19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეროვნული გამოცდების ორგანიზებისას უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება გათვალისწინებული

spot_img

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ეროვნული გამოცდების შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ აბიტურიენტთა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, „ტელესკოლის“ ფარგლებში, 15 ივნისამდე შენარჩუნდება დისტანციური გაკვეთილები და აბიტურიენტის საათი.

 

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ტარდებოდა. – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, – ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან.“

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არა უმეტეს 10 აბიტურიენტისა, რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმა უმაღლესი განათლების მიმართულებითაც წარმოადგინ და, პრეზენტაციის ფარგლებში, საზოგადოებას დისტანციური სწავლების მიმართულებით სამინისტროს მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები, მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის კონკრეტული გეგმები გააცნო.

„რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორებსა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს. მათ სწრაფად შეძლეს რესურსების მობილიზება და დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლა. ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სწავლების ხარისხს არა მხოლოდ ჩვენ მიერ დადგენილი, არამედ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) სტანდარტებით.

ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. რაც შეეხება შუალედურებს, ამას უნივერსიტეტებმა უკვე წარმატებით გაართვეს თავი, სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია სადიპლომო ნაშრომების საკითხი, რომელთა შესრულება და დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

უახლოეს მომავალში ონლაინ რეჟიმში გაიმართება რექტორთა საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ, როგორ განვაახლოთ ეტაპობრივად პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ეს პროცესიც ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დაცვით წარიმართება.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ აუდიტორიის მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სისტემა ელექტრონული სწავლების რეჟიმზე გადავიდა. პანდემიის დაწყებისთანავე, მინისტრის ინიციატივით საგანგებოდ შეკრებილ რექტორთა საბჭოს პირველ ეტაპზე მიეცა რეკომენდაცია, 16 მარტიდან ელექტრონული სწავლების რეჟიმში განეახლებინათ გაზაფხულის სემესტრი, რაც მათ საშუალებას მისცემდა, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, ონლაინ სწავლების მეთოდი ჰიბრიდული ფორმით ჩაენაცვლებინათ. მნიშვნელოვანის, რომ ვინაიდან ყველა უნივერსიტეტის წინაშე ერთი საერთო გამოწვევა დადგა, პროცესი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით წარიმართა.

უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაცია, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით ეხელმძღვანელათ. გარდა ამისა, საგანგებოდ შეიქმნა ელექტრონული სწავლების უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი.

ამ ეტაპისთვის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები იყენებენ დისტანციური სწავლების ხელშემწყობ სხვადასხვა აპლიკაციებსა და ონლაინ პლატფორმებს: Zoom, Microsoft Teams, Moodle, Google Classroom. მათ აკადემიური პერსონალისათვის და სტუდენტებისთვის შესაბამისი გზამკვლევები და ვიდეოინსტრუქციებიც შეიმუშავეს. სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით მოხდა სასწავლო გეგმების მოდიფიცირება, ონლაინ ლექცია/სემინარების ჩანაწერები იტვირთება შესაბამის პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის. ასევე, გადაიხედა სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემები. უნივერსიტეტებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრეს შეფასების მექანიზმი. ფინალური გამოცდები, ძირითადად, ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე, უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კი, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე, ინდივიდუალური გრაფიკით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებისას ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.

მინისტრმა საგანგებოდ განმარტა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცა რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში, სემესტრის ფარგლებში, სტუდენტებისთვის შეთავაზებულია გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი ან გადავადებულია სწავლის გადასახადი.

რაც შეეხება, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს შეუფერხებლად უზრუნველყოფს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები