდობაა, იმ საქმის გამართლებაა, რომელსაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ემსახურები, ბუნებრივია, გიხარია.

დღეს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, როგორც ბატონი შალვა ამონაშვილი ამბობს, ,,გადასარჩენია ბავშვი“. ამ საქმეს მრავალი ადამიანი ემსახურება სხვადასხვა პოზიციიდან, ვცდილობთ საქმის კეთებას. ბევრია გულანთებული, ბავშვის მოყვარული პროფესიონალი აღმზრდელი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ადგილებში ამ საქმეს წარმატებით ართმევს თავს, ყველანი ჩემი თანამებრძოლები არიან. ყველაზე დიდი ჯილდო, ენერგიისა და იმედის მომცემია, როდესაც გამოგარჩევენ, მადლობას გეტყვიან.

დიდი საქმე ხანდახან უხმაუროდ კეთდება, განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს ხვალინდელ პედაგოგს, სკოლის ლიდერს. ამას საზოგადოება ჯერ სრულად ვერ ხედავს, როგორც მხოლოდ მეფუტკრემ იცის, რომ მთაში წაყვანილი მუშა ფუტკრიდან უკან ცოცხალი არც ერთი არ დაბრუნდება და ყველაფერს აკეთებს ახალი სიცოცხლის ხელშესაწყობად, ასევეა ჩვენთანაც, ხვალ სკოლაში უნდა შემოვიდეს ახალი მასწავლებელი, ახალი დირექტორი, ახალი მწაფავი. მე ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის, აქ ვართ თანამოაზრე და თანამებრძოლები. მგონი, ჟიურიმაც ეს დაინახა.

 

ნინო წიფიანი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი

 

 

პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, რომ მაგარია, მაღიარეს, დაინახეს, შემაფასეს და სიმართლე გითხრათ, ეს გამოწვევადაც მივიღე, რადაგანაც ასეა, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ყველაფერი უნდა შევძლო, სკოლის წინსვლისა და განვითარებისთვის.

სულ მქონდა განცდა, რომ სოფლის სკოლები შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თითქოს სადღაც, მიღმაა დარჩენილი პატარა სკოლები, ვერავინ ამჩნევს მათ მიღწევებსა და წარმატებებს. განათლების კოალიციისა და ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამოცხადებული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანი საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა, ასევე, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსების გამოცხადება ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში, გაზრდის სანდოობას სკოლების მიმართ, გააქტიურდება სასკოლო თემი, შეიქმნება ადგილობრივი გარემოსთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატი, რაც მთავარია, მოსწავლეს ექნება განცდა, რომ ის სწავლობს პრესტიჟულ სკოლაში, სადაც შექმნილია უნიკალური და თვითმყოფადი გარემო, სადაც ბავშვი ვითარდება, უყალიბდება ღირებულებათა სისტემა და სწავლისა და ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. დაიმსხვრევა გამონათქვამთა მნიშვნელობა, რომ „ყველაფერი ჩაწყობითაა“.

ვფიქრობ, ფინალისტთა შორის აუცილებლად მოვხვდებოდი, რადგან აპლიკაციაში კარგადაა ასახული ჩემი, როგორც ლიდერის უნარები, კერძოდ: სკოლის დირექტორის როლი ინდივიდუალურია ყველა სკოლისთვის. სკოლის ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია სკოლის დირექტორის საქმიანობისა და როლის. სკოლის დირექტორი არის   საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც ხელს უწყობს ყველა მოსწავლეს წარმატების მიღწევაში. სკოლის დირექტორი: ქმნის სკოლის ისეთ კულტურასა და საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სწავლას და თანამშრომლების პროფესიულ ზრდა-განვითარებას; ქმნის უსაფრთხო გარემოს; თანამშრომლობს ოჯახებთან და თემის წარმომადგენლებთან; მზად არის სიახლეების მისაღებად; აღიარებს და აფასებს წარმატებას და აცნობიერებს პრობლემას; შეუძლია რესურსების მოძიება-მართვა; აქვს იუმორის გრძნობა; შეუძლია კონფლიქტური სიტუაციის მართვა კრიტიკულ სიტუაციაში.

ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ როჯერსი ამბობდა: „მინდა სკოლა მეგობრულ სახლად ვაქციო, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლება საკუთარი სამყაროს შემოტანა“. მე ვფიქრობ, ჩვენი სკოლა ძალიან ახლოსაა ასეთ სკოლასთან. ჩვენ თითოეული ბავშვს პატივს ვცემთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა  უსაფრთხო  გარემოს შექმნა.

პრინციპები, რითაც ვხელმძღვანელობ ყოველდღიურ საქმიანობაში, არის: თანამშრომლობა; გუნდურობა; თვითრწმენა;   გამბედაობა; თავდაუზოგავი შრომა;   თვითდისციპლინა; ქარიზმატულობა;   საქმის უპირობო სიყვარული; ძლიერი, მიზანდასახული გუნდი.

                   

                    მარინა ისკაკოვა

ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი

 

 

ლიდერობის კონკურსის ათეულში მოხვედრის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ჩემი დირექტორობის 6-წლიან პერიოდში შევძელი დასაწყისში ჩემ მიერ დასახული სამოქმედო გეგმის, ამოცანების შესრულება. ძალიან დასაფასებელია, რომ სკოლის და ჩემი საქმიანობის აღიარება მოხდა. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა მთელმა საქართველომ გაიცნო. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ სკოლაში მომუშავე მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების შრომის დაფასება.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიზანი იყო: ქუთაისის N33 საჯარო სკოლის პრესტიჟის გაზრდის მხარდაჭერა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან, როგორიცაა განათლების კოალიცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჩემი თავდაუზოგავი საქმიანობის, როგორც წარმატებული დირექტორის გამოვლენა და გაცნობა საზოგადოებისათვის; ჩემი სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და ჩემი გამოცდილების გაზიარება. რა თქმა უნდა, პრიზი იქნება საკმაოდ მსხვილი დოტაცია და მხარდაჭერა სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებისათვის, დასახული მიზნის განხორციელებისათვის.

ჩემს აპლიკაციაში ვსაუბრობდი, თუ როგორ მოვახერხე ერთ-ერთი პერიფერიული სკოლის განვითარება და მისი პრესტიჟის ამაღლება და როგორ გახდა ეს სკოლა უბნის თემისათვის სასურველი და მიმზირდველი. ჩემი აზრით,   ჟიურიმ, ალბათ, ისიც გაითვალისწინა, რომ ჩემი დირექტორობის დროს შესამჩნევად ამაღლდა სწავლა/სწავლების ხარისხი, ინოვაციური მიდგომების გამოყენების საფუძველზე, რომელთა ინიციატორი და დამნერგავი ვიყავი მე, როგორც სკოლის ლიდერი. ალბათ, წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ჩვენ გვაქვს აღებული გეზი სასკოლო სივრცეში პროფესიული განათლების დანერგვისკენ, რაც სკოლას მოსწავლეების შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების კერად აქცევს ქალაქში.

             

               მორის დანდურიშვილი

          სსიპ ქალაქ ხაშურის N1                    საჯარო სკოლის დირექტორი

 

 

პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ფინალისტს! მათი საგანმანათლებლო ლიდერობის პრაქტიკული მაგალითები, ვფიქრობ, ბევრ დირექტორს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის წარმართვაში.

ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებს შორის ჩემი სახელისა და გვარის გაჟღერებამ ძალიან გამახარა! სკოლის დირექტორის მსგავსი აღიარება ეროვნულ დონეზე, საქართველოში, ჯერ არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, დიდი სიხარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთდროულად დამეუფლა!

ლიდერობის ეროვნული კონკურსის ორგანიზატორები და ჟიური პროფესიონალი და ავტორიტეტული ადამიანებით არის წარმოდგენილი. სწორედ ეს სძენს ლიდერობის ეროვნულ კონკურსს დიდ მნიშვნელობას. მათ მიერ საგანმანათლებლო ლიდერების აღიარება და წარმოჩენა სკოლის დირექტორებისთვის დამატებითი მოტივატორია. კონკურსი წარმოაჩენს არა „მენეჯერ დირექტორს“, არამედ „საგანმანათლებლო ლიდერს“. სწორედ საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია შეუწყოს ხელი სკოლაში და ზოგადად თემში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

საგანმანათლებლო ლიდერობა „ერთის“ საქმის კეთებას არ ნიშნავს (რამდენადაც კარგად უნდა გამოსდიოდეს ეს საქმე მხოლოდ დირექტორს). წარმატებული ლიდერის გვერდით დგას მოტივირებული მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. ვინაიდან მოცემული კონკურსი ამგვარ ლიდერებს წარმოაჩენს, შესაბამისად, მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის, ასევე დირექტორობის მსურველებისთვის.

ლიდერობის ეროვნულ კონკურსში ჩემი ჩართულობით, გარკვეულწილად, საკუთარი ხუთწლიანი საქმიანობის რეფლექსია მოვახდინე. კომპეტენტური ჟიურის უკუკავშირი, მე და ხაშურის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას, დაგვეხმარება მომავალი საქმიანობის ბევრად ეფექტურად წარმართვაში.

ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ამგვარი კონკურსის განხორციელებისთვის. მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის, ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის და მინდა დავპირდე, რომ ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ!

მოამზადა ლალი ჯელაძემ

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები