29 მარტი, პარასკევი, 2024

მცირებიუჯეტიანი კერძო სკოლების გასაჭირი

spot_img
დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესი და, ზოგადად, კორონავირუსით შექმნილი რთული მდგომარეობა, ბუნებრივია, სკოლებისა და მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე ახალ მოთხოვნებს აყენებს, სიახლეები კი, როგორც წესი, ახალ პრობლემებს წარმოშობს. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ტექნიკის არქონა და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ ახლა მშობელს შვილისთვის, როგორც არასდროს, იმდენი დრო სჭირდება, რადგან ის, ძალაუნებურად, სასწავლო პროცესის მთავარ აქტორად იქცა – მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა. მასწავლებლებს კი, დისტანციურ სწავლებასთან გასამკლავებლად, გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივი სწავლებისას – ონლაინ გაკვეთილის მოსამზადებლად რესურსებს ეცნობა, მერე ტექნოლოგიებზე მოარგებს და ბოლოს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესს იწყებს… შემდეგ მოსაწვლეებისგან უკუკავშირს იღებს, დავალებებს ასწორებს. მოკლედ, ყველა და ყველაფერი პრობლემებმა მოიცვა, თუმცა, ჩამოთვლილი პრობლემების ნუსხას, ოჯახების იმ გარკვეული ნაწილისთვის, რომლებიც შვილებს კერძო სკოლებში ასწავლიან, კიდევ ერთი პუნქტი დაემატა – გადასახადი. რთულ ეკონომიკურ ვითარებაში კერძო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ძალიან სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, უმუშევრად დარჩენილი მშობლების ნაწილი სკოლებს გადასახადების დაწევას სთხოვს, ნაწილი კი, რომელიც სხვა ალტერნატივას უბრალოდ ვერ ხედავს, გადაწყვეტილებას იღებს და შვილი საჯარო სკოლაში გადაჰყვს. აქ კი, პრობლემა უფრო სიღრმისეულ სახეს იღებს, რადგან კერძო სკოლის ბიუჯეტის უმთავრესი ნაწილი სწორედ მშობელთა კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. საბოლოო ჯამში კი, ეს სიტუაცია მცირებიუჯეტიანი კერძო სკოლების არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბუნებრივია, პანდემია ყველასთვის პანდემიაა, კერო სკოლისთვისაც და საჯარო სკოლისთვისაც, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვითარებამ, შესაძლოა, კერძო სკოლებს სერიოზული დარტყმა მიაყენოს.
თუმცა, როგორც ირკვევა, ამ სეგმენტს პრობლემები პანდემიამდეც საკმაოდ ჰქონდათ, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს და განათლების სამინისტროსაც. კერძო სკოლების გასაჭირზე საუბრობს ჩვენი რესპონდენტი ელზა ბადაშვილი, რომელიც   ხელმძღვანელობს საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციას და კარგად იცნობს ყველა დეტალს – როდის და რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი.

☑️   „კერძო სკოლები, საჯაროსგან განსხვავებით, ამ სიტუაციამ უფრო რთულ მდგომარეობაში იმიტომ ჩააყენა, რომ სახელმწიფო საჯარო სკოლას აფინანსებდა და ახლაც, ჩვეულებრივ აფინანსებს, რეალურად, მათთვის, დაფინანსების კუთხით, არაფერი შეცვლილა. კერძო სკოლების დაფინანსების უმეტესი წილი კი, თავისთავად, დამოკიდებულია იმ გადასახადებზე, რომელსაც მშობლები იხდიან. შექმნილი ვითარების გამო, მშობლების ნაწილი უმუშევარი დარჩა, შესაბამისად, სკოლის გადასახადიც მტკივნეულად დააწვათ კისერზე. ისინი ვერ იხდიან ან ვერ გადაიხდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დაზარალებული, ამ შემთხვევაში, კერძო სკოლა გამოვიდა.“

ქალბატონი ელზა ამბობს, რომ ამის გარდა, რეალურად, კერძო სკოლებს დისტანციურ სწავლებასთან გამკლავება მხოლოდ საკუთარი ძალებით მოუწია, სახელმწიფოს ჩაურევლად, მხარდაჭერის გარეშე. ის აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს.

 ელზა ბადაშვილი:

☑️ პანდემიის პირობებში, კერძო სკოლები უყურადღებოდ დარჩნენ სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში სულ 225 კერძო სკოლაა, აქედან ჩვენს ორგანიზაციას 120 სკოლასთან აქვს კონტაქტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მათ მაგალითზე გეტყვით, რომ სკოლებმა მხოლოდ თავისი ძალებით, ეტაპობრივად, მოახდინეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ძირითადად, ეს პროცესი 22 მარტიდან დაიწყო, რადგან მანამდე, არდადეგების პერიოდში, გაურკვეველი იყო რა გველოდებოდა – არ ვიცოდით გაგრძელდებოდა თუ არა სწავლა სკოლებში. კერძო სკოლები ყველაზე მეტად იყენებენ ზუმს, ფეისბუქ მესენჯერს – შექმნილი აქვთ ჯგუფები, ასევე აქტიურად გამოიყენება ძალიან კარგი ქართული პროდუქტი „სქულ ბუქი“.

☑️  მშობლების უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ კერძო სკოლებმა გადასახადები ვერ დაწიეს, ამას, პირდაპირ გეტყვით, რომ ვერც მოახერხებენ. როგორც ჩვეულებრივ სტრუქტურებში, კერძო სკოლაშიც მთელი წლის ბიუჯეტი ერთიანად დგება – სექტემბრიდან სექტემბრამდე,   შესაბამისად, ხარჯებიც მთელ წელზე ნაწილდება. მშობლების მოთხოვნა, რომ გადასახადს კომუნალური ხარჯი გამოაკლდეს, ან დამლაგებლის ხელფასი, ან სხვა ხარჯი – არასწორი მიდგომაა. ეს შემოსავლები, როგორც გითხარით, მთლიანობაშია გათვლილი და არა დანაწევრებულად. ამ საერთო შემოსავლის მიხედვით ვითვლით შემდეგ ხელფასებს, კომუნალურ გადსახადებს, დასუფთავებისა თუ სხვა ხარჯებს. სკოლას, ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, მაგალითად, სადენზიფექციო საშუალებები ახლა სწორედ ამ თანხით შევიძინეთ. ბრძანების მიხედვით, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დასაცავად, ჩამოთვლილი იყო, რა უნდა შეეძინა სკოლას. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ბიუჯეტის დიდი წილი მიაქვს გათბობას, კოვიდვირუსით გამოწვეული რთული პროცესები გაზაფხულის პირს დაიწყო, ამიტომ, თავისთავად, ეს გადასახადიც ხომ დათვლილი იყო და ამ თანხაში შედიოდა.

☑️ ვაუჩერული დაფინანსება კერძო სკოლასაც აქვს, თუმცა, ეს მიზერული დაფინანსებაა – 300 ლარი ერთ მოსწავლეზე. საჯარო სკოლის ვაუჩერული დაფინანსება, ერთ მოსწავლეზე, შეადგენს 500 ლარს და ზევით. ამას ემატება პროგრამული დაფინანასებებიც, რადგან ვაუჩერი ვერ ფარავს მთლიანად მოსწავლის საჭიროებას. ვიდრე ეს ამბები დაიწყებოდა, ჩვენ   შევხვდით პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ასევე, მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს – ვითხოვდით კერძო სკოლის ვაუჩერის გათანაბრებას საჯარო სკოლის ვაუჩერთან. ეს მოთხოვნა სავსებით ლეგიტიმურია, რადგან ვაუჩერი მოსწავლისაა და არა აქვს მნიშვნელობა რომელ სკოლაში ისწავლის – კერძო თუ საჯარო, ისევე, როგორც არა აქვს მნიშვნელობა, სტუდენტის დაფინანსებისას, კერძო უმაღლესში აბარებს თუ სახელმწიფოში. ამიტომ მოსწავლეა თუ სტუდენტი, სადაც წავა სასწავლებლად, იქ უნდა წაიღოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება, იქნება ეს კერძო თუ საჯარო დაწესებულება. ამ პრინციპზე სამინისტროშიც ყველა თანხმდებოდა, მაგრამ რეალურად, როგორც ხედავთ, კერძო სკოლის მოსწავლეები დღესაც ნაკლებ თანხას იღებენ, ვიდრე საჯარო სკოლების. სხვათა შორის, პირველად, ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლისას, სკოლებს თანაბარი დაფინანსება ჰქონდათ, შემდეგ, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში, კერძო სკოლების ვაუჩერის ოდენობამ დაიწია, იმ დაპირებით, რომ მომავალში ისევ მოგვიმატებდნენ. როგორც ხედავთ, არავინ არაფერი არ მოგვიმატა.

მიმართვა გაგზავნილი გვქონდა პრემიერთან, მან განათლების სამინისტროსთან გადაგვამისამართა. სამინისტროდან კი არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ვაუჩერი მოსწავლისაა და არა სკოლის, მასწავლებელი კერძო სკოლისაა თუ საჯარო სკოლის, სახელმწიფომ არ უნდა განასხვავოს სტატუსის დანამატის შემთხვევაში და კიდევ, სახელმწიფომ თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი არც ბუკების დარიგების დროს უნდა დაარღვიოს – თუ ჩემს შვილს კერძო სკოლაში მივიყვან, რატომ არ უნდა მისცეს სახელმწიფომ ბუკი, ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის? სახელმწიფო მისთვის რატომ აწესებს განსხვავებულ სტანდარტს?

☑️  კერძო სკოლები ავტორიზაციას ყოველ 6 წელიწადში ერთხელ გადიან და აკმაყოფილებენ იმ 4 სტანდარტს, რომელიც ავტორიზაციის თანახმად მოეთხოვებათ. ამის გარდა, კერძო სკოლის მოსწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რასაც სახელმწიფო სკოლის პედაგოგები აკმაყოფილებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მასწავლებლებიც ისეთივე მასწავლებლები არიან და იმავე მოთხოვნებს ექვემდებარებიან, რომელსაც საჯარო სკოლის მასწავლებლები, მათაც უნდა ჩააბარონ გამოცდები და აიმაღლონ სტატუსი. ბუნებრივია, მასწავლებლის სტატუსი ერთი და იგივეა ყველა პედაგოგისთვის. აქ კი, ლოგიკურად გვიჩნდება კითხვა – მაშინ, თუ სახელმწიფო საჯარო სკოლის მასწავლებელს აძლევს სტატუსის დანამატს, რატომ არ უნდა მისცეს ეს დანამატი კერძო სკოლის მასწავლებელს?

ზემოთ ხსენებული შეხვედრებისას ეს შეკითხვებიც გვქონდა ხელისუფლებასთან და სამინისტროსთან. მერწმუნეთ, ერთგვარი შვება იქნებოდა კერძო სკოლებისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ოჯახების შემოსავალიც საგრძნობლად იკლებს. მიუხედავად ამ ვითარებისა და დოლარის კურსის ცვალებადობისა, კერძო სკოლები გადასახადს ,ასე უპრეცედენტოდ, ვერ ზრდიან. რეალურად, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურვის პირას აღმოჩნდებიან. თუმცა, რასაკვირველია, ეს მაღალბიუჯეტიან სკოლებს არ შეეხება, რადგან მათ უფრო მაღალშემოსავლიანი ოჯახები აფინანსებენ – 10-15 ათასს და მეტს იხდიან უპრობლემოდ. საუბარი გავქვს ისეთ სკოლებზე, სადაც წელიწადში მაქსიმალური გადასახადი 1000-2000- 3000 ლარია. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად, ფოთის, ბოლნისის, ლანჩხუთის და ა.შ. სკოლები, სადაც ყოველთვიური გადასახადი 50 ლარიდან იწყება, 120 უკვე მაქსიმუმია. არადა, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ რეგიონებში ამ პატარა კერძო სკოლების არსებობას შეუწყონ ხელი და დახურვას გადაარჩინონ. ამაზე გვქონდა საუბარი შეხვედრისას, თითქოს გვეთანხმებოდნენ კიდეც, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებამდე მაინც ვერ მივედით. ამასობაში პანდემიაც წამოგვეწია.

☑️  რეალურად, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ დამატებით მოგვცენ ფული. ჩვენ ვთხოვთ სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, რომ კერძო სკოლის ვაუჩერული დაფინანსება გაათანაბრონ საჯარო სკოლის ვაუჩერულ დაფინანსებასთან და მასწავლებლის სტატუსის დანამატი აუნაზღაურონ პედაგოგებს, ვიდრე საერთოდ არ დაცლილა კერძო სკოლები მასწავლებლებისგან. ახლა იმის გამო, რომ კერძო სკოლებში მასწავლებლებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ისინი ცდილობენ, გადავიდნენ საჯარო სკოლებში.

როცა სქემა ამოქმედდა, იყო ჩანაწერი, რომ ეს სავალდებულოა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის კი – არა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლის პედაგოგებს გაუჩნდებოდათ სტატუსის ამაღლების სურვილი, მაშინ სკოლას ალტერნატიული შეფასების სქემა უნდა გაეგზავნა სამინისტროსთვის/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის. რამდენიმე მაღალბიუჯეტიანმა სკოლამ გააკეთა ალტერნატიული სქემა და გაუგზავნა სამინისტროს, მაგრამ პასუხი   არ მოსვლიათ. დაბალბიუჯეტიანი სკოლები, ცხადია, ამას ვერც შეძლებდნენ, ამიტომ სქემაში ჩართვის მსურველმა პატარა სკოლებმა სახელმწიფო სქემაში ჩართვა გადაწყვიტეს. რადგან ჩაერთნენ, შესაბამისად, კერძო სკოლის მასწავლებლებსაც ისევე ეკუთვნით ბონუსები, როგორც დანარჩენებს.

☑️ კერძო სკოლის მასწავლებლებს ყოველთვის მეტს სთხოვენ მშობლები, შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ. თავისთავად, მეტს სთხოვს დირექტორიც, რადგან სკოლის ფუქნციონირება მთლიანად მშობლის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ყველა მხრიდან, მასწავლებლის მიმართულებით, გაზრდილია მოთხოვნები – მშობელიც მას სთხოვს შვილის კარგ შედეგებს და დირექციაც – მშობლის კეთილგანწყობის ზრდას. ბუნებრივია, ის მაქსიმალურად მობილიზებულია და ჩართული პროცესებში, რომ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამისთვის მეტი დროც სჭირდება და მეტი შრომაც. არადა, ხედავს, რომ გაცილებით ნაკლები მოთხოვნები აქვს მის კოლეგას საჯარო სკოლაში, ანაზღაურება კი – გაცილებით მეტი, სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და დაფასებაც დიდი. მეტიც, მისივე სტატუსის მქონე მასწავლებელს, საჯარო სკოლაში, სახელმწიფო დანამატსაც კი აძლევს, არც თუ ურიგოს. მოკლედ, ბევრი ფაქტორია დემოტივაციისთვის, იმისთვის, რომ მასწავლებელმა კერძო სკოლა დატოვოს. ამას ისიც ემატება, რომ კერძო სკოლის მასწავლებლები ზაფხულის ხელფასსაც ვერ იღებენ, ეს კიდევ უფრო დაბლა სწევს მათ მოტივაციას. ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლებს, 12 თვის ხელფასს, მხოლოდ რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი კერძო სკოლა უხდის, დანარჩენი 95% კი, საშვებულებო ხელფასის გარეშე რჩება.

  ♦ ♦ ♦

მცირებიუჯეტიანი კერძო სკოლების გასაჭირზე საუბრობს ფოთის ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორი და კერძო სკოლების რეგიონული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ფაჩულია. ამბობს, რომ პრობლემები, რომელზეც ხმამაღლა საუბრობენ, მხოლოდ დაბალბიუჯეტიან სკოლებს ეხება და არა საშუალო ან მაღალბიუჯეტიანებს. ვაუჩერული დაფინანსების გათანაბრებას საჯარო სკოლის ვაუჩერთან და მასწავლებლებისთვის სტატუსის დანამატის ანაზღაურებას ერთადერთ სწორ და უალტერნატივო მიდგომად მიიჩნევს მათ გადასარჩენად. თუ, რასაკვირველია, სახელმწიფოს ნებაა, რომ ეს სეგმენტი გადარჩეს. არც იმას გამორიცხავს, რომ ეს მიზანმიმართულად, მათ დასახურად კეთდება, რადგან ერთხელ უკვე მიიღო პასუხი ზემდგომი ორგანოებისგან, რომ რა პრობლემაა, დახურეთ სკოლა! ასე იოლად ფარ-ხმლის დაყრას არც ქალბატონი თამარი აპირებს და არც მსგავსი სკოლის არც ერთი დირექტორი.
თამარ ფაჩულია გვიყვება, რომ მინისტრთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ, როგორც მათ განუცხადეს, მინისტრს შესახვედრად არ ეცალა, ამიტომ სამინისტროში მისული ჯგუფი მინისტრის მოადგილესთან გადაამისამართეს. ეს შეხვედრა, 2 მარტს, ეკატერინე დგებუაძესთან შედგა და მინისტრის მოადგილე დაპირდათ, რომ ამ საკითხზე უცილებლად დაფიქრდებოდა და პასუხს გააგებინებდა. თუმცა, როგორც თამარი ამბობს, პასუხს დღემდე ელიან. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სხვა გზაც ეცადათ და, 10 აპრილს, წერილი მისწერეს სახალხო დამცველს. „ნინო ლომჯარიას ფოსტით გავუგზავნეთ წერილი, სადაც ხაზგასმით ვწერთ, რომ კერძო სკოლების მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული დამოკიდებულება და ვთხოვთ, შეისწავლოს ეს საკითხი და მოახდინოს რეაგირება.“
რაში გამოიხატება დისკრიმინაციული დამოკიდებულება? – ამ კითხვას თამარ ფაჩულია ვრცლად პასუხობს და ამბობს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ სახელმწიფო და სამინისტრო, მხოლოდ მათი შეხსენების შემდეგ, იტყოდა, რომ დაფიქრდებიან ამ საკითხზე.

თამარ ფაჩულია:

☑️  „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაფინანსების ეტაპები ასე გამოიყურება: თუ სკოლაში ირიცხება 170-დან 205 მოსწავლემდე, მაშინ ფინანსური ნორმატივების შესაბამისი ვაუჩერი 510 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიანში – 680 ლარით. მეცხრე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ამავე რაოდენობაზე, დაფინანსება იზრდება და 606 ლარს შეადგენს. 205-დან ზემოთ მოსწავლეთა რაოდენობის შემთხვევაში (500-1000 და ა.შ.), თავისთავად, დაფინანსებაც იზრდება. სკოლების დაფინანსების კუთხით მრავალჯერ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად (2010, 2013, 2015 და 2019 წლებში), არც ერთ ეტაპზე, მთვარობის დადგენილებაში კერძო სკოლა არ ფიგურირებს. ვერ მოხვდა მათ თვალსაწიერში ვერც დაბალბიუჯეტიანი და ვერც მაღალბიუჯეტიანი სკოლა. ჩვენ ისევ 300 ლარს ვიღებთ.

ვაუჩერის გარდა, საჯარო სკოლები იღებენ საბაზო დაფინანსებას, რომელიც 10 ათასიდან 30 ათას ლარამდეა განსაზღვრული. არც ეს ფორმულა მოქმედებს ჩვენზე და არც დამატებითი დაფინანსების, რომელიც სკოლებს უფლებამოსილი პირის ხელფასისთვის გამოეყოფათ, მაგალითად, მედპერსონალის ხელფასისთვის და ა.შ.

☑️ ალბათ გაინტერესებთ, რა წერია კანონში – კანონში კერძო სკოლა გამოტოვებულია! წარმოუდგენელია, მაგრამ სახელმწიფო არ სცნობს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას (ამ შემთხვევაში – სკოლას) და თურმე, ამაზე აქამდე არავის უფიქრია, მხოლოდ ჩვენი შეხსენების შემდეგ დაფიქრდებიან.

☑️ რატომ უნდა მივიღოთ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა? იმიტომ რომ ჩვენ ვზრდით ქვეყნის მომავალ თაობას, იმიტომ რომ ქვეყნის სრულფასოვანი მომავალი მოქალაქეები ჩვენი კურსდამთავრებულებიც ისევე იქნებიან, როგორც საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები. თუკი სახელმწიფოს პრიორიტეტი ოდესმე მართლა იქნება განათლება, მაშინ კერძო სკოლის მასწავლებლები ისევე უნდა დაფასდნენ ამ ღვაწლისთვის, როგორც დანარჩენი პედაგოგები. მე პირადად, მენტორი მასწავლებელი ვარ და იცით, რამდენი ვიშრომე ამ სტატუსის მისაღწევად? ძალიან ბევრი, ეს იყო მართლა კოლოსალური შრომა. და კითხვა მაქვს მთავრობასთან – მე რატომ არ მაძლევს მენტორის სტატუსის დანამტს? არ მაღიარებს როგორც მენტორ მასწავლებელს? რატომ? ზუსტად იმავე სქემით გავიარე ყველა აქტივობა და იმავე შეფასებებით მივიღე ეს სტატუსი. ეს არ არის დისკრიმინაცია? სკოლის დანიშნულება, იქნება ეს კერძო თუ საჯარო, ერთი და იგივეა: ქვეყანას განათლებული მოქალაქეები გაუზარდოს. ჩემი სკოლა და პირადად მე პირნათლად ვასრულებთ ამ მოვალეობას, მაშ, რაშია საქმე?

სკოლაში სულ 80 მოსწავლე მყავს. ბუნებრივია, ირგვლივ ისეთი სიდუხჭირეა, რომ შეღავათების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ჩვენი მოსწავლეების დატოვება, ამიტომ ჩვენც გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც გარკვეულ შეღავათებს ვუწესებთ. ახლა განსაკუთრებულ სიდუხჭირეში მოექცნენ ოჯახები და მათ ვეღარ შემოიტანეს გადასახადი. ეს კი, პირდაპირ მასწავლებლების ხელფასზე აისახება. ისედაც გაქცევაზე უჭირავთ თვალი და ეს ნამდვილად გამოიწვევს მასწავლებელთა გადინებას კერძო სკოლებიდან.

☑️ ონლაინ სწავლებაზე გადასვლაც კი, მხოლოდ საკუთარი ძალებით, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე შევძელით, მეტიც, თიმსის პროგრამა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ აქვს, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლას, ჩვენთვის, ამ პირობებშიც კი, ფასიანი იყო. ამიტომ, ჩვენ მესენჯერი და ზუმი გამოვიყენეთ დისტანციური გაკვეთილებისთვის. 16 მარტისთვის, რეალურად, უკვე მზად ვიყავით ონლაინ სწავლებისთვის. ეს დისკრიმინაციული მიდგომა არ არის? კერძო სკოლის მასწავლებლები ჩვენი ქვეყნის მოქლაქეები არ არიან? ჩვენი მოსწავლეეები განსხვავებული არიან საჯაროს მოსწავლეებისგან? რატომ უნდა ვაიძულოთ, რომ მათ დატოვონ ქვეყანა ან დატოვონ საკუთარი ქალაქი, რომელიც დღემდე ისედაც 90-იანების იერ-სახითაა შემორჩენილი. იცით, ჩვენს მოსწავლეებს სწორედ ამისთვის ვზრდით, რომ მომავალში მათ მაინც მიხედონ უპატრონოდ მიტოვებულ ქალაქს.

☑️ კერძო სკოლის უპირატესობა კი ჩვენს ქალაქში, ლუკმაპურის საშოვნელად მთელი დღე ოჯახიდან გასული მშობლებისთვის, ძალიან დიდია. მათგან ნაწილს მთელი დღე ბაზარში უწევს ყოფნა, დაღლილ-დაქანცულები კი საღამოს შვილებთან საათობით ჯდომას ვეღარ ახერხებენ, ამიტომ, ვისაც სურს, შვილმა კარგად ისწავლოს, ჩვენთან მოჰყავს. სკოლაში 5 საათამდე ვამეცადინებთ მათ, ამიტომ ასეთი სკოლები მისწრებაა, მკურნალია ასეთი ოჯახებისთვის.

☑️  უფასო სახელმძღვანელოები, ბუკები, ჩემი პირველი კომპიუტერი – ამ სიკეთეებს მოკლებული არიან კერძო სკოლის მოსწავლეები. სახელმწიფომ წარჩინებულ მოსწავლეს შეიძლება მხოლოდ იმიტომ არ მისცეს კომპიუტერი, რომ კერძო სკოლის მოსწავლეა – ეს არ არის დისკრიმინაცია?

☑️  დაბოლოს, აუცილებლად მინდა შევეხო ავტორიზაციის საფასურს. აქამდე 5500 ლარამდე იყო   გადასახადი, ახლა 12000 ლარამდე გაიზარდა. თუ იმ თანხის გადახდა გვიჭირდა, ამას როგორ გადავიხდით? ბუნებრივია, სკოლაში რომ მაღალი გადასახადი მქონდეს დაწესებული, ამაზე წუწუნის მორალური უფლებაც არ მექნებოდა და ხმასაც არ ამოვიღებდი. ასევე არ აქვს მორალური უფლება სახელმწიფოს, რომ ჩვენნაირი ბიუჯეტის მქონე სკოლებს 12 ათასი ლარი მოგვთხოვოს ავტორიზაციაში. თუკი ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, მცირებიუჯეტიანი სკოლების დასახურად კეთდება, მაშინ ხმამაღლა განაცხადოს სახელმწიფომ, რომ ხურავენ სკოლებს იმის გამო, რომ მათ მიერ დაწესებულ კოლოსალურ თანხას, ავტორიზაციის გასავლელად, ვერ გადაიხდიან! ეს, უბარლოდ, უსამართლობაა!“

      ♦ ♦ ♦

რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სკოლების არსებობა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში და რატომ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ მათ განვითარებას? – ამ კითხვაზე პასუხი ლიდერთა ასოციასიიც ხელმძღვანელს, ელზა ბადაშვილსაც ვთხოვეთ. ის, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან ითხოვს პასუხს – როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ? კაპიტალისტურში თუ ისევ სოციალისტურში? და თუ აღარ ვცხოვრობთ სოციალისტურ ქვეყანაში, ამბობს, რომ, რადგან ყველა სფეროში არსებობს კერძო სექტორი, იქნება ეს ჯანდაცვის მიმართულება თუ ნებისიერი სხვა, განათლების სფეროსაც სჭირდება კერძო სკოლების არსებობა.
☑️ „ეს აუცილებელია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ამის მოთხოვნა ბაზარზე არსებობს. მოთხოვნა რომ არ იყოს, დამერწმუნეთ, არც სკოლები იარსებებდნენ ან ძალიან ცოტა სკოლა იფუქნციონირებდა. ვინაიდან კერძო სკოლები ასე თუ ისე არსებობენ,   ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან რთულ გამოწვევებს გაუძლეს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულია ავტორიზაციის ოთხივე სტანდარტის დაკმაყოფილება. მარტივი არც, თუნდაც, სტანდარტის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, რადგან იმისთვის, რომ სკოლამ ავტორიზაცია გაიაროს, შენობა უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. ამიტომ, იქ ამ პატარა ოაზისების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. თქვენც კარგად იცით, რა მდგომარეობაშია რეგიონების სკოლების ნაწილი ინფრასტრუქტურულად – ტუალეტები გარეთ აქვთ ან საერთოდ არ ფუნქციონირებს. მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას სწავლების ხარისხიც ემატება, რადგან დამფუძნებლები/დირექტორები დაინტერესებული არიან მოსწავლის მოზიდვით, რაც მხოლოდ საჯარო სკოლაზე უფრო მაღალი სწავლების ხარისხითა და სერვისითაა შესაძლებელი. მარტივად, რომ ვთქვათ, კონკურენცია ზრდის ხარისხს და კვლევებითაც დასტურდება, რომ კერძო სკოლაში სწავლების ხარისხი უფრო მაღალია. აქვე გეტყვით, რომ ამას მხოლოდ მცირერიცხოვანი კლასები არ უწყობს ხელს (რასაც ხშირად გაიგონებთ ხოლმე არგუმენტად), არა, ხარისხს, გარკვეულწილად, მეტი ავტონომიურობაც განაპირობებს, თორემ, ასე რომ მივუდგეთ, ხშირად, რეგიონებშიც გვაქვს მცირერიცხოვანი კლასები, ერთი და ორი მოსწავლითაც კი. დირექტორი მაქსიმალურად არის დაინტერესებული, აიყვანოს კვალიფიციური კადრი, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ეს კადრი ვერ გაამართლებს მოლოდინებს, დაბალი შედეგები აქვთ მის მოსწავლებს ან არ აკმაყოფილებს, თუნდაც, მშობლების მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში, დირექტორი მშობლისა და მოსწავლის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას – არ მოსწონს მასწავლებელი, არავინ ზღუდავს, მასთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, რასაც მოკლებული არიან საჯარო სკოლის დირექტორები. რეალურად, კერძო სკოლის მეტი ავტონომიურობა, გარკვეულწილად, ხარისხსაც განაპირობებს, მშობლის აზრი კი, ყოველთვის უმნიშვნელვანესია, მისი გათვალისწინება კი – გარდაუვალი პირობა.
კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობა ერთგვარად ზრდის კონკურენციას. რატომ მიჰყავს მშობელს ბავშვი კერძო სკოლაში? იმიტომ, რომ ის იქ უფრო დაცულია, იმიტომ, რომ მის შვილს იქ მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობენ, იმიტომ, რომ იქ სწავლების უფრო მაღალი ხარისხია. გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადახვევის მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მაგალითად, უფრო გავაძლიეროთ უცხო ენის სწავლება, უფრო მეტი საინტერესო და მრავალფეროვანი საგნები შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეებს, მათი შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ კერძო სკოლის განვითარებაზე, და არ უნდა აღიქვას, როგორც მხოლოდ ბიზნესი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სახელმწიფოს კერძო სკოლები გაიგივებული ჰყავს რიგით შპს-ებთან, ბიზნესთან, შესაბამისად, ზუსტად ისეთივე გადასახადებს იხდის, როგორც დანარჩენი მცირე თუ საშუალო ბიზნესი, იხდის საშემოსავლოს, ქონების გადასახადებს. მათზე არანაირი შეღავათი არ ვრცელდება.
ბუნებრივია, მშობლის ინტერესი, ამ შემთხვევაში, გადასახადის დაწევაა, რეალურად კი, მათ ეს შეღავათები ვერ მიიღეს, გარდა იმ თანხების ამოღებისა, რომელ სერვისსაც, რეალურად, ახლა მოსწავლეები ვერ იღებენ – სკოლების უმეტესობამ ამოიღო კვებისა და ტრანსპორტის მომსახურების თანხები. ამის გარდა, სკოლა მშობელს სხვა შეღავათს ვერ შესთავზებს, რადგან ახლა სკოლებმა მასწავლებელთა ხელფასების გასტუმრება უნდა შეძლონ. შეიძლება დღეს მასწავლებელი, 20 საათის ნაცვლად, 10 საათს ატარებდეს, მაგრამ ხელფასს იმ ოდენობით მიიღებს, როგორც მანამდე – მასწავლებლის ხელფასი დაცულია სპეციალური მუხლით და მას ვერავინ შეეხება.
☑️  კიდევ ერთი შეღავათი, თუ შეიძლება ამას შეღავათი ეწოდოს – სკოლებმა გაითვალისწინეს მშობელთა მდგომარეობა და მათ, ვისაც მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასური მაისის თვეში უნდა დაეფარათ, გადაუვადეს და მშობლები დავალიანებას სექტემბერში დაფარავენ.
☑️  ალტერნატივად კი, მხოლოდ საჯარო სკოლაში გადაყვანა რჩებათ. რეალურად, ეს პროცესი მოსწავლეთა გადინებას გაზრდის, რაც, პრინციპში, უკვე დაწყებულია. „მშობლები თავისთავად გრძნობენ პასუხისმგებლობას, როცა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებენ, ანუ დარჩა უმუშევარი და ვეღარ იხდის გადასახადს. ის იძულებულია, შვილი გაიყვანოს სკოლიდან, მაგრამ მიდის იმ პირობით, რომ თუ სიტუაცია გამოსწორდება, აუცილებლად უკან დაბრუნდება.“

    ♦ ♦ ♦

ეს მოვლენები მართლაც ძალიან ცუდად აისახება კერძო სკოლებზე – ახლა ისინი მაქსიმალურად არიან მობილიზებულები, რომ მასწავლებლების ხელფასები გაისტუმრონ, რომ მათი დავალიანება არ დარჩეთ. თუმცა, ჩვენს რესპონდენტებს არც იმის ილუზია აქვთ, რომ სახელმწიფო მშობლებს ამ გადასახადებს გადაუხდის. უბრალოდ, მათი აზრით, ვინაიდან სკოლების იურიდიული ფორმაა შპს, ერთადერთ მხარდამჭერ ვარიანტად სახელმწიფომ, შეიძლება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება განიხილოს. თუმცა, არა მხოლოდ 750 ლარზე, როგორ ეს მთავრობამ გამოაცხადა, არამედ, ამ შემთხვევაში, კერძო სკოლები გადასახადებისგან სრულად უნდა გაგვათავისუფლონ, თუნდაც, ამ რთულ სიტუაციაში, 6-თვიან პერიოდში როგორც საშემოსავლო, ისე ქონების გადასახადებისგან. ელზა ბადაშვილის აზრით, ეს უნიშვნელოვანესი მხარდაჭრა იქნება, რადგან კანონით გათვალისწინებული ქონების გადასახადის წინსწრებით გადახდა გაუჭირდებათ. თუ ამ გადასახადისგან მაინც გათავისუფლდებიან, ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ ამ ურთულესი პერიოდის გადალახვას შეძლებენ.

ლალი ჯელაძე

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები